"კი იწერებოდა, პარიზში სპორტსმენებს მუყაოს საწოლებზე სძინავთო, მაგრამ სინამდვილეში..." - რას ჰყვება ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე? - კვირის პალიტრა

"კი იწერებოდა, პარიზში სპორტსმენებს მუყაოს საწოლებზე სძინავთო, მაგრამ სინამდვილეში..." - რას ჰყვება ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე?

"მინდა წაუგებელი სერიით დავასრულო სპორტული კარიერა. "საპენსიო" ასაკი ჯერ არა მაქვს, მაგრამ პატარაც აღარ ვარ..."

"ოთხი წელიწადი ძალიან დიდი დროა და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ვნახოთ... მე თუ არ ვიქნები შემდეგ ოლიმპიადაზე, სხვა სპორტსმენები მიაღწევენ წარმატებას"

ლაშა ტალახაძესთან "კვირის პალიტრის" მეგობრობა ისეთივე ტრადიციად იქცა, როგორც ლაშას ოქროს მედალი ყველა იმ ტურნირზე, რომლებშიც მონაწილეობს. 10 აგვისტოს "პარიზი-2024"-ის კვარცხლბეკზე ლაშა მესამედ ავიდა ოლიმპ(იად)ის უმაღლეს საფეხურზე და გახდა პირველი მძიმეწონოსანი ძალოსანი, რომელმაც მესამედ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. წლევანდელი­ ოლიმპიური თამაშები მესამე იყო ლაშას კარიერაში და პირველად მოხდა, რომ ქართველმა გოლიათმა სამი ცდიდან მხოლოდ ორი დაძლია: "შეცდომა მხოლოდ წამიერი მოდუნების ბრალი იყო. მერწმუნეთ, ეს რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო, არც ერთ ცდას არ გავაფუჭებდიო", - ექსკლუზიური ინტერვიუს დროს მითხრა ლაშა ტალახაძემ. ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი მხოლოდ ორჭიდის ჯამში თამაშდება და რა გასაკვირია, რომ მცირე წუნის მიუხედავად, ჩემპიონის ტიტული ისევ ლეგენდარულ ქართველს დარჩა. ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით გვესაუბრა, ძველე­ბური თავმდაბლობითა და ტრადიციულად საინტერესოდ:

- ლაშა, გილოცავ მორიგ ოლიმპიურ ოქროს! პარიზში გამარჯვების შემდეგ თქვი, ალბათ, ეს ოქროს მედალი ყველაზე ფასეულია,­ რადგან მისი მოპოვება უფრო გაგვიჭირდაო... ასეა? შეიძლება ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში,­ პასუხისმგებლობა შტანგაზე მძიმეა?!

- დიახ, ზოგჯერ, პასუხისმგებლობა­ მართლაც არის შტანგაზე მძიმე... კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენი გულშემატკივარი შევიძინე ამ ხნის განმავლობაში. მინდა მათთვის, ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის ბოლომდე დავი­ხარჯო, ყველა ტურნირიდან გამარჯვებული დავბრუნდე... როცა ამ ყველაფერს აცნობიერებ, დამატებითი პასუხისმგებლობა გემატება, დამატებით საფიქრალს გიჩენს - არ გინდა იმედი გაუცრუო მათ, ვინც შენგან მხოლოდ ოქროს მედალს ელის... ეს ყველაფერი დამატებითი "სიმძიმეა", მაგრამ როცა მორიგი ტურნირი დასრულდება, როცა ხედავ, შენი წარმატებული ასპარეზობით რამხელა სიხარული მოუტანე შენს ქვეყანას, კიდევ ერთხელ აცნობიერებ, რომ ამ ყველაფრისთვის ნებისმიერი სიმძიმისა და წნეხის "აწევა" ღირს!

- მოტივაციისთვის, "სპორტული სიბრაზისთვის", ხანდახან, ალბათ, საჭიროც არის, რომ სპორტსმენმა მცირე მარცხსაც გაუგოს გემო...

- თუ "გაჭირვებას" დავარქმევთ, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიის მხრივ, რადგან ეს მესამე ოლიმპიური თამაშები იყო ჩემთვის და ყველაზე მეტად მინდოდა მორიგი ოლიმპიური ოქრო დამატებოდა ჩემს კოლექციას, მით უმეტეს, იმ ტრავმების ფონზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში­ მაწუხებს, და რომელთა გამო ორი ტურნირის გამოტოვებაც მომიხდა... მოგეხსენებათ, ვარჯიშისას შტანგის აწევასა­ და უშუალოდ ტურნირზე ასპარეზობას შორის დიდი სხვაობაა. ჩემპიონატზე, მით უმეტეს, ოლიმპიადაზე, სულ სხვა მონდომებაა საჭირო. ეს ყველაფერი მაკლდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არც მიასპარეზია ტრავმის გამო და შედარებით მეტი ნერვიულობა და ის "ჩაგდებული" წონაც ამის ბრალიც იყო... პარიზის ოლიმპიური თამაშები მართლაც გამორჩეული იყო ჩემთვის, რადგან მღელვარებაც მეტი იყო, მონდომებაც და საბოლოოდ მესამე ოლიმპიური ოქროთი მიღებული უდიდესი სიხარულიც.

- ატაცში იოლად დაძლიე ჯერ 210 კილოგრამი, მერე - 215. აი, 220-ის აწევა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ვერ მოახერხე... რა მოხდა და რას გრძნობდი იმ მომენტში?

- მეც და ჩემმა მწვრთნელებმაც კარგად ვიცოდით, რა წონის აწევა იქნებოდა საკმარისი ოქროს მედლის მოსაპოვებლად. ვფიქრობდით, რომ ატაცში 215, ორჭიდის ჯამში კი 255 კილოგრამის დაძლევა საკმარისი იქნებოდა ოლიმპიური ჩემპიონობის გასანაღდებლად, თუმცა გაცილებით მეტის ასაწევადაც ვიყავით მზად. თუ საჭირო იქნებოდა, ავწევდი კიდეც - როგორც ნახეთ, აკვრაში მესამე ცდის გამოყენება აღარც დამჭირდა... რაც შეეხება ატაცში "გაფუჭებულ" 220 კილოგრამს, მერწმუნეთ, ეს შემთხვევითობა იყო! ალბათ, ზედმეტი ემოცია, გონების გაფანტვა იყო მიზეზი, თორემ დამიჯერეთ, მეორე წუთში რომ მივბრუნებოდი იმ წონას, უპრობლემოდ ავწევდი. როცა 215 კილოგრამი ავიტაცე, ალბათ, დავმშვიდდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ აკვრაში ნაჩვენები შედეგი ორჭიდის ჯამში საკმარისი იქნებოდა ოქროს მედლისთვის და ამის გამო წამიერად დავკარგე კონცენტრაცია... თორემ თუნდაც მინასიანს აეწია 220 კილოგრამი, აკვრაში იმდენს ავწევდი, რამდენიც საჭირო იქნებოდა და ოქროს მედალს მაინც არავის დავუთმობდი! არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოლიმპიადაზე მედალი მხოლოდ ორჭიდის ჯამური მაჩვენებლის მიხედვით გაიცემა. ეს რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო, სადაც მედლები ცალკეულ დისციპლინებშიც თამაშდება, არც ერთ მისვლას არ გავაფუჭებდი!

- ძალიან მიხარია! ეს ნიშნავს, რომ შენთვის­ უჩვეულო, გამოუყენებელი ცდა წამიერი მოდუნების ბრალი ყოფილა და არა ცუდი ფიზიკური კონდიციის!

- არა, ტრავმა ნამდვილად არაფერ შუაშია. მიზეზი დაუფიქრებლად მისვლა, წამიერი მოდუნება იყო, ძალოსნობაში კი წვრილმანები არ არსებობს - ელემენტარული შეცდომაც ძვირად ფასობს.

- მჯერა, ეჭვიც არ შეგპარვია - მცირე­ ჩავარდნას მეორე დისციპლინაში გამოასწორებდი და ჯამურად მაინც დააგროვებდი ყველაზე მეტ წონას, მაგრამ... დავიჯერო, ოდნავადაც არ გაბრაზდი, როცა ხედავდი, რომ ატაცის სამი ცდის შემდეგ პირველ ადგილზე ტალახაძის ნაცვლად სხვა გვარი ეწერა?!

- კი, უჩვეულო სიტუაცია იყო, მაგრამ ოლიმპიადაზე მთავარი ორჭიდის ჯამია და თუნდაც მინასიანს აეწია 220 კილოგრამი, ან ლალაიანს გაესწრო ჩემთვის, მზად ვიყავი, ნებისმიერი ჩამორჩენა აკვრაში აღმომეფხვრა.

- აკვრა თუ ატაცი? რომელი უფრო კომფორტული დისციპლინაა ლაშა ტალახაძისთვის?

- ბოლო წლებში ორივეში მიჭირს (იცინის). სინამდვილეში, გამიჭირდება რომელიმეს გამორჩევა. თითქოს ატაცი უფრო მიადვილდებოდა ხოლმე, მაგრამ თანდათანობით აკვრაც გამოვასწორე და დღეს ორივე დისციპლინაში თანაბარი წარმატებით შემიძლია ასპარეზობა.

- სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე - ამ წოდების მოსმენა შენისთანა­ ტიტულოვანი სპორტსმენისთვისაც კი განსაკუთრებული სიამაყის საფუძველი იქნება... უკვე ბოლომდე გააცნობიერე, რომ მესამედ გახდი ოლიმპიური ჩემპიონი?

- მეხუთე ძალოსანი ვარ, რომელმაც სამჯერ მოახერხა ოლიმპიური ოქროს მოგება და ერთადერთი, ვინც ეს მძიმე წონით კატეგორიაში შეძლო! პარიზის ოლიმპიადას ამიტომაც ვანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას და ვიმეორებ - ეს წარმატება სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო იყო ყველაზე "გემრიელი"!

- თუმცა დაჯილდოების შემდეგ ისიც თქვი, გიორგი ასანიძე კი "გავაბრაზე", მაგრამ­ მთავარია, ყველაფერი გეგმის მიხედვით დასრულდაო...

- გიორგი ცოტა მართლაც ვანერვიულე, მაგრამ მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, ეჭვი არც მას შეჰპარვია, რომ ორჭიდის ჯამში პირველობას არავის დავუთმობდი.

- წლევანდელ ოლიმპიადამდე ტრავმის გამო ორი ტურნირი გამოტოვე. წლებია, ხერხემლის თიაქარი გაწუხებს, მაგრამ პერიოდულად სხვა დაზიანებებიც ემატება ხოლმე. მკითხველს უფრო დეტალურად ვუთხრათ, რა ტიპის ტრავმებზეა ლაპარაკი?

- ათი წელიწადია, დიდ ტურნირებში ვმონაწილეობ. მას შემდეგ, რაც უფროსებს­ შორის ვასპარეზობ, არც ერთი დიდი ტურნირი არ გამომიტოვებია და გასაკვირი არ არის, რომ ამხელა დატვირთვების გამო და ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით ტრავმებმაც იჩინა თავი. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში ქირურგიული ჩარევა მაინც არ დამჭირდა. მომავალში რა იქნება, დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ტრავმებს, წლებია, ხერხემლის თიაქარი მაწუხებს და, ფაქტობრივად, მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებით მიწევს ვარჯიში. ამას დაემატა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიღებული მუხლის და მაჯის ტრავმა, რომლის მოსარჩენადაც ორ თვეზე მეტი დამჭირდა... ყველაზე მეტად, ალბათ, მუხლის დაზიანებამ შემიშალა ხელი, რადგან, ფაქტობრივად, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ისე სივდებოდა, სიარული მიჭირდა... საბედნიეროდ, ჩვენი სამედიცინო შტაბის დიდი ძალისხმევით იმდენი მოვახერხეთ, რომ ოლიმპიადამდე დაახლოებით ხუთი თვე მქონდა მოსამზადებლად და საბოლოოდ მივაღწიეთ კიდეც დასახულ მიზანს - მესამე ოლიმპიური ოქრო მოვიპოვეთ.

- ერთია ტრავმის მოშუშება და მეორე - ტრავმის შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემები, შიშისგან გათავისუფლება... შეიძლება მუხლი ან მაჯა მოირჩინო, მაგრამ როცა 200-250 კილოგრამი რკინის ასაწევად დაიხრები, ალბათ, ძალიან რთულია, არ გაიფიქრო, ვაითუ, ისევ მეტკინოსო?!

- ყოველი სერიოზული დატვირთვის წინ ჩნდება შიში, რომ კიდევ ერთი ტრავმა არ მიიღო! მით უმეტეს, კარგად ვიცი, რომ ასაკიდან გამომდინარე, უკვე პიკში ვარ, ყოველწლიურად მიწევს უდიდესი დატვი­რთვების ატანა და ყოველ წუთს არის მოსალოდნელი ტრავმის რეციდივი ან ახალი დაზიანება, რომელსაც არ ელი. ამ მხრივაც­ ყოველთვის გამორჩეული ვარჯიშები გვქ­ონდა, ყველაფერს აკეთებდნენ გიორგი ასანიძე და ავთო გახოკიძე, რომ ჯანმრთელი მივსულიყავი პარიზის ოლიმპიადამდე. რასაც წინა წლებში ვწევდი ხოლმე, ბოლო თვეების განმავლობაში ბევრად განსხვავებული წონებით მიწევდა ვარჯიში - ვერ ვრისკავდით, არც რეკორდებზე გვიფიქრია, რადგან ამ ეტაპზე მთავარი მიზანი მესამე ოლიმპიური ოქრო იყო.

წაიკითხეთ სრულად - პასუხისმგებლობა, რომელიც შტანგაზე მძიმეა