ამ სასწაულმოქმედი ხატის შემყურეთ დღეს აზრად არ მოუვათ, რომ ოდესღაც ის ქაღალდის უბრალო ამონაჭერი იყო
მარიამობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას და ჩვენს სამშობლოს - დედაღვთისმშობლის წილხვედრს. საქართველოსთვის დედაღვთისმშობელი მართლაც რომ გამორჩეულად ძვირფასია, რადგან უფლის დედაა და ყველას შემწე-მფარველი. ამიტომაცაა იგი ბევრისთვის დედასავით ტკბილი და მოალერსე, ამიტომაც უგზავნის უამრავ სასწაულს ადამიანებს და შვებით აღავსებს. გულწრფელად გეტყვით, რომ მეც ბევრჯერ მიგრძნია მისი მადლი და წყალობა, მაგრამ ამჯერად, ღვთისმშობლის ხატის - "მოალერსეს" ერთ-ერთი ასლის საქართველოში მოგზაურობის ამბავი და მასთან დაკავშირებული სასწაულები გამახსენდა.
ხატი საქართველოში 9-10 წლის წინათ წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიიდან არქიეპისკოპოსის იმჟამინდელი თანაშემწის - იური შიშკოვის ხელმძღვანელობით ჩამოაბრძანეს და მანვე ამიხსნა, რადგან ღვთისმშობელი ყოველთვის წმინდანებთან ერთად მოგზაურობს, ამჯერად მასთან ერთად ჩამოვაბრძანეთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილის პატარა ხატიც, მისი სიწმინდითო.
შეიძლება ეს ხატი ვერც მენახა, რამდენიმე დღით იგი ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში რომ არ დაებრძანებიათ - სწორედ იმ ტაძარში, სადაც ჩემი მოძღვარი მსახურობს. მახსოვს, მის მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდიოდა. მეც სწორედ იქ მოვილოცე ხატი, რომელმაც იქვე ხილული სასწაულმოქმედი ძალა გვიჩვენა: შიგადაშიგ ნათდებოდა და გაოგნებულს გვტოვებდა ტაძარში მყოფებს.
ჩემი პროფესიით ვისარგებლე და ხატის მცველი იური შიშკოვიც გავიცანი.
როგორ იქცა უბრალო კალენდარი სასწაულმოქმედ ხატად
26 წლის წინათ რუსეთში ლოკოტის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებით ვადაგასული კალენდარი შეიძინა. გამყიდველი მას გადაგდებას უპირებდა და ღვთისმშობელი რომ არ წაებილწათ, ღვთისმოსავმა ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე, ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა. რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, დაინახეს, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება მის უკანა მხარესაც გადასულიყო. აქედან მოყოლებული, ხატი სასწაულებს ახდენდა და იგი ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე მოხუცი გერმაგენი ლოცულობდა, რომელმაც თქვა: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს - ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი შესწევსო... ხატს, თურმე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავენ მორწმუნეები, თუმცა რუსეთისა და მსოფლიოს მასშტაბით ის ცნობილი მოგვიანებით გახდა - 2003 წელს, როდესაც რუსეთში წმინდა სერაფიმე საროველის განდიდების 100 წლისთავს ზარზეიმით აღნიშნავდნენ და მთავარი დღესასწაული საროვში ეწყობოდა. ზოგადად, ხატი "მოალერსე" წმინდა მამა სერაფიმე საროველის უსაყვარლესი ხატი იყო. კარგად იცით, რომ წმინდა მამა სერაფიმე ღვთისმშობლის წილხვედრი ბოლო, მეოთხე ადგილის - დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელი გახლავთ. საროვი დახურული ქალაქია, რადგან საროვის მამათა მონასტერი, სადაც წმინდა მამა მოღვაწეობდა, დაანგრიეს და მოგვიანებით ლავრენტი ბერიას განკარგულებით იმ ადგილას ატომური იარაღის მწარმოებელი სამხედრო ქარხანა ააშენეს. ქარხანა დღემდე იქ მდებარეობს და რომ არა დღესასწაული, იმ ტერიტორიაზე ვერც მოვხვდებოდითო, - განაგრძობდა თხრობას იური შიშკოვი. წინაღამეს, თურმე, დივეევოდან ჯვრებით მსვლელობის ბოლოსკენ რუსეთის პატრიარქს კურთხევა მიუცია, წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებთან ერთად საროვიდან დივეევოში სწორედ ეს ხატი ჩაებრძანებიათ. მასზე ახდა, თურმე, წმინდა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველება: მოვა დრო, როდესაც საროვიდან დივეევოში მოეწყობა ჯვრებით მსვლელობა, მასში ზღვა ხალხი მიიღებს მონაწილეობას და მსვლელობას სასწაულმოქმედ ხატს წაუმძღვარებენო. ამ ხატის შემყურეთ დღეს აზრად არ მოუვათ, რომ იგი ოდესღაც ქაღალდის უბრალო ამონაჭერი იყო, ახლა კი პატრიარქის ხელოვანს ის დიდებულად "შეუმოსავს" და როდესაც ხელთუქმნელ ხატს კონტურებს უკეთებდა, მასში მანამდე უხილავი სხვა სახეც შენიშნა - ეს იყო ჯვარცმული ქრისტე ტურინის სუდარიდან.
"მოალერსეს" ასლის სასწაული საქართველოში
ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატის სასწაულების შესახებ ბევრჯერ გვსმენია, თითოეული განსაკუთრებული მადლით გამოირჩევა.
ე.წ. კალენდრის მირონმდინარე ხატმა თვეზე მეტხანს დაყო საქართველოში და თბილისის გარდა, საქართველოს რამდენიმე კუთხეშიც იმოგზაურა. ერთ მშვენიერ დღეს ხატის მცველი, ეპისკოპოსის თანაშემწე იური (გიორგი) შიშკოვი დამიკავშირდა და ერთი ქალბატონის ნომერი ჩამაწერინა, იქნებ შეეხმიანოთ, მგონი, ხატთან ლოცვის შემდეგ მისი ოჯახის წევრი განიკურნაო. მეც დავრეკე იმ ნომერზე და გაირკვა, რომ ის გორში მცხოვრებ ქალბატონ ბელას ეკუთვნოდა, სასწაული კი მის შვილიშვილს, 9 წლის ანას შეემთხვა. ეს ამბავი დაწვრილებით პატარა ანას დედამ, ქალბატონმა ნატალიამ მომითხრო:
- თურმე, სიმღერის გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდნენ, რომ უცბად მისი 9 წლის გოგონა მოწყდა და ჩაიკეცა - ვეღარც დადიოდა და გულიც მისდიოდა. მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს და დედა-შვილი გორის საავადმყოფოში წაიყვანეს. ბავშვი ფეხს ვერ ადგამდა, ვერ დადიოდა, მაგრამ ექიმებმა იქვე მედიკამენტები დაალევინეს და ბავშვმაც გაჭირვებით გაიარა, თუმცა ფეხები ძალიან სტკიოდა. ერთი კვირის განმავლობაში გამოკვლევაც ჩაუტარეს, უმკურნალეს კიდეც გორში, მაგრამ - უშედეგოდო. ქალბატონმა ნატალიამ ისიც მითხრა, - როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, 12 სახარების სანთელს ვანთებ ხოლმე, ახლაც დავანთე, ყველანი ვლოცულობდით ოჯახში, ბავშვი ზედიზედ რამდენჯერმე ვაზიარეთ და 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას ნევროპათოლოგთანაც მივიყვანე. ნევროპათოლოგმა ჩაქუჩით რომ გასინჯა, ბავშვს მუხლებში გრძნობა, რეფლექსი არ ჰქონდა. გვითხრა, რაღაც ნეიროვირუსია და სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთ, რადგან იქ აქვთ ინიექცია, ბავშვს ამ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანსო. იმავე საღამოს წამოვედით თბილისში და იაშვილის კლინიკაში, ნევროლოგიის განყოფილებაში დაგვაწვინეს. შაბათ-კვირას ბავშვს ორი შეტევა ჰქონდა და მორიგე ექიმები მუდმივად აკვირდებოდნენ, ხელებზეც ხომ არ გადავიდა პროცესიო. გამოკვლევა ორშაბათს უნდა ჩაეტარებინათ. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მოალერსე“ კი გორის საკათედრო ტაძარში 2014 წლის 20 დეკემბერს ჩაუბრძანებიათ. ანა და მისი დედა უკვე თბილისის საავადმყოფოში იყვნენ და ამიტომაც აცდნენ მასთან შეხვედრას. ანას მამას რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის პატარაჩარჩოიანი ასლი, სადაც ღვთისმშობლის ორივე გამოსახულებაა, ბავშვისთვის მაინც უყიდია და თბილისში ჩამოუტანია. ასევე, ჩამოუტანია ლურჯი თავსაფარიც, ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით. ბავშვმა იმწამს