კრიტიკული სიტუაცია დონეცკის ფრონტზე: რუსები წინ მიიწევენ - რა გეგმა აქვს საბოლოოდ კრემლს და რა შანსები აქვთ უკრაინელებს? - კვირის პალიტრა

კრიტიკული სიტუაცია დონეცკის ფრონტზე: რუსები წინ მიიწევენ - რა გეგმა აქვს საბოლოოდ კრემლს და რა შანსები აქვთ უკრაინელებს?

ნოვოგროდოვკა, ტორეცკი, მიხაილოვკა, პავლოვკა, პანტეილოვკა და უგლედარი - ამ უკრაინული დასახლებული პუნქტების ჩამოთვლა ქართველ მკითხველს შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ დღეს სწორედ ამ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს უტევს პუტინის არმია და მათი დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს კიდევ უფრო დაუმძიმდებათ ოპერატიული ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე - უკვე ოკუპირებული დონეცკიდან დასავლეთით...

აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინული მხარისთვის კრიტიკული სიტუაცია დღეს და გუშინ არ შექმნილა. უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის საოკუპაციო ძალები, მიუხედავად უზარმაზარი საბრძოლო დანაკარგებისა, განსაკუთრებული სიჯიუტით გადადიან მუდმივ შეტევებზე ფრონტის ამ უბანზე და მცირე მანძილით წინ მიიწევენ...

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ 6 აგვისტოს განხორციელებული მოულოდნელი შეჭრა უშუალოდ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის კურსკის ოლქში, იმასაც ისახავდა მიზნად, რომ უკრაინელების „სითავხედით“ გამძვინვარებულ კრემლს ებრძანა რუსეთის გენშტაბისთვის სწორედ აღმოსავლეთის ფრონტიდან ყველა ბრძოლისუნარიანი დანაყოფისა და შენაერთის მოხსნა და სასწრაფოდ კურსკის ოლქში გადასროლა, რათა მათ დაუყოვნებლივ დაეწყოთ უკრაინის საექსპედიციო კორპუსის განდევნა რუსეთის ტერიტორიიდან...

1-pronti-1724920689.png
შეიძლება უკრაინელ სამხედროებს წარმატებები აქვთ რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევისა თუ რუსეთის სიღრმეში მორიგი ნავთობბაზების აგიზგიზებაში, მაგრამ უშუალოდ თავის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ფრონტზე, უკან-უკან უწევთ დახევა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევების ფონზე...

ნაწილობრივ ასეც მოხდა და რუსეთის გენშტაბმა მართლაც გადაისროლა უკრაინის ფრონტიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე დანაყოფები კურსკის ოლქში, მაგრამ ეს დანაყოფები, ძირითადად, მოხსნა არა აღმოსავლეთ, არამედ - სამხრეთ ფრონტის ხერსონისა და ზაპოროჟიეს მონაკვეთებიდან, სადაც ისედაც დაბალი ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობდა, ხოლო აღმოსავლეთ ფრონტზე პირიქით - გააძლიერა შეტევების ტემპი...

გამოდის, რომ პუტინი ეგუება რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელების შესაჩერებლად მინიმალური ძალების გადასროლას, სამაგიეროდ, კატეგორიულად მოითხოვს თავისი იმ ბრძანების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გასცა - დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „საზღვრის“ დასაფიქსირებლად...

შეუწყვეტელი შეტევები აღმოსავლეთ ფრონტზე, ჩასოვ-იარის, ტორეცკისა თუ პოკროვსკის მიმართულებით სწორედ ამ ერთ მიზანს ემსახურება - შეჭრა კონსტანტინოვკაში და მთავარი საავტომობილო გზით ჩრდილოეთით აყოლა, კრამატორსკისა და სლოვიანსკის, ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ამ ბოლო, დიდი ქალაქების დასაპყრობად...

2-pronti-1724920750.png
უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილი კრიტიკული სიტუაციის ოპერატიული რუკა, წარმოდგენილი სამონიტორინგო პროექტის DeepState-ს მიერ, რომელზეც 29 აგვისტოს მდგომარეობით მოჩანს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ნაწილობრივ შეჭრილია ჩასოვ-იარში, ტორეცკში, უახლოვდება პოკროვსკს და რაც ყველაზე საშიშია, ალყაში აქცევს კონსტანტინოვკას...

ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს გზა ეხსნებათ დასავლეთით, პავლოგრადისა და თვით დნიპროსკენ ანუ გადიან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე...

კრემლის ერთ-ერთ გეგმაში აუცილებლად იქნებოდა უკრაინის დნეპრის მარცხენა ნაწილის სრული ოკუპაცია, რაც დნეპრის ქვედაწელში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილში ისედაც უკვე განხორციელებულია...

ახლა მართლაც რთული დრო უდგას კიევს - გააგრძელოს კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია თუ მიხედოს კრამატორსკი-სლოვიანსკის დაცვის გაძლიერებას, მით უმეტეს, რომ პუტინი არ წამოეგო ანკესზე და არ აპირებს ჩასოვ-იარზე, ტორეცკზე, პოკროვსკზე, უგლედარზე შეტევების ტემპების შეჩერებას და აქედან მოხსნილი მაღალი ბრძოლისუნარიანი რუსული დანაყოფების გადასროლას საკუთარი კურსკის დასაცავად...