"ბევრ მშობელს არა აქვს უნარი, ბავშვები სწორად აღზარდოს და სწორ გზაზე დააყენოს. იმის გამო, რომ ამ ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, საკვების პრობლემა ხშირად აქვთ, თუმცა, ეს ხელს არ უშლით, სამივე ბავშვს არცთუ ისე იაფი ტელეფონი ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

"ბევრ მშობელს არა აქვს უნარი, ბავშვები სწორად აღზარდოს და სწორ გზაზე დააყენოს. იმის გამო, რომ ამ ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, საკვების პრობლემა ხშირად აქვთ, თუმცა, ეს ხელს არ უშლით, სამივე ბავშვს არცთუ ისე იაფი ტელეფონი ჰქონდეს"

13 აგვისტოს, ზუგდიდში დატრიალებულმა ტრაგედიამ, მთელი საქართველო შეაძრწუნა:

საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის დროს ბინაში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. უფროსებმა გამოსვლა მოასწრეს, ხოლო უმცროსები დაიღუპნენ. თვითმხილველების თქმით, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და მარტოხელა დედა თხილის კრეფით ინახავდა შვილებს. იმ საღამოს პატარებს სანთელი ენთოთ, რადგან ელექტროენერგია ჩაჭრილი ჰქონდათ. სწორედ ასე გაჩნდა ნაქირავებ ბინაში ხანძარი!

რამდენად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოება და მათი უფლებები? - ამ უმწვავეს პრობლემაზე ვესაუბრეთ ცნობილ ადვოკატს და უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას:

- ის, რაც ზუგდიდში მოხდა, შემზარავი ფაქტია, მაგრამ ქვეყანაში საერთო ფონიც არ არის სახარბიელო. სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ძალიან დიდია შიმშილის ზღვარზე მყოფი ბავშვების რიცხვი. ასეთია შიშველი სიმართლე, რომელსაც ვერსად გავექცევით! ადამიანები ზოგჯერ ამ სიმართლეს თვალს არიდებენ, მაგრამ როდესაც ასეთი შემზარავი ფაქტები თავს დაგვატყდება, უნებურად ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს?! საქართველოში ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, ალბათ, ყველას გვიფიქრია, როგორია ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხვედრი... სამწუხაროდ, ასეთ ოჯახებში უკიდურესად დაუცველები არიან. პატარა ვერ იტყვის, რომ ცუდადაა. ის შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს, რომ მსხვერპლია; ასეთ პირობებთან შეგუება შეუძლებელია, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდეს. იცით, რა უთქვამს ჩემთვის ბავშვს, რომელიც უკიდურესად ღარიბ ოჯახში იზრდებოდა? - რომ მოვკვდები, იქაც მომშივდებაო! ასეთი ბავშვების და ოჯახების გადარჩენა არ უნდა იყოს დამოკიდებული მეზობლების, კეთილის მსურველების თუ უცხო ადამიანების დახმარებაზე, რადგან მათი დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ლამის ყველა ტრიბუნიდან აცხადებენ, სახელმწიფოსთვის მთავარი ადამიანიაო. თუ მართლა ადამიანია მთავარი, მაშინ ბავშვები და მათი მომავალი ქართული სახელმწიფოს არსებობის მთავარი მიზანი უნდა იყოს. პატარების ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა.

- რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში ჩვენმა საზოგადოებამ?

- ჩვენ რომ ევროპული და ცივილიზებული საზოგადოება გვქონდეს, ხალხი გამოვიდოდა და სახელმწიფოს პასუხს მოსთხოვდა, თუ რატომ არიან ამ ქვეყანაში მშიერი და დაუცველი ბავშვები. ხმამაღლა კი ვამბობთ, რომ პატარები გვიყვარს და მათ ვაღმერთებთ, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვაკეთებთ. როცა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვსაუბრობთ, ყველაზე დაუცველები და მოწყვლადები ამ ოჯახებში ბავშვები არიან. ეს ოჯახები ვერ ახერხებენ მათთვის ელემენტარული, ყოფითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას: ვგულისხმობ ნორმალურ ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს და კვებას, აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვასა და განათლებაზე. მადლობა ღმერთს, საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ სოციალურად დაუცველ ორსულებზე და ერთ წლამდე ბავშვებზე: მათთვის შემუშავებულია კვების პროგრამა, რომელიც ამ ოჯახებისთვის დიდი შეღავათია. ბევრი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ამ ორგანიზაციებს მიმართოს და ეს პროგრამები მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.

მე ხომ გურიაში ვცხოვრობ და ჩემთან დახმარებისთვის მოდიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც სოციალურმა სამსახურმა შემწეობა შეუწყვიტა. მათ მხოლოდ 6 თვე აქვთ ვადა: ამ ექვს თვეში თუ დაასაბუთებენ, რომ დახმარება არასწორად შეუწყვიტეს, მის აღდგენას შეძლებენ. ნუთუ, არ უფიქრია რომელიმე ჩინოვნიკს, რით უნდა იარსებოს გაჭირვებულმა ოჯახმა მთელი 6 თვე, მით უმეტეს, როცა ამ დახმარებაზეა დამოკიდებული ამ ოჯახის წევრების კვება და ელემენტარული საჭიროებები? ამ ექვს თვეში ოჯახს იმდენი ნისია და ვალი დაუგროვდება, რომ მიღებული სოციალური დახმარება ამ ხარჯებს ვერ გასწვდება. გაჭირვება სირცხვილი არ არის, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი მიდგომები და ისეთი პროგრამები, რომელიც ოჯახს გაჭირვების დროს დაიცავს, მით უმეტეს, როცა მრავალშვილიან ოჯახზეა ლაპარაკი. ცუდია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხშირად დგას განათლების პრობლემაც.

- რას გულისხმობთ?

- ზოგჯერ მშობლებს არ ესმით, რა უნდა იყოს პრიორიტეტი ოჯახში და რა - არა. ეს არის ხშირად მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს ელემენტარული პირობები არა აქვთ. არავის განსჯა არ მინდა, მაგრამ მე არაერთ ასეთ ოჯახს ვიცნობ და მათი პრობლემები კარგად ვიცი. მხოლოდ ერთ მათგანზე გიამბობთ: იმის გამო, რომ ამ ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, საკვების პრობლემა ხშირად აქვთ, თუმცა, ეს ხელს არ უშლით, სამივე ბავშვს არცთუ ისე იაფი ტელეფონი ჰქონდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ოჯახში თანხების ეკონომიურად ხარჯვა და პრიორიტეტების სწორად განაწილება უჭირთ. ბევრ მშობელს არა აქვს უნარი, ბავშვები სწორად აღზარდოს და სწორ გზაზე დააყენოს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ასეთ ოჯახებს ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწიოს, მაგრამ ამასთან, მშობლების განვითარებაზეც იზრუნოს. ოჯახის თავმა სწორად უნდა გაანაწილოს ის თანხა, რომელიც ხელთ აქვს. მესმის, სოციალური დახმარება მინიმალურია და მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს ჰყოფნის, მაგრამ აუცილებელია სწორად დაგეგმო და სწორად დახარჯო შეზღუდული რესურსი, რომელიც ხელთ გაქვს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ საკითხზეც უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც მშობლებამდე ამგვარი ინფორმაციის მიტანა ევალებათ, ხშირად თვითონ არიან დაუცველები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

- რატომ?

- ამ ხალხს ავტომობილიც კი არ ემსახურება. მოგეხსენებათ, ერთი სოფლიდან მეორეში რომ წახვიდე, კერძო ავტომობილი უნდა გქონდეს, ამიტომ, ძალიან ბევრ სოცმუშაკი დამოკიდებულია ავტობუსზე, რომელიც ან გამოვილის, ან არა. შესაბამისად, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ოჯახებს ვინმემ ტრენინგები და საგანმანათლებლო საუბრები ჩაუტაროს... მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორ გაანაწილონ ის თანხა, რომელიც აქვთ. ამიტომ, ასეთ ოჯახებს ხშირად უჭრიან შუქს, ზამთარში არა აქვთ გათბობა, ელემენტარული პირობები... როდესაც პატარა ასეთ პირობებში ცხოვრობს, მინდობითი აღზრდა ყველაზე სწორი გამოსავალია... მესმის, რომ ადამიანის ცხოვრება რთულია და ღმერთმა დამიფაროს, ვინმე განვსაჯო, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობა სწორედ ასეთ ბავშვებზე ზრუნვაა. მისი ვალია, რომ ბავშვები ტრაგიკულად არ იღუპებოდნენ. ახლა მთავარია, მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფრის მიზეზი და სათავე სოციალური უთანასწორობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ასე მწვავედ იგრძნობა?

