დუბაიში დააკავეს ბიზნესმენი, რომელიც 2,4 მილიარდიანი თაღლითობის სქემის მონაწილეა - მას "ქოლცენტრები" საქართველოშიც ჰქონდა?
დუბაიში ალბანელი ბიზნესმენი, ერლინდ ჩეკაი დააკავეს, რომელიც “ქოლცენტრების“ საქმეზე ცნობილი ბიზნესმენის, ამანტ იოსიფის ჯგუფის წევრია. თავად ამანტ იოსიფი მთელ მსოფლიოში ასობით ათასი მსხვერპლით 2,4 მლრდ ევროს ღირებულების თაღლითობის დიდი სქემის მონაწილეა და ალბანეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველი ინსტანციის სპეციალური სასამართლოს მიერ არის გასამართლებული.
ინფორმაციას ალბანური გამოცემა, Shqiptarja ავრცელებს.
ქსელით, ძირითადად, საქართველოში, უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში და სხვა ქვეყნებში მოქმედი “ქოლცენტრები“ იმართებოდა.
კრიმინალურმა ქსელმა, სხვა თაღლითურ პლატფორმებთან თანამშრომლობით, როგორიც არის Absolut Global Markets, AurumPro, Finaxis და სხვ., ევროკავშირში ასობით ადამიანი მოატყუა, რამაც მათ მილიონობით ევროს ოდენობით ფინანსური ზარალი მიაყენა. გამოძიება, Eurojust-ის კოორდინაციით, 2021 წელს რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ფინეთში, ლატვიაში, უკრაინაში, საქართველოსა და ალბანეთში დაიწყო.
ერლინდ ჩეკაი “ქოლცენტრების“ ბიზნესმენთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრია, რომელიც ალბანეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველი ინსტანციის სპეციალური სასამართლოს გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა. ის საერთაშორისო ძებნილ პირთა სიაში იყო, ხოლო მისი დაკავება ტირანისა და აბუ-დაბის ინტერპოლის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. ჩეკაი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველმა ინსტანციის სასამართლომ 2023 წლის 18 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.
გერმანიის ხელისუფლების გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერლინდ ჩეკაი, ირისა პუკასთან, ენდრი ბულკუსთან და ადრიან კოროსთან ერთად, IT-კომპანია PumaTS/SMCompany-ის თაღლითური პლატფორმების უკან იდგა, რომელიც Milton Group-თან არის დაკავშირებული. ჯგუფმა მხოლოდ ბავარიელი გერმანელებისგან 6,1 მლნ ევროს გამოძალვა მოახერხა.