"შეიძლება მაცხოვარს თვალი ვერ გაუსწორო და საბოლოოდ ღვთისმშობელთან მიდიხარ, რადგან იმედი გაქვს, რომ ის აუცილებლად დაგეხმარება, გაპატიებს და გიპატრონებს..." - "მოულოდნელი სიხარულის" ისტორია...
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედა ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ეკლესია მარხვით ხვდება და 28 აგვისტოს, განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ დღესასწაულს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
ფერიცვალების მონასტრის იღუმენია მარიამი (მიქელაძე):
"ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ ღვთისმშობელი და შესაბამისად, ღვთისმშობელს განსაკუთრებულად უყვარს ქართველები. მის მიმართ სიყვარული მიგრძნია ისეთი ადამიანებისგან, ვინც ეკლესიაში არ დადის. მაგალითად, ერთხელ საბურავი დამეშვა გზაზე. ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა და იქიდან საშუალო ასაკის კაცი გადმოვიდა, მოგეხმარებითო. და მეუბნება: მე ღვთისმშობელი ისე მიყვარს, დედაოო და დაიწყო... და ვინც მაგას შვილი მოუკლა, ისინი უნდა გაწყვიტოო. მას ისეთი განცდა ჰქონდა საუბრისას, რომ ღვთისმშობელი უნდა დაეცვა იმ ტკივილისგან, რაც მას მიაყენეს. საუბრისას გაირკვა, რომ ეს ადამიანი ეკლესიაში არ დადიოდა და ბევრი რამ არ იცოდა, მაგრამ ღვთისმშობლის სიყვარული ჰქონდა გულწრფელი და თან, რაინდული..."
"ერთმა უკრაინელმა ფილოსოფოსმა გაიხსენა: ვიყავი ბანაკში, სადაც იყვნენ გონებაჩამორჩენილი ბავშვები. პატარა ბიჭთან ერთად მომიწია კარავში ყოფნამ. გავიგე, რომ ეს ბიჭუნა, თავის დროზე, დედამ გადააგდო ნაგავში და უპოვიათ. რომ გაიზარდა, იყო გონებაჩამორჩენილი და როცა გაიგო, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მასთან ერთად, გაიხარა. ერთ დღეს მითხრა: ყოველდღე ვწერ ლექსებს და უნდა წაგაკითხოო. ვკითხულობ ამ ლექსებს და ყველა მათგანი არის ქალზე, რომელიც მიდის, თმა უფრიალებს და ასე შემდეგ..."
"ერთი ქურდი, ყოველი წასვლის წინ, ღვთისმშობელს შეწევნას ევედრებოდა და ყველაფერი კარგად მისდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ისევ ხატს ევედრებოდა, დაინახა, რომ ყრმა იესოს ხელებიდან და ფეხებიდან მოსდის სისხლი. ეს კაცი შეძრწუნდა და ამ დროს ღვთისმშობელმა უთხრა: რამდენჯერაც შენ მე მთხოვ, ჩემი შვილი იმდენჯერ ჯვარზე ეკვრება და თავიდან ეწყება ტკივილებიო. მაგრამ ის დედა იყო და მას, როგორც შვილს, მაინც ეხმარებოდა. ძალიან მალე, ამ კაცმა თავი დაანება ყველაფერს და მონასტერში წავიდა..."
"ღვთისმშობელი უსასოთა სასოა. უკვე არაფრის იმედი რომ არ გაქვს, შენი ცოდვების გამო და უკვე თხოვნაც გერიდება უფალთან: ღმერთო, მაპატიეო, შეიძლება მაცხოვარს თვალი ვერ გაუსწორო და საბოლოოდ ღვთისმშობელთან მიდიხარ, რადგან იმედი გაქვს, რომ ის აუცილებლად დაგეხმარება და ყველანაირი ჯურღმულიდან ამოგიყვანს, გაპატიებს და გიპატრონებს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
რუსუდან შაიშმელაშვილი