"უკრაინელი ჟუკოვი": ულმობელი, სასტიკი თუ ბრწყინვალე გენერალი?! - როგორ იქცა რუსი სამხედრო რუსეთის დაუძინებელ მტრად? - კვირის პალიტრა

"უკრაინელი ჟუკოვი": ულმობელი, სასტიკი თუ ბრწყინვალე გენერალი?! - როგორ იქცა რუსი სამხედრო რუსეთის დაუძინებელ მტრად?

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 26 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით - „ულმობელი, სასტიკი თუ ბრწყინვალე გენერალი? გაიცანით უკრაინის საუკეთესო სარდალი, რომელიც რუსეთს ებრძვის“ (ავტორი - როლანდ ოლიფანტი, სამხედრო ანალიტიკოსი), რომელშიც უკრაინის არმიის მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრე სირსკის სამხედრო პორტრეტია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„მეხორცე გენერალი“... „ბახმუტელი ყასაბი“... „საბჭოელი“ „სოვოკი“...

ბევრი უსიამოვნო ეპითეტით ამკობდნენ გენერალ ალექსანდრე სირსკის, როცა მან თებერვალში ვალერი ზალუჟნი შეცვალა უკრაინის არმიის მთავარსარდლის პოსტზე.

მას ზედმეტად კონსერვატიულად თვლიდნენ და - გადაჭარბებულად მაკონტროლებელ ადამიანად. „თვალს არ დაახამხამებს, ისე გაგზავნის ჯარისკაცებს სასაკლაოზე“, - ზიზღით ამბობდნენ მასზე. „საბჭოური ყალიბის გენერალია, სოვოკი“, - ხაზს უსვამდნენ სხვები.

და უეცრად მსოფლიო რუსეთის ტერიტორიაზე 59 წლის უკრაინელი გენერლის შეჭრის მოწმე გახდა, რის შედეგაც მის მიმართ თვალსაზრისი შეიცვალა - განსაზღვრულ დონემდე.

„უკრაინელი ჟუკოვი“?!

იმის ნაცვლად, რომ იგი უაზრო ჯიუტობისა და თვითნებობისათვის, ასევე, უმნიშვნელო ტაქტიკური სარგებლის მისაღწევად ისედაც მწირი რეზერვების დახარჯვისთვის გაეკრიტიკებინათ, მას ახლა აქებენ, ომის განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი ანაზდეული, გაბედული და, შეიძლება ითქვას, ამ მომენტისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საომარი სიურპრიზისათვის... მაგრამ ამ მამაცურმა, დიდი სიფრთხილით მომზადებულმა და საგანგებოდ სარისკო მანევრმა, როგორც აღფრთოვანება, ასევე - შეშფოთებაც გამოიწვია.

მარიანა ბეზუგლაიამ, უკრაინის პარლამენტის წევრმა, ამ რამდენიმე დღის წინათ გენერალ ალექსანდრე სირსკის „უკრაინელი ჟუკოვი“ უწოდა - დეპუტატს მხედველობაში ჰქონდა საბჭოელი გენერალი გიორგი ჟუკოვი, რომელმაც წითელ არმიას გერმანულ-ფაშისტურ ვერმახტზე გაამარჯვებინა. რასაკვირველია, ეს კომპლიმენტი წინასწარგანზრახულად, ორაზროვანი გაგებით იყო ნათქვამი: „ალექსანდრე სირსკის ომი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ, რაღაც ახალ დონეზე აჰყავს, როცა ფსონი დადებულია გარკვეული რეგიონის დაკარგვაზე ან დაკავებაზე, მაგრამ როგორი ფასი აქვს ამ მანევრს და როგორია მისი პერსპექტივა?" - დაწერა მარიანა ბეზუგლაიამ „იქს“-ქსელში, - "დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გენერალსაც არ აქვს ამაზე მკაფიო პასუხი. ეს არის თამაში ლოზუნგით - „ყველაფერი ან არაფერი“. ალბათ, სიუპრიზები ჯერ არ დასრულებულა“.

რასაკვირველია, თუ „კურსკის ნახტომს“ „წარმატებულ ოპრაციას“ ვუწოდებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს წარმატება იოლად არ ყოფილა მიღწეული: ოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის არმიის ყველაზე ძლიერი ქვედანაყოფები, თავიანთი სრული საშტატო შეიარაღებით, საუკეთესო გამოცდილი ჯარისკაცებით, რომელთაგან ბევრი უკვე დაღუპულია. და ამ დროს რუსები უკვე დონბასის ფრონტის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის - პოკროვსკის კართან დგანან...

უახლოესი კვირები გვაჩვენებს, გახდება თუ არა „კურსკის ნახტომი“ უკრაინის ისტორიისათვის გარდამტეხ მოვლენად თუ ეს იქნება ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული ბოლო საშინელი შეცდომა.

კურსკის ოპერაციის შედეგმა შეიძლება, ომის ბედი გადაწყვიტოს, რაც იმასაც ნიშნავს, თუ როგორ ჩაიწერება ისტორიაში ალექსანდრე სირსკის სახელი, როგორ დაიმახსოვრებენ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

„კურსკის ოლქში განხორციელებულმა სამხედრო ნახტომმა“ უკვე შეცვალა ზოგიერთი ხედვა მის შესახებ. ერთ-ერთი ვეტერანი ჯარისკაცის თქმით, ქვეითებს შორის იგი ცნობილია, როგორც ძალზე კონსერვატიული და სწორხაზოვანი ტაქტიკოსი. მე მის მიმართ ახლაც იმავე აზრის ვარ, როგორიც კურსკამდე მქონდა. ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხა მან დღევანდელი ყველგანშემღწევი ტექნოლოგიებისა და კიბერშეტევების პირობებში, ამ ოპერაციის საიდუმლოდ მომზადება და პირველი დღეების ინფორმაციის დაფარვა „ტელეგრამ-არხებისაგან“.

ალექსანდრე სირსკის გადაწყვეტილებამ, რომ გეგმები საიდუმლოდ შეენახა, დასავლელი მოკავშირეებისგანაც კი, და ისე, რომ უკრაინელ მაღალი ჩინის სამხედროებსაც და მთავრობის წევრებსაც არაფერი სცოდნოდათ, როგორც ჩანს, გაამართლა.

გენერალი საბჭოთა წარსულით: ბრალდებები...

გენერალი ალექსანდრე სირსკი, ისევე, როგორც მისი თაობის ოფიცრები, საბჭოთა არმიის აღზრდილია.იგი 1965 წელს დაიბადა ქალაქ ვლადიმირში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით. ბავშვობაში უკრაინის სსრ-ში - ხარკოვში იზრდებოდა და საშუალო განათლებაც იქ მიიღო, შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში წავიდა და უმაღლეს სამხედრო-სამეთაურო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახდა, დაბრუნდა უკრაინაში და პოლტავასთან ახლოს დისლოცირებულ საბჭოთა არმიის ნაწილში დაიწყო სამსახური. უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მისი სამხედრო ქვედანაყოფი უკრაინის არმიის შემადგენლობაში მოექცა.

2014 წლის ომის დროს დონბასში ალექსანდრე სირსკი ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს მეთაურობდა და მას შემდეგ სულ რუსებს ებრძვის. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როცა რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, იგი სახმელეთო ჯარების სარდალი იყო - ვალერი ზალუჟნის მოადგილე. ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას, მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდა ბლიცკრიგი ხარკოვის ოლქის გასათავისუფლებლად.

ამიტომ, როცა ვალერი ზალუჟნის და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება მოხდა, პრეზიდენტმა არმიის სარდლად, ზალუჟნის გათავისუფლების შემდეგ, ლოგიკურად, სწორედ ალექსანდრე სირსკი დანიშნა.

მაგრამ მის სახელს ჩრდილი მიაყენა ქალაქ ბახმუტის 10-თვიანმა დაცვამ, რომელიც დიდი მსხვერპლის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც რუსეთმა დაიკავა. მას აკრიტიკებდნენ, რომ ბახმუტის დაცვა უპერსპექტივო იყო და ქალაქი მას ადრევე უნდა დაეტოვებინა, ამით თავიდან აიცილებდა უკრაინელი ჯარისკაცების გმირულ, მაგრამ იმავდროულად, უაზრო სიკვდილს. ქვეითები თვლიდნენ, რომ გენერალ სირსკის ჯარისკაცთა სიცოცხლე არ ადარდებს, არ ენდობა ოფიცრებს ადგილებზე, მეწვრილმანეა, ხშირად იძლევა შეუსრულებელ ბრძანებებს. მისი მოქმედება ბევრი რეზერვის გამოყენებას ითხოვს, რაც შეიარაღების დეფიციტს ამწვავებს.

ალექსანდრე სირსკის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები მას ხშირად უწოდებენ საბჭოელ „სოვოკს“ - ანუ საბჭოური აზროვნების მქონე პიროვნებას ან უფრო უარესს - რუს გენერალს.

...და თავის მართლება?!

მაგრამ მხარდამჭერები ამბობენ, რომ ასეთი საყვედურები უსამართლოა და უსაფუძვლო. იგი მუდამ ზრუნავს ჯარისკაცების სიცოცხლეზე და იქ, სადაც დანაკარგების მინიმალურობა შეიძლება, ყოველთვის უპირატესობას აძლევს ალტერნატივას. ბევრი ოფიცერი საკუთარ შეცდომებს გენერალს აბრალებს. ბევრს არ მოსწონს, რომ ალექსანდრე სირსკი ომის დროს მკაცრი სამხედრო დისციპლინის გამტარებელია და, ასევე, მკაცრად ითხოვს სუბორდინაციის დაცვას. (...)

