"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„ნაპოლის“ მიერ „ბოლონიას“ დამაჯერებლად დამარცხებას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური მედია. აღნიშნულია, რომ „კვარამ“ შოუ დადგა და გუნდის მომავალი უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იწვევს.
„კორიერე დელო სპორტის“ პირველ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სურათია გამოტანილი წარწერით: „კონტეს ხელი, „ნაპოლი“ გარდაისახა, „კვარა“ გიგანტურად თამაშობს“.
Ilmattino წერს: „ჩვენ დავბრუნდით, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ანადგურებს, გადამწყვეტი სიტყვა „კვარამ“ და დი ლორენცომ“ თქვეს“.
Il Roma-ს საფეხბურთო მიმომხილველი ჯოვანი სკოტო ქართველისა და კაპიტნის კარგ თამაშს უსვამს ხაზს: „შემთხვევითი როდია, რომ გამარჯვებაში მთავარი როლი დი ლორენცომ და კვარაცხელიამ შეიტანეს, რომელთა გუნდში დატოვება მტანჯველი და სანერვიულო ზაფხულის შემდეგ მოხდა. გუშინ მათგან „ნაპოლის“ აღორძინების გზავნილები მოდიოდა. მეტოქის თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენეს. „ვერონასთან“ წაგება დაივიწყეს და როგორც იქნა, ნეაპოლში სეზონი მოგებით დაიწყო. ამას გარდა, სატრანსფერო ფანჯრიდან კონტესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლები მოვიდეს, რომელიც თავის ძველ შეგირდს, ლუკაკუს ელის“.
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო „ბოლონიას“ ძლევამ იმედიანად განაწყო: „ვერონასთან“ წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება უეცრად გაქრა, რამეთუ „დიეგო მარადონაზე“ ვიხილეთ ერთიანი და გაუტეხელი გუნდი. ვნახეთ ხვიჩას ტალანტი, ვინაც გუნდს მარადონას ნამდვილი ძალით ამოძრავებდა. ალბათ, ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რატომ ითხოვდა კონტე გამუდმებით დი ლორენცოსა და კვარაცხელიას ხელშეუხებლობას. ვისაც სხვა რამის იმედი ჰქონდა, მწარედ შეცდა!“ იხილეთ სრულად