"ნამდვილი სიყვარული თავისუფლებას არ გაკარგვინებს. არც ცოლობას აღვიქვამ თავისუფლების დაკარგვად" - კვირის პალიტრა

"ნამდვილი სიყვარული თავისუფლებას არ გაკარგვინებს. არც ცოლობას აღვიქვამ თავისუფლების დაკარგვად"

"ფულის დაგროვება არ შემიძლია. რაც მაქვს, ვხარჯავ, ბედნიერებას მანიჭებს, როცა შესაძლებლობა მაქვს მეგობრებს, ახლობელ ადამიანებს ვასიამოვნო, მათი სიხარულით მეც გავიხარო. მომავალ დღეზე აღარ ვფიქრობ"

"იყო დრო, როცა ჩემში "მცხოვრები" ორი ადამიანი პრობლემებს მიქმნიდა, მაგრამ წლებმა და გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ და დღეს ეს ჩემი გაორებული ხასიათი არათუ პრობლემას მიქმნის, მართობს კიდეც. უფრო იუმორით ვუყურებ"

"ჩემთან ურთიერთობა უადვილდებათ. ადამიანებს ზედმეტად არ ვაღიზიანებ, ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ. სხვებსაც დაუდასტურებით, რომ ჩემთან ურთიერთობა ადვილია"

"ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, პერიოდული მძაფრი გატაცებებით ცხოვრობს.

ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია. აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს იშვიათად ნანობს. ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი. ყოველთვის აქვს სურვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს"... - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ანა ქურთუბაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიით დიდად ვინტერესდები. ამ სფეროში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ მყავს მეგობარი, რომელიც გარკვეულია, ყველა დეტალი იცის და ინფორმაციას პერიოდულად მისგან ვიღებ.

- დრაკონის წელში ხარ დაბადებული. როდესაც 2024 წელი დაიწყო, განსაკუთრებული მოლოდინი, განწყობა გქონდა?

- იმის გამო, რომ ჩემი წელი დაიწყო? არა, განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა. მე უფრო ყურადღებას ვაქცევ, რომელია ჩემი ნიშანი დაბადების თვის და - არა წლის მიხედვით. ეს ალბათ იმიტომ, რომ ასტროლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი.

- "მიმნდობი და ალალია, ამის გამო ხშირად ატყუებენ".

- ასე ბავშვობაში უფრო ხდებოდა, მერე გავიზარდე და რაღაცები მეც ვისწავლე.

- ფეთქებადი ხასიათი გაქვს?

- საშინლად.

- ეს დიდხნიანი მოთმინების კულმინაციაა?

- არა, პირდაპირ "ვფეთქდები". ბოლო წლებში ამ მხრივ თავის კონტროლი ვისწავლე, რადგან ამ ხასიათის გამო, ბევრჯერ ისეთ ფაქტს შევეჯახე, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. ამ დროს შეიძლებოდა, ვიღაცისთვის გულიც კი მეტკინა. სულ ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა ხასიათში ეს თვისება მაინც მრჩება.

- "აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს იშვიათად ნანობს".

- არა, მე ვნანობ ხოლმე.

- შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა გიჭირს?

- არასდროს.

- სიჯიუტე შენი თვისებაა?

- კი, გაჯიუტებაც მჩვევია.

- ადამიანებს უთქვამთ, რომ სიჯიუტის გამო უჭირთ შენთან ურთიერთობა?

- არასდროს. უფრო ხშირად მესმის, რომ ჩემთან ურთიერთობა უადვილდებათ. ადამიანებს ზედმეტად არ ვაღიზიანებ, ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ. მეც ასე მგონია და სხვებსაც დაუდასტურებით, რომ ჩემთან ურთიერთობა ადვილია.

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს".

- თავისუფლების სიყვარული ტყუპის ნიშნით დაბადებულებს გვახასიათებს. არ ვიცოდი, ეს თვისება დრაკონიდანაც თუ მქონდა. ვხვდები, თავისუფლების სიყვარული ჩემში ასეთი მძაფრი ფორმით რატომაა. არასდროს არაფერი დაგეგმილი არ მაქვს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც დავგეგმო, მაგრამ საბოლოოდ ისე ხდება, რომ იმ გეგმას მაინც გადავუხვევ ხოლმე. გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებ.

- რა ხდება მაშინ, როცა ვიღაც ცდილობს, შეგზღუდოს?

- უბედურება ხდება. ბავშვობაში შეიძლება ამ დროს "ავფეთქებულიყავი", მაგრამ ახლა მსგავს სიტუაციას აუცილებლად გავექცევი.

- ამბიციური ხარ?

- მეუბნებიან, რომ ეს საჭირო თვისებაა და უნდა მქონდეს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამბიციურობა ძალიან მაკლია.

- პროფესიაში?

- პროფესიული თავდაჯერებულობა ნამდვილად მაქვს.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- ეს არ არის ჩემზე ნათქვამი, ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ, მით უმეტეს, ახლობლებთან ურთიერთობაში.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- ასე არ არის, როგორც ჩემ გარშემო მყოფები ამბობენ, ჩემგან უფრო სიმშვიდე მოდის.

