ბიბლიის "შემქმნელებმა" ამ ეპოქას სპეციალური წიგნი - "მსაჯულნი" მიუძღვნეს, რომლის რეალობა არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება - კვირის პალიტრა

ბიბლიის "შემქმნელებმა" ამ ეპოქას სპეციალური წიგნი - "მსაჯულნი" მიუძღვნეს, რომლის რეალობა არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება

ბიბლიის "შემქმნელებმა" ამ ეპოქას სპეციალური წიგნი - "მსაჯულნი" მიუძღვნეს, რომლის რეალობა არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება.

მან დაარღვია ბრინჯაოს ხანის სტრატეგიული თანაფარდობა მთელ რეგიონში, რამაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია.

ძველი აღთქმის წიგნებში რკინა 28-ჯერაა ნახსენები. ნიშანდობლივია, რომ დიდ ტაძარში მხოლოდ ბრინჯაოს ნივთების შეტანა შეიძლებოდა. რკინის ათვისება და ფართო გამოყენება ძვ. წ. მეორე ათასწლეულის ბოლოს კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვან და გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება სირია-პალესტინის რეგიონსაც, სადაც ახალი მეტალი თანდათანობით ვრცელდება. განსაკუთრებული დატვირთვა ამ შემთხვევაში საბრძოლო რკინის მახვილზე მოდის. მან დაარღვია ბრინჯაოს ხანის სტრატეგიული თანაფარდობა მთელ რეგიონში, რამაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია. რკინის პირველი იარაღების გამოჩენა სირია-პალესტინის ტერიტორიაზე ძვ. წ. მე-12 საუკუნით არის დათარიღებული. ზოგადად, რკინის ხანა ძვ. წ. 1200-586 წლებით განისაზღვრება.

ბიბლიაში რკინის გავრცელების პირველი ეტაპი, ძვ. წ. 1200-1000 წლები, ემთხვევა მსაჯულთა პერიოდს, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით მოვყვები. ბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის ერთიანობის დაშლასთან ერთად მკვეთრად იჩენს თავს რეგიონული ეთნიკური ჯგუფების ფილისტიმელების და ქანაანელების განსხვავებები. ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებში აღმოსავლეთიდან ებრაული ტომებისა და დასავლეთიდან ე.წ. ზღვის ხალხის დაპირისპირებამ განსაზღვრა იორდანესპირეთში რეგიონის განვითარების ხასიათი. შემორჩენილია ეგვიპტური კულტურის (ეგვიპტელების) არსებობის ფაქტები ისეთ მსხვილ საქალაქო ცენტრებში, როგორიცაა ბეთ-შანი, ლაქიში, მეგიდო და სხვა.

ამათგან ძირითადი ქალაქი ბეთ-შანი, რომელიც ძვ.წ. მე-13 საუკუნეში დაინგრა, მალევე აღადგინეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ქალაქის ახალ ტაძარს, რომელიც ძველის ადგილას ააშენეს, ჰქონდა ეგვიპტური დაგეგმარებისა და არქიტექტურული დეკორის სპეციფიკური ნიშნები.

ადრე რკინის ხანა ძვ.წ. მე-12 საუკუნეში აღინიშნება, ეგვიპტის ჰეგემონიის დასრულებით, ქანაანსა და პალესტინაში, რაც აისახა კიდეც ბიბლიაში. ისტორიის ასპარეზზე გამოდის "ზღვის ხალხი" - ფილისტიმელები.

"ზღვის ხალხად" მოიაზრება ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხთა ის ჯგუფი, რომელიც ძვ.წ. მე-13 საუკუნის მიწურულს დაიძრა ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული უდიდესი სახელმწიფოსკენ (ეგვიპტე, ხეთების სამეფო, ფინიკია...), თავის მხრივ, "ზღვის ხალხი" ძველი სამყაროს უდიდეს გამოცანას წარმოადგენს. მათ შესახებ ძალიან მცირე ცნობები არსებობს. "ზღვის ხალხის" სავარაუდო სამშობლოდ ეგეოსის ზღვის აუზს მიიჩნევენ (მცირე აზია, ბალკანეთი). მათ მიგრაციის მაჩვენებლად მიაჩნიათ: გარამანტები (საჰარის უძველესი მკვიდრნი), ტირსენები (ეტრუსკების წინაპრები), სიკულები (სიცილიაზე მცხოვრები ტომები), ტევკრები (ტროას მკვიდრნი), ფილისტიმელები (ივრ. - შემოჭრილნი)

მკვლევართა მიერ ტროას ომიც ხალხთა გადასახლების ეპიზოდად არის მიჩნეული. "ზღვის ხალხის" სამშობლოდ ხშირად მიკენური ცივილიზაციის რეგიონს მიიჩნევენ, რომელიც დორიელთა შემოტევებისგან ღაფავდა სულს.

ეს სიტყვათშეთანხმება - "ზღვის ხალხი" - მოხსენიებულია ეგვიპტურ ისტორიულ წყაროებში, რომელიც ეგვიპტის მე-20 საუკუნის დინასტიის წარმომადგენლის - რამსეს მე-3 (ძვ.წ. 1185-1153 წ.წ.) ფარაონების პერიოდით თარიღდება.

იმ დროისათვის, როდესაც ეს ფარაონი ტახტზე ადის, "ზღვის ხალხი" უკვე 40 წლის განმავლობაში ანადგურებდა ხმელთაშუა ზღვისპირეთის უძველეს ცივილიზაციებს.

ხეთების სამეფომ ვერ გაუძლო მათ შემოსევებს და დაეცა. დაინგრა ხეთების ყველა ქალაქი, განადგურდა ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ანალოგიური ბედი ეწია პელოპონესის მიწას.

საშინელი ხვედრი ერგო კრეტასაც. "ზღვის ხალხი" მათ მიმართაც დაუნდობელი აღმოჩნდა. კრეტელები, რომლებიც ფუფუნებას იყვნენ მიჩვეულნი, იძულებულნი გახდნენ, დამპყრობელთაგან თავი მთებისთვის შეეფარებინათ. დღესდღეობით აღმოჩენილია მათი 80 თავშესაფარი, რომელიც იმ რთული და საშიში ეპოქით თარიღდება.

ეგვიპტურ წყაროებში მოხსენიებულია ზზღვის ხალხის" სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ეგვიპტესა და პალესტინის ტერიტორიაზე განსახლდნენ, სადაც მათ მთავარ ქალაქებს წარმოადგენდა - აშკელონი, აშდოდი, ღაზა, ყეკრონი და გათე. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ქანაანური ტრადიციების ნაწილი შენარჩუნებულია, მაგრამ, იმავდროულად, ჩნდება მნიშვნელოვანი ინოვაციები, რაც უპირველესად, რკინის წარმოებასა და კერამიკას შეეხო. მასობრივად შემოდის კვიპროსული კერამიკა. განსაკუთრებული სპეციფიკურობით გამოირჩევა სურები, კრატერები, სანელსაცხებლეები, მოხატული ფიალები, რომლებშიც შეხამებულია გეომეტრიული ფიგურები...

არქეოლოგიური წყაროები საშუალებას გვაძლევს, გავმიჯნოთ ქანაანური და ებრაული მატერიალური ძეგლები. რკინა ახლო აღმოსავლეთსა და ანატოლიაში უკვე გვიან ბრინჯაოს ხანაში ჩნდება. რკინის ხანის ძალაში შესვლა კი უფრო მეტად პოლიტიკური მოვლენებით აღინიშნა...

ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველად გადმოსახლებული ებრაელები საერთოდ არ ფლობდნენ სამეთუნეო ხელოვნებას. ისინი ტყავისა და ხის ჭურჭლით კმაყოფილდებოდნენ. იმ ებრაულ დასახლებებში, რომლებიც ახლოს იყო ქანაანურ ქალაქებთან, კერამიკა ბევრად უფრო მრავალფეროვანია...

ადრე რკინა I საუკუნის ეპოქის დროს ინარჩუნებს თავის პოზიციებს ხელოვნების ნაწარმოებში. ძვ. წ. XII-X საუკუნეებში მეტალის ჩამოსასხმელი სახელოსნოები მთელ პალესტინაშია დაფიქსირებული. ნედლეული ზოდების სახით აქ კვიპროსიდან შემოდიოდა. ჯერ კიდევ ცოცხალია ქანაანური ტრადიციები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რკინის წარმოებაზე გადასვლა ძვ. წ. XII-X საუკუნეებში კალისა და სპილენძის მადნის მარაგის შემცირებამ და კვიპროსიდან იმპორტის შეზღუდვამ დააჩქარა.

ამ მხრივ ნიშანდობლივია ბიბლიის ცნობა სამეულ წინასწარმეტყველის პირველი წიგნიდან, სადაც ლაპარაკია ფილისტიმელთა მონოპოლიაზე, ლითონის წარმოების საქმეში (1 მეფ. 13:19-22)

აღმოჩენილია რკინის სამკაულები, საყურეები და სამაჯურები, სამეურნეო იარაღები და დანები. ძვ.წ. მე-9 საუკუნეში ზემო გალილეაში აღმოჩენილია უძველესი ნამდვილი ფოლადისგან დამზადებული წერაქვი, რაც ამ პერიოდისათვის ისრაელში რკინის წარმოების განვითარების მაჩვენებელია.

ბიბლიის „შემქმნელებმა“ ამ ეპოქას სპეციალური წიგნი: „მსაჯულნი“ მიუძღვნეს, რომლის რეალობა არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. ეს იყო გარდამავალი ეპოქა - გვაროვნული ურთიერთობების დაშლისა და ცენტრალიზებულ მონარქიულ სახელმწიფოზე გადასვლისა.