„გამოჩნდა ბერიას მიერ დაარსებული რუსული სამხედრო დაზვერვის სრული კრახი!“ - კვირის პალიტრა

„გამოჩნდა ბერიას მიერ დაარსებული რუსული სამხედრო დაზვერვის სრული კრახი!“

გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების ერთობლიობის განხილვა დაიწყო, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობა განიხილავს. პროცესზე ოთხი სარჩელია წარმოდგენილი, მათ შორის პრეზიდენტის, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას, მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს. ასევე განიხილება 122 მოსარჩელის სარჩელი, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომელთა აზრითაც, ე.წ. აგენტების კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს. ცალკე სარჩელები აქვთ შეტანილი 38 ოპოზიციონერ დეპუტატს და ორ მედიაორგანიზაციას - "სტუდია მონიტორსა" და "საინფორმაციო ცენტრების ქსელს".

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესს და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას. როგორც სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია კიდევ ერთი, მეხუთე სარჩელი. "შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული... ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერ პროცედურების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ამ სარჩელებთან გაერთიანება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს სარჩელი დამატებით განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ სარჩელი შეიტანა "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ". პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი ამ საკონსტიტუციო პროცესს "საუკუნის პროცესად" აფასებს. მათი თქმით, კოლეგიის ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი განვითარება. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalch.jpg

- ჩემი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია ამ სასამართლო პროცესის "საუკუნის პროცესად" შეფასება. ვფიქრობ, მის ვერდიქტს შეუძლია შეცვალოს ქვეყნის განვითარების გზაზე ბევრი რამ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მართლაც შეჩერდება ამ კანონის მოქმედება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, არა მგონია, ამას შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს.

შეუქცევადი შედეგები შეიძლება ჰქონდეს არჩევნებს - აი, ეს იქნება ნამდვილად მნიშვნელოვანი. ბევრი სვამს კითხვას, იმოქმედებს თუ არა ეს განხილვა არჩევნებზე? პირადად მე არა მგონია.

საქმე ისაა, რომ აქ იურიდიული მხარე მეორე პლანზე გადავიდა და მსოფლმხედველობრივმა მხარემ წამოიწია წინ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს კანონი შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. მოკლედ, ვიმეორებ, მთელ ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი მომავალი არჩევნებია, სწორედ მისი შედეგები იქნება ბევრი მიმართულებით გადამწყვეტი, ამიტომ ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ხმის მიცემას გადაწყვეტს.

- საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, თუმცა უკვე გამართულ სხდომებზე ჩვენ ვერ ვნახეთ საკანონმდებლო ორგანოდან ცნობილი დეპუტატები, ანუ ის ხალხი, ვინც ამ კანონის ინიციატორი და მიმღებია...

- იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ ვნახეთ ეს ვითომ "ტოპფიგურები", ვფიქრობ, აქვს სამი მიზეზი:

პირველი - ამით ცდილობენ სასამართლო პროცესს მოეხსნას პოლიტიკური შემადგენელი და სრულიად იურიდიულ ჭრილში განიხილონ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია იმის მიუხედავად, სასამართლოში ვინ მივა და ვინ - არა;

მეორე - "ქართული ოცნება" აშკარად ცდილობს დააკნინოს ამ კანონის სოციალური მნიშვნელობა. ისე წარმოადგენენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი კანონი და შესაბამისად, ჩვეულებრივი პროცესი იყოს. სხვათა შორის, სასამართლოზე ხელისუფლების პოზიციის დამცველი ერთი ქალბატონის განცხადება, როდესაც მან ეს კანონი "უცხო ვარცხნილობასა" და "უცხო გარეგნობას" შეადარა, სწორედ ამ მცდელობის მაგალითია;

მესამე - როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ ენდობიან საკონსტიტუციოს მოსამართლეებს და შიშობენ, ემანდ, არ შეაჩერონ კანონის მოქმედებაო. ასე თუ მოხდა, მაშინ იქ იმ "ტოპფიგურების" გამოჩენა მათთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება.

არ მინდა რაიმე ფორმით სასამართლოს შესახებ გამოვხატო ჩემი პოზიცია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს მესამე მიზეზი, ალბათ, გადაჭარბებული შიშის შედეგი უფროა... არსებითად ვერ ვხედავ იმის მზაობას, რომ ეს ყველაფერი სასამართლოზე განხილულ იქნეს თავისი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე.

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ხელისუფლება ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს. 25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, "ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ". როგორც ირკვევა, ივანიშვილი სწორედ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადების იდეას გულისხმობდა, თუმცა ეს შეთავაზება თავდაპირველად აშკარად უარყოფითად მიიღეს საპატრიარქოში. მაგალითად, საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა: "არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს". იყო უფრო მკაცრი განცხადებებიც... 31 აგვისტოს კი, გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ივანიშვილმა შემდეგი განაცხადა: "მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება". თუმცა მას საუბრისას, სახელმწიფო რელიგია არ უხსენებია...

- მოდი, ყველაფერს ვუწოდოთ თავისი სახელი - ამ ინიციატივას ეკლესიიდან, უბრალოდ, უარყოფითი კი არა, მკვახე რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი არის, რასაკვირველია, ძალიან მარტივი პოლიტიკური გათვლების შედეგი. როგორც კობახიძეს უყვარს თქმა, "ყველაფერი მარტივია". დიახ, მათი ქმედებების წაკითხვა მართლაც ძალიან მარტივია. ჯერ ერთი, ვფიქრობ, სურდათ საკონსტიტუციო სასამართლოდან ყურადღება გადაეტანათ ამ საკითხზე, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ არ ელოდნენ ეკლესიისგან ასეთ მკვახე საბოტაჟს. არადა, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ თვალწინ არის საბერძნეთის მაგალითი, სადაც მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც ნიშნავს, რომ სწორედ სახელმწიფო აკონტროლებს ეკლესიას. ასეთი კონტროლის თავიდან აცილება სურს ჩვენს ეკლესიას და ამას უცილებლად მიაღწევს. გარდა ამისა, საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიის ხალხი ცხოვრობს. აქ არასდროს ყოფილა რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები. საინტერესოა, ახლა რას გეგმავს ჩვენი ხელისუფლება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ამ სხვა კონფესიის ადამიანებს ან თუნდაც ათეისტებს სახელმწიფოს მიღმა ტოვებს? რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ეს იყო ძალიან ბუნდოვანი ნათქვამი და უკანდახეული ნაბიჯი. ღია კარის დღეს გვეთამაშება... რასაკვირველია, მართლმადიდებლობამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ოდითგან იყო მრავალეროვნული და მრავალრელიგიური სახელმწიფო და მისი მმართველები პატივს სცემდნენ ყველა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებს. საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყნაა, სადაც არ იდევნებოდნენ ებრაელები. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება იქნება დიდი შეცდომა. ამას მიხვდნენ და დარწმუნებული ვარ, არ და ვერც ვერაფერს შეცვლიან - "ქართული ოცნება"”საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

- "ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, ეს არის წინასაარჩევნო შემოთავაზება, ამაზე ორი აზრი არ არის - მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

- რა თქმა უნდა, სასულიერო პირები სწორად აფასებენ და ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც, რაც ამომრჩევლის მოხიბვლის ძალიან უსუსურ ცდად მიმაჩნია. ამით ამომრჩეველს ვერ გადაიბირებენ... საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელეს სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებმა და არა ხელისუფლების. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" შეეცადნენ მალულად ეცადათ ამ საკითხის მოსინჯვა, თუმცა ეკლესიამ პირდაპირ თქვა ყველაფერი, ყოველგვარი დიპლომატიური წიაღსვლების გარეშე.

- საინტერესოა, "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილები რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ?

