"ოპერაცია "ტრამპი" და სკანდალური მემუარები - როგორ მანიპულირებდა პუტინი ამერიკის პრეზიდენტით და რატომ ჰპარავდნენ ტრამპს საკუთარი მრჩევლები დოკუმენტებს?! - კვირის პალიტრა

"ოპერაცია "ტრამპი" და სკანდალური მემუარები - როგორ მანიპულირებდა პუტინი ამერიკის პრეზიდენტით და რატომ ჰპარავდნენ ტრამპს საკუთარი მრჩევლები დოკუმენტებს?!

იცით, როგორ შეძლო პუტინმა რუსეთის ხელისუფლების სათავეში „შეპარვა“ და თითქმის სამი ათეული წელი ძალაუფლების შენარჩუნება? იმით, რომ თავიდან შეუმჩნეველ და უპრეტენზიო სანქტ-პეტერბურგელ პატარა ჩინოვნიკს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მომავალი დიქტატორიც მალავდა საკუთარ ამბიციებს და, რაც მთავარია: ყოველთვის კარგად სწავლობდა მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიას და დაწვრილებით იცოდა მისი ძლიერი/სუსტი მხარეები. ამაში კი მას „კა-გე-ბეში“ მიიღებულ სპეციალურ განათლებასთან ერთად, თანდაყოლილი ალღო და ნიჭი უწყობდა ხელს. ყველა ავტორიტარული პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების ანალიზს ეცნობა, თუმცა მათ რეკომენდაციებს ყველა როდი ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის შემთხვევაში კი საკმაოდ რთულია, განსაზღვრო, რომელი სპეცოპერაცია იყო და არის რუსეთის სპეცსამსახურების ინიცირებული და რომელი - თავად პუტინის. „ოპერაცია "ტრამპიც“ ამის კარგი მაგალითია. მოსკოვში დაწვრილებით შეისწავლეს ჯერ კიდევ ბიზნესმენ დონალდ ტრამპის პიროვნული გატაცება/სისუსტეები: უდიდესი პატივმოყვარეობა, ტყუილის თქმის „ხელოვნება“ (ამ მხრივ ტრამპის „მიღწევების“ ცნობილ ბარონ მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა), გამდიდრების წყურვილი და... ლამაზი ქალბატონები. ყველა ამ მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურებს ტრამპის მაკომპრომეტირებელი უამრავი დოკუმენტის მოძიება შეეძლოთ.

თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კრემლის მიერ ამერიკის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მანიპულირებისათვის მასზე კომპრომატების არსებობა/არარსებობა მნიშვნელოვნად არ ცვლიდა „ნადირობის შედეგს“. ტრამპით მანიპულირება ორივე შემთხვევაში წაუგებელი ვარიანტი იყო პუტინისთვის, რადგანაც „მსხვერპლი“ – ტრამპი მძლავრი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცეოდა და მის ყველა მოქმედება/გადაწყვეტილებას უკვე მოსკოვის გავლენას უკავშირებდნენ.

ამიტომ, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლები იხსენებენ, ისედაც იმპულსური ტრამპი, საოცრად მტკივნეულად რეაგირებდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის სპეციალური კომისიის მუშაობაზე. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს კომისია 2017 წლის 17 მაისს შეიქმნა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას და ტრამპის „საარჩევნო გუნდის“ მოსკოვთან შეთანხმებულად შესაძლო მოქმედების ფაქტებს იძიებდა.

ttt-1724738986.jpg

დონალდ ტრამპი და „მისი“ პროკურორი რობერტ მიულერი

ორი წლის მუშაობის შემდეგ, 2019 წლის 18 აპრილს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კონგრესს გადასცა სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი ფართოდ და სისტემატურად ერეოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გამოძიებამ გამოავლინა კავშირი რუსეთის მთავრობასა და ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის. გამოძიებამ ასევე დაადგინა: რუსეთის მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ მისთვის სასარგებლო იქნებოდა ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. არჩევნების დასრულებისთანავე რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა სხვადასხვა არხით დაიწყეს კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

„მიულერის კომისიამ“ ასევე გაარკვია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები სთავაზობდნენ დახმარებას ტრამპს, ხოლო აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ სოციალური ქსელების საშუალებით სისტემატურად ავრცელებდა დეზინფორმაციას, ამერიკის საზოგადოებაში უთანხმოების გასაღვივებლად. თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერებმა გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები და მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები გადასცეს Wikileaks-ს, რომელმაც შემდგომში ისინი გამოაქვეყნა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჰილარი კლინტონი დამარცხდა და დონალდ ტრამპი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ეს პუტინის პირადი გამარჯვებაც იყო! ამის შემდეგ ტრამპის მანიპულირების ოპერაცია წარმატებით გაგრძელდა, რის თაობაზეც უკვე არა ერთი მტკიცებულება/დოკუმენტი მოიპოვება. თეთრი სახლის ყოფილი პრესსპიკერი სტეფანი გრიშემი იხსენებს 2019 წელს იაპონიის G20 სამმიტზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დეტალებს.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, თურმე, განაცხადა, რომ იძულებულია, საჯაროდ, სატელევიზიო კამერების წინ მკაცრად ისაუბროს რუსეთზე, მაგრამ ეს მხოლოდ კამერებისთვისაა და მათი წასვლის შემდეგ ჩვენ ცალკე ვისაუბროთო. პუტინმა კმაყოფილმა ჩაიცინა: ამ თამაშის გამარჯვებული უკვე ცნობილი იყო. იმ შეხვედრაზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პუტინის, როგორც მანიპულატორის ნიჭს.

პუტინმა, იცოდა რა ტრამპის გატაცება ლამაზი ქალბატონებით, იაპონიის სამიტზე პირველად იახლა მოხდენილი რუსი თარჯიმანი ქალი. ამერიკის დელეგაციას არ გამოპარვია პუტინის ეს „ტაქტიკური სვლა“.

putin-tramp-1724739171.jpg

პუტინის ლამაზი „მერცხალი“ სპეციალურად ტრამპისთვის

სტეფანი გრიშემი იხსენებს: „შეხვედრის დაწყების წინ ტრამპის მრჩეველი ფიონა ჰილი ჩემკენ დაიხარა და მკითხა, შევამჩნიე თუ არა პუტინის თარჯიმანი, ძალიან მიმზიდველი შავგვრემანი ქალი, გრძელი თმით, ლამაზი სახითა და მოხდენილი ტანით“. ამერიკელები ფიქრობენ, რომ მაშინ პუტინმა ეს სპეციალურად გააკეთა, რათა შეხვედრის დროს ტრამპის ყურადღება მიმზიდველ თარჯიმანზე გადაეტანა. დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტი ჰერბერტ მაკმასტერი იხსენებს პუტინისა და ტრამპის ურთიერთობის რამდენიმე საყურადღებო ფაქტს. 2017 წლის ივლისში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰამბურგში შეხვდნენ და რუსეთის პრეზიდენტის წინადადებით, დიდხანს ისაუბრეს პირისპირ. მაკმასტერი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ ტრამპს ურჩევდა, თავი შეეკავებინა პუტინთან პირისპირ, მრჩევლების გარეშე შეხვედრისგან, თუმცა ტრამპმა მას არ დაუჯერა. რაზე შეთანხმდნენ მაშინ პუტინი და ტრამპი, უცნობია.

putin-tramp-1-1724739115.jpg

როგორ ფიქრობთ, ვინ ვის ატყუებს?

რუსეთის პრეზიდენტმა, იცოდა რა ტრამპის ზღვარგადასული პატივმოყვარეობის შესახებ, წარმატებით იყენებდა მის ამ სისუსტეს. ჰერბერტ მაკმასტერი წერს კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც კარგად ასახავს ტრამპის პიროვნებას. 2018 წლის გაზაფხულზე, ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, ტრამპი თეთრ სახლში New York Times-ის სტატიას კითხულობდა, სადაც პუტინი ტრამპს და მის საგარეო პოლიტიკას ძალზე აქებდა. ტრამპი იმდენად მოხიბლულა პუტინის კომპლიმენტებით, რომ გაზეთზე ფლომასტერით დაუწერია სამადლობელი წერილი და თეთრი სახლის თანამშრომლს დაავალა, ეს გაზეთი პუტინისთვის გადაეცათ. მაშინ უკვე ცხადი იყო, რომ მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და ეს სპეცოპერაცია აუცილებლად პირადად პუტინთან იქნებოდა შეთანხმებული. ამ არგუმენტების მოშველიებით მაკმასტერმა ტრამპს სთხოვა, თავი შეეკავებინა გაზეთის გაგზავნისაგან. ტრამპს უკმაყოფილება არ დაუმალავს, თუმცა პუტინისთვის სამადლობელო მინაწერის გაგზავნა გადაიფიქრა. გენერალ-ლეიტენანტმა ჰერბერტ მაკმასტერმა მხოლოდ ერთი წელი იმუშავა ამ პოსტზე და განაწყენებულმა ტრამპმა 2018 წლის აპრილში ის ჯონ ბოლტონით შეცვალა. თუმცა ბოლტონმაც მალევე, 2019 წლის სექტემბერში დატოვა ეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზად მასთან "მნიშვნელოვანი უთანხმოება" დაასახელა. შემდეგ გაირკვა, რომ მაკმასტერთან და ბოლტონთან ტრამპის უთანხმოების მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის თემა ყოფილა: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაცრ ხაზს უჭერდნენ მხარს, პრეზიდენტი ტრამპი კი, როგორც წესი, მათ არ ეთანხმებოდა და საპირისპირო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა.

melania-putin-tramp-1724739097.jpg

მელანია და დონალდ ტრამპები, ვლადიმერ პუტინი. ჰელსინკი, 2018 წლის ივლისი.

2018 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა ცნობილი ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის წიგნი „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“, სადაც მოყვანილია ისეთი ფაქტები, რომლებიც შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ. ირკვევა, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები პრეზიდენტ ტრამპის დამღუპველი გადაწყვეტილებების გამოსასწორებლად და ქვეყნისთვის კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იძულებულნი იყვნენ... პრეზიდენტის მაგიდიდან დოკუმენტები მოეპარათ. ბობ ვუდვორდი წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი ქურდობა ტრამპის უფროსმა ეკონომიკურმა მრჩეველმა - ჰარი კონმა განახორციელა. ერთხელ პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტში კონი აშშ-ის სამხრეთ კორეასთან თავისუფალი სავაჭრო ზონიდან გასვლის შესახებ წერილის პროექტს წააწყდა, რომელზეც ტრამპს ხელი ჯერ არ მოეწერა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთისა და ჩრდილო-კორეის ინტერესებში იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ტრამპი ჯიუტად რატომღაც მაინც ცდილობდა სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების შესუსტებას. კონმა მოიპარა დოკუმენტი პრეზიდენტის სამუშაო მაგიდიდან, როგორც ბობ ვუდვორდი აღნიშნავს, ტრამპს აღარც გახსენებია ეს დოკუმენტიო.

ვუდვორდი წერს, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ტრამპის მრჩევლები იძულებულნი იყვნენ, გადაემალათ (!!!) დოკუმენტები, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ, მანამ ვიდრე ტრამპი მათ არ დაივიწყებდა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია აშშ-ის NAFTA-ს სავაჭრო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ტრამპის ინიციატივა და ხელმოსაწერად მომზადებული მემორანდუმის „გაქრობა“. რას მოუტანს აშშ-სა და მსოფლიოს ტრამპის შესაძლო დაბრუნება თეთრ სახლში?

ფაქტები ყველაზე საიმედო მოწმეა: პუტინმა ტრამპის ხელით გახლიჩა ამერიკა ორ, ურთიერთსიძულვილით აღსავსე, დაპირისპირებულ საზოგადოებად და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ამერიკის ისტორიაში დარჩება, როგორც პოპულიზმის არნახული ზეიმისა და პოლიტიკური პოლარიზაციის პიკი. დანარჩენი კი უკვე ამერიკის მოქალაქეების გადასაწყვეტია.