"ვლადიმერ პუტინის დამხობა მხოლოდ დროის საკითხია" - კრემლის ბინადრის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?! - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინის დამხობა მხოლოდ დროის საკითხია" - კრემლის ბინადრის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?!

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 26 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ვლადიმერ პუტინის დამხობა ახლა მხოლოდ დროის საკითხია: უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრამ დიქტატორის აღსასრული მოაახლოვა“ (ავტორი - დენილე ჰანანი, პოლიტიკური მიმომხილველი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა ყველაზე ეფექტიან სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს მთელი ომის განმავლობაში. ყველაფერი კი ასე განხორციელდა: ჯერ უკრაინის დაზვერვამ რუსების სუსტი წერტილი გამოავლინა, შემდეგ კი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა საზღვარი წინასწარ გადალახეს და რეგულარული საარმიო ნაწილების შესასვლელად ნიადაგი მოამზადეს... და როცა ექვს აგვისტოს უკრაინის არმიის ბრიგადები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ეს ფაქტი ქრესტომათიულ მაგალითად გადაიქცა იმისა, რასაც სტრატეგოსები „სამაგალითო საჯარისო მანევრს“უწოდებენ.

კიბერნეტიკული და რადიოელექტრული შეტევები შეთავსებული იყო ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ქვეითების და სპეცსაინჟინრო ტექნიკის მოქმედებასთან. უკრაინელები მეთოდურად ანგრევდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვას. რუსული დრონები და რადარები უკრაინელმა მებრძოლებმა „დააბრმავეს“. გარდა ამისა, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსული „პუტინური“ ავიაციის მოქმედების შეზღუდვაც მოახერხა.

უკრაინამ შეძლო და ოპერაცია ისე საგულდაგულოდ და ზესაიდუმლოდ მოამზადა, რომ რუსეთის დაზვერვამ ვერაფერი გაიგო. როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გენერლებმა გაითვალისწინეს შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის გაკვეთილები და კრემლი ანაზდეული შეტევით შოკში ჩააგდეს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფების სწრაფი და კარგად დაგეგმილი მოქმედებით არანაკლებ გაოცებულნი დარჩნენ ამერიკელები და ევროპელი სამხედროებიც.

უკრაინის არმიის „კურსკის ნახტომი“ ძალიან ჰგავს ისრაელის არმიის მიერ 1973 წელს განხორციელებულ ოპერაციას, რომლის თანახმად, „ცახალმა“, ეგვიპტის არმიის წინსვლა რომ შეეჩერებინა, კონტრშეტევა მის ზურგში განახორციელა და სუეცის არხის გაღმა ნაპირს დაარტყა. უკრაინელები კარგად იცნობენ კურსკის ოლქის ლანდშაფტს, ისინი ჯერ კიდევ 1943 წლის ზაფხულში იბრძოდნენ კურსკის რკალზე, რუსებთან ერთად, მაგრამ ახლა მათ სრულიად სხვა მიზანი ჰქონდათ - ეჩვენებინათ რუსებისთვის, რომ ომის ცეცხლი მათ ტერიტორიაზეც შეიძლება გადავიდეს მთელი თავისი ნეგატიური შედეგებით: ხიდებისა და სამრეწველო ობიექტების, საწყობების დანგრევით, ლტოლვილებით, კურსკის ატომური ელექტროსადგურის (აეს) დაზიანების საფრთხით (როგორც ზაპოროჟიეს აეს-ის მიმართ ხდება).

რით გამოიხატება კურსკის ოპერაციის სტრატეგიული მიზანი? როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შეტევის დროს არის როგორც მთავარი, ასევე - მეორეხარისხოვანი მიზნებიც. მთავარი მიზანი იყო რუსეთის შიგნით ძალთა განლაგების შეცვლა, რუსი მოსახლეობისათვის ომის უბედურების თვალნათლივ ჩვენება, მათი კეთილგანწყობის შეცვლა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ომს ნებისმიერ ფასად აგრძელებს. ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვისათვის თვალების ახელა, რომ პრეზიდენტის ნდობა აღარ შეიძლება, მისი რეპუტაცია შელახულია.

ახლა კი კონკრეტულად:

პირველი - ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისათვის ჰაერივით საჭირო იყო, რომ უკრაინელებისათვის მორალური სული შთაებერა და მათი იმედები გამოეცოცხლებინა. 2023 წლის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ ინიციატივა რუსეთის ხელში გადავიდა და დონბასში კრემლის ჯარებმა რიგი ქალაქები დაიკავეს. ამჟამად კი ისინი თითქმის მიადგნენ ქალაქ პოკროვსკს, რომელიც უკრაინისათვის ძალზე მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. უკრაინელების იმედი სულ უფრო მცირდებოდა და უეცრად - „კურსკის ნახტომი“... პრეზიდენტმა - უმაღლესმა მთავარსარდალმა შთააგონა თავის ხალხს, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გაიმარჯვონ.

მეორე - იგივე სიგნალი გაეგზავნათ უკრაინის მოკავშირეებს ევროპაში და აშშ-ში, რომლებსაც ბოლო დროს გარკვეული ეჭვი შეეპარათ უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობებში და მოუხშირეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარს. ახლა აშკარაა, რომ თუ დასავლეთი უფრო მეტ იარაღს მიაწოდებს უკრაინას და ნებას მისცემს, რუსეთის ტერიტორია შეუზღუდავად დაბომბოს, კიევი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

მესამე - უკრაინის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის ერთ-ერთ ძირითად მიზანს დონბასში რუსეთის ჯარების აქტიურობის შესუსტება წარმოადგენდა: თუ რუსეთის ჯარები დონბასიდან კურსკის ოლში იქნებოდა გადასროლილი, ბუნებრივია, მათი წინსვლა აღმოსავლეთის ფრონტზე ისეთი სწრაფი აღარ იქნებოდა, როგორიც ახლაა.

მეოთხე - სამხედრო ტყვეების საკითხი მოლაპარაკების დროს საკმაოდ დიდფასიან კოზირად ითვლება. უკრაინას სურდა „აზოველები“ ტყვეობიდან დაეხსნა და სამშობლოში დაებრუნებინა, რაც ამ დღეებში განახორციელა კიდეც. რუსები დაეთანხმნენ და მხარეებმა ტყვეები გაცვალეს.

მეხუთე - უკრაინამ მნიშვნელოვნად გადაწონა სასწორის პინა თავის მხარეს და ახლა, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართება, თავის პოზიციას ეფექტიანად გამოიყენებს. სანამ რუსეთს უკრაინის ტერიტორია [ცალმხრივად] ჰქონდა ოკუპირებული, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაჭრობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ახლა კი კარი გაიღო ტერიტორიული გაცვლისათვის.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იცის, რომ ომის დასრულების ყველაზე უტყუარ წესს ვლადიმერ პუტინის დამხობა წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ მისტიკური სურვილი აქვს, რომ კიევზე პროტექტორატი დაამყაროს - უნდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს თავდაპირველი საფუძველი - კიევიც მისი გახდეს. დიახ, მას ასევე სურს, მთლიანად ხელში ჩაიგდოს დონბასის სამრეწველო პოტენციალი და ყველა ოკუპირებული ოლქის ფლობაზე საერთაშორისო თანხმობას მიაღწიოს. კრემლი არ დამშვიდდება, სანამ უკრაინას არ აიძულებს, კიევმა თვითონვე აღიაროს დონბასისა და ყირიმის გადაცემა რუსეთისათვის და სანამ კიევი რუსეთის სიუზერენიტეტს არ აღიარებს საგარეო პოლიტიკაში.

უკრაინის სტრატეგიაში შედის, აგრეთვე, ისიც, რომ ომი რუსებში არაპოპულარად გადააქციოს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კარგად ახსოვთ, თუ რა არაპოპულარული გახდა მოსახლეობაში საბჭოთა არმიაში გაწვევა, ავღანეთში ჯარების შეყვანის შემდეგ. 1978-79 წლებში ავღანეთის კონფლიქტმა 15-20 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი იმსხვერპლა. ამჟამინდელ ომში კი, ბევრად უფრო მოკლე ხანში, ათჯერ მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, რომლებიც ძირითადად ურალის მიღმა ცხოვრობენ, პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობა არ აქვთ. მაგრამ უკრაინა ასევე აჩვენებს რუს გენერლებს, რომ მათი ომის ხარჯები გადაჭარბებულია, ისინი ომს წააგებენ და მათ ადრე თუ გვიან პასუხისმგებლობა მოუწევთ: შავი ზღვის ფლოტმა, ფაქტობრივად, ბრძოლის უნარი დაკარგა. რუსეთის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანებულია და საწვავის რეზერვუარები განადგურებულია. უკრაინული დრონები უკვე მურმანსკის ოლქში (პოლარული წრის იქით!) ბომბავენ რუსეთის აეროდრომებს, სადაც სტრატეგიული ბომბდამშენები დგანან...

და როგორია ამ დროს ვლადიმერ პუტინის პასუხი?

პრეზიდენტმა კიდევ უფრო მოუჭირა ქანჩებს, კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს მასმედიაზე, უარყოფს პრობლემების არსებობას და რუსებს გამარჯვებას ჰპირდება. მან კურსკის ოლქში სპეციალურ უფლებამოსილ პირად თავისი ყოფილი მთავარი პირადი მცველი, ალექსი დიუმინი დანიშნა, რომელიც წარმოშობით კურსის ოლქიდანაა. ოპერაცია „შურისძიების“ რეალიზებისათვის ვლადიმერ პუტინს ჯარები არ ჰყოფნის, მაგრამ არც მათი დონბასიდან მოხსნა უნდა. დასავლური სადაზვერვო ცნობების მიხედვით, კურსკის ოლქში ყირიმიდან და ზაპოროჟიედან ამჟამად გადასროლილია 5-ათასამდე ჯარისკაცი, მაგრამ არც ერთი - დონბასიდან, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიდის. 5 ათასი ჯარისკაცი კი კურსკის ოლქიდან უკრაინელების გასადევნად არასაკმარისია.

ისარგებლებს თუ არა ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) დახმარებით, რომლის მიხედვით, ნატოს წესდების მსგავსად, მე-4 მუხლის ძალით, მის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდახმას ნიშნავს?

ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი გრძნობს, რომ სხვები უარს იტყვიან დახმარებაზე. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს, ალბათ, არ სურს მომხდარი ფაქტის მნიშვნელობის აღიარება, რომელიც რუსეთის ავტორიტეტისათვის ჩაცემულ ლახვარს წარმოადგენს. მას არ სურს აღიაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი „დედა-რუსეთს“ უკან დაუბრუნდა და უკვე მის ტერიტორიაზეც ბობოქრობს.

ნებისმიერ ომში არსებობს ფრონტის ხაზის გაყინვის (ჩაციკვლის) სურვილი ანუ გარკვეული მოგებიანი პოზიციის შენარჩუნება, დაზავება სამომავლო მიზნების მისაღწევად. ეს შეცდომაა. როცა 1918 წლის ნოემბერში გერმანია-ანტანტის ფრონტზე დაზავება მოხდა, ძალაგამოლეული გერმანია ჯერ კიდევ აკონტროლებდა საფრანგეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ბელარუსის დიდ ტერიტორიას, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის ბედი გადაწყვიტა არა ტერიტორიების დაკავებამ, არამედ - მასში სახელმწიფოთა სამრეწველო ძლიერებამ. მოვლენათა თანმიმდევრობა ასეთი იყო: გერმანიას ფინანსურ-ეკონომიკური რესურსები გამოელია, ჯარში უკმაყოფილება დაიწყო, კაიზერი ვილჰელმ მეორე იძულებული გახდა, ტახტზე უარი ეთქვა, შემდეგ კი ახალმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

რუსეთს ფული და რესურსები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ დიდი ქალაქების მიღმა პრობლემები სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება - ინფლაცია, ყოველდღიური საგნების უკმარისობა, მაღალ დონეზე განათლებული სამუშაო ძალის ნაკლებობა, ემიგრაციის ტალღის გაფართოება, ქვეყნის სამხედრო რელსებზე გადასვლის უარყოფითი შედეგების დამალვა უკვე შეუძლებელი ხდება. რუსეთის ცენტრალურ ბანკს სულ უფრო უჭირს ოპტიმისტური ციფრების წარდგენა პრეზიდენტთან, ხოლო ხალხის წინაშე - რუბლის კურსის შენარჩუნება.

ბევრი გენერალი და ბიზნესმენი ხედავს, თუ როგორ ახდენს ვლადიმერ პუტინი მათი ქვეყნის იზოლაციას, რუსეთისადმი თავსლაფის დასხმას და მისი რეპუტაციის შელახვას. როგორც ჩანს, პრეზიდენტი შეპყრობილია აკვიატებული აზრით, რომელიც [კორონავირუსის] კარანტინის დროს ისტორიული წიგნების ზედმეტმა კითხვამ გამოიწვია.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის - ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ ვლადიმერ პუტინის მოწყვლადობა გამოავლინა. ადრე თუ გვიან რომელიმე [გაბედული გენერალი] ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეს, რაზედაც პრიგოჟინი ყოყმანობდა. ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, მიმართულია ამ დღის მოახლოებისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო