"შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ენა მოწმედ გამოდის" - რას აცხადებს ენათმეცნიერი მარინა ბერიძე - კვირის პალიტრა

"შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ენა მოწმედ გამოდის" - რას აცხადებს ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის, - ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით სხდომა გაიმართება.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ენა არის სამყაროს მოდელი და ამ ენაში, როგორც სარკეში ისე აისახება ეროვნული შეხედულებები და ის, თუ როგორ არის კოცეპტუალიზებული ესა თუ ის ტერმინი, ცნება თვითონ ამ ენის მატარებელთა მიერ“, - განაცხადა მარინა ბერიძემ.

ამასთან, მან განმარტება გააკეთა პარლამენტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე სიტყვა „უცხოს“ ახსნის საკითხზე.

„არა უშავს, ის არ არის პროფესიონალი და ვალდებული არ არის ახსნას ისე, როგორც ლინგვისტიკის პარამეტრებით და ცნებებით შეიძლება აღიწეროს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ მე შევეცდები, რომ სასამართლოს ეს ვუთხრა, როგორც ეს არის ჩემი დისციპლინური კათედრიდან, არაფერი მეტი“, - განაცხადა მარინა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს.