"ბაბუაჩემი ცალხელა იყო და ჩემი დაბადებისას თოფი ვერ გაისროლა, ამიტომ ჩემს ყოველ დაბადების დღეზე ხე რგავდა. ტრადიცია მეც გავაგრძელე. მახსოვს, ერევანში, ჯარში ყოფნისას, ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ღობის შორიახლოს დავრგე" - კვირის პალიტრა

"ბაბუაჩემი ცალხელა იყო და ჩემი დაბადებისას თოფი ვერ გაისროლა, ამიტომ ჩემს ყოველ დაბადების დღეზე ხე რგავდა. ტრადიცია მეც გავაგრძელე. მახსოვს, ერევანში, ჯარში ყოფნისას, ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ღობის შორიახლოს დავრგე"

"ვიღაცამ კომენტარი დამიწერა, - შენ ჭამე ცეცხლი და ნავთიო! ბევრი ვიცინე. გამლანძღა? არ "გამოვეკიდები". მლანძღოს და იყოს, რა ვქნა ახლა? თანავუგრძნობ... ამის გამო ვიტკენ გულს? იყოს, არ დავეძებ..."

"ბაბუაჩემი ცალხელა იყო: მატარებელში ჩავარდა და ცალი (მარჯვენა) ხელი მატარებელმა მოაჭრა. როცა დავიბადე, იმ პერიოდში, ბიჭების გაჩენისას თოფს ისროდნენ. ბაბუას თოფი არ ჰქონდა. თან, მარცხენა ხელით ვერც გაისროდა. შემდეგ მითხრა, - შენი დაბადების დღეს ხე დავრგე და ასე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს ყოველ დაბადების დღეზე ხის ნერგს დავრგავო. 6 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმ წელს ხის დარგვა მოასწრო. მერე, 7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში (ჭიათურაში) წამიყვანა, ორმო ამოთხარა და ნერგი ჩამარგვევინა, - აი, ხომ გახსოვს, ბაბუა რას გეუბნებოდა? ამიერიდან ხე ჩვენ უნდა დავრგოთ, ტრადიცია არ დავარღვიოთო... მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა ხე დამოუკიდებლად პირველად დავრგე. მას მერე, წელი არ "ჩამიგდია" - ჩემს დაბადების დღეზე ხეს სულ ვრგავ. ერევანში, ჯარში ყოფნის დროსაც კი დავრგე: ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ნაწილში, სადაც ვმსახურობდი, ღობის შორიახლოს დავრგე. წყალს სულ ვუსხამდი..."

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალური ქსელების თითქმის ყველა პლატფორმაზე პოპულარულია,

სადაც თავის ოთხფეხა და ფრთოსან მეგობრებსაც გვაცნობს ხოლმე. ახლახან იხვის ჭუკს - მაშოს დაუმეგობრდა, რომელმაც რა თქმა უნდა, ხალხის სიმპათია მალევე დაიმსახურა... რატომ ატარებს შვებულების პერიოდს თბილისში და კიდევ რომელ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ასეთი რამ გამოვიგონე: როცა შვებულება მეწყება, შინაგან ხმას მეტად ვუსმენ, რა უფრო გამიხარდება - ხმაურიანი ადგილი, ზღვა თუ მთა?.. რამდენიმე წელია, გადავწყვიტე და ასე ვიქცევი: როცა თბილისიდან ყველა გადის, მე დედაქალაქში ვრჩები, ვცდილობ მარტო, ჩემთვის ვიყო - როცა მინდა ავდგები, როცა მინდა დავწვები... ასე ვისვენებ. ბოლომდე ნირვანა მაქვს მოწყობილი. ვკონტაქტობ ჩემს ფრინველებთან, ცხოველებთან... ასეთ ნეტარებაში ვარ. როცა აგვისტო დასრულდება და ყველა ჩამოვა, მერე მივდივარ თბილისიდან მშვიდ გარემოში.

gia-jajanidze-1725002719.jpg

- წელს რომელ მეგობრებთან ერთად ცხოვრობთ?

- მყავს შინშილები, ზღარბები... ახლახან ჩემმა ზღარბმა იმშობიარა და 2 შვილი - ჟიპია და პიჟია შეეძინა.

- თქვენი ზღარბების დაბადება ინტერნეტსივრცეში ლამის მთავარი მოვლენა იყო, მაგრამ მათი სახელების ისტორია არ ვიცი - რამე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვს?

- არა. ახალნამშობიარევი ზღარბი რომ დავინახე, წამოვიყვირე: ვაიმე, ჟიტია და პიჟია-მეთქი. ჰოდა, ეს სახელები დაერქვათ.

- საერთოდ, ზღარბები თქვენთან როგორ მოხვდნენ?

- მაჩუქეს. პატარები იყვნენ. ვოცნებობდი, - ნეტავ, დედალ-მამალი იყოს-მეთქი. თუ არ იქნებოდნენ, ნუ იქნებოდნენ - ვიყავი ჩემთვის, ბედნიერად... ორსულად თუ იყო, ვერც გავიგეთ, რადგან ზღარბი ხომ ისედაც "გაბერილია", არა? სახლში შემოდიოდა ხოლმე. მიკვირდა, - ზღარბს სახლში რა უნდა-მეთქი? ეტყობა, "მიზეზობდა"... მერე კიბეზე მხვდებოდნენ დედალ-მამალი. ერთხელაც მხოლოდ ერთი ზღარბი დამხვდა. უცბად ავნერვიულდი. თურმე, დედალმა იმშობიარა!.. ძალიან გახარებული ვიყავი...

- როგორ აგრძელებენ ცხოვრებას?

- საოცრად! ვნახე, დედა ზღარბი თავის შვილს ძუძუს როგორ აწოვებდა... ასე ბედნიერად იზრდებიან ჩემი ჟიტია და პიჟია.

jajanidzeeeeeee-1722618905.jpg

- შინშილებზეც გვიამბეთ...

- თავდაპირველად შინშილა მაჩუქეს, მაგრამ გავაჩუქე. ვისაც ვაჩუქე, იმ ადამიანმა ნატუკა გულისაშვილს აჩუქა. წლების მერე, ნატუკამ მე მაჩუქა (გულში მინდოდა, შინშილა მყოლოდა): მომიყვანა დედალი, მამალი და შვილი ანუ ჩემ მიერ გაჩუქებული შინშილა შთამომავლით - სიკეთე უკან დამიბრუნდა. მათი სახელებია: სესონა, პესონა და ჩესონა. ეს სახელებიც მათი დანახვისას აღმომხდა და ასე დაერქვათ.

- მათ მოვლაში ვინმე გეხმარებათ?

- დედა მეხმარება და ასე ბედნიერად ვცხოვრობთ.

- კიდევ "ვისთან" მეგობრობთ?

- ამ ეტაპზე, ჩემი იხვი მთავარი ფიგურაა. ერთ-ერთ ტბაზე გედს პატარა კვატია შეუყვარდა. სულ ერთად იყვნენ, ერთად დაცურავდნენ. ერთი-ორჯერ "რომანტიკულ სიტუაციაშიც" შენიშნეს... იხვმა კვერცხების დადება დაიწყო. ჩვეულებრივზე დიდ კვერცხებს დებდა. ერთ-ერთიდან ჩემი დედალი იხვი გამოიჩეკა, რომელსაც მაშო ჰქვია. მაჩუქეს... მართლა გარეულ ფრინველთანაა ნაჯვარი - განსაკუთრებული გარეგნობა აქვს, ისტორია კი, რომელიც გიამბეთ, მინდა, რომ ასე იყოს (იღიმის)...

giorgi-jajanidze-1-1706384943.jpg

- ხასიათის როგორ თვისებებს ავლენს? "ტიკტოკზე" უკვე ვარსკვლავია თქვენი მაშოც...

- როცა დაუძახებ - მაშიკოო, ჩვეულებრივად ესმის და მოდის. ვუვლით, ვაჭმევთ. ძალიან უყვარს ვაშლი, ასევე - სიმინდის ფქვილი, ღერღილი... კოცნა იცის: როცა ვეტყვი, მაკოცე-მეთქი, მოდის და ნისკარტით "მკოცნის"...

საერთოდ, ეზოში ბევრ მზესუმზირას ვრგავ. განა იმიტომ, რომ მიყვარს და მინდა? დიდი, ულამაზესი მზესუმზირები ჩიტებისთვის მაქვს. ჩიტები დილის 6 საათზე მოდიან. ვერ აღგიწერთ, ისეთი ჭიკჭიკის ხმა ისმის! 4 გვრიტიც მყავს მოჩვეული. თავდაპირველად ორნი, დედალ-მამალი იყვნენ. ბუდე გაიკეთეს. ახლა ოთხნი არიან. ყოველდღე მოდიან, ჭამენ, ჩვეულებრივად დადიან და არის ერთი ამბავი... მოკლედ, დილით ჩიტების ჟრიამული მაღვიძებს.

- ეგზოტიკური მცენარეებიც გიყვართ, არა?

- კი. ინდური ბროწეული მქონდა. ასევე, ბევრი ორშიმო დავთესე. უცხო მცენარეები მიყვარს. მათ მოვლაში დედა და ჩემი ძმა მეხმარებიან, რომ მაგალითად, თუ სახლში არ ვარ, მცენარეებს წყალი დაუსხან და ა. შ. გიგანტური კამა გავზარდე (3-მეტრამდე სიმაღლის). ავოკადო ყველამ გაახარა (კურკით), მაგრამ მერე ვეღარ გაზარდეს, ჩემი კი უკვე 2 მეტრის სიმაღლისაა. ჯერ ვაფესვიანებ, მერე გადავრგავ, ზამთარში ტომარაში ვფუთავ, რომ არ გაიყინოს, ძირში თივას ვუფენ და ასე გამოვაზამთრებ ხოლმე.

jajanidze.jpg

- ფლორა-ფაუნის მიმართ სიყვარული როდიდან გახასიათებთ?

- ბაბუაჩემი ცალხელა იყო: მატარებელში ჩავარდა და ცალი (მარჯვენა) ხელი მატარებელმა მოაჭრა. როცა დავიბადე, იმ პერიოდში, ბიჭების გაჩენისას თოფს ისროდნენ. ბაბუას თოფი არ ჰქონდა. თან, მარცხენა ხელით ვერც გაისროდა. შემდეგ მითხრა, - შენი დაბადების დღეს ხე დავრგე და ასე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს ყოველ დაბადების დღეზე ხის ნერგს დავრგავო. 6 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმ წელს ხის დარგვა მოასწრო. მერე, 7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში (ჭიათურაში) წამიყვანა, ორმო ამოთხარა და ნერგი ჩამარგვევინა, - აი, ხომ გახსოვს, ბაბუა რას გეუბნებოდა? ამიერიდან ხე ჩვენ უნდა დავრგოთ, ტრადიცია არ დავარღვიოთო... მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა ხე დამოუკიდებლად პირველად დავრგე. მას მერე, წელი არ "ჩამიგდია" - ჩემს დაბადების დღეზე ხეს სულ ვრგავ. ერევანში, ჯარში ყოფნის დროსაც კი დავრგე: ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ნაწილში, სადაც ვმსახურობდი, ღობის შორიახლოს დავრგე. წყალს სულ ვუსხამდი... მეორე წელს ბროწეულის მეორე ხეც დავრგე, პირველთან ახლოს... პირადი ურთიერთობისას, ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, - თუ გინდა, ბედნიერი იყო, შენს დაბადების დღეზე ხე დარგე-მეთქი. მნიშვნელობა არა აქვს, რისი ნერგი იქნება.

- ახლა გვითხარით, შვებულების მერე, სამუშაო რეჟიმში დაბრუნება არ გიჭირთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. იცი, რატომ? ვისვენებ და საერთოდ, მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. უკვე ისეთ ასაკში ვარ და ისეთ განწყობაზე, რომ თენდება, მიხარია, ვბედნიერდები... რომ დაღამდება, პირჯვარს გადავიწერ, - ღმერთო, დილა გამითენე-მეთქი. თენდება... ასე ვცხოვრობ... ერთი რამ მინდა ვთქვა: 2009 წლიდან სოციალურ ქსელებში ვარ, პრესაში ყოველთვის "ვიბეჭდებოდი". არასოდეს არავისთვის უკმეხად, შეურაცხმყოფლად, სიბრაზით არაფერი მითქვამს და დამიწერია. მაგალითად, ვიღაცამ გამლანძღა? არ "გამოვეკიდები". ასეთ ადამიანებსაც კი გამართლება მოვუძებნე: აგრესია ვერ წაიღო და თავს ხომ არ მოიკლავს-მეთქი? არ ჯობია, რომ გამლანძღოს, ვიდრე თავს რამე დაუშავოს? მლანძღოს და იყოს, რა ვქნა ახლა? თანავუგრძნობ... ამის გამო ვიტკენ გულს? იყოს, არ დავეძებ... საერთოდ, კულინარიაში რაღაცების მოგონება მიყვარს. მაგალითად, შემიძლია, თევზი შევწვა და მურაბის წვენი ან თაფლი მოვასხა. ამას წინათაც უცნაური სალათი მოვამზადე. როცა დავასრულე, სალათთან ალუბალი მომინდა. ალუბლებს კურკები გამოვაცალე და სალათს ზემოდან დავაწყვე. ძალიან ლამაზი იყო! "ტიკტოკისთვის" ვიდეოს გადაღება დავიწყე. ვამბობდი, - ვაიმე, არ მიყვარს, როცა "ტიკტოკზე" ილუკმებიან. ერთი სული მაქვს, გადაღება დავასრულო და შევჭამო-მეთქი. ვიღაცამ კომენტარი დამიწერა, - შენ ჭამე ცეცხლი და ნავთიო!.. იმდენი ვიცინე, რომ ვუპასუხე, - შენ გაიხარე-მეთქი (იცინის). აბა, შეიძლება, ამაზე გავბრაზდე?..

gia-jajanidze-1670237463.jpg

აქვე გეტყვით, რომ ყვავზე ვოცნებობ. 20 წლის ვიყავი, როცა ყვავი მყავდა. იცი, რას აკეთებდა? გამხმარ პურს წყლით სავსე ჯამში აგდებდა, ალბობდა და მერე ჭამდა - იცოდა, რომ ხმელი პური წყალში უნდა ჩაელბო. ჩემს სახლთან ყვავები ახლაც მოდიან, მაგრამ არ მეკონტაქტებიან. კაკალს აიღებენ, აფრინდებიან, მაღლიდან ჩამოაგდებენ... ასფალტზე დაცემული კაკალი ტყდება, მერე კი ყვავები ჭამენ. სახლის სახურავზე ბევრნი არიან. ბრტყელი სახურავი მაქვს და სულ კაკაკუკი მესმის... იცით, რომ ვეგეტარიანელი ვარ. ჩემს ეზოში არანაირი ცხოველი თუ ფრინველი არ დაკლულა. მგონია, რომ როცა ფრინველები და ცხოველები ჩემთან მოდიან, უმართლებთ. მაგალითად, 3 წლის განმავლობაში ბევრი ქათამი მყავდა. ყოველდღე 10 კვერცხი მქონდა და მეგობრებს ვურიგებდი (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"