ვინ არის აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის ქართველი პარასპორტსმენი?
აქციებმა და პროტესტმა შედეგი გამოიღო, ბავშვებმა წამალი მიიღეს, მშობლებიც და შვილებიც კმაყოფილები არიან და მომავლის დიდი იმედი აქვთ.
Ambebi.ge აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ზაკო მუშკუდიანის დედას, ქეთი ბეგიაშვილს ესაუბრა.
ქალბატონი ქეთი გასული წლის აქციების აქტიური მონაწილე იყო და სხვა მშობლებთან ერთად ბევრი იბრძოლა. მისი შვილი შარშან ნოემბრიდან ყოველდღიურად იღებს წამალს. როგორ გრძნობს თავს ზაკო, რა სიახლეებია მის ცხოვრებაში და ცოტა ხნის წინ რა სპორტულ წარმატებას მიაღწია, ამას მისი დედისგან შეიტყობთ.
- ყველაფერი კარგად არის. თავიდან, როგორც იცით, წამლის მიღება 4-მა ბავშვმა დაიწყო. მათგან მაღალი ასაკობრივი ჯგუფის - 13-14 წლის იყო 3, ვისაც ზრდის დონეები მალე დაეხურებოდა. ერთს ჯანმრთელობის გართულება ჰქონდა. ამ ბავშვების მდგომარეობა ძალიან კარგად წავიდა. პირველივე სამ თვეში 2 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა და არა მარტო ხაზოვანი, პროპორციულიც. მალევე დანარჩენი 5 ბავშვი ჩაერთო, შემდეგ უკვე - მორიგი ჯგუფი. სექტემბრის ბოლოს მათ კიდევ ახალი ნაკადი შეუერთდება.
- დაემატნენ ისეთი ბავშვებიც, ვინც აქციაზე არ ყოფილა?
- კი, პირველად ვნახეთ ისინი ახლა. გამოჩნდნენ სხვა ბავშვები, ვისაც აქამდე არ ვიცნობდით და მოხარულები ვართ... ასევე ბევრი ბავშვის დედა, რომელიც აქციებზე იდგა, შემდგომში, გენეტიკური ანალიზით დამტკიცდა, რომ მათ შვილებს აქონდროპლაზია კი არა სხვა დისპლაზიები ჰქონიათ. ასეთი სამი ბავშვია. ახლა შესაბამისი მედიკამენტის მოლოდინში ისინი არიან და როგორც კი შემოვა, იმედი აქვთ, რომ ისევე მიიღებენ, როგორც ჩვენი დიაგნოზის მქონე ბავშვებმა მიიღეს. ყველამ უნდა მიიღოს მედიკამენტი. უყურადღებოდა არავინ დაუტოვებიათ.
ე.ი. ზაკო ყოველდღიურად იკეთებს წამალს, ხომ?
- აქამდე 8 თვის მანძილზე იაშვილის კლინიკაში ყოველდღიურად დავდიოდით. ახლა უკვე იქ გადმოგვიტანეს, სადაც ვცხოვრობთ - საუბნო პოლიკლინიკებში და წამლის საზღვარგარეთ გატანებაც მოხდა. ოღონდ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კეთდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი შვილი საზღვარგარეთ 2-ჯერ იყო. როგორც იცით, ის ცურვაში საქართველოს პარანაკრების წევრია და წამალი წასვლის წინ თან გაატანეს.