ალენ დელონი: "მე ჯუნგლებში ვცხოვრობ და თავს ვეფხვად მივიჩნევ" - კვირის პალიტრა

ალენ დელონი: "მე ჯუნგლებში ვცხოვრობ და თავს ვეფხვად მივიჩნევ"

"ალენის გარდაცვალება გასული ეპოქის დასასრულია. ის პრესტიჟული ფრანგული კინემატოგრაფის საუკეთესო წარმომადგენელია, ელეგანტურობის, ნიჭის და სილამაზის სიმბოლო. მე დავკარგე მეგობარი,­ ალტერ-ეგო, თანამოაზრე. ჩვენ გვქონდა ერთნაირი ღირებულებები, ერთნაირი იმედგაცრუებები და ცხოვრების სიყვარული. ალენის­ გარდაცვალებამ დატოვა უდიდესი სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს", - დაწერა ბრიჟიტ ბარდომ ალენ დელონის გარდაცვალების შემდეგ­. ლეგენდარული ფრანგი მსახიობი 18 აგვისტოს თავის სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში ის 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, საზოგადოებას კი განსაკუთრებით ახსოვს მისი განსახიერებული როლები ფილმებში:­ "თაკარა მზე", "როკო და მისი ძმები", "ლეოპოლდი", "შავი ტიტა", "აუზი" და ა.შ. მსახიობს არაერთი ჯილდო­ აქვს მოპოვებული, მათ შორის "სეზარის" პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩვენი ისტორია", ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე", მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის­ კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები, ასევე­ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი.

ძალიან ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო ბევრი ითქვა შეყვარებულ ალენზე. 1969 წელს ის პოპულარობის პიკში იყო, ეკრანებზე უკვე გამოსულია ფილმი "როკო და მისი ძმები", "ლეოპარდი", "შავი ტიტა", "თავგადასავლების მაძიებლები", "სამურაი",­ "აუზი", "სიცილიური კლანი"...­ ალენი უკვე უყვართ, ეთაყვანებიან, ის დიდე­ბის პიკზეა. სწორედ ამ პერიოდის ალენ დელონთან­ ჟურნალ "Express“-ის ჟურნალისტი მიდის ინტერვიუზე და მათი ვრცელი, გულწრფელი­ საუბარი 1969 წლის 10 მარტს ჟურნალ "LExpress"-ში ქვეყნდება. "კვირის პალიტრის"” მკითხველს ვთავაზობთ ფრანგული ჟურნალიდან თარგმანს, სადაც ალენ დელონი თავის ბავშვობაზე, როლებსა და კინოპარტნიორებზე გვიამბობს.

6afaa48903e2119f1e3847ecfc9b4944-1724605705.jpg

- რაზე გსურთ ჩემთან საუბარი? - ალენ დელონი.

- თქვენს შესახებ - ჟურნალისტი.

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ბევრ რამეს იგონებენ ჩემზე. მე არავის არაფერს ვუყვები. სურთ სტატიები წერონ ჩემზე? კი ბატონო, წერონ. რაც უნდათ,­ ის შეთხზან, რა უნდა ვქნა, თუ ჟურნალისტები­ ასე იქცევიან? იმედია, თქვენ არ გგულისხმობთ.

- რას ვიზამთ, ვარსკვლავი ხართ და ვარსკვლავზე წერა ყველას უნდა.

- მერე რა, რომ ვარსკვლავი ვარ? პირველ რიგში მე მსახიობი ვარ, მე სასწაულების მოხდენა არ შემიძლია. მაინც რისი გაგება გსურთ?

- ვინ არის სინამდვილეში კაცი, რომელზეც ამდენი ლეგენდა დადის - გაქცევა­ ჩიკაგოში, ინდოჩინეთის ომში მონაწილეობა,­ კავშირები­ კრიმინალებთან... ეს ყველაფერი სიმართლეა? ამაზე პასუხს მხოლოდ თქვენ გასცემთ, რა თქმა უნდა, თუ მოისურვებთ.

- როდესაც 4 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები დაშორდნენ. ჩემთვის ეს ტრაგედია იყო. არ მახსოვს, ოდესმე თუ მინახავს­ ისინი ერთად, არასდროს! ძიძას, ქალბატონ ნეროს მიმაშვილეს. მისი სახლი ციხიდან ორ ნაბიჯში იყო, ძიძის ქმარი კი ციხეში­ მცველად მუშაობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა ციხის კედლებში გავატარე. საფ­რანგეთში კარისკაცებს საცხოვრებელს აძლევდნენ და იქ ცხოვრობდნენ ოჯახებთან­ ერთად, მეც მათ შვილებთან ერთად ვატარებდი მთელ დღეებს, იქ ვთამაშობდი, იქ მომნათლეს. 11 წლამდე მათთან ვიყავი, ოჯახთან, რომელსაც გასაზრდელად მიმაბარეს. შემდეგ ისინი დაიხოცნენ, ჯერ კაცი, ბოლოს ქალი. აი, ამის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა­ ხან მამასთან ვიყავი, ხან დედასთან. ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მამა დაქორწინებული იყო ქალზე, რომელსაც შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან, და მამასთან კიდევ სამი გააჩინა. იქ უცხოდ ვგრძნობდი თავს, ვფიქრობდი, რომ ყველას ხელს ვუშლიდი, ზედმეტი ვიყავი. ალბათ, ასეც იყო, რადგან პანსიონში მიმაბარეს, მაგრამ ძალიან დაუმორჩილებელი ვიყავი და უკან გამომიშვეს. ერთი პანსიონიდან მეორეში გადავდიოდი და ბოლოს სადაც გავჩერდი, იქ მეგობარი გავიჩინე, სწორედ მასთან ერთად გადავწყვიტე ჩიკაგოში გაქცევა. ყველაფერი ცუდად დასრულდა.

2278722002f26b1e8027eb3d3bf338c3-1724605705.jpg

- ანუ?

- მიპოვეს, რა თქმა უნდა, და დამა­ბრუნეს. ამის შემდეგ დედამ აიღო თავზე­ ჩემი მეურვეობა და დამასაქმა თავის ოჯა­ხურ ბიზნესში, სადაც 17 წლამდე ვმუშაობდი.­ ეს იყო ძეხვეულის მაღაზია. 17 წლისამ კი დედის სურვილი გავითვალისწინე და ჯარში წავედი.

- პირდაპირ ინდოჩინეთში?

- არა. მინდოდა მფრინავი ვყოფილიყავი, დიდ ავიაციაში მეცადა ბედი. მაშინ პარიზის ქუჩებში შეხვდებოდით პლაკატებს­ წარწერით: "მფრინავის პროფესია - შევა­ს­წავლით 18 თვეში, კანადაში სტაჟირებით". ეს პლაკატები ძალიან­ მიზიდავდა და მოკლედ, ფერადი პლაკატების "მსხვერპლი" აღმოვჩნდი. მამაც ამომიდგა გვერდში, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, ბოლო ნაკადი უკვე გაგზავნილი იყო და 6 თვე უნდა დავლოდებოდი მომდევნოს შევ­სებას. ეს ძალიან დიდი დრო იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ მეზღვაურის პროფესია შემესწავლა...

- მაგრამ თქვენ მეზღვაურობა გინდოდათ?

- არ ვიცი. ყველას ერთი სული ჰქო­­ნდა,­­ რომ წავსულიყავი და წავედი...­ მერე ჩემი მეგობრები ინდოჩინეთის ომში გაუშვეს, მე მეგობრებთან განშორება­ არ მინდოდა­ და მათთან ერთად წასვლა გადა­ვწყვიტე, მაგრამ ჯერ 18 წლისაც არ ვიყავი და კონტრაქტის გასაფორმებლად მშობლების თანხმობა იყო საჭირო. მშობ­ლებისგან თანხმობა მივიღე და წავედი ომში. წასვლის მიზეზი მეგობრებთან ყოფნა იყო. მე იქ საომრად არ წავსულვარ, ჩემთვის ინდოჩინეთი არაფერს ნიშნავდა, გარდა იმისა, რომ ჩემი მშობლებისგან ძალიან შორს ვიყავი და ეს მახარებდა... ჩემთვის­ ეს იყო თავგადასავალი მეგობრებთან ერთად, ვისთან ყოფნაც მიხაროდა. ვფიქრობ, ის წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო. თავისუფლების გამო, თავისუფლების შეგრძნების გამო, რომელიც მაშინ მქონდა.

