"ერთხელ, სიზმარში ვნახე ახალგაზრდა გოგო, რომელმაც ხელი ჩამკიდა და ეკლესიის ეზოში დამტოვა. იმ ნინოობას, ტაძარში მისულმა ვნახე, რომ ხატზე ჩემს სიზმარში ნანახი გოგო იყო გამოსახული, გავოგნდი" - კვირის პალიტრა

"ერთხელ, სიზმარში ვნახე ახალგაზრდა გოგო, რომელმაც ხელი ჩამკიდა და ეკლესიის ეზოში დამტოვა. იმ ნინოობას, ტაძარში მისულმა ვნახე, რომ ხატზე ჩემს სიზმარში ნანახი გოგო იყო გამოსახული, გავოგნდი"

მონასტერში 17 წლის წავიდა, შემდეგ კი მის გზას ასაკოვანი პაპაც შეუერთდა,

რომელიც ყინწვისში დღესაც მსახურობს - საუკუნეს მიტანებული სასულიერო პირი სხვებივით მარხულობს და საათობით, მუხლმოყრილი ლოცულობს. ბერმონაზონ ანგელოსი (ერისკაცობაში გიორგი) კოკოლიშვილს ჟურნალი "გზა" დაუკავშირდა და თავისი ამბის მოყოლა სთხოვა.

- გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახიდან ვარ... 7 წლიდან სტიქაროსანი ვიყავი. ვფიქრობ, ტაძარში ჩემი მისვლაც სასწაულს უკავშირდება - არც მე და არც ჩემს ოჯახს მანამდე ეკლესიურად არ გვიცხოვრია. და ისედაც პატარაა - 14 წლის. პაპაჩემს ღმერთის სწამდა, ეკლესიაში დღესასწაულებზე დადიოდა. ვიდრე 7 წლის არ გავხდი, ტაძართან არავითარი შეხება არ მქონია. ერთხელაც, შუადღეს დავიძინე და სიზმარში ვნახე ახალგაზრდა გოგო, რომელმაც ხელი ჩამკიდა და ჩემი სოფლის გვერდით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წამიყვანა, ეზოში დამტოვა. ტაძრის შესახებ ვიცოდი, რადგან მის გვერდით არის დიდი მაღაზია, სადაც ხშირად ვყოფილვართ მე და ჩემი ოჯახი, ეს ტაძარიც ნანახი მქონდა, მაგრამ შიგნით არასდროს შევსულვარ. ტაძარში ჩემები არ დადიოდნენ და მე ვინ წამიყვანდა?.. გამეღვიძა თუ არა, ერთ საათში პაპაჩემი მოვიდა იმ მაღაზიიდან და თქვა, - დღეს ნინოობა ყოფილა. რომ გამოვიარე, იმ ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო. შევედი, სანთლები დავანთეო. ეს იყო 27 იანვარი... დედაჩემი მეზობელთან გახლდათ, მე კი ჩუმად გავიპარე და იმ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახლიდან კილომეტრ-ნახევარზე შორს არის, მარტო წავედი. ტაძრის შუაში (ანალოღია ჰქვია იმ ადგილს), სიზმარში ნანახი გოგო იყო გამოსახული, ანუ წმინდა ნინოს ხატი გახლდათ დასვენებული.

გავოგნდი. თან სიხარულს ვერ ვმალავდი... მესანთლე ქალს ვკითხე, აქ წირვა-ლოცვა ტარდება-მეთქი?.. კი, საღამოს ლოცვა იქნება, ზეგ კი, უკვე წირვა ჩატარდებაო...

სახლისკენ მომავალ გზაზე ისეთი გახარებული მოვდიოდი, ვერც კი ვიგრძენი, ქუდი რომ არ მეხურა... როგორც კი გათენდა, სკოლაში წასასვლელად გავემზადე და მაშინ აღმოვაჩინე, ქუდი არ მქონდა... მივხვდი, ეკლესიაში დამრჩა. სკოლიდან დაბრუნებულმა დედას ვუთხარი: წავედი, ჩემი ქუდი უნდა მოვიტანო-მეთქი...

- ტაძარში ლოცვა ტარდებოდა?

