რა ბედი ეწევა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას - ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც საქართველოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ?
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით აშშ-ში ემიგრირებული ირანული უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების ჯგუფი, Amidi Group დაინტერესდა, რომლის თანადამფუძნებელიც, საიდ ამიდი საქართველოში იმყოფება. ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.
ვინ არიან Amidi Group-ის თანადამფუძნებელი ძმები ამიდები და რას წარმოადგენს კომპანია?!
Amidi Group-ის წინამორბედი ამიდის ოჯახის მიერ 1970-იანი წლების შუა პერიოდში დააარსებული Bella Industrial Group-ია, რომელიც ირანში მეშვიდე უმსხვილესი ინდუსტრიული და კერძო საკუთრებაში არსებული კონგლომერატი იყო. ჯგუფი თავიდან ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი იყო, შემდეგ კი ახალ ინდუსტრიებში გაფართოვდა, როგორიც არის ტყავის წარმოება, ტექსტილი, შეფუთვა, ტანსაცმლისა და საბანკო წარმოება.
1970-იანი წლების ბოლოს, ირანში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კლიმატმა ოჯახი აიძულა, აშშ-ში გადასულიყო, სადაც ბიზნესი კვლავ ნულიდან დაიწყო.
1979 წელს კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში ამიდის ოჯახმა ხალიჩების პატარა საცალო მაღაზია, Medallion Rug Gallery გახსნა, რომელიც დღემდე მუშაობს. პატარა ბიზნესი ამჟამინდელ მრავალფეროვან და მრავალეროვნულ Amidi Group-ში გადაიზარდა.
“კომპანიების ჯგუფის ორი მთავარი მენეჯერი, რაჰიმ და საიდ ამიდები არიან, რომლებმაც სტარტაპებში, საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებში, წარმოებასა და დისტრიბუციაში, სხვადასხვა, მათ შორის, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიებში როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო დონეზე სათითაოდ 35 და 30-წლიანი გამოცდილება დააგროვეს,” - წერია კომპანიის ვებგვერდზე.
კერძოდ, რაჰიმი ამჟამად ტექნოლოგიების ინვესტორი და სერიული მეწარმეა, რომელსაც ადრეული სტადიის ვენჩურული კაპიტალით საქმიანობის, ასევე, კომერციული უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის სფეროში 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის სილიკონის ველისა და ლოს-ანჯელესში მქონე ქსელით 1998 წლიდან ადრეული ეტაპის სტარტაპების წარმატებული ინვესტორია. მის მიერ ინვესტირებულია PayPal, DropBox, Genapsys, CourseHero, ApplyBoard, Guardant Health, SoundHound, ასევე, Walmart-ის მიერ შეძენილი სტარტაპ Vudu; Thermo Fisher Scientific-ის მიერ შეძენილი IntegenX; Siemens-ის მიერ შეძენილი სტარტაპ Camstar; ON Semiconductor-ის მიერ შეძენილი Quantenna Communications; Marvell Technology-ის მიერ შეძენილი Aquantia; Webroot-ის მიერ შეძენილი CyberFlow Analytics; Google-ის მიერ შეძენილი NextBio, Surkus და Tenor, ასევე, The Bouqs Company. იხილეთ სრულად