"ისინი, ვინც დასავლეთს არ ასვენებენ" - გეოპოლიტიკური "ანგარებითი ქორწინება" თუ მსოფლიოში ახალი ერის დასაწყისი?! - კვირის პალიტრა

"ისინი, ვინც დასავლეთს არ ასვენებენ" - გეოპოლიტიკური "ანგარებითი ქორწინება" თუ მსოფლიოში ახალი ერის დასაწყისი?!

მსოფლიო სწრაფად იცვლება, დასავლეთი კი თავის როლს კარგავს, ძალის ერთადერთი პოლუსის სახით. დასავლეთის წვდომის ფარგლებს მიღმა სულ უფრო მეტი გავლენის ცენტრები იქმნება. ასეთ პირობებში დასავლეთის ქვეყნებს აქტიური მანევრირება მოუწევთ“, - წერს ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) სტატიაში სათაურით - „ისინი, ვინც დასავლეთს არ ასვენებენ: პოლარიზების ცენტრები გლობალურ სამხრეთში - ახალი თაობა ვაშინგტონისა და ყოფილი ევროპელი კოლონიზატორების მიღმა იყურება“ (ავტორი - სამიტ პური, ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ ლექტორი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

2024 წელს BRICS-ი (Brazil, Russia, India, China, South Africa) BRICS+-მდე გაფართოვდა, როცა მის შემადგენლობაში შევიდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. BRICS-ის ყოველწლიურ სამიტებზე დასავლეთის ქვეყნებიდან არავის იწვევენ. BRICS-ის წევრებმა, ჩინეთის ინიციატივით, დასავლეთის გარეშე გამოაცხადეს მსოფლიოში ახალი ერის დაწყება, დასავლელმა სკეპტიკოსებმა კი ალიანსს დამცინავად „ანგარებითი ქორწინება“ უწოდეს.

ალბათ, დასავლეთის კრახზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ აშკარად შეიმჩნევა დასავლეთის უსაზღვრო ბატონობის ერიდან გადასვლა მისი გავლენის შესუსტების ეპოქაზე. რასაკვირველია, ეს დასავლეთის დაღუპვას არ მოასწავებს, მაგრამ ცვლილებები გარდაუვალია. მათაც კი, ვინც სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთის ეკონომიკის შემდგომ ზრდას და რუსეთის, როგორც იმპერიის გრძელვადიან პერსპექტივას, ან თვითონ BRICS+-ის პროექტის სიცოცხლისუნარიანობას, ერთი მომენტი აუცილებლად უნდა აღიარონ: უახლოეს ათწლეულებში თავიანთი ლიდერობა რომ განიმტკიცონ, დასავლეთის ქვეყნები აუცილებლად უნდა შეეთვისონ სწრაფად ცვალებად რეალობას. დემოგრაფიაში, მსოფლიოს სიმდიდრის გადანაწილებაში, კულტურის განვითარებასა და ცივილიზებული ძლიერების სხვა საკვანძო მაჩვენებლებში გრანდიოზული ძვრები მომწიფდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იმის გამოცნობა, თუ სადამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს რყევა, ზოგიერთი მომენტი თანდათანობით კონტურებს იძენს.

ტრადიციული ხერხები და ბერკეტები, რომლებსაც დასავლეთი იყენებდა გავლენის შესანარჩუნებლად, მაგალითად, „შვიდეულის“ ეკონომიკური ძლიერება, რაც მის მსოფლიო დომინირებას განაპირობებდა ან ის იდეა, რომ დასავლეთის ქვეყნები და მათი მოკავშირეები პლანეტაზე ყველაფრის სულისჩამდგმელები არიან და ისინი სხვებისათვის „გზის მანათობელ ვარსკვლავებს“ წარმოადგენენ - შეცვლილ სიტუაციაში, უბრალოდ, აღარ მუშაობენ.

მსოფლიოს ეპოქალური გარდაქმნები ემუქრება: დასავლეთის წვდომის მიღმა, სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი ძალისა და გავლენის ცენტრები იქმნებიან, რომლებიც, პირველ რიგში, მის აშკარა მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ - რუსეთს და ჩინეთს, აგრეთვე, მოჩვენებით პარტნიორებს - ინდოეთს, თურქეთს და საუდის არაბეთს, რომლებსაც აშკარად არ სურთ მუდმივად დასავლეთის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ. დასავლეთისათვის ძნელი იქნება ამ ცვლილებების გადატანა, მას აქტიური მანევრირება მოუწევს, რათა გლობალური გავლენა რაღაც ფორმით მაინც შეინარჩუნოს.

დასავლეთმა თავის დროზე ისარგებლა ცივი ომის შედეგებით, ახლა კი ცდილობს, ისარგებლოს ცხელი რეგიონული ომებით, საიდანაც ისინი გამარჯვებულები გამოვიდნენ, გაფართოვდნენ და გავლენა განიმტკიცეს, მაგრამ ახლა, „უდასავლეთობის“ მომწიფების ეპოქაში, როცა ყურადღების ცენტრში დასავლური და არადასავლური ქვეყნების ისტორიული ურთიერთობის პრობლემური წარსული აღმოჩნდა, ეს ანალოგებიც აღარ მუშაობენ.

პოსტკოლონიალურ წყენებს შეუძლიათ, ახალ გარემოში ახალი აზრი შეიძინონ. მათ მიღმა არსებობს არა მხოლოდ წარსული პერიოდის ჩაგვრა, არამედ - მეორეხარისხოვანი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება საერთაშორისო პოლიტიკაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: საფრანგეთი ბოლო წლებში ძლივძლივობით ინარჩუნებს გავლენას დასავლეთ აფრიკაში, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან მალი და ნიგერი, დიდი ენთუზიაზმით ერეკებიან თავიანთი ტერიტორიიდან ყოფილ კოლონიზატორს - ასუსტებენ მეტროპოლიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს.

უფრო ფართო კონტექსტით, დასავლეთის რიგი ქვეყნების მთავრობები გლობალური კრიტიკის ქვეშ მოექცნენ, ისრაელის მხარდაჭერის გამო, ღაზას სექტორში დაწყებული ომის დროს, „ჰამასის“ შეტევის შედეგად (2023 წლის 7 ოქტომბერს). საინტერესოა, რომ ისრაელს, მის ამერიკელ მომხრეებს და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები მათივე ლოზუნგებით აკრიტიკებენ, როგორც კოლონიალიზმ-ანექსიონიზმის მხარდამჭერებს.

ისინი, ვისაც კრიტიკოსებისათვის „პირის ამოქოლვა“ სურთ, ფრთხილად უნდა იყვნენ. მსოფლიოში „მრავალხმიანობა“ ძლიერდება და მომავალში კიდევ უფრო ფართოვდება. როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ისრაელის ომის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში არა მარტო საჩივარი წარადგინა, არამედ - მთელი რიგი ქვეყნების მხარდაჭერაც მიიღო, ამაში ჩვენი - დასავლეთის დასუსტების პრელუდია დავინახეთ, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ.

წყარო