ზელენსკი კრემლს დაბომბავს ანუ "ქუხილი" პუტინისთვის - მრისხანე უკრაინული იარაღი, რომელსაც ომის სცენარის შეცვლა შეუძლია - კვირის პალიტრა

ზელენსკი კრემლს დაბომბავს ანუ "ქუხილი" პუტინისთვის - მრისხანე უკრაინული იარაღი, რომელსაც ომის სცენარის შეცვლა შეუძლია

კიევმა საკუთარი „ქუხილი“, რუსულ „ისკანდერზე“ უკეთესი შექმნა მოსკოვში, კრემლამდე მისაღწევად...

ამერიკელების შემყურე, რომლებიც 300 კმ-ზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების - ATACMS-ების გადაცემასთან ერთად, უკრაინას უკრძალავენ მათ საბრძოლო გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კიევმა მოსალოდნელი ენერგიული ნაბიჯი გადადგა...

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებამ „ჩვენი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაცვის საწარმოებში მუშაობენ“, დააფასოს.

ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა და შემდგომ - მისი სერიული წარმოების ათვისება, უკრაინის არმიას განსაკუთრებულ უპირატესობას მისცემს - პირველ რიგში, აღარ იქნება დამოკიდებული თეთრი სახლის ხუშტურებზე, - აქამდე ისროლე, ამის იქით არაფრის დიდებითო. მეორეც - საკუთარი ბალისტიკური რაკეტებით ის იძენს ერთგვარ „გრძელ ხელკეტს“, რომლითაც კრემლს ბევრი რამ შეუძლია უკარნახოს... თუნდაც იმიტომ, რომ ახალი უკრაინული ბალისტიკური რაკეტები წვდებიან იმავე კრემლს, მოსკოვის ცენტრში...

1-kux-1724839076.jpg
2018 წლის სამხედრო აღლუმზე კიევში ნაჩვენები ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი Грім-2-ი, იგივე «Сапсан»-ი...

შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის სურს, თავის ხელისუფლებას მიაწეროს პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოჩენა, მაგრამ საქმე მთლად ასე არ არის...

პირველი ცივი ომის დროს, როდესაც სარაკეტო ბუმი დაიწყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, ჯერ კიდევ 1951 წელს, თავად სტალინის ბრძანებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ავტოსატრაქტორო ქარხანა სასწრაფოდ გადააკეთეს პირველი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტის - Р-1-ის (რომელიც სინამდვილეში გერმანული V-2-ის, იგივე „ფაუ-2“-ის, რომლითაც ჰიტლერის არმია ლონდონს ბომბავდა, ასლი გახლდათ) სერიული წარმოებისთვის.

ამ ქარხანასთან მალევე შეიქმნა საკონსტრუქტორო ბიურო, რომელსაც სათავეში მთავარი კონსტრუქტორი იანგელი ჩაუდგა.

მალევე იანგელი თვით კოროლიოვის (კოსმოსში პირველი ადამიანის - გაგარინის გამყვანი რაკეტა-მატარებლის გენერალური კონსტრუქტორი გახლდათ) სერიოზული კონკურენტი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, უკრაინის დნეპროპეტროვსკში შექმნილი Р-12-ის და Р-14-ის ტიპის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, თავისი ბირთვული ქობინებით, კუბაში ხრუშჩოვის ბრძანებით მალულად ჩაიტანეს, რამაც გამოიწვია „კარიბის კრიზისი“ და მსოფლიო ყველაზე ახლოს მიუახლოვა მესამე, ამჯერად - ბირთვულ ომს...

2-kux-1724839076.png
Грім-2-ის ხუთღერძიან მობილურ სარაკეტო დანადგარზე „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის ორი რაკეტის სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერია დამონტაჟებული

1966 წლიდან უკრაინის დნეპროპეტროვსკის სარაკეტო საწარმოს Южное ეწოდა და სწორედ იქ შეიქმნა ცნობილი „სატანა“ - სწორედ ასე შეარქვეს ამერიკელებმა საბჭოთა უკრაინაში წარმოებულ, მსოფლიოში ყველაზე მძიმე სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტას - Р-36М-ს, რომელსაც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტამდე ათი, თითოეული - 800 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის თერმობირთვული მუხტი შეეძლო, მიეტანა...

ამ სარაკეტო კომპლექსის ბოლო მოდიფიკაცია Р-36М2 Воевода 2026 წლამდე დარჩება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში ანუ პუტინს კიდევ რამდენიმე წელი ექნება დამიზნებული ამერიკელებზე მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც უკრაინის იმ დნეპროპეტროვსკში, დღევანდელ დნიპროში შეიქმნა, რომელსაც დღეს სისტემატურად უტევენ რუსული რაკეტები...

ასევე, უკრაინის პავლოგრადში ამზადებდნენ ამ ბალისტიკური რაკეტებისთვის საჭირო ძალზე მომწამვლელ თხევად სარაკეტო საწვავს.

1980-იან წლებში საბჭოთა უკრაინის დნეპროპეტროვსკში დაიწყო მსოფლიოში უნიკალური სარაკეტო კომპლექსის - РТ-23-ის (ნატოს კლასიფიკაციით SS-24 Scalpel-ი) წარმოება, რომელიც... სპეციალურ სარკინიგზო ვაგონებში იყო განთავსებული და სარკინიგზო ხაზებზე ისე მოძრაობდა, რომ ჩვეულებრივი სარკინიგზო "რეფრიჟირატორის" ვაგონებიდან ობივატელი ძნელად თუ გამოარჩევდა. სამაგიეროდ, საბრძოლო დავალების მიღებისთანავე, ეს სარკინიგზო შემადგენლობა ჩერდებოდა, ელექტროსაკონტაქტო ხაზებს გვერდზე გაწევდა, „რეფრიჟირატორის“ ვაგონიდან 24 მ-იანი და 104-ტონიანი ბალისტიკურ რაკეტა „წამოიმართებოდა“ და უშუალოდ ლიანდაგებიდან სტარტის შემდეგ 11 ათას კმ-ზე გაფრინდებოდა, ნიუ-იორკსა თუ ვაშინგტონში ათი, თითოეული 300 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის თერმობირთვული ქობინების „საჩუქრად“ ჩასატანად...

1994 წლამდე რუსეთის სტრატეგიულ შეირაღებაში ასევე რჩებოდა უკრაინელი კონსტრუქტორების მიერ შექმნილი УР-100 ტიპის 71 ტ-იანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ოთხი ცალი,თითოეული 750 კილოტონა სიმძლავრის თერმობირთვული ქობინის გადატანა 10-11 ათას კმ-ზე შეეძლოთ.

ამხელა ისტორიული მიმოხილვა იმიტომ დამჭირდა, რომ მკითხველმა იცოდეს - უკრაინაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სარაკეტო სკოლა არსებობდა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თითქოს ყველა პირობა არსებობდა იმისთვის, რომ უკრაინას საკუთარი ბალისტიკური რაკეტები შეექმნა, თუნდა ოპერატიული და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების...

თავიდან თითქოს იყო ამის მცდელობა, როდესაც სწორედ დნეპროპეტროვკელმა კონსტრუქტორებმა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობას შესთავაზეს 500 კმ-მდე ფრენის რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების შექმნა და მათი სერიული წარმოების დაწყება, თუმცა მაშინ ამისთვის კუჩმასა და მის შემცვლელებს არ სცხელოდათ.

2013 წლიდან უკრაინამ დაიწყო 280 კმ-მდე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლქსის Грім-2-ის პროექტის რეკლამირება, რითაც 2016 წელს დაინტერესა საუდის არაბეთის გენერალიტეტი..

საუდელების დაფინანსებით შექმნილი Грім-2-ის საცდელი ვარიანტი, რომელსაც სხვანაირად «Сапсан»-საც უწოდებდნენ, პირველად სახალხოდ გამოჩნდა 2018 წლის 24 აგვისტოს სამხედრო აღლუმზე კიევის ცენტრში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს...

3-kux-1724839076.jpg
„გრომის“ ბალისტიკური, შეიძლება აერობალისტიკურიც კი, რაკეტის სავარადო მასა 3 ტ-მდეა და მას 480 კგ-იანი საბრძოლო ქობინი 500 კმ-ზე შორს გადააქვს...

მას შემდეგ ზუსტად 6 წელი გავიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ უკრაინელებს უკვე ჰქონოდათ შეიარაღებაში საკუთარი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ რუსულ „ისკანდერებს“,. თუმცა ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო ბლოგერის განცხადებით, სწორედ 2019 წელს უკრაინის სათავეში მოსულმა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკურმა ჯგუფმა არაპრიორიტეტულად მიიჩნია „გრომის“ ბალისტიკური რაკეტების სერიული წარმოების დაწყება და ეს პროექტი ფინანსირების გარეშე დატოვა, სანამ...2022 წლიდან რუსული „ისკანდერები“ არ დაატყდნენ თავს უკრაინულ ქალაქებს...

ჯერ ძნელია იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება სამამულო წარმოების პირველი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდაზე, მაინცდამაინც Грім-2-ის ოპერატიულ-ტაქტიკურ კომპლექსს ნიშნავს, თუმცა დიდი ალბათობით მაინც ასე უნდა იყოს, რადგან სრულად ახალი კონსტრუქციის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის შექმნას ბევრად მეტი დრო და ფინანსები დასჭირდებოდა...

რას მისცემს უკრაინას 500 კმ-ზე ან თვით 1 000 კმ-მდე მფრენი,საკუთარი ბალისტიკური „ქუხილებით“ შეიარაღება?

მთავარს - ისეთ მასიურ საჰაერო შეტევას, რაც რუსეთმა 236 რაკეტითა და დრონით განახორციელა უკრაინის ქალაქებზე და დედაქალაქ კიევზე 26 აგვისტოს...კიევი უპასუხებს თავისი „გრომების“ შურისმაძიებელი დარტყმებით თავად მოსკოვსა და მის ცენტრში მდებარე კრემლზე, სადამდეც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან პირდაპირი ხაზით 500 კმ-იც არაა...

ასეთი სარაკეტო შურისძიება კი კრემლის მოხუც ბინადარს პუტინს, იმედია, ბოლოს და ბოლოს ჩააფიქრებს-მის მიერ წამოწყებული ომი რუსეთს მარტო, ს ადღაც კურსკში თუ ვორონეჟში კი არ უბრუნდება, არამედ თვით დედაქალაქში,მოსკოვში, თანაც კრემლის ეზოში, პუტინის კაბინეტის ფანჯრებში...