უკრაინული F-16-ების პირველი საბრძოლო დანაკარგი... თავისივე "პეტრიოტისგან"? - რა გახდა სამხედრო ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც უკრაინელი მესი შეეწირა - სენსაციური მოსაზრებები - კვირის პალიტრა

უკრაინული F-16-ების პირველი საბრძოლო დანაკარგი... თავისივე "პეტრიოტისგან"? - რა გახდა სამხედრო ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც უკრაინელი მესი შეეწირა - სენსაციური მოსაზრებები

უკრაინული F-16-ების პირველი საბრძოლო დანაკარგი... თავისივე „პეტრიოტისგან“?

ზუსტად ერთი თვის წინ უკრაინის ცაში გამოჩენილი ათი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავიდან ერთ-ერთმა უკვე კატასტროფა განიცადა, რასაც სამხედრო მფრინავის სიცოცხლეც შეეწირა...

უკრაინის ტერიტორიაზე, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას, საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16-ის ტიპის თვითმფრინავებიც გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ის, რომ 26 აგვისტოს ყველაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმის, რომელშიც 236 რუსული რაკეტა და დრონი მონაწილეობდა, მოგერიებისას შედგა F-16-ების საბრძოლო ნათლობა, უკრაინის ცაში. ერთი დღით ადრე თვით უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც აღნიშნა, თუმცა მას სიტყვა არ დასცდენია ახალნაჩუქარი F-16-ის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის დაღუპვაზე...

დაღუპული უკრაინელი სამხედრო მფრინავი ალექსეი მესი დიდი პატივით უკვე დაკრძალეს, მაგრამ ჯერ გაურკვეველი რჩება ამ კატასტროფის მთავარი მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ სენსაციური მოსაზრებებიც კი გაისმა...

საერთოდ, საფრენი აპარატის კატასტროფისას, როდესაც ეკიპაჟის წევრიც იღუპება, გამოძიება ძირითადად სამი მიმართულებით მიდის - ეკიპაჟის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები, მაგრამ ეს - მშვიდობიანობის დროს...

ომის პერიოდში, მით უმეტეს, თუკი სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატი, ამასთანავე, ასრულებს საბრძოლო დავალებას, ავიაკატასტროფის ზემოჩამოთვლილ სავარაუდო მიზეზებს აუცილებლად ემატება ჩამოვარდნილ თვითმფრინავსა თუ შვეულმფრენზე საბრძოლო ზემოქმედების შესაძლებლობაც ანუ საზენიტო ცეცხლით ან საჰაერო ორთაბრძოლაში დაზიანება/ჩამოგდების ალბათობაც...

1-meg-1725008016.png
ზუსტად ერთი თვეა, რაც უკრაინის ცაში ათი F-16 გამოჩნდა და მათგან ერთ-ერთმა, შეიძლება ამ ფოტოზე გამოსახულმაც კი, კატასტროფა განიცადა...

ახალმიღებული F-16-ებით უკრაინელმა მფრინავებმა პირველად განახორციელეს რუსული „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებსა და „კალიბრის“, ასევე, X-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებზე საჰაერო ნადირობა და არ ემუქრებოდათ საპასუხო ცეცხლის გახსნა მათგან.

თუმცა გასულ წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უკრაინული МиГ-29 ძალიან ახლოს მიუახლოვდა რუსულ „შაჰიდს“, ჰაერში და ავტომატური ქვემეხის 30 მმ-იანი კალიბრის ჭურვებით ააფეთქა ის, მაგრამ აფეთქებული „შაჰიდის“ (მისი საბრძოლო ქობინი 50 კგ-მდე იწონის) ნამსხვრევებმა ისე დააზიანეს ამ МиГ-29-ის პილოტის კაბინა, რომ უკრაინელ მფრინავს კატაპულტირება მოუწია და ასე შეიწირა ერთჯერადმა რუსულ-ირანულმა „შაჰიდმა“ 18-ტონიანი უკრაინული „მიგი“...

ამიტომაც ბოლომდე არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ უკრაინულ F-16-ის კატასტროფასთან დაკავშირებითაც შეიძლება ანალოგიურად განვითარდა მოვლენები...

მაგრამ საერთოდ სხვა, სენსაციურ მიზეზს ასახელებს მარიანა ბეზუგლაია - უკრაინის უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ურცხვად იტყუება, მფრინავი ალექსეი მესი და მისი F-16-ი... უკრაინული „პეტრიოტიდან“ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ შეიწირა, რაც დანაშაულებრივი არაკოორდინაციისა და არაპროფესიონალიზმის ბრალიაო...

მარიანა ბეზუგლაია პრეზიდენტ ზელენსკის სამთავრობო პარტიის - „სლუგა ნაროდას“ სიითაა შესული უკრაინის უმაღლეს რადაში და საკმაოდ დიდ თანამდებობასაც იკავებს მის კომიტეტში, მაგრამ ბოლო წელია, ის ღიად და განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა ჯერ გენერალ ზალუჟნის, ახლა კი - გენერალ სირსკის საქმიანობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე.

ბეზუგლაია, ასევე, არ ერიდება მთელი რიგი უკრაინელი გენერლებისთვის ღიად ბრალის წაყენებას იმაში, რომ მათი არასწორი და დანაშაულებრივი მეთაურობის პირობებში, ხშირად ამაოდ იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცები და უკრაინის არმია კარგავს მორიგ დასახლებულ პუნქტებს...

alada2-1725008244.png
თუკი დამტკიცდება, რომ პირველი უკრაინული F-16-ი მართლაც პირველმა უკრაინულმა „პეტრიოტმა“ „მეგობრული ცეცხლით “ შეიწირა, კიევს სერიოზული ცვლილებების შეტანა მოუწევს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორგანიზებაში...

არცთუ იშვიათად, მარიანა ბეზუგლაიას ეს ღია კრიტიკა ახლოსაა სინამდვილესთან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც უკრაინულმა „პეტრიოტმა“ ჩამოაგდო თუ არა ასევე უკრაინული F-16-ი, ჯერ კიდევ გამოძიებას მოითხოვს.

ამის დადგენა კი განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს - თუკი ჩამოვარდნილი F-16-ის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა დამახასიათებელი ნახვრეტები, ე.ი. ის საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა.

იმის გამო, რომ ამ F-16-ის კატასტროფა უკრაინის საჰაერო სივრცის სიღრმეში მოხდა, იქ, წესით, ვერ უნდა მიწვდენოდნენ რუსული საზენიტო C-300/400-ები ან Су-35С გამანადგურებლის მიერ გაშვებული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის შორსმოქმედი P-37-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტები.

მაშინ რჩება ერთადერთი ვერსია - უკრაინულ F-16-ი შეიძლება, მართლაც „მეგობრული საზენიტო ცეცხლითაა“ ჩამოგდებული, ხოლო იმის დადგენა, თუ ვინ იყოჩაღა - უკრაინელი მეზენიტეების „პეტრიოტმა“ თუ „ნასამსმა“, არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, იმავე ნამსხვრევების დეტალურად შესწავლის შემდეგ...

„მეგობრული ცეცხლით“ არა ერთი საფრენი აპარატია ჩამოგდებული, მოყოლებული პირველი მსოფლიო ომიდან, მას შემდეგ, რაც აეროპლანები საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ (მაგალითად, აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალთან თავადვე ჩამოაგდეს 2-3 თავისივე საბრძოლო თვითმფრინავი).

რუსეთ-უკრაინის ომის 919 დღე-ღამის განმავლობაშიც არა ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა - განსაკუთრებით კი რუსი მეზენიტეები სცოდავდნენ, რაც გასაგებიცაა, რადგან აგრესორი რუსეთი ბევრად უფრო აქტიურად იყენებს საბრძოლო ავიაციას.

ის, რომ „მეგობრული ცეცხლი“ არ გაიხსნას, თანამედროვე ავიაციაში გამოიყენება „ჩემი-სხვისი“ ტიპის სპეციალური რადიოაპარატურა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უბრუნებს „პასუხს“ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომ ეს თვითმფრინავი მისი ქვეყნისაა.

ამისთვის კი საჭიროა ერთნაირი რადიოკოდები ეყენოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გათვლის მართვის პუნქტშიც და თვითმფრინავის/შვეულმფრენის „ჩემი-სხვისი“ აპარატურის გადამცემზეც.

26 აგვისტოს საჰაერო ბრძოლაში, როდესაც უკრაინის ცაში ერთდროულად 236 საჰაერო სამიზნე შეიჭრა, „პეტრიოტის“ გათვლას თავისივე F-16 (რომელიც არ პასუხობდა „ჩემი-სხვისის“ ამოცნობის სისტემის „შეკითხვებს“) ადვილად შეიძლება, არეოდა რუსული „კალიბრის“ რეაქტიულ ფრთოსან რაკეტაში, რომელიც 800-900 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს (შიდაწვისძრავიანი „შაჰიდის" ფრენის სიჩქარე, დაახლოებით, 180 კმ/სთ და მეზენიტეების რადიოლოკატორის მონიტორზე მისი არევა არანაკლებ 500 კმ/სთ-ით მფრენ F-16-თან ძნელად წარმოსადგენია)...

4-meg-1725007954.jpg
რუსული „ალიგატორის“ ოპტიკურ სამიზნეში გამოჩენილი ობიექტები მისმა ეკიპაჟმა უკრაინულად მიიჩნია და მხოლოდ რაკეტების გაშვების შემდეგ მიხვდა, რომ „მეგობრული ცეცხლით“ რუსულივე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გაანადგურა...

P.S. რამდენიმე დღის წინ, თავად რუსმა სამხედრო ბლოგერებმა აღიარეს, თუ რა მოჰყვა რუსულ „მეგობრულ ცეცხლს“ მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქში შეჭრილმა უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ რუსული სამხედრო კოლონა - 14 ერთეული სატვირთო „კამაზი“ და „ურალი“ თავის მგზავრებიანად დაადუღეს. რუსი გენერლები და პროპაგანდისტები სამაგიეროს გადახდას ესწრაფვოდნენ და ფართოდ გააპიარეს მათი „ალიგატორის“ - Ка-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის მიერ, შორი მანძილიდან გაშვებული მართვადი რაკეტებით გზაზე მიმავალი ოთხი ობიექტის განადგურება...

„ალიგატორის“ ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის მონიტორზე არამკვეთრად ჩანდა ეს სამიზნეები და ძნელად დასაჯერებელი გახლდათ, რომ ისინი მაინცდამაინც უკრაინის არმიას ეკუთვნოდა...

მართლაც, მალევე თავად ამ „ალიგატორის“ ეკიპაჟმა აღიარა, რომ... ნაბახუსევი იყვნენ და სამიზნეების იდენტიფიცირებისას საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - მათ „მეგობრული ცეცხლით“, თურმე, უკრაინული ტექნიკა კი არა, არამედ, რუსეთის არმიის ორი სატვირთო ავტომობილი და ორიც Мста-С ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი აუფეთქებიათ...

„ალიგატორის“ მფრინავს თავადვე მიუმართავს მეთაურობისთვის, რომ წინახაზზე ჩვეულებრივ, რიგითად გაეშვათ, რათა სისხლით გამოესყიდა დანაშაული...