რუსებს ტრამპი აღარ მოსწონთ და მესამე მსოფლიო ომის ეშინიათ - რას ფიქრობენ მოსკოვში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე - კვირის პალიტრა

რუსებს ტრამპი აღარ მოსწონთ და მესამე მსოფლიო ომის ეშინიათ - რას ფიქრობენ მოსკოვში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ცნობილი ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor - გამოდის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, 1908 წლიდან) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი - პრეზიდენტად? არა, გმადლობთ!“ რუსეთი ამჯერად ტრამპის წინააღმდეგიცაა და ჰარისისაც - კრემლისათვის ორივე არასასურველ კანდიდატს წარმოადგენს“ (ავტორი - ფრედ უირი, მოსკოველი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საგარეო პოლიტიკის რუსი ექსპერტები დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, თუ იგი აშშ-ის 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს. ამას უბრალო ახსნა აქვს: ექსპერტებს კარგად ახსოვთ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში ყოფნის პირველი ვადა, რასაც ისინი ყველაზე ცუდ ოთხ წელიწადად მიიჩნევენ, თავიანთ ცხოვრებაში.

„თუ დავუშვებთ და ჩავთვლით, რომ დონალდ ტრამპს თავისი მმართველობის დროს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება გულწრფელად სურდა, მან სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიაღწია“, - განმარტავს რუსული საგარეო-პოლიტიკური ჟურნალის - „როსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს“ რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი, - "ვაშინგტონში იმ დროს სრული ქაოსი სუფევდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც ყველაფერზე იმოქმედა, რუსეთთან დაკავშირებულზე, და დიალოგის გამართვისაკენ მიმართული ყველაზე მოკრძალებული მცდელობებიც კი დაარღვია“.

რუსეთი და პრეზიდენტობის კანდიდატები

რუსები მართლაც არ არიან გახარებულები დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივით. შესაძლოა, რესპუბლიკელი კანდიდატი მართლაც აღტაცებულია ვლადიმერ პუტინით, მაგრამ იმ ქაოსში, რომელიც დონალდ ტრამპის ირგვლივ არის გამეფებული, კრემლი უფრო მეტად პრობლემას ხედავს, ვიდრე - სარგებელს.

რუსებს, რასაკვირველია, ძველებურად აინტერესებთ ამერიკული პოლიტიკა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოფიციალური რუსული მასმედია ყურადღებით ადევნებს თვალს და ფართოდ აშუქებს აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებს - შეშფოთების, გაოცებისა და ღვარძლის ნარევით. ანუ აორთქლდა ის მცირე იმედიც კი, რომ არჩევნებში გამარჯვებული, დონალდ ტრამპი იქნება თუ კამალა ჰარისი, თუ არ შეაჩერებს, გარკვეულწილად - შეანელებს მაინც, აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერმანენტულ დაღმასვლას, არაფერი რომ არ ვთქვათ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე.

რუს ანალიტიკოსთა უმეტესობა კამალა ჰარისში მხოლოდ დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკის გამგრძელებელს ხედავს - ჯო ბაიდენის კურსის გამტარებელს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და რომელმაც რუსეთს სანქციების უძლიერესი ქარბორბალა მოუვლინა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „24 საათში დავასრულებო“, ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ცარიელ, გაუაზრებელ ფრაზებად აღიქმება, უარეს შემთხვევაში კი - ცინიკურ მცდელობად, ისარგებლოს მართლაც დაღლილი ამერიკელი ელექტორატის განწყობით და მათთვის შორეული ომის მიმართ საზოგადოების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებით.

„რუსულ მასმედიაში ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება, ჩემი აზრით, ობიექტურად ხდება“, - ამბობს ლევ ლურიე, სანქტ-პეტერბურგელი ისტორიკოსი, - მთავარი იდეა იმით გამოიხატება, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპიც და დემოკრატი კამალა ჰარისიც (ასევე, ნებისმიერი სხვაც) რუსეთისათვის ერთნაირად ცუდი პრეზიდენტი აღმოჩნდება“.

იმედგაცრუება დონალდ ტრამპით

2016 წლის ნოემბერში, როცა ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა, მოსკოვში ამ ამბავს სახელმწიფო სათათბიროს წევრები ხმაურიანი და მეგობრული ოვაციით შეხვდნენ.

არა მარტო ჩინოვნიკების, არამედ - ჩვეულებრივი, რიგითი რუსი მოქალაქეების იმედი იმით იყო განმტკიცებული, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი არ მალავდა აღტაცებას ვლადიმერ პუტინით და ამერიკელებს ჰპირდებოდა, რომ „რუსეთთან ურთიერთობის აწყობის გზებს იპოვიდა“.

მაგრამ ბევრი რუსი გაოცებული დარჩა „რაშაგეითის“ სკანდალით, რომლის შედეგად დონალდ ტრამპს უამრავი ბრალდება წაუყენეს: აცხადებდნენ, რომ, თურმე, დონალდ ტრამპს და რუს იფიციალურ პირებს შორის რაღაც გარიგება არსებობდა, მოგებიან ბიზნესში... თითქოსდა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კრემლის ჰაკერებმა და ტროლებმა უზრუნველყვეს... რასაკვირველია, ბევრი ბრალდება „თითიდან გამოწოვილი იყო“, მაგრამ ისინი ნებისმიერ მომენტში ამოტივტივდებოდნენ ხოლმე, როცა საქმე დონალდ ტრამპის პოლიტიკასა და რუსეთს ეხებოდა. ამის შედეგად ჩამოყალიბდა შთაბეჭდილება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პროგრესი შეუძლებელია.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებამ კულმინაციას 2018 წელს, ჰელსინკის სამიტის დროს მიაღწია, როცა მნიშვნელოვანი საკითხები - სირიის ომისა და ბირთვული შეიარაღებისადმი კონტროლის პრობლემატიკა იხილებოდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამერიკულ მასმედიასა და ოფიციალურ წრეებში ყველაზე მეტად ლაპარაკი დაიწყო იმაზე, თუ რატომ უყურებდა „მოწიწებით“ სამიტის დროს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს.

„მთავარი, რის გამოც მე ჰელსინკის სამიტის დროს გავოცდი, ეს იყო ამერიკული სპექტაკლი - რას ეძღვნებოდა სამიტი და რა ილაპარაკეს პრესკონფერენციაზე. არავის სურდა ელაპარაკა რეალური დღის წესრიგის შესახებ. ყველა დაინტერესებული იყო მხოლოდ ე.წ. საიდუმლო გარიგებით, ტრამპსა და პუტინს შორის“, - ამბობს ფიოდორ ლუკიანოვი.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ტრამპი ისეთი არ იქნებოდა...“

დღეს მოსკოვში, ერთი მხრივ, გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკის მტრული დამოკიდებულება რუსეთისადმი „უკვე დაპროგრამებულია“ და საეჭვოა, შეიცვალოს იმით, თუ ვინ გახდება აშშ-ის მეთაური.

„რუსული პოლიტიკური ელიტის ძირითადი ნაწილი თვლის, რომ ყველაფერს განაგებს ე.წ. სიღრმული სახელმწიფო – ჩრდილში მყოფი და არარჩეული პირების ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. სწორედ ისინი კარნახობენ ხელისუფლებას მოქმედების კურსს და სიტუაციის შეცვლა არავის, არც ერთ არჩეულ პრეზიდენტს თუ სხვა პოლიტიკოსს არ შეუძლია“, - თვლის ალექსი მუხინი, პოლიტიკური ინფორმაციის ანალიზის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, - "თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისადმი ობიექტურ და ურთიერთსასარგებლო პოლიტიკას გაატარებდა, მაგრამ ახლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი მხოლოდ მორიგი „ზემოდან დაყენებული კაცია“ „სიღრმული სახელმწიფოს“ მესვეურთაგან“.

მეორე მხრივ, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში ბევრი სიამოვნებით აკვირდება და უყურებს აშშ-ის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის სკანდალებს, საზოგადოების ღრმა პოლარიზებას და ხელისუფლების ეშელონებში შექმნილ დაბნეულობასა და გაურკვევლობას. რუსული მასმედიის რეპორტაჟებსა და პუბლიცისტიკაში ხშირად შეხვდებით მსჯელობებს, როცა ერთმანეთს ადარებენ დღევანდელ ამერიკას და გვიანდელ საბჭოთა კავშირს: კრემლი ცდილობდა, რეფორმირებას, საბოლოო ჯამში კი - საბჭოეთი მაინც დაეცა და დაიშალა.

კრემლის ყოფილი მრჩევლის, სერგეი მარკოვის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა მაინცდამაინც დიდად არ არის დაინტერესებული აშშ-ის ოპერატიული, მოკლევადიანი პოლიტიკური მოვლენებით: „კრემლი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სწრაფად ცვალებად მსოფლიო წესრიგს, რომელშიც, რუსების აზრით, აშშ პერმანენტულად თმობს პოზიციებს. ახალმა სახეებმა, იმავე, ვთქვათ, კამალა ჰარისმა, საეჭვოა, რომ ამ სიღრმული დინამიკის შეცვლა შეძლონ“.

„ზოგიერთ რუსს ამერიკის პოლიტიკაში გამეფებული ქაოსი სიამოვნებას ჰგვრის. ისინი ასე ფიქრობენ: რაც უფრო მეტი არეულობა იქნება აშშ-ში, მით უფრო უკეთესია ჩვენთვის“, - ამბობს სერგეი მარკოვი, - "ჩემი აზრით, სურვილებში უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა ძალიან სახიფათო დროა: არის შანსი, რომ კრიზისების გაღრმავება-გაფართოებამ მსოფლიო ომი გამოიწვიოს. აი, ეს უკვე კატასტროფა იქნებოდა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო