რით განსხვავდებოდა უკრაინელების ბრძოლის ტაქტიკა კურსკში, რუსების ტაქტიკისგან დონბასში... - კვირის პალიტრა

რით განსხვავდებოდა უკრაინელების ბრძოლის ტაქტიკა კურსკში, რუსების ტაქტიკისგან დონბასში...

რუსეთ-უკრაინის ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაჭიმული ფრონტის სხვადასხვა უბნებზე განსხვავებული ტაქტიკით მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რაც განპირობებულია პირველ რიგში ადგილმდებაროების რელიეფით, დაპირისპირებული მხარეების მიერ მოწყობილი პოზიციებით, გამოყენებული ძალების რიცხოვნობითა და შეიარაღებით, ასევე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულების მასშტაბებითა და ვადებით...

ამიტომაც თავიდან აბსოლუტურად განსხვავებული ტაქტიკით მოქმედებენ უკრაინული შენაერთები რუსეთის ნაწილობრივ ოკუპირებულ კურსკის ოლქში, ვიდრე რუსები უკრაინის ასევე ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში..

უკრაინელებამა კურსკის ოლქში შეჭრისას აირჩიეს მობილური ჯავშანჯგუფებით ასფალტირებული გზების გავლით სწრაფად და რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად შეტევის ტაქტიკა, რამაც პირველ დღეებში ძალიან გაამართლა, რადგან დიდი პანიკა შეიტანა რუსეთის გენერალიტეტში.

წარმატების მიზეზი ის გახლდათ, რომ კურსკის ოლქში ბრძოლების დაწყებისას თავიდან არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი ფრონტის ხაზი - უკრაინისდროშიანი რამდენიმე ჯავშანმანქანის „შეგრიალება“ კურკის ოლქის რომელიმე სოფელში, სულაც არ ნიშნავდა მის დაკავებას, მაგრამ საინფორმაციო ომის ფრონტზე წარმატება მოჰქონდა, რადგან პანიკაში ჩავარდნილი ადგილობრივი ხელისუფლება მოსკოვში შეშინებული უპატაკებდა - უკრაინელებმა კიდევ ამდენი სოფელი დაიპყრესო...

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის თავზე კურსკის ოლქში ასე თუ ისე გამოიკვეთა ფრონტის ხაზი და უკრაინელების მობილური ჯავშანჯგუგების სწრაფი „შევარდნების“ ტაქტიკა აღარ ამართლებს (რუსებმა ამ ტაქტიკას ალღო აუღეს და გზებზე მოწყობილ ჩასაფრებებში უკვე ორ ათეულზე მეტი უკრაინული ჯავშანმანქანა ააფეთქეს), ამიტომაც იქ მოქმედმა უკრაინის არმიის საექსპედიციო კორპუსმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და ის საერთო საჯარისო ბრძოლებისას მიუახლოვა-შეტევის დაწყების წინ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო და საავიაციო ცეცხლით წინასწარი დამუშავება...

სწორედ ასეთივე ტაქტიკა აქვს უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინის დონბასში, სადაც კურსკის ბრძოლებისგან განსხვავებით უკრაინელები თავს იცავენ და ძალიანაც უჭირთ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედების წარმატებული ტაქტიკა აღმოსავლეთ ფრონტზე, რასაც უკრაინის არმია დღემდე ვერ უპირისპირებს ეფექტიან თავდაცვას, შემდეგშია:

პირველი- რუსი ოკუპანტები მორიგი შეტევაზე გადასვლის წინ ატარებენ უკრაინელების თავდაცვითი პოზიციის ძლიერ საცეცხლე დამუშავებას არტილერიისა და საჰაერო დაბომბვების სახით.უკრაინის დამცველებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია რუსული საფრონტო ბომბდამშენებიდან ჩამოყრილი პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბები,რადგან 500, 1 500 და მითუმეტეს 3 000 კგ კალიბრის „ჯი-პი-ეს“-ით მართვადი საავიაციო ბომბი, როდესაც 10-20 მ-ის სიზუსტით ვარდება და ფეთქდება პოზიციაზე, იქ უკვე უკრაინელ ჯარისკაცებს ვეღარც გადახურული ბლინდაჟი დაიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღია სანგარზე...

მეორე- უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილისთვის დამახასიათებელია საბრძოლო მოქმედებების წარმოება ტყის ქარსაცავ ზოლებს შორის, რადგან შიშველ მინდვრებში ეს ერთადერთი ადგილებია, სადაც შეიძლება მეტ-ნაკლებად შენიღბული თავდაცვითი ინჟინერული ზოლის მოწყობა თავისი სანგრებითა და ბლინდაჟებით. თუმცა, რუსი ოკუპანტების მხრიდან პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასიურად ზუსტად გამოყენების შედეგად, უფრო საიმედო გახდა უკრაინული თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის ქალაქების შენობების სარდაფებში, რომლებიც უკეთესად იცავენ ახლო აფეთქებებისგან. ამიტომაც, უკრაინის არმიისთვის ნებისმიერი ახალი ქალაქის დაკარგვა ამიტომაცაა ძალიან წამგებიანი.

2-terikoni-1725093364.jpeg
უკრაინის დონბასის ფრონტზე ვინც ტერიკონის სიმაღლეს დაიკავებს, ის იძენს უპირატესობას ბრძოლაში...

მესამე- დრონების მასიურმა გამოყენებამ რუსეთ-უკრაინის ომში, კიდევ ერთი აუცილებლობა დაანახა სამხედროებს - რაც უფრო დიდ სიმაღლეს აკონტროლებ, მით უფრო შორ მანძილზე შეგიძლია შენი დრონების დისტანციური მართვა - ამიტომაც ტერიკონებისა (დონბასის ქვანახშირის საბადოებიდან ათწლეულების განმავლობაში გამოღებული ფუჭი ქანების დაგროვებისგან შექმნილი ხელოვნური მთები) და ქალაქის მაღალსართულიანი კორპუსების დაპყრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მეოთხე- რუსების შეტევები აღმოსავლეთიდან დასავლეთით უკრაინის დონბასის ქალაქებზე, როგორც წესი შემოვლითია, ანუ შეტევა ხორციელდება არანაკლებ ორი მიმართულებიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რათა უკრაინული შენაერთების თავდაცვითი ზღუდეები ალყაში აღმოჩენის საფრთხის წინაშე დადგნენ.

3-terikoni-1725093364.jpg
უკრაინელებს თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა ქალაქების რკინა-ბეტონის კორპუსების სარდაფებში ურჩევნიათ, ვიდრე გაშლილ ველზე სანგრებში ყოფნა, რადგან იქ უფრო დაცულნი არიან რუსული მართვადი საავიაციო ბომბების მძლავრი აფეთქებებისგან, მაგრამ სწორედ ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მიწასთან ასწორებენ უკრაინულ ქალაქებს......

უკრაინაში ჯერ კიდევ ძალიან მწარედ ახსოვთ 2014 წლის სექტემბრის „ილოვაისკის ტომარა“, როდესაც ზუსტად ათი წლის წინ დონბასის ქალაქ ილოვაისკში ალყაში აღმოჩნდა უკრაინული დაჯგუფება და ამის გამეორება აღარ სურთ, რისთვისაც იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, როდესაც ალყის „ტომარის“ პირის შეკვრის საფრთხე რეალური ხდება.

პოკროვსკს, დონბასის ამ ქალაქს, საიდანაც გზა ჩრდილოეთით კონსტანტინოვკასა და კრამატორსკ-სლოვიანსკისკენ იხსნება, რუსები ძალიან ახლოს, ათიოდე კმ-ში მიუახლოვდნენ და ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად დიდხანს შეძლებენ უკრაინელები პოკროვსკის შენარჩუნებას - პოკროვსკი ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს და მისი შენობა-ნაგებობები უკეთესაც გამოდგება თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად (თუმცა სწორედ ეს ტაქტიკაა, რომელიც სამწუხაროდ მიწასთან ასწორებს ფრონტგადავლილ უკრაინულ ქალაქებს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები დაუნდობლად ბომბავენ ყველაფერს თავისი შეტევების გზებზე...), რადგან მის შემდეგ ძირითადად გაშლილი ველებია, სადაც რუსული ურდოს შეჩერება უკრაინელებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ...