პუტინის შურისძიება: 14 საათიანი დაბომბვა 236 რაკეტითა და დრონით - ასეთი საჰაერო თავდასხმა რუსეთს უკრაინაზე ჯერ არ განუხორციელებია - კვირის პალიტრა

პუტინის შურისძიება: 14 საათიანი დაბომბვა 236 რაკეტითა და დრონით - ასეთი საჰაერო თავდასხმა რუსეთს უკრაინაზე ჯერ არ განუხორციელებია

2024 წლის 26 აგვისტო ნამდვილად შევა რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში, როგორც ყველა ხანგრძლივი და მასშტაბიანი რუსული საჰაერო თავდასხმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე...

26 აგვისტოს შუაღამიდან, რუსული „შაჰიდების“ მიერ დაწყებულ შეტევას უკრაინის ქალაქებზე, ფრთოსანი, ბალისტიკური და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც შეურთდნენ და არანაკლებ 14 საათის განმავლობაში, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების რადიოტექნიკურმა საშუალებებმა საერთო ჯამში დააფიქსირეს 109 დრონი და 127 რაკეტა, რომლებიც შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში.

აქამდე, ეს „რეკორდი“ ომის დაწყების პირველ დღეს ეკავა, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას,რუსეთი უკრაინას თავს 160-მდე სხვადასხვა სიშორისა და ტიპის რაკეტით დაესხა თავს...

2-sah-1724746003.png
26 აგვისტოს უკრაინის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რეკორდული რაოდენობის რუსული დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ფრენის მარშრუტები...

2024 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთმა უკრაინისკენ გაუშვა:

- 3 აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 "Кинжал"-ი ლიპეცკისა და რიაზანოს ოლქების თავზე მფრენი სამი МиГ-31К ტიპის ზებგერითი გამანადგურებლიდან.

- 6 აერობალისტიკური რაკეტა "Искандер-М"(შეიძლება მათ შორის ჩრდილოკორეული KN-23-ებიც ყოფილიყო) ვორონეჟისა და კურსკის ოლქებიდან,ა სევე ანექსირებული ყირიმიდან.

- 77 ერთეული საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა Х-101-ი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან Ту-95МС-ებიდან, მათი ვოლგოგრადისა და კასპიის ზღვის რაიონების თავზე ფრენის დროს.

- 28 საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა "Калибр"-ი,გაშვებული ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზიდან გამოსული კორვეტებისა და წყალქვეშა ნავების ბორტებიდან.

- 3 ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა Х-22, საშუალო სიშორის მოქმედების Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან.

- 10 „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის მართვადი რაკეტა Х-59/Х-69-ი საფრონტო ბომბდამშენებიდან Су-34 და მეხუთე თაობის მრავალფუნქციური Су-57-ებიდან, რომლებიც ბელგოროდის ოლქისა და ოკუპირებული მარიუპოლის თავზე იმყოფებოდნენ.

- 109 „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონი, კურსკის, ეისკისა და ყირიმის ტერიტორიიდან.

როგორც ხედავთ, ძალზე სოლიდური ჩამონათვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რუსული, რაოდენობრივად რეკორდული საჰაერო თავდასხმა ამასთანავე კომბინირებულიც გახლდათ, რაც ყოველთვის დამატებით პრობლემებს უქმნის საჰაერო თავდაცვის სისტემას მის მოსაგერიებლად.

რუსეთის გენშტაბმა გამოიყენა საჰაერო თავდასხმის ახალი ტაქტიკაც - ჯერ უკრაინის ცისკენ გაუშვა იაფასიანი „გერბერები“, რომლებიც კამიკაძე-დრონებს „შაჰიდებს“ კი წააგავენ, მაგრამ არ აქვთ საბრძოლო ქობინი და განკუთვნილნი არიან უკრაინული რადიოლოკატორების გასააქტიურებლად და საზენიტო რაკეტების თავის თავზე „მისაღებად“, რათა გადატვირთონ უკრაინული საჰაერო თავდაცვა უფრო მასიური და ძლიერი რუსული სარაკეტო შეტევის წინ...

რუსული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები „ვარსკვლავურად“ დაესხნენ თავს უკრაინას ანუ სხვადასხვა მხრიდან-ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან შეიჭრნენ მის ცაში, რამაც ასევე გააძნელა ამ,ისედაც მასიური საჰაერო შეტევის მოგერიება.

3-sah-1724746045.png
უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური ინფოგრაფიკა, რომელზეც ასახულია 26 აგვისტოს უკრაინის ცაში ჩამოგდებული რუსული საჰაერო სამიზნეების ტიპი და რაოდენობა

გარდა ამისა, როდესაც მორჩა ძირითადი სარაკეტო დარტყმები, რუსული დრონები კიდევ რამდენიმე საათი აგრძელებდნენ უკრაინის ცაში ცვალებადი მიმართულებით ფრენებს, რათა უკრაინაში საჰაერო განგაში კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელებულიყო-შესაბამისად უკრაინის მოსახლეობა არანაკლებ 14 საათი ისხდა მიწისქვეშა ბომბსაფარებში...

უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური მონაცემების თანახმად, მათ აღმოჩენილი 236 საჰაერო სამიზნიდან ჩამოაგდეს:

- ერთი აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 "Кинжал"-ი.

- ერთი აერობალისტიკური რაკეტა "Искандер-М"-ი.

- 99 ფრთოსანი რაკეტა Х-101-ი, "Калибр"-ი, „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის საავიაციო მართვადი რაკეტა Х-59/Х-69-ი.

- 99 კამიკაძე-დრონი „შაჰიდი“.

დანარჩენმა,ჩამოუგდებელმა რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა გარკვეული ზიანი მიაყენეს, როგორც უკრაინის დედაქალაქ კიევს, ისე კიდევ 15 რეგიონის ქალაქებსა და ენერგეტიკის ობიექტებს - არის მსხვერპლი,არიან დაჭრილებიც. თუმცა დაზიანებების ზუსტ ინფორმაციას უკრაინის მხარე, ბუნებრივია, არ აკონკრეტებს, რათა არ გაუადვილოს საქმე მტერს-რუსეთს, რომ რუსულმა გენშტაბმა ზუსტად დაითვალოს, თუ რამდენად წარმატებული იყო მისი ამ ომში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე...

P.S. 27 აგვისტოს გამთენიიდან რუსეთმა განაგრძო საჰაერო შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე...