ალკოჰოლი აზიანებს ყველა ორგანოს!
ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი სოციალურ პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ალკოჰოლურ თრობას უკავშირდება: ჩადენილ დანაშაულთა უმრავლესობა, ძალადობა, ავტოკატასტროფები, დანგრეული ოჯახები, დაკარგული სამსახურები, კაზინოებში წაგებული ფული (თუმცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ცალკე პრობლემაა), დამსხვრეული ურთიერთობები, მომავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, თვითმკვლელობები...
სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება იწვევს ქცევისა და სოციალური ნორმების რღვევას. ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ხდება ალკოჰოლური მოწამვლა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა.
ალკოჰოლი ზიანს აყენებს ყველა ორგანოს. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები.
ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური (საძილე) მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და დაძაბულობის მოხსნას იწვევს.ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემო, სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორებიც...
ალკოჰოლური თრობა
სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე.
განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა... თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილის შეგრძნება.
არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერი გრძნობს მოჭარბებულ ენერგიას, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და არაადეკვატური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებული არიან ოლიგოფრენიით, ასევე - ფსიქოპათებს.
სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია...
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ მოწამვლას, რაც შესაძლოა ორგანოთა სერიოზული დაზიანებითა და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოწამლულისთვის პირველი დახმარების დროულად აღმოჩენას. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ეიფორიის (ნეტარების) მდგომარეობას ხშირად ენაცვლება თვითშეგრძნების მკვეთრი გაუარესება. თავდაპირველად ვლინდება:
გულისრევა, ღებინების შეგრძნება;
სახის შეწითლება;
წებოვანი ოფლი;
წნევის მომატება.
ამ ეტაპზე სათანადო ღონისძიებების გარეშე მდგომარეობა უფრო მძიმდება:
ირღვევა სუნთქვა, რის შედეგადაც გუგები ფართოვდება;
იკვეთება ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) ნიშნები, კანი ლურჯდება, ციანოზი იწყება ტუჩების არიდან;
მაჯა ძნელად ისინჯება, პულსი შესაძლოა გახშირებული ან წყვეტილი იყოს;
ვითარდება ჰიპოტონია (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა);
ირღვევა გულის მუშაობა;
ამონაღები მასის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში მოხრჩობის გამო ადამიანი იღუპება. ამ ეტაპზე სათანადო დახმარების გარეშე სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება ან მოხრჩობაა.
როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში?
გვახსოვდეს, რომ თუ მოწამლული კარგავს გონებას, ეწყება ინტენსიური უნებლიე შარდვა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რადგან მოსალოდნელია ალკოჰოლური კომის განვითარება. სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია თავად აღმოვუჩინოთ დახმარება მოწამლულს:
ამოვურეცხოთ კუჭი 2 ლ სითხის დახმარებით (თბილი წყალი, მარილიანი ან სოდიანი წყალხსნარი, რეჰიდრონი);
დავაწვინოთ გვერდზე და არავითარ შემთხვევაში - ზურგზე, რათა ღებინებისას არ მოხდეს პირნაღები მასის სასუნთქ გზებში ასპირაცია და დახრჩობა.
სასურველია 2 საათით არ დავაძინოთ და ვამყოფოთ მჯდომარე მდგომარეობაში;
ინტოქსიკაციის ხარისხი რომ შევამციროთ, უნდა დავალევინოთ ენტეროსორბენტები: გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი, სმექტა, პოლისორბი.
არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სხვა მედიკამენტი, რადგან ბევრი მათგანი ალკოჰოლთან შედის რეაქციაში და აძლიერებს ინტოქსიკაციას, თანაც ღვიძლს ამ დროს არ შეუძლია დამატებით ქიმიური ნივთიერების გადამუშავება;
ნუ დავტოვებთ ნასვამ ადამიანს მარტო, ინტოქსიკაციის მდგომარეობაში იგი სრულიად უსუსურია ნებისმიერი სახის გართულების განვითარების შემთხვევაში.
აქ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუკი დავლევთ ზომიერად და მივირთმევთ მხოლოდ ხარისხიან სასმელს. და რაც მთავარია, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ალკოჰოლთან ერთად ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას მოხმარება, რადგან ამ ორი ჯგუფის ნივთიერებების ერთდროული გამოყენება ამძიმებს მდგომარეობას და ღრმა ინტოქსიკაციაც გარდაუვალია.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი