„ქალმა კივილი ატეხა - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო“
ჩვენ გარემოში ცნება გმირი გაუფასურდა. ამას ძალიანაც ნუ განვიცდით, ყველაფერი დროის ნიშანია და როგორც წესი, გაივლის, გარდა ნამდვილი გმირობისა, რომელიც ნამდვილად არსებობს. ასეთია შემთხვევა, რომელიც საჩხერეში, სოფელ არგვეთში მოხდა. არგვეთელ ბიჭს, ნუგზარ კიპაროიძეს, რომელიც არცთუ მარტივ ცხოვრებას ებრძვის და ფიზიკურადაც თავდაუზოგავად შრომობს, ამის მიუხედავად, სოფლის მიტოვება არასოდეს უფიქრია. იქნებ იმიტომაც, რომ მეზობელი, მეგობრის შვილი, 3 წლის დემეტრე კიპაროიძე 18-მეტრიანი ჭიდან უნდა ამოეყვანა - შუადღისას, 3 წლის ბავშვი ჭაში ისე გაუჩინარდა, რომ ამას დიდხანს ვერავინ მოისაზრებდა, მათ შორის, ვერც დემეტრეს ბებია, რომელსაც დედამ სულ რამდენიმე საათით დაუტოვა ბავშვი... ამჟამად დემეტრეს მდგომარეობა სტაბილურია, ის თბილისშია გადაყვანილი, სადაც მშობლებთან ერთად, ნუგზარ კიპაროიძეც ახლავს.
ამ ამბის შესახებ ოჯახის ახლობელი გვიამბობს: - არავინ თქვას, რომ უბედურება მხოლოდ უყურადღებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაში მიზეზი ნამდვილად არ იყო უყურადღებობა. პატარა დემეტრე დედამ ცოტა ხნით დაუტოვა ბებიას, აუცილებელი საქმის გამო. ბავშვები სულ ბებიასთან არიან, რომელიც ძალიან ფრთხილი ადამიანია. ოჯახს 4 შვილი ჰყავს. მათთვის გასაბერი აუზიც აქვთ შეძენილი, რომ პაპანაქებაში გაგრილდნენ. დემეტრეც მაშინვე ბებიას მიადგა, აუზში ჩავალო. აუზში წყალი, ალბათ, 40 სანტიმეტრზეა, მაგრამ ბებიამ იქაც არ ჩაუშვა: დედაშენი როცა დაბრუნდება, მაშინ ჩადი, თავზე დადგომა არ შემიძლია და ვერ ჩაგიშვებო. წარმოგიდგენიათ? ბავშვი 40 სმ-იან აუზში არ ჩაუშვეს და მეზობლის 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა!
- ანუ მეზობელთან გადავიდა?
- დიახ, სადაც ყოველთვის დადის. ეზოებს საზიარო ღობე აქვს, ფაქტობრივად, ერთი ეზოა. მეზობელს მისი თანატოლი გოგონა ჰყავს და ბავშვები სულ ერთად თამაშობენ, რა თქმა უნდა, მეთვალყურეობით. სწორედ ამ ეზოშია ჭა, რომელიც მუდამ დახურულია. სოფელში, ზოგადად არავინ დაუშვებს, რომ ჭას თავსახური ჰქონდეს ახდილი.
- ეს უბედურება როგორ მოხდა?
- დემეტრემ ეზოში სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში.
- ეს ვერავინ დაინახა?
- მხოლოდ დემეტრეს პატარა მეგობარმა. ამ ბავშვს ჭაზე აცოცებული დემეტრე რომ დაუნახავს, მიურბენია და უკითხავს, რას შვრებიო? იმასაც უთქვამს, წყალი უნდა დავლიოო...
საბედნიეროდ, ამ ოჯახის დიასახლისმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ეს ხმა ისე შემზარავად მომეჩვენა, მაშინვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა ბავშვმა მითხრა, დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო.
იმწამსვე დემეტრეს მამა, გიორგი მოვარდა და ჭაში დაუფიქრებლად გადაეშვა. არადა, როგორც წესი, ასეთ ჭებში ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია ჩასვლა... მამამ იქ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა. ისევ ნუგზარმა ამოიყვანა ძალისძალად, შენ ამოდი, მე უნდა ჩავიდეო. რა თქმა უნდა, ისიც შიშველი ხელებით ჩავიდა და ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იყო ჭის ფსკერზე, ალბათ 3-მეტრიან წყალში თავჩაყოფილი ეძებდა. ბოლოს ბავშვი წყალზე ამოატივტივა და თავადაც ამოჰყვა. მერე თქვა, უკვე ვიხრჩობოდი, როდესაც ფსკერზე ფეხი რაღაცას წამოვდე და მივხვდი, დემეტრე იყო, ხელი რომ მოვკიდე, მაშინვე ამოატივტივა წყალმაო...
ბავშვი იმდენხანს იყო წყალში, რომ ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე, ამოყვანის შემდეგ ექიმებმა სიცოცხლის ნიშანწყალი რომ დაუბრუნეს და სული შთაბერეს, ეს მხოლოდ ღვთის სასწაულია. გარდა ამისა, ისე ჩავარდნილა, ჭის კედლებს არც შეხებია და ნაკაწრიც არ ჰქონდა. სასწაული იყო ისიც, თავად არაქათგაცლილი, შოკირებული ნუგზარი ბავშვით ხელში რომ ამოვიდა ამ სიმაღლე ჭიდან, სადაც ადამიანის ჩასვლა და ამოსვლა ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია...
აბა, სხვა რა ვთქვა, ეს სასწაული, ალბათ, ჩვენს დემეტრეს საბოლოოდ გამოგვიჯანმრთელებს. ბავშვს ფილტვების ანთება აქვს წყალში დიდხანს ყოფნისაგან და ხელოვნურ ძილშია, ძალა რომ დაიბრუნოს. ყველა მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება. ნუგზარი კი ჩვენი გმირია, ნამდვილი გმირები სწორედ ასე ჩნდებიან, დაუფიქრებლად, საკუთარი თავის შეწირვით და ღმერთის ნებით. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები!