რა იწვევს თვალის ბადურის ჩამოცლას
ბადურის ჩამოცლა ნიშნავს მისი ქვეშ მდებარე გარსიდან განცალკევებასა და აშრევებას. ექიმი დიაგნოზს თვალის ოფთალმოსკოპით დათვალიერებით სვამს. ბადურის ჩამოცლის შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობა შესაძლებელია და მისი დროულად დაწყებით მხედველობაც უმჯობესდება. ბადურის ჩამოცლა პატარა უბანზე შეიძლება დაიწყოს, რაც ხშირად მისი გახევის შედეგია. თუ ეს ნაწილი მალევე არ მიმაგრდა ქვეშმდებარე გარსზე, მთელი ბადურა შეიძლება აშრევდეს. ბადურას ნახეთქები, რომლებმაც მისი ჩამოცლა შეიძლება გამოიწვიონ, უფრო ხშირად ვითარდება შემდეგი ფაქტორების არსებობისას:
ძლიერი ახლომხედველობა;
კატარაქტის ოპერაცია;
თვალის ტრავმა.
ჩამოცლილ ბადურას სისხლმომარაგება ნაწილობრივ უწყდება. ამის გამო შესაძლოა გამოუსწორებლად დაზიანდეს, თუ დროულად არ მიმაგრდა.
სიმპტომები და დიაგნოზი
ბადურის ჩამოცლა ტკივილს არ იწვევს. ადამიანები ამჩნევენ თვალწინ პატარა, მცურავი წერტილების რიცხვის უეცარ გაზრდას ან ხედავენ კაშკაშა, მბრწყინავ ნათებას, რაც წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება. თავდაპირველად, როგორც წესი, პერიფერიული მხედველობა იკარგება და ეს პროგრესირებს ბადურის მეტი ფართობის ჩამოცლასთან ერთად. მხედველობის დაკარგვისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს უეცრად ფარდა ჩამოეფარა ადამიანს თვალწინ. თუ ყვითელი ხალიც ჩამოეცალა, მხედველობა სწრაფად ქვეითდება და ყველაფერი იბინდება. გუგის გამაფართოებელი საშუალების ჩაწვეთების შემდეგ ექიმი ბადურას ოფთალმოსკოპით ათვალიერებს, და ხშირად აღმოაჩენს კიდეც ჩამოცლილ უბანსაც. თუ ეს ვერ ხერხდება, თვალის ულტრაბგერით კვლევას მიმართავენ.
პროგნოზი
მხედველობა, როგორც წესი, უმჯობესდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ბადურა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში იყო ჩამოცლილი;
იყო სისხლდენა ან წარმოიქმნა ნაწიბური;
ყვითელი ხალი ჩამოეცალა ან დაზიანდა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა
ბადურის ჩამოცლის გამოსწორება უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია. ქირურგი ამ გარსის მთლიანობას ლაზერის სხივით ან მოყინვით აღადგენს. შემდეგ ბადურას თვალის კედელზე ამაგრებს სპეციალური ზონრით, ან ბროლის უკან და ბადურას წინ არსებული მინისებრი სხეულის ამოღებით, რასაც ვიტრექტომია ეწოდება. შემდეგ ბადურის ადგილზე დასაფიქსირებლად აირის ბუშტი გამოიყენება.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი