"დავუშვათ, ჩემი შვილი უკანასკნელი ადამიანი იყო და არაფერი ჰქონდა დადებითი, ის კაცი რით არის უკეთესი, რომელმაც 4 შვილის მიმტოვებელი, ჩემი გაქცეული რძალი ცოლად დაისვა"
გიზიარებთ ერთი ოჯახის ისტორიას. სახელები ამბის გმირებს ჩვენი რესპონდენტის თხოვნით შევუცვალეთ.
ნათელა, 70 წლის:
- თანამედროვეობაა და ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდოო, რამდენ რამეს უნდა მოვეკიდოთ გაგებით ძველი ყაიდის ქალები. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, როცა ოჯახში სასურველ რძლად არ გთვლიან და დედამთილი ამრეზით გიყურებს სულ. ერთი დღე არ ვყოფილვარ ბედნიერი, მეუღლის ნათესავების ვალიდან ვერ ამოვედი. არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და მთელი ცხოვრება ამას მაყვედრიდნენ, საიდან სად მოგიყვანეთო. შენმა გარეგნობამ აცდუნა თამაზი, თორემ ჩვენი წრის შესაფერისი არ იყავიო. ასეთი დამოკიდებულების მერე დავიფიცე, რძალს ცუდად არასდროს მოვექცევი და მას როგორც შვილს ისე მივიღებ-მეთქი. ერთი გოგოს და ბიჭის მშობელი ვარ.
ვახომ ცოლის მოყვანა, რომ გადაწყვიტა, არც კი მითხავს ვინ მოყავდა. განათლებული ჭკვიანი ბიჭი იყო და მის არჩევანს პატივს ვცემდი. ამ დროისთვის მე და ჩემს მეუღლეს ყველანაირი პირობა შექმნილი გვქონდა, სოფელში წავედით და ბინა მათ გადავაბარეთ.
აღარ მოვყვები, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩემი რძლის გამო, ესაოდა მე ვწყვეტ ყველაფერსო და სხვების ჯიბრით ვალებიდან ვალებამდე ძლივს გაგვქონდა თავი. 4 შვილიშვილის ხათრით და ბავშვების სიყვარულით ვუძლებდით სანამ შეგვეძლო, ჩემს შვილს ოჯახი რომ არ დანგრედოდა და ჩვენთვის არ დაებრალებინა, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით.
ერთ დღესაც რძალმა გამოგვიცხადა, რომ თურქეთში უნდა წავიდე სამუშაოდ და ქმარს ფინანსურად დავეხმაროო, უარზე იყო ჩემი შვილი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაუშვა და აქედან დაიწყო, რაც დაიწყო. თურმე სამუშაოდ კი არ წავიდა, გაჰყოლია ვიღაც კაცს ცოლად.
დედა ვარ და ალბათ ფიქრობთ, რომ ჩემი შვილი ცუდი ქმარი იყო, აბა ცოლი როგორ გაექცაო, განზრახ არაფერს ვყები, როგორ ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას.
დავუშვათ, ჩემი შვილი უკანასკნელი ადამიანი იყო და არაფერი ჰქონდა დადებითი, ის კაცი რით არის უკეთესი, რომელმაც 4 შვილის მიმტოვებელი, ჩემი გაქცეული რძალი ცოლად დაისვა?!
რა გამართლება აქვს შვილების მიტოვებას, თუ კაცია და ასე უყვარს შვილების მიმტოვებელი ქალი, რატომ ბავშვებიანად არ წაიყვანა, ვინ გაატანდა ბავშვებს, მაგრამ მაინც...
აზრად ვერ მოვდივარ, 4 ბავშვი როგორ უნდა ვანუგეშოთ, რომ ეს ტრავმა შევუმსუბუქოთ. როცა გამოჩნდება და ბავშვების ნახვას მოინდომებს, წარმოდგენა არ მინდა, რა ამბები დატრიალდება ჩვენს თავს... შვილს ვეუბნები, რომ ბავშვებს უნდა მიხედოს, მათი ხათრით შარი არ აიკიდოს, როდემდე უნდა ვიყოთ შიშის ქვეშ?!
მეზობლები მამშვიდებენ, პირველები არ ხართ და არც უკანსკნელები, ვის ოჯახშიც ასეთი რამ დატრიალებულააო.
რა გზას დავადგეთ?