"რაც უფრო მეტად გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მეტად გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები"

რას მიიჩნევს საკუთარ მისიად დავით დვალი

ასაკი: 48 წლის

განათლება: დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი. ასევე, უნივერსიტეტთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა.

ამჟამინდელი საქმიანობა: მსახიობი. მონაწილეობს სერიალში - "მარჯვენა სანაპირო". ასევე, ხელმძღვანელობს გადაზიდვების საერთაშორისო კომპანიას, აქვს მაღაზია-ბუტიკი, აშენებს საკუთარ სასტუმროს რაჭაში.

ჰობი: ბილიარდი და ბუნებაში, მიუვალ ადგილებში გასვლა (ავტომობილით).

ცხოვრების დევიზი: "გაახარე სხვა".

- დავით, როგორ ხართ, ზაფხულს როგორ ატარებთ?

- კარგად. წელიწადის ეს დრო ძალიან მიყვარს: ზაფხული რომ იწყება, უკვე გული მწყდება, რომ მალე უნდა დამთავრდეს... თავს დასვენების უფლებას ვერ ვაძლევ - საქმეებში ვარ "ჩართული".

- საქმეები ეკრანს უკავშირდება?

- არა. "მარჯვენა სანაპირო" სექტემბერში განახლდება, როგორც ვიცი - გაორმაგებული მუშაობით: ახალ სეზონში მეტი სერია (კვირაში 2-3) გამოვა...

- ბოლო სეზონში თქვენი პერსონაჟი დამაინტრიგებლად მოიქცა: ცოტა არ იყოს, თქვენ მიერ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებულ, განსაკუთრებულად პოპულარულ გაჩა ზვერაძესთან საერთო შტრიხები გამოიკვეთა. ამასთან დაკავშირებით, თავად რას ფიქრობთ?

- არ მინდოდა, გაჩასთან "გადაკვეთილიყო", მაგრამ ალბათ, ეს ჩვეულებრივი, ადამიანური სიტუაციაა: შეიძლება, პიროვნება გაბრაზდეს... არის რაღაცები, რასაც მსახიობი ვერასოდეს გაექცევა - თავის სახეს, მიმიკას... შესაძლოა, პერსონაჟებს შორის რაღაც მსგავსება იყოს, მაგრამ - "მარჯვენა სანაპიროში" ჩემი გმირი გაჩასგან "შორსაა", აბსოლუტურად სხვანაირი პერსონაჟია. სხვათა შორის, გადაღების დროს ამაზე ვფიქრობდი და ვცდილობდი, პერსონაჟები ერთმანეთს არ დამსგავსებოდნენ, მაგრამ როგორც წეღან მოგახსენეთ, არის რაღაც, რასაც მსახიობი ვერ გაექცევა - პერსონაჟებს შორის გარკვეული მსგავსებები აუცილებლად იქნება.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- მხოლოდ ჩემს თავს. მგონი, ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მეც და სარკის ანარეკლიც ვცდილობთ, კარგები ვიყოთ (იღიმის). ამისთვის ცხოვრებაში გვიწევს სირთულეებთან შეჯახებაც, წინაღობების გადალახვაც, მაგრამ ადამიანი უნდა მიხვდეს, ამ სამყაროში რისთვისაა მოვლენილი. თუ ამას მიხვდა, ბედნიერია, რადგან იცის, რა გზით იაროს. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებით: რატომ ვართ გაჩენილები, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, რა უნდა გავაკეთოთ?.. აი, სარკეში ჩახედვისას ასეთი დიალოგი იმართება. ასე რომ, თუკი ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხს იღებ, ბედნიერი ხარ, რადგან იცი, რა უნდა აკეთო. ვცდილობ გავარკვიო, ვინ ვარ, რა მინდა და რა არის ჩემი საკეთებელი.

- თქვენი მისია რა არის?

- "მისია" ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს, ისაა, რომ მხოლოდ სიკეთე თესოს; იყოს სხვებისთვის და არა - საკუთარი თავისთვის.

- გაიხსენეთ ეპიზოდი, რომელმაც თქვენი ცხოვრების გზის კალაპოტი რადიკალურად შეცვალა...

- ასეთი ბევრი ეპიზოდი ყოფილა, მაგრამ მაგალითად - სტუდენტობისას, როცა თეატრში პირველად მივედი, ჩემი შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. მანამდე ამ სფეროს მიმართ ცოტათი არასერიოზულად განწყობილი გახლდით, მაგრამ მივხვდი, რომ რეალურად, ეს უზარმაზარი სამყაროა, რომელშიც შეგიძლია, გაუთავებლად შექმნა საინტერესო სახეები და ეპიზოდები. სამსახიობო სფეროს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რადგან თუ მსახიობი მართლა მოწოდების სიმაღლეზეა და მართლა „მოაქვს“ სათქმელი, ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს. ამ სფერომ ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ შეცვალა - ბევრ რამეს მივხვდი, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. მსოფლმხედველობა შემეცვალა. რამდენიმე გმირზე მუშაობამ მომიწია და შესაბამისად, "სხვის ტყავში შევძვერი" - სხვისი შეხედულება, მისი მდგომარეობა გავიაზრე...

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- ბევრი რამეა, მაგრამ ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ირგვლივ ბედნიერ სახეებს ვხედავ.

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- საერთოდ, ადამიანები უარყოფითი თვისებებით სავსე ვართ, მათ შორის - მეც, მაგრამ არ ვიცი, რომელი ერთი დავასახელო...

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- ალბათ - დაკვირვებულობა. თავდაპირველად, ყველაფერი ცოტა სხვანაირად ჩანს - უფრო "სიღრმეებში ჩასვლაა" საჭირო, თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბიზნესი იქნება თუ მაგალითად, სამსახიობო სფერო ან თუნდაც, ურთიერთობა. ზედაპირული ურთიერთობები ხომ წარუმატებელია, არა? ალბათ, დაკვირვებულობა, რომელიც თემის სიღრმეებში ჩაგიყვანს, წარმატების საწინდარია.

- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?

- ოო... საყვარელმა ადამიანმა. რაც უფრო გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები, თუ ეს საყვარელმა ადამიანმა გამოიწვია, რადგან მეტად ემოციური ხარ. მხოლოდ შეყვარებული არ მოიაზრება - შეიძლება, საყვარელი ადამიანი იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი... ემოციებზე კონტროლი საყვარელმა ადამიანმა შეიძლება, დამაკარგვინოს, როცა მის ისეთ საქციელს წავაწყდები, რასაც არ ველოდები.

- ემოციებზე კონტროლის უნარდაკარგული როგორ იქცევით?

- წონასწორობას იშვიათად ვკარგავ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩემი დაოკება რთულია. ჩემი ცუდი თვისებაც ესაა, რომლის შესახებაც მკითხეთ... თვალები თუ ჩამისისხლიანდა და ბინდი გადამეკრა, მორჩა - კონფლიქტშიც ღრმად შევდივარ, ოღონდ - ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება. თმენის უნარი მართლა მაქვს: ბოლომდე, სადამდეც შეიძლება, კონფლიქტს არ ვაღვივებ, მაგრამ თუ გავაღვივე, მორჩა (იღიმის)!..

- როგორ ფიქრობთ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- ცალსახად გეტყვით, რომ - არა. ხომ ხედავთ, ბუნებაში ყველაფერს, ცხოველსა თუ ფრინველს, მდედრობითი და მამრობითი სქესი გააჩნია, რათა ერთ მთლიანობას მიაღწიონ? ადამიანი, როგორ კარგ ფორმაშიც უნდა იყოს, სხვა ადამიანის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი ვერ იქნება, რადგან ერთ მთლიანობაში ვერ გაერთიანდება.

- ბედნიერი ხართ?

- სრულყოფილად ბედნიერი ვერ ვარ, რადგან ახლა, შეიძლება ითქვას, ბედნიერების ძიებაში ვარ.

- ეს დისკომფორტს გიქმნით?

- არა, მაგრამ ყოველთვის სრულყოფილი ბედნიერებისკენ მივდივართ. ამისთვის აუცილებელია, გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეს... თუმცა, ბედნიერი ვარ.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- პირველ რიგში - სიკეთით. თუ ადამიანი კეთილია, მის გარშემო ბევრ რამეს საზღვრავს და ხატავს. კიდევ, ღიმილში ყოველთვის ჩანს, პიროვნება როგორია...

- პოპულარობას როგორი "გემო" აქვს?

- ნამდვილად "გემრიელია". ხომ შეიძლება, ადამიანი დადებითი ან უარყოფითი კუთხით პოპულარული იყოს, არა? ალბათ, დიდი უბედურებაა, როცა ნეგატივით ხარ პოპულარული. ვერ წარმომიდგენია, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა იცხოვრო? ეს ურთულესი მგონია, თუმცა თუ ადამიანი ნეგატიური ტიპია, ალბათ, ამასაც ეჩვევა და მისთვის სულერთია... პოზიტიური პოპულარობა ერთგვარი ვალდებულებაცაა, რადგან თუ ვინმესთვის შესამჩნევი ხარ, არ შეიძლება, ცუდად მოიქცე, ვიღაცას გული ატკინო, რადგან მაგალითის მიმცემი ხარ. საერთოდ, მგონია, რაც მეტ კარგს დასთეს, თავადაც მით უკეთეს გარემოში იცხოვრებ.

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ჩემი მეგობრები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ასევე, უზარმაზარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცნობს, მგულშემატკივრობს... უნებურად, უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას მაძლევენ. მინდა, თუ საშუალება მომეცემა, რამე როლით გამოვხატო ან რაღაცით მაინც გადავუხადო ეს სიკეთე, რასაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე თავიანთ თვალებში მახვედრებენ. თავადაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ხალხისგან ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება ასეთი სიხშირით მიმეღო. ამისთვის მადლიერი ვარ!..

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- (იცინის) "დვალუკას" მეძახიან. ეს მეტსახელი უნივერსიტეტიდან შემერქვა...

- დღე-ღამის განმავლობაში, ინტერნეტს რამდენ დროს უთმობთ?

- წინათ, საერთოდ არ ვუთმობდი. მგონია, რომ ინტერნეტს ძალიან ბევრი ნეგატივი მოაქვს, რამაც ფაქტობრივად, ადამიანებს სულის გარკვეული ნაწილი წაგვართვა... ბოლო დროს ინტერნეტს დროს უფრო ვუთმობ. გეტყვით, როგორ მივეჩვიე: ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებული "ედითები" ქვეყნდებოდა, რასაც მეგობრები მიგზავნიდნენ. მათ ყურებაში ინტერნეტს მივეჩვიე, მაგრამ ვცდილობ, ბევრი დრო მაინც არ დავუთმო. "იუთუბ" არხიც გაჩას პერსონაჟის განსახიერების შემდეგ გავხსენი, რათა მაყურებლებთან მეკონტაქტა. არც ერთი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობდი... მართლა დასვენებულია ყველა ადამიანი, ვინც სოციალური ქსელებისგან შორსაა.

- თქვენს ცხოვრებაში სიმღერას რა ადგილი უჭირავს?

- ძალიან დიდი. მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში კი არა, ვფიქრობ, საერთოდ, მუსიკა სულის ფორმირების ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა. თუნდაც, სასულიერო პირები ლოცვისას რატომ წაუმღერებენ ხოლმე? იმიტომ, რომ მუსიკალურ ნოტს დიდი ძალა აქვს. ამიტომაცაა, რომ სულიერ მოძღვრებაში ლოცვა მუსიკალური ფორმით ხდება, თუმცა ასევე, არსებობს მუსიკა, რომელიც ნეგატივს ბადებს. ასეთს არ ვუსმენ.

- თავადაც ხომ მღერით, უკრავთ?..

- შეძლებისდაგვარად. თავს "მომღერალს" ვერ დავარქმევ, მაგრამ სიმღერა სიამოვნებას მანიჭებს. გიტარაზე ცოტას ვუკრავ კიდეც (თვითნასწავლი ვარ).

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ცას არავინ გამოვეკერებით. ალბათ, მთავარი ფასეულობა ისაა, რომ როცა სხვა სამყაროში გადაინაცვლებ, ამ ქვეყანაზე ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს, ვისაც ეზიზღები და შენ შესახებ იტყვის: ფუ, რა ცუდი ადამიანი იყოო!.. აი, მგონია, რომ ადამიანმა ასე უნდა იცხოვროს - ასეთ შემთხვევაში ჰქონია მის ცხოვრებას სწორი დანიშნულება, სწორი გზა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"