- თუ კორუფციაზე ვისაუბრებთ, ეს ძალიან მძიმე თემაა. სამწუხაროა, რომ ვიღაც თავის ოჯახსა და შვილებს ფუფუნებაში აცხოვრებს და ეს ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. ვიღაც იმაზე დარდობს, რომ მისი შვილი ევროპის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვდეს, ვიღაცისთვის კი კვების პრობლემაა მთავარი. ამიტომ, ქვეყანაში უნდა იყოს ქველმოქმედების ტრადიცია და რეალური მექანიზმები, რაც შეძლებულ ფენას ღარიბების დახმარებისკენ უბიძგებს. ჩვენს საზოგადოებაში ეს ტრადიცია არ არის, განსხვავებით ევროპისა და ამერიკისგან, სადაც ქველმოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა. იქ არის ფონდები, რომლებიც ღარიბი ოჯახებისთვის დახმარებას გასცემენ, იქ განსაკუთრებით აქტუალურია ეკლესიის როლი: ეკლესია უპირველესია დახმარების და ქველმოქმედების მხრივ. ქველმოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

- ასეთ ოჯახებს მოსახლეობაც ეხმარება.

- ერთჯერადი დახმარება და თანხის შეგროვება საქმეს ვერ შველის, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ: ერთხელ დამიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც შემომჩივლა, ოთხი შვილი მყავს და მათი შენახვა მიჭირს, იქნებ, დამეხმაროთო. მე რაღაც თანხა ჩავურიცხე, მაგრამ ისე შევწუხდი, რომ ჩემს მეგობრებსაც მივწერე, იქნებ, ამ ოჯახს დავეხმაროთ-მეთქი. ყველამ გარკვეული თანხა გადაურიცხა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, ამ ქალმა დახმარებისთვის ისევ მომმართა. ასე რომ, ერთჯერადი დახმარება პრობლემას ვერ გადაწყვეტს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, თანაც, სოციალურ დახმარებას მოზარდს მაშინვე უხსნიან, როგორც კი 18 წელი შეუსრულდება და ესეც სერიოზული პრობლემაა, რადგან ამის შემდეგ ოჯახის ხარჯები უფრო იზრდება - სად 18 წლის ახალგაზრდის მოთხოვნები და სად - 2-3 წლის ბავშვის? გამოდის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები განათლებას ვერ მიიღებენ და სახელმწიფო ამას არ ითვალისწინებს. ამ დროს, რომელ დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი? ბავშვთა სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებლები გვაქვს და როცა ეს სტატისტიკა თვალში გეჩხირება, ძალიან ძნელია, ახალგაზრდებმა ოჯახის შექმნაზე იფიქრონ ან უკვე შექმნილმა ოჯახმა კიდევ ერთი შვილი გააჩინოს.

- ფაქტია, რომ ბავშვები პირდაპირ ტელეეკრანიდან ამბობენ, გვშიაო! თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა სკოლებში უფასო კვების შემოღებაა?

- ამ აზრს ბევრი ემხრობა. სკოლებში ერთჯერადი კვებაც რომ იყოს, ეს ძალიან ბევრი ბავშვის პრობლემას მოაგვარებდა - ისინი იმ ელემენტარულ კალორიებს მაინც მიიღებდნენ, რომელიც მოზარდისთვის აუცილებელია. თუნდაც, ამიტომ უნდა მოვითხოვოთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ის წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს, რომელიც მოწინავე ქვეყნებში არსებობს. იმისათვის გვყავს ამდენი ჩინოვნიკი და იმიტომ გვაქვს ამდენი სამინისტრო, რომ ადამიანთა პრობლემებზე იზრუნონ. სამწუხაროდ, ბიუჯეტის კონტროლს საზოგადოება ვერ ახერხებს. სწორედ ამის ბრალია, რომ მართლა სასიცოცხლო საკითხები გვერდზე რჩება. სოციალურად დაუცველთა პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს - სწორედ ასე ხდება ევროპაში, სადაც ვერც კი დაიჯერებენ, რომ შუქის არქონის გამო შეიძლება სადმე ხანძარი გაჩნდეს, რომ შეიძლება ბავშვებს შიოდეთ! ბავშვის უფლებების დარღვევაა, როცა ის ვერ იღებს სათანადო საკვებს, როცა მას არა აქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, როცა მას ბევრი რამ აკლია! მართალია, ეს არ არის იმ დონის დარღვევა, როცა ადამიანს დაიჭერენ და ციხეში აწამებენ, მაგრამ ეს მაინც მძიმე დარღვევაა. მსხვერპლი ამის გამო პროტესტსაც ვერ გამოთქვამს, სწორედ ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი ასეთი მსხვერპლის დაცვა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"