- დიახ, მამა დავით ბოტულაშვილმა ჩაატარა, რის შემდეგაც ზეთიც გვაცხო და გამოაცხადა, ხვალ დილის 9 საათზე წირვა ჩატარდებაო. იქამდე წირვას არასდროს დავსწრებივარ და მაინტერესებდა. შინ მომავალი, მთელი გზა გულში ჩუმად ვლოცულობდი: ღმერთო, ოღონდ ხვალ დედაჩემმა ეკლესიაში გამიშვას-მეთქი. მართლაც, მოხდა სასწაული და გამიშვეს. წირვის შემდეგ ხალხი რიგში ჩადგა. მესანთლეს ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? მრევლი აღსარებას აბარებს, ანუ თუ რამე დაგიშავებია, ყველაფერი მამაოს უნდა უთხრაო... მეც მივედი და მოძღვარმა რაც მკითხა, ყველაფერზე ვუპასუხე. საუბრის შემდეგ შევნიშნე ადამიანი, რომელსაც წითელი საეკლესიო შესამოსელი ეცვა. მომეწონა და მამა დავითს ვუთხარი, მეც მინდა "სტრიქაროსტნობა"-მეთქი, ეს სიტყვა სწორად როგორ გამოითქმოდა, ისიც არ ვიცოდი... მან მიპასუხა, - თუ სტიქაროსნობა გინდა, დღეს საღამოს, ფერისცვალების ეკლესიაში მოდი და გახდებიო... მენდო და მაკურთხეს სტიქაროსნად. სტიქარიც გამატანეს, - გარეცხე, შესაძლოა, დასვრილი იყოსო... დედა ამ სიახლეს დიდი სიხარულით არ შეხვედრია, ის კი არა, გაბრაზდა კიდეც, სტიქარიც არ გამირეცხა. ფიქრობდა, რომ უნდა მესწავლა და ჩემი ცხოვრება სხვა გზით უნდა გაგრძელებულიყო. სკოლაში მართლა კარგად ვსწავლობდი და მიაჩნდა, რომ ეკლესიაში სიარული საჩემო საქმე არ იყო, უნდა მესწავლა, სხვა გზა ამერჩია. თავად ჩემი მშობლებისთვის ეკლესიური ცხოვრება უცხო იყო... საღამოს, იმ სიცივეში, სამოსი ჩემი ხელით გავრეცხე. ზამთარი იყო, მაგრამ დილამდე გაშრა... დილით დედამ გამაღვიძა და მითხრა, - ახლა ეს სტიქარი ეკლესიაში წაიღე და უთხარი, დედ-მამა არ მრთავს ნებას სტიქაროსანი რომ ვიყოო... წავედი ტაძარში, მაგრამ რაც დედამ დამაბარა, არ მითქვამს. შინ გულდამძიმებული დავბრუნდი და მას შემდეგ, ერთი კვირა, სკოლაში მიმავალი თუ მომავალი, გულში ბავშვურად ვლოცულობდი, რომ შაბათ-კვირას მშობლებს ტაძარში გავეშვი. უფალი ადამიანის გულს ხედავს, განსაკუთრებით კი, ბავშვის ლოცვას შეისმენს, ამის მწამს და ასეც მოხდა, - პარასკევს საღამოს დედას ვუთხარი, ხვალ ტაძარში უნდა წავიდე-მეთქი. არაფერი უთქვამს... ასე დაიწყო ჩემი საეკლესიო ცხოვრება. 15 წლამდე, სოფელ ანაგის ფერისცვალების ტაძარში ვიარე. ასაკით ყველაზე პატარა სტიქაროსანი ვიყავი, მაგრამ სხვებივით ვშრომობდი. იქამდე დამოუკიდებლად თბილისში არასდროს ვყოფილვარ, მარტო ვინ გამიშვებდა? ერთი სიტყვით, დედას ეგონა, რომ ტაძარში მივდიოდი და პატრიარქის სიყვარულით, 15 წლის თბილისში გამოვიპარე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ის ახლოდან ვნახე და თბილისში გადმოსვლა გადავწყვიტე.

- რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს?

- სხვათა შორის, ოჯახი მარტივად დავითანხმე, განსაკუთრებით, პაპა, რომელიც პატრიარქს წლების წინ შეხვდა და მგულშემატკივრობდა... კახეთში იყო ჩამობრძანებული და მეუფე ათანასეს დახმარებით შეხვდა მას. ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, კახეთიდან თბილისში მივდიოდი და ყოველ კვირას, პატრიარქის წირვებს ვესწრებოდი, სტიქაროსანი ვიყავი. ამის შემდეგ, მამა გაბრიელის წიგნი წავიკითხე და იმდენად იმოქმედა, მონასტერში წასვლის სურვილი გამიჩნდა... რა თქმა უნდა, მშობლები სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ, განსაკუთრებით, მამა, მონასტერში კი მშობლების ნებართვის გარეშე არ მიმიღებდნენ. იმ პერიოდში მამა გაბრიელი, როგორც წმინდა მოღვაწე ახალი აღიარებული იყო. სახლში მისი სახელობის ხატი გვქონდა, ჩემმა მოძღვარმა მაჩუქა. არაერთმა ადამიანმა შენიშნა, რომ ეს თვალები ხან ღია ჰქონდა, ხან დახუჭული, ახლაც ასეა. მშობლების წინააღმდეგობის შემდეგ, მონასტერში ვერ წავედი და ძალიან განვიცდიდი, მთელი ღამე, შუაღამემდე ვერ დავიძინე, ვლოცულობდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, - უფალო, ან ჩემი მშობლები დამთანხმდნენ ამ ნაბიჯზე, ან როგორმე გულიდან და თავიდან ამომივარდეს ეს აზრი-მეთქი.

სასწაული მოხდა - ღამენათევი ვიყავი და მეორე დღეს გვიან გავიღვიძე, უფრო სწორად, დედამ გამაღვიძა და მითხრა: შვილო, ჩანთა მზად არის, მონასტერში წადიო.

- რა შეიცვალა?

- მაგიდაზე, რომელზეც მამა გაბრიელის ხატი იყო დასვენებული, გარშემო სულ მირონი იყო, თითქოს ვიღაცამ ვედროთი შეასხაო. მაგიდაც, ხატიც და იატაკიც კეთილსურნელოვანი მირონით იყო გაჟღენთილი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. ბამბით ამოვაშრე და სურნელს დღესაც ინარჩუნებს. მივხვდი, წმინდა მამა გაბრიელმა მონასტრისკენ მიმავალი გზა დამილოცა და თბილისში, წმინდა გიორგის სახელობის მონასტრისკენ გზას გავუდექი. იქ მცირე ხანს დავყავი და შემდეგ, ძამას ხეობაში არსებულ ყინწვისის მამათა მონასტერში გადავედი. მერე, დედაჩემის სურვილით, უცხოეთში წავედი - საბერძნეთში, საეკლესიო სასწავლებელში უნდა მესწავლა, იქ ახლობლებიც მყავდა. საბუთები გამზადებული მქონდა, თუმცა ერთ დღესაც მივხვდი, საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. აქედან ერთი წლის შემდეგ, ბერად აღვიკვეცე და მას მერე ძამას ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობ.

- და მაინც, რა სირთულეები ახლდა ამ გადაწყვეტილებას?

- ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო. ოჯახს შვილი მაინც თავისთვის უნდა, შთამომავლობა, გვარის გამგრძელებელი უნდოდათ და გაუჭირდათ ამის მიღება. თუმცა, შემდეგ თავადაც დაიწყეს ეკლესიაში სიარული, რწმენის გზას შეუდგნენ და თანდათან შეეგუვნენ. დედ-მამა და პაპაჩემიც კი, ერისკაცობის სახელით არ მომმართავენ, ან შვილოს მიწოდებენ, ან მამაოს. არადა, მყავს მეგობრები, სასულიერო პირები, რომელთაც ოჯახში საერო სახელით მიმართავენ.

- პაპაზეც გვიამბეთ. კომუნისტურ წლებში უცხოვრია და მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ცდილობდა, ეკლესიურად ეცხოვრა, არა?..

- დიახ, პაპა 85 წლის არის, საქართველოს ეკლესიის უხუცესი ბერია, რაც კახეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. კომუნისტების დროს, სოფელ კარდანახის XII-XIII საუკუნის ეკლესიაში, რომელიც უპატრონოდ იყო მიტოვებული და საქონლის სადგომად ქცეული, პაპაჩემი შუაღამე მიდიოდა და იქაურობას ნიჩბით ასუფთავებდა. პაპაჩემის მამა, რომელსაც აბრაამი ერქვა, ჯარში რომ წაუყვანიათ, პაპა ერთი წლის ყოფილა. ყველა ელოდებოდა მის დაბრუნებას და ცოლმა, ანუ პაპაჩემის დედამ ძროხა შეუთქვა, - ოღონდ ცოცხალი დამიბრუნდეს და შევწირავო... საქონელი 5 წლის რომ გახდა, ჯარიდან წერილი მოსულა, თქვენი შვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგაო, ანუ პაპა დაობლდა. დედამისი მეტჯერ აღარ გათხოვილა. ძროხა დაუკლავთ და მაშინდელი ტრადიციების მიხედვით, მისი შარდის ბუშტი გაუბერავთ. პაპას, რომელიც მაშინ თურმე მცირეწლოვანი იყო, წიხლი ამოარტყმევინეს... ამის გაკეთებისთანავე, მუხლებში მოწყვეტილივით დავარდნილა. როგორც კი წამოაყენებდნენ, ვარდებოდა თურმე. რამდენიმე დღის შემდეგ, სოფელ ანაგის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიასთან არსებულ მამათა მონასტერში მიუყვანიათ, სადაც წლების განმავლობაში, ერთი ღრმად მორწმუნე ქალის გარდა არავინ ცხოვრობდა. ადგილობრივები მას ღვთის მონას ეძახდნენ. ეს ამბავი გაუგია და მისივე ინიციატივით მიიყვანეს. პაპის დედისთვის შეუთვლია, - მოიყვანეთ და განვკურნავო. მართლაც, მიუყვანიათ. მას თეთრები ჩაუცვამს და ტაძარში დაუწვენია. ორი კვირა ლოცვებს უკითხავდა, შემდეგ კი, ერთ დღესაც, პაპა წამომდგარა და შინ თავისი ფეხით წამოსულა. ეს იყო იმ წლებში, როდესაც ღმერთის ხსენებაც აკრძალული გახლდათ. პაპაჩემსა და მის ოჯახს უფლის სწამდათ... ამიტომ, როდესაც პაპას ვეკითხები, - როდიდან გაქვს ღმერთის რწმენა-მეთქი? მპასუხობს, 5 წლიდანო, რადგან მთავარანგელოზის მოწყალება საკუთარ თავზე გამოცადა.

- ბერობა როდის გადაწყვიტა?

- მას შემდეგ, რაც მორჩილი გავხდი და ყინწვისის მამათა მონასტერში დავიწყე მოღვაწეობა, ერთხელაც, პაპაჩემს ვუთხარი, მეუღლე უკვე გარდაცვლილი გყავს, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები გყავს, ჯანმრთელობაც კარგი გაქვს და წამოდი ეკლესიაში-მეთქი, რაზეც კატეგორიული უარი განმიცხადა. მერე მე ბერად აღვიკვეცე და ერთხელაც დამირეკა, - სასწრაფოდ სახლში ჩამოდიო. შემეშინდა, ხომ მშვიდობა აქვთ-მეთქი?.. შეშინებულმა დედას დავურეკე, მან კი მითხრა, მთელი დღეა შენ გახსენებს, ერთი ჩამოდი, ნახე, რა ხდებაო... რომ ჩავედი, პაპამ მკითხა: გახსოვს, წლების წინ რომ მითხარი, არ გინდა მონასტერში წამოხვიდეო?.. - კი-მეთქი. - ჰოდა, ახლა მზად ვარო... ეს იყო 2023 წლის 25 სექტემბერი. მეორე დღეს წამოვედით ყინწვისში, სადაც აღსარება იქაურ მღვდელს, მამა სევერიანეს ჩააბარა, რომელიც მისი პირველი მოძღვარი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ კი სთხოვა, - თუ ჩემნაირ უხეირო კაცს მიიღებთ, მზად ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ღმერთს ვემსახუროო. მისმა მოძღვარმა წარადგინა პაპას ბერად აღკვეცის საკითხი მეუფესთან, ის ამოვიდა მონასტერში, გაიცნო პაპაჩემი, ისაუბრეს, რის შემდეგაც მითხრა: ბედნიერი ხარ, ასეთი პაპა რომ გყავს, ხვალ ის უმაღლეს საფეხურში, დიდ სქემაში აღიკვეცება ბერადო... ძალიან გამიხარდა, რადგან მეუფემ ყველაფერი გაითვალისწინა, მისი წარსული, ღვთისადმი სიყვარული უღმერთობის ხანაში, ასევე, მისი ასაკი და შესაბამისად, მეორე დღესვე - 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე აღკვეცეს ბერად და მოსე დაარქვეს, იგი არის სქემ-ბერმონაზონი... ჩვეულებრივ იცავს მარხვას და საათობით, მუხლმოყრილი ლოცულობს. ეს დაუშვა ღმერთმა, ისე, როგორც მონასტერში ჩემი წასვლა.