16aae3b96488cba2bf222d74f9ff9e95-1724605705.jpg

- ჯარში? თავისუფლების გრძნობა?

- ჩემთვის - კი. თუ შევადარებთ იმ ყველაფერს, რაც მანამდე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო თავისუფლება. 20 000 კილომეტრით შორს ვიყავი საფრანგეთიდან და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს... მიუხედავად იმისა, რომ როცა წავედი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

alen11-1724605704.jpg

- ახლა 34 წლის ხართ, აღარ ხართ პატარა ბიჭი, ახლაც მზად ხართ ყველაფრისთვის?­

- მზად ვარ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაზე ცუდიც კი. მე მზად ვარ საბრძოლველად.

- როგორ აირჩიეთ პროფესია? გახსოვთ პირველი ზარი, რომელიც როლისთვის მიიღეთ?

- არა, ზარი არ ყოფილა. 1956 წლის 1-ლ მაისს დავბრუნდი ინდოჩინეთიდან, და ვცხოვრობდი ისე როგორც ყველა, და ერთ საღამოს ჩემი მეგობრის მეგობარმა შემთხვევით გამაცნო ივ ალეგრეს ცოლი. მან მითხრა: "თქვენ ზუსტად ის ტიპაჟი ხართ, რომელსაც ჩემი ქმარი თავისი ახალი ფილმისთვის ეძებს, აუცილებლად უნდა შეგახვედროთ". მართლაც, შევხვდით, ორი საათი ვისაუბრეთ, საუბრის დასასრულს კი მომცა როლი ფილმში Send a Woman When the Devil Fails (1957). ჩემთვის ეს დიდად საინტერესო არ იყო. ფილმში მონაწილეობა რომ მიმეღო, ალეგრეს ბრძოლა მოუხდა არა მარტო პროდიუსერებთან, არამედ ჩემთანაც. ფაქტობრივად, იმიტომ დავთანხმდი, რომ უარი ვერ ვუთხარი.

- არასდროს გიფიქრიათ მსახიობობაზე?

- არასდროს.

- კინო გაინტერესებდათ?

- ისე რა. კინო არც ვიცოდი, რა იყო. სანამ ჯარში წავიდოდი, ბურ-ლია-რენში ვცხოვრობდი, პარიზისგან შორს, როგორც ვთქვი, შემოფარგლულ ტერიტორიაზე­, ჩემს გამზრდელ ოჯახში, ციხის მეზობლად. პარიზში ნამყოფიც არ ვიყავი.

fw4y2s-27730307-1724605704.jpg

- ახლა გაინტერესებთ კინო?

- ახლა პატიმარი ვარ.

- რისი? თქვენი პერსონაჟის? რეპუტაციის? თქვენი მითების?

- არა, იმ სივრცის, სადაც ვვითარდები­. პატიმრობაში იმას ვგულისხმობ, რომ ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. მომწონს კომედიური როლები, კამერები, სცენაზე თამაში... ყველაფერი დანარჩენი საშინლად სევდიანია, უფრო სწორად, არასასიამოვნო. კინო ზვიგენებით სავსე ჭაობია, ვინც სწრაფად გადახტება, ის შეჭამს მეორეს. ამის ატანა რთულია. ეს ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება.

- არასდროს გიგრძნიათ თავი ბედნიერად მუშაობის დროს?

- კი, იმ წუთიდან, როდესაც იტყვიან,­ "მოტორი", და მანამდე, სანამ იტყვიან "სტოპს".

- რამდენად უსმენთ რეჟისორებს?

- რა თქმა უნდა, ვუსმენ, ეს აუცილებელია, თუ არადა, ყველაფერი ფუჭად ჩაივლის. თუ რეჟისორისა და მსახიობის აზრები არ ემთხვევა, ეს კატასტროფაა.

- რამდენად დაგეხმარათ თქვენი გარეგნობა პოპულარობაში?

- ამაში არის დადებითი და უარყოფითიც. რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარა, მაგრამ მძიმე ტვირთიც აღმოჩნდა. ზოგჯერ ხდება, რომ ვერანაირი ნიჭი ვერ გშველის, მაშინვე მოგაკერებენ "გმირი საყვარლის" იარლიყს, თან რომანტიკული საყვარლის, და უნდა იწვალო, ყველას დაუმტკიცო, რომ მსახიობიც ხარ. ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა დებიუტიც კინოში შედგა, მათ არანაირი სპეციფიკური გარეგნობა არა აქვთ, კრიტიკოსებმა კი მათი ნიჭი, როგორც კი გამოჩნდნენ, აღიარეს.

img-8102-1724605704.jpeg

- თქვენ და ჟან-პოლ ბელმონდოს დიდი კონკურენცია გაქვთ, ის ერთადერთი ვარსკვლავია, ისეთივე მასშტაბის და ჰონორარების მქონე, როგორიც თქვენ, ფრანგული კინოს ბაზარს ვგულისხმობ.

- ჩვენს თაობაში დიახ, გეთანხმებით. წინა თაობაში იყო გაბენი, ბურვილი და დე ფიუნესი. მე და ბელმონდო ერთმანეთს როლებს არ ვართმევთ, უბრალოდ, გვიღებენ იქ, სადაც ჩვენ მოგვწონს, სხვა მსახიობებს კი დანარჩენი როლები ხვდებათ.

- ალენ დელონი-რომი შნაიდერი წყვილია?

- ახლა წყვილია. მინდოდა რომის ეთამაშა მთავარი როლი ფილმში "აუზი", რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემთვის ახლობელი ადამიანი და კარგად ვიცნობდი, ვიდრე სხვა მსახიობებს. პროდიუსერებისთვის რომი შნაიდერი ისევ "სისის" პერსონაჟთან ასოცირდებოდა, თითქოს არავინ იცოდა, რომ საფრანგეთში მან ითამაშა ჩეხოვის პიესაში, ასევე ვისკონტისთან, ორსონ უელსთან. ახლა ის 30 წლისაა და "აუზში" ის ნამდვილი ქალია, მოულოდნელობის ეფექტით...

- რა არის მეგობრობა თქვენთვის?

- მეგობრობა ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში, სიყვარული არა, მე სიყვარულის აღარ მჯერა - აი, ასე პირდაპირ ვამბობ. მჯერა მხოლოდ ვნების, რომელიც დიდხანს არ გრძელდება.

- მგრძნობიარე ხართ?

- კი.

- რამდენად მგრძნობიარე ხართ იმ ქალების მიმართ, ვინც მიატოვეთ?

- მე მივატოვე? რომლებმაც მე მიმატოვეს, ასე უფრო სწორი იქნებოდა.

- რომი შნაიდერს რომ შეემთხვას რამე?

- მაშინვე მასთან გავჩნდები.

- ნატალისთან?

- კიდევ უფრო სწრაფად, რადგან ის ჩემი ბიჭის დედაა.

- რამდენი წლისაა თქვენი შვილი?

- 4-ის, ძალიან კარგი ბავშვია, კარგად იქცევა, ხშირად ვხედავ, ამ მხრივ მე და ნატალი კარგად მოვრიგდით, უპრობლემოდ.

- თქვენი მშობლების განქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება არ იყო ხელშემშლელი ფაქტორი ნატალისთან განქორწინების დროს?

- ეს ყველაზე დიდი მარცხია ჩემს ცხოვრებაში. 20 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ მინდოდა მამა გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ ვაძლევდი თავს ამის უფლებას, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შვილს ყველაფერს მივცემდი, იმას, რაც მე მაკლდა. ამას 30 წლამდე ველოდი და აი, როგორ დამთავრდა ყველაფერი, შევცდი.

- მაგრამ თქვენ მას არ გაგზავნით ომში, როდესაც 18-ის გახდება.

- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჯარში მსახურების ვალს აუცილებლად მოიხდის.

- ფილმში "სამურაი" ასეთი ფრაზაა: "არ არსებობს იმაზე მეტი მარტოობა, ვიდრე სამურაის მარტოობაა, როგორც ვეფხვის მარტო­ობა ჯუნგლებში". ეს ფრაზა ძალიან მოგესადაგებათ.

- დიახ, რადგან მე ჯუნგლებში ვცხოვრობ, თავს ვეფხვად მივიჩნევ.