დაიფარა თავსაფარი, ხატიც გულში ჩაიხუტა და ილოცა. დედას შვილისთვის სურათიც კი გადაუღია საავადმყოფოში. დედა-შვილი სულ ლოცულობდა და მალევე ანას გამოკვლევაც ჩაუტარეს, უთხრეს, შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, ბავშვს არაფერი სჭირსო. ნატალიას მონათხრობიდან: - გორში დაბრუნებულებმა ბარგი დავაწყეთ და მაშინვე რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის მოსალოცად წავედით. ხატი უკვე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ტაძარში დაებრძანებიათ. ანამ თავისი ხატიც წამოიღო ეკლესიაში. შევედით თუ არა, ბავშვი წინ წავიდა, რატომღაც შემოუარა ხატს, მეორე, ხელთუქმნელ ასლს შეახო თავისი ხატი, იქვე დაიჩოქა და ილოცა. სწორედ მაშინ გადმოვიდა ჩვენს ხატზე მირონი, ოღონდ ხელთუქმნელი ხატის მხარეს. მერე მომიყვა, ასე და ასე ვთხოვე ხატსო, ოღონდ როცა ხმამაღლა გავიმეორე მისი ნათქვამი, მაშინვე შემისწორა, - ეგრე კი არა, ასე ვთქვიო. გასაოცარი იყო, ბავშვი, რომელიც წინა დღეს კიბეზე ვერ ადიოდა, ტაძარში ერთსაათიან პარაკლისს მუხლდაჩოქილი უსმენდა, მერე წამოდგა და კვლავ ჩვეულებრივ გაიარა. ხელთუქმნელ მხარეს ჩვენს ხატს მირონი დიდხანს სდიოდა და თანაც, ძალიან უცნაურად - თითქოს ჩარჩოდან გადმოდიოდა და ისე ინამებოდა. მერე მეორე მხარესაც შეუნიშნავთ ერთი-ორი წვეთი. ანამ რომ გაიგო, რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებულიო, შეგვეხვეწა, ვიდრე რუსეთში წააბრძანებენ, კიდევ ერთხელ მინდა, მივეახლოო. დედაჩემმა ჩამოიყვანა თბილისში და ხატის მცველის ყურადღებაც თავისი ლურჯი თავსაფრით მიიქცია, - ისეთი თავსაფრები კარგა ხნის წინ გამოლევიათ და დედაჩემს გამოელაპარაკა, სად შეიძინეთო? დედამაც აუხსნა, გორიდან ვართო და მოკლედ უთქვამს, ჩვენი გოგონა ხატმა განკურნაო. მერე იმ კაცს ნომერი გამოურთმევია დედაჩემისთვის და ეტყობა, თქვენ შეგატყობინეს, დაწვრილებთ რომ გამოგეკითხათ, რა მოხდაო.
ტელეფონით ანასაც გავესუბრე. ვთხოვე, თავადაც ეთქვა, რა და როგორ შესთხოვა ტაძარში დაბრძანებულ მირონმდინარე ღვთისმშობელს, მაშინვე რომ აუსრულა. პატარა გოგონა არ დამზარდა და თხოვნა გამიმეორა, - ჩემი ხატი სასწაულმოქმედ ხატზე მქონდა მიდებული და მუხლდაჩოქილმა მთელი პარაკლისი მოვისმინე. ბოლოს შევეხვეწე: დედაღვთისმშობელო, გთხოვ, დაიცავი ჩემი ოჯახი ყოველი განსაცდელისაგან და ავადმყოფობისაგან-მეთქი. ანას ჩავეკითხე, - არ სთხოვე, მალე გამომაჯანმრთელე-თქო? - არა, ეგეთი რამ არ მითქვამს... ოჯახზე ვთხოვეო...
ლოცვას მართლაც დიდი ძალა აქვს ასე განკურნა წლების წინ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის - „მოალერსეს" ასლმა 9 წლის ანა, გოგონა, რომელსაც ტკივილი სტანჯავდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ იფიქრა, მთელი ოჯახის კეთილდღეობა შესთხოვა დედაღვთისმშობელს და მყისიერად მიიღო მადლიც და წყალობაც!