რაც შეეხება ბახმუტის დაცვას, იგი ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებას და მხოლოდ მაშინ გამოიყვანა ქალაქიდან უკრაინის ჯარები, როცა პრეზიდენტმა ამის ნება დართო.

უდავოა ის, რომ ალექსანდრე სირსკიმ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა მიიღო, როცა იგი უკრაინის არმიის მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა. ჯარი გამოფიტული იყო, დაღლილი. ამერიკული სამხედრო დახმარება - შეჩერებული. არმია შევსებას ვერ იღებდა - გაწვევა ფაქტობრივად ჩავარდა. იგი იძულებული გახდა, ავდეევკა დაეტოვებინა და მას შემდეგ ნელ-ნელა, მაგრამ სულ უკან იხევდა. კურსკამდე მისი ერთ-ერთი წარმატებული მოქმედება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) იყო მიმდინარე წლის მაისში ვოლჩანსკის რაიონში რუსების შეტევის შეჩერება და მათი ხარკოვისაკენ გზის გადაკეტვა. მაგრამ კრიტიკოსები არ გაჩუმებულან და მას ბრალი წაუყენეს - რატომ არ იყო მომზადებული წინასწარ საზღვარზე თავდაცვითი ზღუდეები და როგორ შეძლეს რუსებმა ასე იოლად წინსვლა. გაისმა ხმები მისი გადადგომის მოთხოვნით.

ამას დაემატა პოლიტიკური ასპექტიც: კიევში მოარული ხმების მიხედვით, თითქოსდა, ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოვლისშემძლე ხელმძღვანელს, გენერლის პოსტიდან გათავისუფლება მოუთხოვია, თუმცა მისთვის ბოლო შესაძლებლობა მაინც მიუცია. შესაბამისად, „კურსკის ნახტომის“ დაგეგმვა და რეალიზება ალექსანდრე სირსკიმ საკუთარი რეაბილიტაციისათვის გამოიყენაო.

მაგრამ უკვე აშკარად ჩანს, რომ კურსკის ოპერაცია დონბასს არ შველის - ჯარების კურსკში გადასროლის ნაცვლად რუსები ისევ განუწყვეტლივ უტევენ და უკრაინის ჯარები ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ ამერიკული ავიაგამანდგურებლები - F-16-ები უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას გააუმჯობესებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მათი საკმაო რაოდენობა არ არის მიღებული, რომ სიტუაციაში გარდატეხა იქნეს შეტანილი. ეს ისეთი დიდი დაბრკოლებაა, რომელსაც, ალბათ, გენერალი გიორგი ჟუკოვიც იძულებული გახდებოდა, ეღიარებინა.

გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის და მის გარემოცვას, ისევე, როგორც წითელ არმიას 80 წლის წინათ, მნიშვნელოვანწილად დასავლეთის იმედი აქვს და თუ დახმარება იგვიანებს, ესე იგი, ამაში მოკავშირეების ბრალიც არის.

მაგრამ ყველაფერს დასავლეთს ვერ დააბრალებ. გადაწყვეტილებამ კურსკის ოლქში შეჭრისა და ამ ოპერაციაში საუკეთესო ქვედანაყოფების მონაწილეობისა, დონბასის ფრონტი აშკარად შეასუსტა. რისკი უდიდესია და თვალსაჩინო.

ჟუკოვი, ეიზენჰაუერი... და სირსკი

საბჭოთა გენერალი გიორგი ჟუკოვიც რისკზე მიდიოდა ხოლმე. მის გამარჯვებებსაც ბევრი წითელარმიელი ეწირებოდა. გიორგი ჟუკოვს მოუყოლია ერთხელ დუაიტ ეიზენჰაუერისათვის, თუ როგორ უბრძანა მან წითელი არმიის მებრძოლებს, შეუჩერებლივ გადაელახათ დიდი დანაღმული ველი ერთ-ერთი ქალაქის ასაღებად. დუაიტ ეიზენჰაუერი ერთდროულად გაოცებულიც იყო და მოხიბლულიც: ძალიან სარისკო და გაბედული ნაბიჯი გადაგიდგამს, არც ერთი ამერიკელი და ბრიტანელი გენერლისათვის ასეთი ბრძანების გაცემა უკვალოდ არ ჩაივლიდაო, - უთქვამს.

მაგრამ ომში გიორგი ჟუკოვმა გაიმარჯვა.

ალბათ, ისტორია გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის მოქმედებასაც იმავე სასწორით შეაფასებს, თუმცა მისი მემკვიდრის საკითხი - ვინ იქნება მის ნაცვლად არმიის მთავარსარდალი - შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში გადაწყდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო