"ჭორაობა ჰქვია ამას... წერენ: "საწყალი მაგის ცოლი", " სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის", " ნეტავ, თუ ესმის მაგის ცოლს..." - რას წერს გელა დაიაური?
პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის შესახებ დაწერილ კომენტარებს ეხმაურება.
"არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა... უბრალოდ, ერთის თქმა მინდა - ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა, ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ტკივილი განუცდია. ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამს მის ცხოვრებაზე, პირადულზე.
მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.
"საწყალი მაგის ცოლი"... " სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის", " ნეტავ, თუ ესმის მაგის ცოლს..." და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი. ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება...
ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლისმოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ.
ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს...
P.S. მადლობა, თბილ ხალხს... ვისაც ესმის ჩემი... საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები" - წერს გელა დაიაური.
ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი, ასევე თეონას და, მანქანის მძღოლი - ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ - გელა დაიაური, მისი ცოლისძმა და გელას დეიდაშვილი თეონა ჭინჭარაული.
რამდენიმე წლის წინ გელა დაიაურმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია.
ინტერვიუ თეონა ჭინჭარაულთან იხილეთ ლინკზე - "4 თვის ჩვილი მეჭირა ხელში, მანქანა ხევში გადაეშვა და მდინარეში ჩავცვივდით, მდინარემ კლდეებში გამჭედა... ბერდიას, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი გოგონას ამბავი