"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი მგლის ხახაში არ აღმოჩნდეს" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი მგლის ხახაში არ აღმოჩნდეს"

მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენს მეზობლად მყოფი მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან არაერთი ხილული თუ უხილავი საფრთხე მოდის, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა თანამემამულეებს ძალიან სასარგებლო და ამავე დროს, საინტერესო ინიციატივა შესთავაზა. შავლეგ შელიას, ანა კორტის, მარიამ ჯანიშვილისა და თორნიკე შურღულაიას ინიციატივით, რომლებიც თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრს წარმოადგენენ, დაინტერესებული პირებისთვის სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვირეული. ინიციატივა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამოქალაქო ცოდნის გაძლიერებას, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩარჩოს გაძლიერებას.

შავლეგ შელია, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი:

- თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების სერიის მეშვეობით მონაწილეებს გავაცანით კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები - ეროვნული უსაფრთხოების და დაზვერვის მექანიზმები, ასევე ნატოს როლი და კიბერუსაფრთხოების ყოველთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფერო, ვისაუბრეთ თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ - სახელმწიფოს სტაბილურობაში. ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ახორციელებს ასეთ ინიციატივას. ინსპირაცია გახლდათ დამფუძნებლის, პროფესორი თორნიკე შურღულაიას მიერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო გაცვლითი პროგრამით ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, ათეულობით საჯარო ლექცია და ტრენინგ-სემინარი გვაქვს ჩატარებული.

- თქვენი ორგანიზაციის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე, დავინტერესდი, ლექციებს დავესწარი. საინტერესო და ამავე დროს საჭირო ინფორმაცია, ცოდნა სრულიად უსასყიდლოდ მივიღე.

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის. სხვათა შორის, ჩვენს ცენტრს ჰყავს ამერიკელი და ევროპელი პროფესორები, საპატიო წევრები, რომლებიც კონტრიბუციის სახით ატარებენ საჯარო ლექციებს პრაქტიკანტებისა და სტაჟიორებისთვის. ჩვენი პარტნიორები გახლავთ: ნორვიჩის სამხედრო უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლონეთის "Ambitna Polska" - ანალიტიკური ცენტრი, რომელიც პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე მუშაობს და ა.შ.

- თქვენი ლექციებით მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები და სტუდენტები ინტერესდებიან?

- უმეტესად ის სტუდენტები გვესწრებიან, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიპლომატიურზე და მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე სწავლობენ, თუმცა, ჩვენ შეზღუდვა არავისთვის გვაქვს. ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ პირი, რომელიც ჩვენს ლექციას დაესწრება, არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები ასაკის. ზედა ზღვარი არ გვაქვს, ჩვენს ლექციებს უკვე დასაქმებული და პროფესიაში წარმატებული ადამიანებიც ესწრებიან, მაგალითად: დიპლომატები, ელჩები, მოქმედი სამხედროები და ა.შ. სხვათა შორის, მოწვეულ ტრენერებს შორის ხშირად გვყავს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

- მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მუშაობთ თუ სხვა სფეროებსაც ეხებით?

- ძირითადი პრიორიტეტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, ამერიკული პოლიტიკის პროპაგანდა, ეროვნული უსაფრთხოება და დაზვერვაა. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ჩვენი ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დიდ მოთამაშეს რა ინტერესი აქვს ჩვენს რეგიონში, ვის როგორ აწყობს ტერიტორიების გადანაწილება, რატომ დაიწყო ესა თუ ის ომი. ასევე, ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი რეგიონში, რისთვის უნდა იყოს მზად ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი და ა.შ. თუმცა, პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად სხვა საგანმანათლებლო პროგრამებშიც ვერთვებით, ეს ძირითადად ამერიკას და ევროპის ქვეყნებში გაცვლით პროგრამებს ეხება.

- ფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან, ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდების სასარგებლო იდიოტებად ქცევას ან სულაც, აგენტებად გადაბირებას სისტემური ხასიათი აქვს?

- რუსეთი ყველა მეთოდებით ცდილობს, ყველგან შეაღწიოს და ყველა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ჩვენ კი იმისთვის ვართ, რომ ასეთი საფრთხეების არსებობის შესახებ რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი მგლის ხახაში არ აღმოჩნდეს.

- როგორც ვიცი, თავადაც ყოფილი სამხედრო ხართ. თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში როგორ მოხვდით?

- დიახ, 9 წელი ვემსახურე სამშობლოს, ორჯერ ვიყავი სამშვიდობო მისიით ავღანეთში - ერთხელ ქაბულში, მეორედ ჰილმენდის პროვინციაში. სხვათა შორის, ჯარისკაცის სტატუსზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ფორმა ჩავიცვი. რა თქმა უნდა, სამხედრო სამსახური მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გადავწყვიტე, უფრო მეტი განათლება მიმეღო სამოქალაქო კუთხით, პარალელურად სხვადასხვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდი, სამოქალაქო აქტივისტიც ვარ... მოკლედ, ჩემი აქტიურობით და სამხედრო სფეროში მიღებული ცოდნით, ჯეფერსონის ცენტრის ხელმძღვანელის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ-ანალიტიკოსის თორნიკე შურღულაიას ყურადღება მივიქციე და გაცნობიდან მალევე მიმიწვია ამ ორგანიზაციაში. აქ ძალიან გამომადგა სამხედრო გამოცდილება, „ჯენზი“ თაობას ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, მისიებში მუშაობის სპეციფიკას და ა.შ.

- საინტერესოა, როგორია ქართველი ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება არმიის მიმართ და ასევე საინტერესოა მათი შეხედულება საქართველოს დღევანდელ თავდაცვისუნარიანობაზე.

- როდესაც მე ვმსახურობდი არმიაში, მაშინ ქართველ ჯარისკაცს დიდი პერსპექტივა ჰქონდა. სამწუხაროდ, ახლა ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. პირადად მე, ჩხოროწყუში დაბადებულ ერთ რიგით ადამიანს, ჩემი ცოდნის და უნარების რეალიზების შესაძლებლობა ასი პროცენტით მომეცა. ბევრი ქვეყანა ვნახე, ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ კურსზე, სადაც კი ვიყავი, ქართველი ჯარისკაცები იყვნენ გამორჩეულები. როდესაც ავღანეთში მივდიოდი, დიდი წინააღმდეგობა მქონდა ოჯახის მხრიდან. საზოგადოებაშიც ისმოდა კითხვები, რა უნდა ქართველ ჯარისკაცს სხვის ომში? ამ ყველაფერზე სწორი პასუხი გაქვს, როდესაც სწორ და ობიექტურ ინფორმაციას იღებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საშუალება გვეძლეოდა, კარგი სამხედრო განათლება მიგვეღო. თავად განსაჯეთ, ნატოს ქვეყნების, მთელი ცივილიზებული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს ვეცნობოდით. აი, ამ გაცნობისა და სწავლის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ არიან შეყვარებულები ქართველ ჯარისკაცებზე ისეთი ოთხვარსკვლავიანი გენერლები, როგორიც მაგალითად პეტრიუსია (საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ოთხვარსკვლავიან გენერალ დევიდ პეტრიუსზე. მას ეკუთვნის ფრაზა: „ქართველ ჯარისკაცებში არის ის, რაღაც განსხვავებული მუხტი, რაც სხვა არც ერთი ქვეყნის ჯარისკაცებში არაა". რედ.), ხვდები, რამხელა მისია გაკისრია საერთაშორისო საზოგადოებაში. მიხარია, რომ „ჯენზი“ თაობა ბევრად დაინტერესებულია სამხედრო სამსახურით, ვიდრე ჩემი თაობა იყო. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს ვალდებულებას - ახალგაზრდებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი არმია და რატომ უნდა იყოს ქართველი მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში. ცნობიერების ამაღლების კამპანიას მხოლოდ ჩვენ, მესამე სექტორი კი არა, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"