ჭამა და სანახაობა: სუპერმზარეულის სუპერკერძები - ამბავი, რომელზეც ფილმის გადაღება შეიძლება - კვირის პალიტრა

ჭამა და სანახაობა: სუპერმზარეულის სუპერკერძები - ამბავი, რომელზეც ფილმის გადაღება შეიძლება

სოციალურმა ქსელმა ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, დიდი აუდიტორია შემოეკრიბა და საკუთარი საქმიანობა მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ადამიანი თურქი ინფლუენსერი, შეფი ბურაქ ოზდემირია, რომელსაც ყველა CZN Burak-ის სახელით იცნობს. ალბათ, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ოზდემირის ვიდეო, სადაც ის გიგანტურ კერძს ამზადებს დ სახიდან საფირმო ღიმილი არ შორდება.

screenshot-2024-08-27-230251-1724786327.png

პოპულარული შეფი თურქეთში, სტამბოლში დაიბადა, თუმცა მისი ფესვები თურქეთის პროვინცია ჰათაიდან მოდის. უმცროსი ბავშვი ოჯახში და-ძმებთან ერთად იზრდებოდა. მამამისი ტექსტილის ბიზნესს ფლობდა, დედა კი - დიასახლისი იყო. პატარაობისას ის ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა ბაბუას ეხმარებოდა, რომელსაც ცხოველთა სასაკლაო ჰქონდა. სწორედ აქ დაინტერესდა პირველად კულინარიით. „ფუდბლოგერის“ მამას სურდა ვაჟს საოჯახო ბიზნესი გაეგრძელებია და 13 წლის ასაკში ბურაქმა უკვე იცოდა შრომის ფასი. მოგვიანებით ის ტანსაცმლის მაღაზიაშიც გაუშვეს სამუშაოდ. ბურაქი სამსახურსაც ასწრებდა და - სკოლაში სწავლასაც.

burak-1724786562.jpg

„ამ ასაკში ხელმძღვანელის პოზიციას ვერ დავიკავებდი. მტვირთავიც ვიყავი, შენობასაც ვასუფთავებდი, ხან ჩაისა და ყავას დავატარებდი. თუმცა ამის გამო არასდროს ვდარდობდი“ - აღნიშნავს შეფი.

სკოლის დასრულების შემდეგ მან ანატოლიის უნივერსიტეტში ჩააბარა.

კულინარია და ბლოგერობა

ბურაქი სულ რაღაც 16 წლის იყო, საკუთარი პირველი რესტორანი რომ ჰქონდა. მამამ თინეიჯერი შვილი აქსარაიში საოჯახო ბიზნესის ფილიალის გასახსნელად გაგზავნა.

screenshot-2024-08-27-232843-1724786970.png

„არც ერთ მენეჯერს არ სჯეროდა ჩემი. ამბობდნენ, რომ უბრალოდ მამაჩემის ფულს დავხარჯავდი, თუმცა 1 წლის შემდეგ მიხვდნენ, სინამდვილეში როგორიც ვიყავი“.

როგორც აღმოჩნდა, ბურაქს ბიზნესის მართვის ნიჭი ჰქონდა და რამდენიმე წელში სტამბოლში ახალი ფილიალებიც გახსნა.

screenshot-2024-08-27-231151-1724786327.png

ბურაქი დიდხანს ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რაც კონკურენტებისგან განასხვავებდა და დიდი ულუფების მომზადება დაიწყო. სტუმრებს ის 2-მეტრიანი ქაბაბებითა და უდიდესი ბურგერებით აოცებდა, რითაც მთელი ოჯახის გამოკვება იყო შესაძლებელი.

წარმატებული ბლოგერი შეფის რესტორნის ფილიალს დღეს გაერთიანებულ საამიროებში, ტაჯიკეთსა და ჩინეთშიც შეხვდებით.

განსხვავებულმა და თამამმა იდეამ რესტორატორი ადგილობრივ ვარსკვლავად აქცია. მის რესტორანს უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის -თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ, დანი ალვეში, მესი, ასევე - ჰაბიბ ნურმაგომედოვი და სხვები.

194206-1724786562.jpg

შეფს ყველაზე დიდი პოპულარობა „ტიკ-ტოკმა“ მოუტანა. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოები ათასობით ადამიანმა ნახა. ამ დროისთვის ბურაქს 75 მილიონზე მეტი, ხოლო YOUTUBE-ზე - 17 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

screenshot-2024-08-27-231202-1724786327.png

ცნობილი შეფი გამომწერებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ უზიარებს. როგორც ცნობილია, ის ჩართულია ქველმოქმედებაში და ბავშვებსა და მოხუცებს აქტიურად ეხმარება.

2023 წელს, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მან გუნდი შეკრიბა და დაზარალებულებს საკვებითა და პროდუქტებით ამარაგებდა.

screenshot-2024-08-27-231252-1724786328.png

ბლოგერი შეფი ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ადრე სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2023 წელს კი უცხოური მედია წერდა, რომ მას სტამბოლში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების გამო სასამართლოში უჩივლეს. თითქოს მან რესტორნის შენებისას ადგილობრივი კანონი დაარღვია.