- ისეთი დრომოჭმულია მაგათი გზავნილები, ისეთი ხავსმოკიდებული, რა ვთქვა, არც ვიცი. ბოლო 12 წელია მოგვაბეზრეს თავი ამ ერთი და იმავე ტექნოლოგიით - "ნაციონალური მოძრაობის" ურჩხულად გამოცხადებასა და ამით საზოგადოების დაშინებას ვერა და ვერ მოეშვნენ. იმდენად აღარ მაინტერესებს, აღარც ვუსმენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილიც ასეა. როცა საინტერესო აღარ ხარ, არ გისმენენ - ეგ არის ყველაზე ცუდი. ჯობია გისმენდნენ და სძულდე ხალხს, ვიდრე შენდამი სრულიად გულგრილად იყოს განწყობილი. მახსოვს, 2012 წელს პირდაპირ ტელეეკრანებს ვერ ვწყდებოდით და ვუსმენდით ბიძინა ივანიშვილს, ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, შეიძლება 12 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვალოს? ცოტა მაინც არ უნდა გაიზარდო? მოკლედ, მაგათ მოსმენაში დროის დაკარგვა არ ღირს, საქმის კურსში რომ ვიყო "ინტერპრესნიუსზე" სათაურებს ვკითხულობ... შესაბამისად, მე მათგან ახალს არაფერს ველოდები...

კონსტიტუციურ უმრავლესობას ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" გასაუქმებლად, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ... ისევ შუღლს აღვივებენ და პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობენ. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, მასშტაბური რეპრესიების საფრთხესაც, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ვერავითარ კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. კიდევ ერთი რამ ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? ამას თუ იკითხავ, პასუხად მხოლოდ გინებას იღებ, გეჩხუბებიან, კითხვებს რატომ სვამო, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეგ დაპირება ცარიელი სიტყვებია... პარტიების აკრძალვის თემა კი წინასაარჩევნო ხრიკი მგონია, ასეთი განცხადებები და პოლიტიკური დევნის დაანონსება პირდაპირ სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. მოგვწონს თუ არა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პოზიტიურად არის გაწყობილი. გაცილებით აწონილი პოლიტიკაა გასატარებელი იმისთვის, რომ ეს გახლეჩილი და უბედური ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერჯერობით მაინც სტაბილურად მიდის ყველაფერი, თუმცა, ალბათ, სექტემბრის ბოლოსთვის ბევრი რამ ნათლად გამოჩნდება. ნელ-ნელა ძალას იკრებს "ლელოს" გარშემო გაერთიანებული ცენტრი.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე ჯერ არ ჩანს იმის კონტურები, ვინ და როგორ დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ამის აუცილებლობა შეიქმნება. ეს არის სტაგნაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, სხვა გზას ვერ ვხედავ.

"ქართული ოცნების" ერთპიროვნულად გამარჯვება ნიშნავს აშშ-დან და ევროპიდან უფრო ხისტ სანქციებს, რაც საზოგადოების კისერზე გადაივლის. ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვართ ამ ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. საკუთარი თავის გარდა, ვერაფერს ხედავენ. არადა, მსოფლიოში უამრავი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. ერთმანეთის ლანძღვა-გინების გარდა, არაფერი იციან. ისე იქცევიან, თითქოს ჩვენ გარშემო ვაკუუმი იყოს. მეგობრებო, ჩვენ გარშემო არის მსოფლიო, სადაც უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს.

- დასასრულ, რუსეთ-უკრაინის ომზეც მინდა გკითხოთ. როგორ აფასებთ, კურსკში უკრაინელთა ოპერაციას?

- ამ ოპერაციამ აჩვენა ასე ნაქები და ლავრენტი ბერიას დაარსებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) სრული კრახი. ეს ყოფილა საპნის ბუშტი, მგონი, მაგას ჩვენი საქართველოს დაზვერვაც კი სჯობს. ის, რაც გააკეთა სირსკიმ, სასწაულია, სასაცილო გახადა რუსეთის არმია. კრემლიდან პასუხი არის მხოლოდ ჰაერიდან, ლაჩრულად თავს ესხმიან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სხვას ვერაფერს აკეთებენ. პირველად ნახეს რუსებმა, რომ ომი უკრაინასთან ბულვარში გასეირნება არ არის, გამოცადეს საკუთარ თავზე მისი მთელი საშინელება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია ომის დასასრულსაც მოაახლოებს.