დიდი დარტყმა უკრაინაზე: "შაჰიდების", "ისკანდერების", "კალიბრებისა" და " კინჟალების" ერთდროული შეტევა - პოლონეთმა და რუმინეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანეს - კვირის პალიტრა

დიდი დარტყმა უკრაინაზე: "შაჰიდების", "ისკანდერების", "კალიბრებისა" და " კინჟალების" ერთდროული შეტევა - პოლონეთმა და რუმინეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანეს

რუსეთმა მთელ უკრაინაზე მასიური კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა...რომელსაც დამოუკიდებლობის დღეს ელოდნენ

24 აგვისტოს,უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთიდან სერიოზულ საჰაერო შემოტევას ელოდნენ, მაგრამ იმ დღემ მშვიდობიანად ჩაიარა უკრაინისთვის, თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა...

26 აგვისტოს შუაღამიდან დაიწყო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასიური რუსული საჰაერო შეტევა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, თანაც კომბინირებული სახით, როდესაც საჰაერო შეტევა ჯერ ნელა მფრენმა „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებმა წამოიწყეს, რომლებსაც გზაში დაეწივნენ რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, მათ კი მხარი აუბეს შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზიდან გამოსული რუსული წყალქვეშა ნავებიდან და კორვეტებიდან სტარტაღებულმა „კალიბრებმა“, ასევე რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა „ისკანდერებმა“ და მათმა საჰაერო ვარიანტებმა - „კინჟალებმა“...

ანუ რუსეთმა გამოიყენა საჰაერო თავდასხმის ყველა საშუალება, რაც მის ხელშია...ერთი ისაა, რომ ამ ფრთოსან რაკეტებზე ბირთვული ქობინები არ დააყენა...

უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რა თქმა უნდა ჰქონდა, ოპერატიული ინფორმაცია რუსული რაკეტების სტარტების შესახებ და მომზადებულიც დახვდა, მაგრამ ასეთი მასიური და თანაც კომბინირებული საჰაერო შეტევის სრული მოგერიება, უბრალოდ, შეუძლებელია...

2-tu1-1724661624.png
უკრაინის ქალაქ ლუცკში რუსული „შაჰიდის“ მიერ ჩადენილი „გმირობა“...

რა დონის ზიანი მიიღო უკრაინამ რუსეთის დღევანდელი მასიური საჰაერო თავდასხმის შედეგად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ , სამწუხაროდ, უკვე იტყობინებიან...

საქმე ისე სერიოზულად იყო, რომ უკრაინის მეზობელმა პოლონეთმა და რუმინეთმაც ჰაერში გამანადგურებელი თვითმფრინავები აწიეს იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე „გზააბნეული“ რუსული „შაჰიდი“ თუ „კალიბრი“ მათი საჰაერო სივრცისკენ გადაუხვევდა...

აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც ამ რუსულ მასიურ საჰაერო თავდასხმას უძღოდა წინ...

რუსულ თავდასხმამდე უკრაინის კამიკაძე - დრონებმა შორეული საჰაერო რეიდი განახორციელეს მდინარე ვოლგისკენ, რუსული საჰაერო ბაზის „ენგელსი-2“-ზე შესატევად, საიდანაც აფრენილი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-95МС-ები უშვებენ უკრაინისკენ Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს.

3-tu-1724661605.png
„ენგელსი 2“-ის რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 49 მ სიგრძისა და 50 მ ფრთაგაშლილობის Ту-95МС-ებს უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ვერანაირად ვერ დაუმალავენ და რუსი „გამომგონებლები“ ამ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე ზემოდან... ნახმარ საავტომობილო საბურავებს აწყობენ, იქნებ დრონის მოხვედრისგან რამენაირად დაიცვასო...

ანუ უკრაინამ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, სცადა განეხორციელებინა პრევენციული საჰაერო იერიში იმ რუსულ ბომბდამშენებზე, რომლებზეც უკვე რაკეტებს კიდებდნენ უკრაინაზე შესატევად - ეს ძალზე წააგავს ერთი დღით ადრე ისრაელის მიერ განხორციელებულ პრევენციულ საჰაერო შეტევას ლიბანის სამხრეთ ნაწილზე, როდესაც ისრაელის ასმა გამანადგურებელმა „ჰესბოლას“ სარაკეტო დანადგარების პოზიციები წინასწარ დაბომბა. თუმცა მიუხედავად ამისა, „ჰესბოლამ“ მაინც მოახერხა 320-მდე რაკეტითა და დრონით ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის შეტევა...

უკრაინელების პრევენციულმა საჰაერო შეტევამ შეიძლება შედეგი ვერ გამოიღო და არანაკლებ ცხრა უკრაინული კამიკაძე-დრონი რუსმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ ისე, რომ ამ დრონებიდან ერთ-ერთი ენგელსის საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულს მოხვდა, მეორემ კი სარატოვის ერთადერთი 128 მ სიმაღლის ცათამბჯენის 28 სართული გატარნა -ე ს ვიდეოკადრები რაღაცნაირად მოგვაგონებს 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში „ტყუპების“ ცათამბჯენებზე სამგზავრო თვითმფრინავების შეჯახების ტრაგიკულ ისტორიულ კადრებს...

როგორც ჩანს, ბოლო კვირები რუსეთის გენშტაბი იმარაგებდა და აგროვებდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების საჭირო რაოდენობას,რათა მასიური და კომბინირებული საჰაერო შეტევა განეხორციელებინა უკრაინის უმეტეს ქალაქებზე,მათ შორის დედაქალაქ კიევზეც...კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებით შეჭრის შურისსაძიებლად, რისთვისაც არანაკლებ 40 ფრთოსანი რაკეტა და 100-ზე მეტი კამიკაძე-დრონი გამოიყენა...