"ჩინეთთან თანამშრომლობის გამო, საქართველო შესაძლოა დიდ დაპირისპირებაში აღმოჩნდეს" - მძიმე პროგნოზი და გამოსავალი გეოპოლიტიკური ლაბირინთიდან - კვირის პალიტრა

"ჩინეთთან თანამშრომლობის გამო, საქართველო შესაძლოა დიდ დაპირისპირებაში აღმოჩნდეს" - მძიმე პროგნოზი და გამოსავალი გეოპოლიტიკური ლაბირინთიდან

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 26 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი თბილისი-დასავლეთისა და თბილისი-პეკინის ურთიერთობებზე საუბრობს.

- აშკარად გამოჩნდა, რომ ეს ე.წ. რუსული კანონი მიზეზი კი არა, საბაბი იყო დასავლეთისთვის. დასანანია, რომ ქართველ ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ხალხიც ყველაფერს გულუბრყვილოდ იჯერებს. დღეს დასავლელ პარტნიორებს ეგ კანონი აღარც ახსოვთ. სამაგიეროდ, მიგვითითებენ, რომ ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა. ამ კანონის გამო არც რუსეთი მიგვიღებს და არც დასავლეთი უარგვყოფს, მაგრამ პარტნიორების არჩევის გამო კი შეიძლება ძალიან დიდ დაპირისპირებაში აღმოვჩნდეთ.

ჩვენ ჩინეთთან ვთანამშრომლობთ, ამერიკა კი ჩინეთს ნომერ პირველ მეტოქედ აღიქვამს. ე.ი. გარდა იმისა, რომ ამერიკის ნომერ პირველ მტერთან ვთანამშრომლობთ, ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს იმ სატრანზიტო გზამ, საიდანაც ჩინეთს მილიონები შეუვა. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკას არ სურს. ის ახლა ჩინეთს ებრძვის ჩვენს ტერიტორიაზე. ვაშინგტონისთვის აქ უფრო ადვილია გადატრიალების მოწყობა, ვიდრე ჩინეთში, თან ამერიკელებს საქართველოში ამის კარგი გამოცდილება უკვე აქვთ.

- "ვარდების რევოლუციას" გულისხმობთ?

- დიახ, ამერიკამ და რუსეთმა ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებულმა გაუშვეს საქართველოდან შევარდნაძე, უკრაინიდან კუჩმა და ორივეგან საკუთარი ხალხი დასვეს. ახლაც უნდათ ამ ხელისუფლების გაშვება და "ნაციონალების" მოყვანა.

- მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა არა აქვს.

- აბა, ვის აქვს?

- ახლა პარტია "ლელოს" ირგვლივ იკვრება საინტერესო პოლიტიკური ბლოკი.

- კი, მაგრამ თქვენ გსმენიათ "ლელოსგან" "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა? თუ არ გახსოვთ, მაშინ მე შეგახსენებთ, როგორ თანამშრომლობდა "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" თვითმმართველობის არჩევნებზე.

- ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ხაზარაძე ივანიშვილთანაც თანამშრომლობდა.

- მართალი ხართ, მაგრამ ივანიშვილთან თანამშრომლობა მოგებიანი იყო და იმიტომ უჭერდა მხარს ხაზარაძე. თუ ახლა სააკაშვილთან თანამშრომლობა მოგებიანი იქნება, ხაზარაძე მასაც დაუჭერს მხარს. თუ სააკაშვილს ამერიკელების მხარდაჭერა ექნება, ხაზარაძეც მის გვერდით დადგება.

- თქვენ როგორ გაიგეთ მმართველი გუნდის დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ?

- ან ესეც საარჩევნო ბლეფია, ან ამ გუნდის ლიდერებმა რაღაც იციან.

- რა შეიძლება ეს რაღაც იყოს?

- ჩინეთის ელჩს აქვს ნათქვამი, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს დაეხმარონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ამ ქვეყანას ვერავინ ეკამათება. ნახევარი ციმბირი უკვე წაღებული აქვს, მაგრამ რუსეთი ვერაფერს ეუბნება. ნახეთ, რუსეთი მთელ დასავლეთს ეომება, მაგრამ ჩინეთთან უმცროს ძმასავით იქცევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის სახიფათო ქვეყანაა, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩინეთის ინტერესის შემთხვევაში, რუსეთი დათმობს თავის პრეტენზიებს საქართველოს ტერიტორიებზე.

- ჩინეთის ინტერესებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რატომ უნდა შედიოდეს?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთს საქართველოში ეკონომიკური ინტერესები აქვს, არ ენდომება, რომ აქ კონფლიქტის ზონა იყოს.

- დღეს საქართველო ისედაც არ არის კონფლიქტის ზონა. საქართველოს ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ომით და კონფლიქტით დაბრუნებას არ აპირებს.

- კი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას შეურიგდა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი აუცილებლად გააქტიურდება ომით ან ომის გარეშე. იგივე სიტუაციაა, რაც 2003 წელს იყო - აქ ხელისუფლების შეცვლა რუსეთსაც აწყობს და ამერიკასაც. ამიტომ იჩენს ასეთ დიდ სიფრთხილეს ივანიშვილი. დღეს საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს სურთ დესტაბილიზაციით სატრანსპორტო დერეფანს საფრთხე შეუქმნან. ეს წმინდა ქართული პროცესი არ არის, უფრო რთულ პროცესში ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა. ჩვენ რთულ საერთაშორისო სიტუაციაში ვართ.

წაიკითხე ვრცლად