მას შემდეგ, რაც პაპაჩემი იქ დარჩა, მე მეუფის გადაწყვეტილებით, იანვრიდან, ასევე ძამას ხეობაში, წმინდა გიორგის მამათა მონასტერში სრულიად მარტო ვმსახურობ. ეს არის სოფელ ელაქიაანთკარში... ერთხელაც, შუაღამისას, თითქმის გამთენიას, მამა გაბრიელის სიზმრისეული გამოცხადება მქონდა. მითხრა, შენ ვისაც ლოცვებს წაუკითხავ, სამუდამოდ განიკურნებაო, რის შემდეგაც, საჯანმრთელო ლოცვების კითხვა დავიწყე სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის; სიარულის პრობლემის მქონეებისთვის და ასევე, ვკითხულობ ჯადოს მოსახსნელ ლოცვებს... არ მინდა ამპარტავნებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ღმერთი ნამდვილად უშვებს სასწაულს - სახარებაში წერია, სასწაულს ცრუ და მემრუშე მოდგმა ეძებსო. როდესაც მორწმუნე ადამიანი სასწაულს გულწრფელად არ ეძებ, მასზე ღმერთი მოავლენს სასწაულს, რათა რწმენაში კიდევ და კიდევ განმტკიცდეს.

უამრავ ადამიანს ჯადოსი არ სჯერა, რაც შეცდომაა, როგორც ღმერთისა და კეთილი ანგელოზების ძალას ვაღიარებთ და გვჯერა მათი არსებობის, ასევე არსებობს ბოროტი ძალა - დაცემული ანგელოზები, რომელთაც ეშმაკები ეწოდებათ. უკუღმართ ლოცვასა და წყევლას დიდი ძალა აქვს, რასაც ოჯახები და თაობები ამოუწყვეტია.

- თქვენ ამბობთ, რომ ბოროტი ლოცვაც არსებობს?

- დიახ, სახარებაში წერია: ლეღვის ხე შეირისხა და გახმაო. ისე, როგორც დალოცვას აქვს ძალა - ღმერთმა გაგახაროთო, ასევე ბოროტ სიტყვასაც, წყევლასა და უკუღმართ ლოცვას აქვს ძალა. ნახევარ საქართველოს ჯადო აქვს - შვილი დედას წყევლის და დედა - შვილს, ოჯახის წევრები ერთმანეთს. მე მაქვს უძველესი, მე-17 საუკუნის წიგნი, რომელშიც ბერის საკითხავი ლოცვები წერია და მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებისთვის მათი წაკითხვა დავიწყე. ამ წიგნის ჩემს ხელში აღმოჩენაც სასწაულია. ერთ-ერთმა ღვაწლმოსილმა სასულიერო პირმა მიბოძა, რომელიც უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მის ვინაობას ვერ გავამხელ... ლოცვების დაწყების შემდეგ, სასწაულებმაც არ დააყოვნა - ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორივე ფეხით სნეული ადამიანი მოსულა, პირველი არა, მაგრამ რამდენიმე ლოცვის შემდეგ, განმიკურნავს. ამას მე კი არ ვახდენ, ღმერთმა დამიფაროს ეს ვთქვა, ამას უფალი აკეთებს ჩვენთვისვე, რათა ადამიანები რწმენაში განმტკიცდნენ.

