დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებს?! - როგორ "ამოქაჩა" კამალა ჰარისმა და როგორ ცდილობს "დიდი დონალდი" კონკურენტის დამცირებას - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებს?! - როგორ "ამოქაჩა" კამალა ჰარისმა და როგორ ცდილობს "დიდი დონალდი" კონკურენტის დამცირებას

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) თავის 30 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „რესპუბლიკელები შეშფოთებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია კამალა ჰარისის წინააღმდეგ წარუმატებლობას განიცდის“ (ავტორები - ჯეიმს პოლიტი, სტეფანი ჩავესი და ალეკ როჯერსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რესპუბლიკელები, მათ შორის სტრატეგებს და დონორებს, გარკვეული ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებას შეძლებს - ისინი შიშობენ, რომ ექს-პრეზიდენტის წინასაარცევნო გამოსვლებმა ბოლო დღეებში, კამალა ჰარისთან შედარებით დინამიური იმპულსი დაკარგა.

მართალია, რესპუბლიკელები პანიკაში არ არიან ჩავარდნილი, მაგრამ შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპი სათანადოდ ვერ პასუხობს კამალა ჰარისის ეფექტურ შეტევებს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მარგინალურ მოკავშირეებზე - რობერ კენედ-უმცროსზე და ტულსი გაბარდზე განხორციელებულ დარტყმებს.

„თუ დონალდ ტრამპი ბრძოლას ასეთი დაბალი ტემპით გააგრძელებს, ის არჩევნებს წააგებს“, - ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ერიკ ლევინი, ნიუ-იორკელი იურისტი და ცნობილი რესპუბლიკელი სპონსორი, - „ერთადერთი ხერხი იმ ამომრჩევლების მისაზიდად, რომლებიც კამალა ჰარისის მომხრეებად ითვლებიან, წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიის შეცვლა წარმოადგენს“.

ეს ეჭვები და შეშფოთებები ასახავს იმ შესამჩნევ ცვლილებას გასულ თვესთან შედარებით, როცა დონალდ ტრამპმა, გამოკითხვების თანახმად, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია ჯო ბაიდენთან დებატებში და განსაკუთრებით მასზე განხორციელებულ ტერაქტის მცდელობის შემდეგ, როცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას პრეზიდენტის პოსტი „უკვე ჯიბეში აქვს“. მაგრამ შემდეგ კამალა ჰარისი გააქტიურდა...

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო-საარჩევნო რბოლაში ჯო ბაიდენი ჩაანაცვლა, მთელი დემოკრატიული პარტიის მობილიზაცია გამოაცხადა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოწირულებები დააგროვა - რის გარეშეც მას ძალიან გაუჭირდებოდა არჩევნებამდე დარჩენილ ორიოდე თვეში აქტიური ბრძოლის გამოცხადება დონალდ ტრამპისათვის.

რესპუბლიკელი სტრატეგ-ანალიტიკოსი ჯონ ფიგერი პარტიის წევრების მდგომარეობას „ნერვიულს“ უწოდებს დონალდ ტრამპის მოქმედების გამო: „ისინი შეშფოთებულები არიან იმით, რომ დარჩენილ მოკლე დროში იძულებულნი იქნებიან ერთგვარი პასიურობის შედეგები გამოასწორონ და წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო გაამკაცრონ - კამალა ჰარისის უარყოფით როლში წარმოსაჩენად“.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თავის დემოკრატ ოპონენტს კამალა ჰარისს მოიხსენიებს „რადიკალ-სოციალისტად“, მიმართავს მას როგორც „ამხანაგი კამალა“, „მუდმივად ყველაფერზე მომცინარი კამალა“ და უწოდებს „პოლიტიკურ ქამელეონს“, რომელიც მუდმივად ცვლის თავის პოლიტიკურ პოზიციას.

დონალდ ტრამპი ოპონენტს მოურიდებლად თავს ესხმის, თანაც გარკვეული წესების დარღვევით, როცა ეჭვს გამოხატავს მის ეთნიკურ-რასობრივ წარმომავლობასთან დაკავშირებით. იგი სოციალურ ქსელებში ავრცელებს საკმაოდ უცნაურ უცენზურო პოსტებს. გასულ ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა თავის ქსელში განათავსა საიდანღაც ამოღებული სექსისტური მასალა კამალა ჰარისზე და და მის აქტიურ მხარდამჭერ ჰილარი კლინტონზე.

„ფაინენშელ თაიმსის“ მონაცემებით, ამჟამად კამალა ჰარისი ეროვნულ გამოკითხვებში დონალდ ტრამპს 3,7 პუნქტით წინ უსწრებს, რაც ერთგვარი კომპენსაციაა ჯო ბაიდენის ჩამორჩენისათვის. იგი ლიდერობს ბევრ შტატშიც.

„ბოლო თვის შედეგების თანახმად, რესპუბლიკელებში იმედგაცრუების გრძნობა იზრდება. სამწუხაროდ, კამალა ჰარისი უფრო აქტიური გამოდგა“, - ამბობს რესპუბლიკელი კევინ მედენი, - ვნახოთ, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე გადადის“.

და მაინც, დონალდ ტრამპთან ახლოს მდგომი ზოგიერთი რესპუბლიკელი დონორი იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩამორჩენას „ამოქაჩავს“ 10 სექტემბრის სატელევიზიო დებატების დროს, როცა ტრამპი და ჰარისი ეკონომიკაზე და იმიგრაციის საკითხებზე პაექრობას დაიწყებენ.

ერთ-ერთი დონორის ტონი ფაბრიციოს აზრით, კამალა ჰარისის წარმატება დროებითი და ის ხანგრძლივი არ იქნება - გამოკითხვების შედეგები მაინცდამაინც ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა: „2008 წელს ჯონ მაკ-კეინი ბარაკ ობამას ოთხი პუნქტით უსწრებდა, მაგრამ გაიმარჯვა ობამამ. 2016 წელს ჰილარი კლიმტონი დონალდ ტრამპს 7 პუნქტით უსწრებდა, მაგრამ გაიმარჯვა ტრამპმა... მოკლედ, მსგავსი სირთულეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ისინი დროებითია“, - აცხადებს ტონი ფაბრიციო.

ქეროლაინ ლივიტი, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრეს-მდივანი, ამბობს, რომ „კამალა ჰარისის თაფლობის თვე თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება - სულ უფრო მეტი ამერიკელი აცნობიერებს იმას, თუ რაოდენ საშიშია ლიბერალი კამალა ჰარისი სინამდვილეში“.

„დონალდ ტრამპს ყველაფერი აქვს 5 ნოემბერს გასამარჯვებლად: უნარი, ენთუზიაზმი, ტაქტიკა და გამოცდილება“, - აცხადებს ქეროლაინ ლივიტი.

მაგრამ რიგი დონორების აზრით, დონალდ ტრამპისათვის საზიანო იქნება რობერტ კენედ-უმცროსისა და ტულსი გაბარდის მის მხარეზე გადასვლა, რადგან ორივე ცნობილნი არიან როგორც შეთქმულების თეორიისა და ავტოკრატიის მომხრეები.

ზოგიერთი რესპუბლიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპისათვის უკეთესი იქნება ნიკი ჰეილს (აშშ-ის ყოფილ ელჩს გაეროში და ტრამპის თანაპარტიელს, იმავდროულად მის მოწინააღმდეგეს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის რბოლას ადრევე ჩამოსცილდა) თავის საარჩევნო გუნდში გადასვლა შესთავაზოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო