110-ე ომი - 110 მოუშუშებელი ჭრილობა ჩვენი პლანეტის სხეულზე... - კვირის პალიტრა

110-ე ომი - 110 მოუშუშებელი ჭრილობა ჩვენი პლანეტის სხეულზე...

კაცობრიობა ომების გარეშე ვერ ცხოვრობს...

ისტორიკოსების გამოთვლით, დღემდე დედამიწაზე 15 ათასზე მეტი ომი გაიმართა: XVI საუკუნეში 106, XVII-ში - 231, XVIII-ში - 703, XIX-ში - 730, ხოლო XX საუკუნეში საშინელი რეკორდი დამყარდა - 1 182 ომი... (!)XXI საუკუნის ჯერ 20-იანი წლებია, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე უკვე მძვინვარებს 55 ომი და კიდევ ამდენივე "გაყინული" ელოდება "გალხობას"...მაგრამ ომსაც გააჩნია...

"საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლ­ებების ჟენევის აკადემია" დიდი ხანია ახდენს ყველა ომის კლასიფიკაციას, მათი წარმოშობის, განვითარების, ინტენსივობისა და ბევრი სხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, რაც ყველა შეიარაღებული კონფლიქტის უფრო დეტალურად გაანალიზების საშუალებას იძლევა.

ომები შეიძლება დაიყოს საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებად, სამხედრო ოკუპაცია კი საერთოდ ცალკე მოვლენაა.

საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც წესი, სუვერენული სახელმწიფოები მონაწილეობენ, მაშინ როდესაც არასაერთაშორისოში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სახელმწიფო, ხოლო მეორე მხრივ, ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფები.

მაგალითად, 1992-93 წლების აფხაზეთის ომი ამ კრიტერიუმით შეიძლება ჩაითვალოს არასაერთაშორისოდ, რადგან სუვერენულ სახელმწიფო საქართველოს­ მის ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთში, დაუპირისპირდა სწორედ ადგილობრივი სეპარატისტული ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფები.

2-poto-1724609473.jpg
რომ გაგვეანალიზებინა აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური შეცდომები და როგორმე თავიდან აგვეცილებინა აგვისტოს ომი, ეს აღარ მოხდებოდა - რუსი ოკუპანტები ქართულ სოფელს წვავენ...

ანალოგიურად შეიძლება შეფასდეს 2014-2022 წლების ბრძოლები უკრაინის დონბასშიც, სადაც უკრაინის სახელმწიფოს ებრძოდნენ ადგილობრივი სეპარატისტული რაზმები.

თუმცა სწორედ აქ ამოტივტივდება ჟენევის აკადემიის შეიარაღებული კონფლიქტების კლასიფიკაციის სისტემის დიდი პრობლემები - ადგილობრივი სეპარატისტები კი იბრძოდნენ აფხაზეთსა და დონბასში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაშლელად, მაგრამ რეალურად ვინ იდგა მათ უკან, ვინ ეხმარებოდა გინდ შეიარაღებითა­ და საბრძოლო მასალებით და გინდაც გადაცმული პროფესიონალი სამხედროებით? - რა თქმა უნდა, საქართველოსა და უკრაინის უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაცია.

ჯერ კიდევ აფხაზეთის ომი და ბრძოლები დონბასში უკვე იყო და არის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები­, მაგრამ რუსეთი ყველანაირად ცდილობდა ეს ტერმინი არაფრისდიდებით არ დაფიქსირებულიყო საერთაშორისო ინსტიტუტების, უპირველესად კი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში და ეს, ჩვენდა სამწუხაროდ, მშვენივრად გამოსდიოდა დიდი ხნის განმავლობაში, რადგან­ კრემლს დიდი გავლენა ჰქონდა ამ საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე. მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოხდა დიდი გარდატეხა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს, ხოლო 2022 წლის თებერვალში კი უკრაინის ტერიტორიებზე, რასაც გარდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოები მონაწილეობენ, სხვა ვერაფერი დაერქმეოდა.

5-poto-1724609472.jpg
ინდოეთსა და პაკისტანს ერთმანეთთან სამი დიდი ომი ჰქონდათ და მათი შეიარაღებული კონფლიქტი "მიძინებულთა" სიაშია, მაგრამ მისმა "გამოღვიძებამ" შეიძლება მთელი მსოფლიო შეარყიოს, რადგან ორივე მათგანს ბირთვული ქობინები აქვს არსენალში...

საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიულმა მმართველმა წრეებმა გაბედეს და, ბოლოს და ბოლოს, ორივე რუსულ აგრესიას თავისი სახელი დაარქვეს - რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომები...

თუმცა თავად რუსეთში განსაკუთრებული სიჯიუტით მაინც იმეორებენ, თითქოს ეს იყო "საქართველოს მშვიდობისთვის იძულება" და "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში...

მიუხედავად იმისა, რომ კრემლს არაფრისდიდებით არ სურს აღიაროს, რომ არის ამ სრულფასოვანი ომების წამომწყები, ეს ასეა - რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო XXI საუკუნის პირველი ომი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხოლო 2022 წლის თებერვალში - უკრაინასთან, რომელიც მასშტაბითა და ხანგრძლივობით უკვე მიუახლოვდა მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებების დონეს ევროპაში.

ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში არ ჯდება არც საერთაშორისო და არც არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის განმარტებაში, რადგან ღაზის სექტორი თითქოს ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, მაგრამ არა აქვს სუვერენული სახელმწიფოს ოფიციალური სტატუსი.

3-poto-1724609473.jpeg
რუსეთ-უკრაინის ომი მესამე წელს თავისი მასშტაბით იმ სისხლისმღვრელ ბრძოლებს დაემსგავსა, რომლებიც 80 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარეობდა...

ასეთი გაურკვევლობის პირობებში პრობლემური ხდება ჟენევის აკადემიის კლასიფიკაციის ცხრილი, მაგრამ ამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც თუ ჩაერევიან, მაშინ საქმე შეიძლება საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტამდეც მივიდეს, თუკი ისრაელს 4-5 ფრონტზეც მოუწია ერთდროულად ბრძოლამ... ოღონდ ამ შემთხვევაშიც შეიარაღებული კონფლიქტის ზუსტი კლასიფიკაცია­ მაინც გაჭირდება - ლიბანიდან "ჰესბოლას" სარაკეტო დარტყმები ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე მაინც ვერ აღიქმება როგორც ლიბანის ოფიციალურად ომში ჩართვა ისრაელის წინააღმდეგ, ისევე,როგორც სირიიდან პროირანული დაჯუფებების შეტევები გოლანის სიმაღლეებზე (თუმცა ისრაელი და სირია დე იურე ისედაც ომის მდგომარეობაში არიან, რადგან არ დაუდვიათ სამშვიდობო ხელშეკრულება ნახევარი საუკუნის წინანდელი ომის შემდეგ).

დღეს მსოფლიოში მიმდინარე 55 აქტიური შეიარაღებული კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებების არეალი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტსა და აზიაზე ვრცელდება.

ჟენევის აკადემიის კლასიფიკაციით, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები ამჟამად მიმდინარეობს ბურკინა-ფასოში, კამერუნში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, კენიაში, მალიში, მოზამბიკში, ნიგერში, სომალიში, სუდანში, იემენში, ტაილანდში, სენეგალში, ფილიპინებზე, პაკისტანში, ერაყში, ლიბიასა და ავღანეთში - ანუ ამ ქვეყნებში სეპარატისტული ან სხვა სახის არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები ებრძვიან სუვერენული ქვეყნის ოფიციალურ სამართალდამცავ და სამხედრო სტრუქტურებს.

საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში კი ჩართული არიან: ავღანეთი და პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ინდოეთი და პაკისტანი, სირია, რუსეთი და უკრაინა.

4-poto-1724609472.jpg
"ჰამასმა" თავისი დაუნდობელი დივერსიულ-ტერორისტული რეიდით ისრაელის კიბუცებში საშინელება დაატრიალა, მაგრამ საპასუხო შურისმაძიებელი საჰაერო დაბომბვებით ისრაელმა მიწასთან გაასწორა ღაზის სექტორის ქალაქები...

ალბათ, მკითხველს გაუკვირდება, საქართველოს გასაჭირი ჟენეველ ექსპერტებს ნუთუ გამორჩათო?

არა, ჟენევის აკადემია შეიარაღებული­ კონფლიქტების კიდევ ერთ კლასიფიკაციას - სამხედრო ოკუპაციას ითვალი­სწინებს, რომლის განმარტება სამი ნაწილისგან შედგება:

პირველი - უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები ფიზიკურად იმყოფებიან ტერიტორიაზე ადგილობრივი მოქმედი ხელისუფლების ნებართვის გარეშე;

მეორე - უცხო ქვეყნის ძალების ყოფნის გამო ვერ ხერხდება ადგილზე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელება;

მესამე - საოკუპაციო ძალები თავიანთ წესებს ახვევენ თავს დაკავებული ტერიტორიის მოსახლეობას.

ხომ არ გეცნობათ ეს სამივე რეალობა,­ რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ­ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დასადგურებულია ათწლეულების განმავლობაში? შესაბამისად, ჟენევის აკადემია საქართველოს სამხედრო ოკუპაციის კლასიფიკაციაში სვამს, ისევე როგორც მოლდოვას თავისი დნესტრისპირეთით (ასევე ოკუპირებულს რუსეთის მიერ), ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთისგან, ლიბანს ისრაელისგან, პალესტინას ისრაელისგან, სირიას თურქეთისგან, დასავლეთ საჰარას მაროკოსგან, უკრაინას რუსეთისგან და ჩვენს სამეზობლოში აზერბაიჯანს სომხეთისგან...

გასაგებია, რომ ეს ბოლო ინფორმაცია, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღისა და მის მიმდებარე კიდევ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის ოკუპაციის შესახებ უკვე მოძველებულია და აღარ შეესაბამება რეალობას მას შემდეგ, რაც 2020 წლის 27 სექტემბერში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაწყებული ბრძოლები აზერბაიჯანმა წარმატებით დაასრულა 2023 წლის 20 სექტემბერს...

აღსანიშნავია, რომ სწორედ აზერბაიჯანის მაგალითია ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც მსოფლიოში 55-მდე "გაყინული" შეიარაღებული კონფლიქტი ისე "გალხვა", რომ ერთ-ერთმა მხარემ სრულ გამარჯვებას მიაღწია და მთლიანად აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, რითაც დამთავრდა კიდეც ეს კონკრეტული შეიარაღებული კონფლიქტი.

თუკი დავფიქრებულვართ, რა იქნებოდა, რომ 1992 წლის ცხინვალის, 1992-93 წლების აფხაზეთის, 1998 წლის გალის, 2004 წლის ცხინვალისა და 2008 წლის აგვისტოს ომები თავიდან აგვეცილებინა,­ რომლებიც, რა თქმა უნდა, რუსეთმა მოგვახვია თავს, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსისა და სამხედროს ხელშეწყობით, რაც ზოგჯერ დაუფიქრებლად მოსდით არაპროფესიონალიზმითა და გულზე მჯიღის ცემით, ზოგჯერ კი უარესი - გამიზნულად...

6-poto-1724609472.jpg
აფრიკის კონტინენტი დახუნძლულია როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტებით და არც სამხედრო ოკუპაციის მაგალითები აკლია...

ხომ აღარ გვეყოლებოდა ამდენი დაღუპული მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, ამდენი დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული და სამასი ათასამდე იძულებით დევნილი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე? ათწლეულების განმავლობაში ტანკების ნაცვლად ტრაქტორების ყიდვაზე რომ გაგვეკეთებინა აქცენტი, ხომ უფრო ძლიერი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა?

ომი სამხედროზე მეტად არავის ეჯავრება, რადგან გადმოცემით კი არ იცის, არამედ თავის თვალით უნახავს აფეთქებები, სროლები, დაღუპულები, დაჭრილები და სისხლი, სისხლი, სისხლი...

ერთია კომპიუტერთან მიმჯდარის მოწოდებები, ომს რა უნდა, თუ საქმე საქმეზე მივა, მეც ავიღებ ხელში ავტომატს და სამშობლოს სადარაჯოზე დავდგებიო... მაგრამ, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში ერთი წლით გაწვევას დაუპირებ სამხედრო საქმის ელემენტარული წესების შესასწავლად, თუნდაც იმის, რომ სროლის დაწყებისას შეშინებულმა თავისიანებზე არ მიუშვას ავტომატის ჯერი, აგდებით გიპასუხებს, მე რა, მონა ვარ, "ვიშკაზე" დავდგეო...

110 შეიარაღებული კონფლიქტი მსოფლიოში, აქედან 55 მოქმედი, ერთი ამდენივე "მიძინებული", რომლებიც როდის "გაიღვიძებენ" თუნდაც ჩვენსავე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, არავინ იცის და ამ დროს უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ რომელიმე პატარა თუ დიდ ომში ჩათრევის ყველა ცდა ახლა მაინც ავიცილოთ თავიდან, როგორც საუკუნეების წინ ჭკვიანი ქართველი მეფეები ცდილობდნენ და ზოგჯერ ახერხებდნენ კიდეც.

ისეთი ვარიანტი, როდესაც აგვისტოს ომის დროს აგრესორი რუსეთის ტანკები იგოეთთან გაჩერდნენ, დასავლეთისა და უპირველესად აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების კრემლზე კულუარული ზეწოლის შედეგად, ვეღარ განმეორდება - პუტინისთვის აღარ წარმოადგენს ავტორიტეტს დასავლეთი და მისი ლიდერები, პირიქით, მათ ჯიბრზე შეიძლება უარესის გაკეთება მოინდომოს საქართველოსთვის.