ჯადოზეც გეტყვით: ვისზეც ვამბობ, პოლიტიკოსი რომ არ იყოს, დავასახელებდი, მაგრამ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან. მისი ცოლი მოვიდა, ფოტო მომიტანა, ბოლო ხანებში საქმე უკან მისდის, არადა, ეკლესიაშიც დავდივარ, მოძღვარიც მყავსო, შემომჩივლა... მას წავუკითხე ლოცვა. მისი წაკითხვისას, ტაძარში მხოლოდ მე და ის ქალბატონი ვიყავით, მძღოლი გარეთ ელოდებოდა. ამ ქალს თან სჯეროდა ჯადოსი, თან - არა. როდესაც ლოცვა დავასრულე, ფოტო შემოატრიალა და ქაღალდი, რომელზეც ადამიანი იყო გამოსახული, სრულად გაშავებულიყო... ამ ლოცვების შემდეგ, ფეხზე უფრო მყარად დადგა.

სხვა ამბავსაც გიამბობთ: ერთხელ, პაპაჩემი მონასტერში ცოტა შეუძლოდ გახდა და კახეთში წავიყვანე, რაღაც დროის შემდეგ კი მის სანახავად წასვლა გადავწყვიტე. საღამო ხანს, მონასტერში ბევრი მომლოცველი მოდის და გვიან მომიწია წასვლამ. ისანში მივედი, კახეთისკენ მიმავალ მანქანას რომ გავყოლოდი. იქ ვიღაც ჩემი ასაკის ბიჭი შევნიშნე, ძალიან კარგი გარეგნობის, ნასვამი იყო და ყველას უშარდებოდა. მძღოლსაც აუშარდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდი დასანახავი იყო და ჯვარი გადავწერე, ისე, რომ მას არც დაუნახავს, რადგან ზურგით იდგა. მძღოლმა და იქ შეკრებილმა ადამიანებმა დაინახეს... როგორც კი ეს გავაკეთე, ძირს დაეცა და ღრიალი მორთო. სახე სრულიად შეცვლილი ჰქონდა, ვერ დგებოდა, თვალებზე ხელები აიფარა და განწირული ხმით დაიწყო კივილი, - შენ მე მებრძვიო. მთელი ცხოვრება მე ეშმაკს ვებრძვი, სხვას კი არაფერს... როდესაც მესამედ გადავწერე პირჯვარი, ის წამოდგა, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ ხალხმა რწმენა დაკარგა - მაშინ, როდესაც მე პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი, სამების საკათედრო ტაძარი სავსე იყო მლოცველით, თუმცა, ბოლო წლებში ძალიან დააკლდა მრევლი ეკლესიას; ეს იმის ბრალია, რომ რასაც სამღვდელოებაზე წერენ და ამბობენ, სამწუხაროდ, 90% მართალია. მღვდელზე პედოფილიაო, რომ იტყვიან, ამის შემდეგ ეკლესიაში შვილს ვინ გაუშვებს?.. ჯანდაბას, ჯიპი ჰყავდეთ, მაგრამ ზნეობრიობას არაფერი უდგას წინ, ამის გამო კარგავს ეკლესია მლოცველს. ადამიანები ვართ. არც მე დავბადებულვარ ბერად, ერობიდან მოვდივარ და ვიცი, იქიდან ბევრი რამ ცუდად ჩანს.

შეცდომას ყველა უშვებს, ქრისტეს გვერდით მყოფმა ორმა მოციქულმა დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარია, სინანული. ამას იმიტომ ვყვები, რომ ამ ფონზე, ღმერთი, სადღაც გადაკარგულში, ქარელის რაიონში კიდევ უშვებს ხილულ სასწაულს, რისთვისაც დიდება უფალს!..

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"