უჩვეულო სახლები
ყველას გაგვიგია გამონათქვამი, ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო... მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები მილიონობით ადამიანი ცდილობს მისი ბინა მყუდრო და კომფორტული იყოს, თუმცა ზოგიერთი ორიგინალურ საცხოვრებელს ანიჭებს უპირატესობას. დღეს ყველაზე უცნაურ და ორიგინალურ სახლებს გაგაცნობთ, რომლებიც არაერთ ორიგინალურ შენობას შორის ამოვარჩიეთ:
როცა თვითმფრინავი შენი სახლია...
არავის ეგონოს, რომ ეს მწყობრიდან გამოსული ძველი თვითმფრინავია - ეს სახლი ლიბანში მდებარეობს. ის 2015 წელს აშენდა. მისი მფლობელი ქალი ბინის შესაძენად ფულს კარგა ხანს აგროვებდა და რადგან კორპუსის ბინები არ მოსწონდა, გადაწყვიტა, დაზოგილი ფულით ყველაზე უცნაური, ორიგინალური სახლი აეგო. გამოცდილი ხელოსნები დაიქირავა და სტანდარტული, ჩვეულებრივი შენობის ნაცვლად, თვითმფრინავის ფორმის სახლი ააშენებინა. მისი სახლი პოპულარულია და ბევრი დამთვალიერებელიც ჰყავს.
"ჯინჯერი და ფრედი"

"მოცეკვავე" სახლს, რომელიც არქიტექტორმა ფრენკ გერიმ დააპროექტა, პრაღელებმა მეტსახელად "ჯინჯერი და ფრედი" შეარქვეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შენობა არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია, თუმცა მას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს: ისინი მიიჩნევენ, რომ სახლმა პრაღის ტრადიციული იერი დააზიანა. ყველაფრის მიუხედავად, შენობა მრავალი ჯილდოს მფლობელია.
ცხოვრება ფეხსაცმელში...

სახლი, რომელსაც ფეხსაცმლის ფორმა აქვს, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. მისმა მფლობელმა სახლი 1990 წელს ააგო და მეუღლეს აჩუქა. რატომ აქვს სახლს ფეხსაცმლის ფორმა? - ამგვარი სახლის აშენების იდეა მეპატრონეს პოპულარული საბავშვო ლექსის მიხედვით გაუჩნდა - ლექსი ეძღვნება ქალს, რომელიც ფეხსაცმელში ცხოვრობდა. მნახველები აღიარებენ, რომ ფეხსაცმლის ფორმის შენობა ლამაზი, ფართო და კომფორტულია. ამ სამსართულიან შენობაში ამჟამად მუზეუმია.
სახლი თავდაყირა

არანაკლებ უცნაური გემოვნება ჰქონია იმ სახლის პატრონს, რომელიც ტენესის შტატში მდებარეობს: ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს თეთრი, ქათქათა შენობა თავდაყირა დგას. ცნობისმოყვარე მნახველები ამ უჩვეული სახლსაც არ აკლია.
ოფისი კალათში

შენობას, რომელიც ოჰაიოში მდებარეობს, კალათის ფორმა აქვს. ამ 7-სართულიანი "კალათის" მშენებლობაზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. იქ ამჟამად სამშენებლო კომპანია "ლონგაბერგერის" ოფისია. ამაოდ ცდილობდა დაერწმუნებინა ამ კომპანიის ხელმძღვანელი, რომ ოფისისთვის უფრო მოკრძალებული, სტანდარტული ფორმა აერჩია, მაგრამ ვერავინ გადააფიქრებინა. დღეს სწორედ მისი წყალობით ამშვენებს ოჰაიოს ეს ორიგინალური შენობა...
მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