- "არ უყვარს ერთ ვინმეზე და ერთ რამეზე მიჯაჭვა".

- იმიტომ, რომ ეს მიჯაჭვულობა არ შემიძლია. არც თავად ვითხოვ, ვინმე იყოს ჩემზე მოჯაჭვული.

- თავისუფლების შეზღუდვად ხომ არ აღიქვამ?

- ასე არ აღვიქვამ, მაგრამ არ მსიამოვნებს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანზე მიჯაჭვულობა.

- "ეს გაორებული ნიშანი არა მხოლოდ სხვებს, საკუთარ თავსაც უქმნის პრობლემას".

- იყო დრო, როცა ჩემში "მცხოვრები" ორი ადამიანი პრობლემებს მიქმნიდა, მაგრამ წლებმა და გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ და დღეს ეს ჩემი გაორებული ხასიათი არათუ პრობლემას მიქმნის, მართობს კიდეც. უფრო იუმორით ვუყურებ.

- "მას ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი".

- ხასიათი ხშირად მეცვლება, მაგრამ სამსახურსა და სანაცნობო წრეზე იმავეს ვერ ვიტყვი.

- ტყუპის თილისმა იცი, რა არის?

- არა.

- ნიღაბი.

- ნეტავ, რატომ? პირველად გავიგე.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- არა, მით უმეტეს, სხვისი ამბებით არასდროს ვინტერესდები. მეგობარი რომ მიყვება თავის ამბავს, იმდენად ცუდი მეხსიერება მაქვს, ეგეც კი არ მამახსოვრდება. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამეც დამავიწყდეს.

- მოუთმენლობა შენი ხასიათის დომინანტი თვისებაა?

- კი, როცა რაღაც მინდა, ის აუცილებლად იმ წუთში უნდა მივიღო, იმ წუთში უნდა ვიმოქმედო. რა თქმა უნდა, ამით სხვას თუ არაფერი უშავდება. სულ ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად ჩქარა გავაკეთო.

- ცინიკოსი ხარ?

- ცინიკოსი (ფიქრობს)? ვერ ვიტყოდი. კეთილი სარკაზმი მახასიათებს, არავითარ შემთხვევაში ბოროტულს არაფერს ვიტყვი და გავაკეთებ.

- "არაპუნქტუალურია, ყველგან აგვიანებს".

- მართალია, საშინლად არაპუნქტუალური ვარ, მაგრამ რეპეტიციაზე, სპექტაკლზე, საქმიან შეხვედრაზე არასდროს ვიგვიანებ. მეგობრულ შეკრებაზე ყველაზე ბოლოს მივდივარ.

- "უყვარს ფულის ხარჯვა და არ ესმის სიტყვის "დაგროვება" მნიშვნელობა".

- მართალია, დაგროვება არ შემიძლია. რაც მაქვს, ვხარჯავ. ვიცი, ეს კარგი თვისება არ არის, მაგრამ მე ბედნიერებას მანიჭებს. როცა რაღაც თანხა მაქვს, ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, მეგობრებს, ახლობელ ადამიანებს ვასიამოვნო, მერე მათი სიხარულით მეც გავიხარო და ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვა? ახლა თუ მკითხავ, ხვალ რომ აღარ გექნებაო? გიპასუხებ, რომ მომავალ დღეზე აღარ ვფიქრობ.

- "ის მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ტყუილია, პესიმიზმი საერთოდ არ მახასიათებს, ეს ჩემი თვისება არ არის.

- "ის ტყუილების სიყვარულით გამოირჩევა".

- ტყუილები მეზიზღება, არ მიყვარს.

- "აზარტულია, რისკზე ყოველთვის თამამად მიდის".

- მართალია, აზარტული ვარ და რისკზეც სრულიად დაუფიქრებლად წასვლა შემიძლია.

- გიმართლებს?

- ხშირად.

- "ყოველთვის აქვს სურვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს".

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს საკითხი თითქოს ბუნებრივად ასე აეწყო. ვერ ვიტყვი, რომ ადრე ეს სურვილი მქონდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა სასიამოვნოა.

- "სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება".

- სენტიმენტალური არ ვარ და არც ასეთი საყვარელი ადგილები მაქვს.

- "ის უზომოდ შრომისმოყვარეა".

- დღე და ღამე ვმუშაობ, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და ეს შრომა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".

- ბრძანებების გაცემა არც მიყვარს და არც მიწევს. მე არ ვარ ხელმძღვანელ პოზიციაზე, ვინმეს რამე რომ ვუბრძანო.

- "ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, პერიოდული მძაფრი გატაცებებით ცხოვრობს".

- ჰო, არ ვიცი (ფიქრობს), ვერც ამ შემთხვევაში დავეთანხმები.

- "მისი სურვილია იბრწყინოს, იყოს ლიდერი. ცოლის ბანალური როლი მისთვის ჰორიზონტის შევიწროებას ნიშნავს".

- ჩემში ლიდერობის სურვილი გამძაფრებული არასდროს ყოფილა. არც ცოლობას აღვიქვამ თავისუფლების დაკარგვად. ნამდვილი სიყვარული თავისუფლებას არ გაკარგვინებს.

გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტო

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"