რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და საპატრიარქო?! - რას ჰყვება ანდრია ჯაღმაიძე კონსულტაციებზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა და საპატრიარქოში მღვდელმთავრებმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს... ექსპერტებისა და ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლების ეს წინადადება წინასაარჩევნო კამპანიად აღიქვა. მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ეკლესიის გაძლიერებისკენ. "ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე არიან, ხდება ეკლესიასა და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო ასეთი არაერთი ფაქტი მოხდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩნდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
გურიაში 31 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩასული "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. "როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს. იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორ უყურებენ სახელმწიფოს წინადადებას საპატრიარქოში, ამ საკითხებზე მამა ანდრია ჯაღმაიძე გვესაუბრება:
- ეკლესიას დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს, რომ სიღრმისეულად და შინაარსობრივად უყუროს მოვლენებს. ყველა მოვლენას აქვს გარეგნული ფორმა, თუმცა შინაარსში ჩაწვდომა აუცილებელია.
ამ დღეებში ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, რომ იდეა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, იყო თუ არა ეკლესიის დაკნინების მცდელობა, ეკლესიის დაქვემდებარების ცდა, მაგრამ უკანასკნელმა მოვლენებმა და ამ საკითხზე განცხადებებმა ცხადყო, რასთან გვქონდა საქმე.
ბოლო პერიოდში სახელმწიფო მხარს უჭერს იმ ფასეულობებს, რაზეც ეკლესია ხშირად ლაპარაკობს. წლების წინ, ძალიან გვიჭირდა ჩვენი სათქმელის სახელმწიფომდე მიტანა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ძალიან მადლიერები ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა უპირველესად სახელმწიფომ უნდა შეასრულოს და მას ევალება. ისტორიული გამოცდილებაც ამას გვაჩვენებს. ჩვენს ერს სჭირდება ამ ფასეულობების სიღრმისეულად გაგება. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ჯანსაღი დამოკიდებულება სწორედ ამ თემებზე სწორებაა, და იმის უზრუნველყოფა, რომ ერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაფერმკრთალებული, ჩანაცვლებული არ იყოს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლების ეს წინადადება სწორედ ამ კონტექსტში დავინახეთ და შემდგომმა კომუნიკაციებმაც ცხადყო, რომ ხელისუფლებას სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, რომ ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო ფართოდ წარმოჩინდეს, გამყარდეს ის ვექტორები, რომელზეც, ერთი მხრივ, ეკლესია მუდმივად საუბრობდა, და რომელსაც სახელმწიფო ბოლო პერიოდში ხაზგასმით საუბრობს. ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით რაღაც ფორმულირებაზე.
წინადადება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ იყო ფორმა, რომლითაც უნდა დაწყებულიყო დიალოგი. ასე მოვიდა ჩვენამდე, თუმცა ეს არც კატეგორიული მოთხოვნა ყოფილა და არც რაიმე ფარულ განზრახვას გულისხმობდა.
- სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ცალსახად უარი თქვა საპატრიარქომ?
- ამ ფორმის განხილვა აღარ იქნება, თუმცა სახელმწიფოსთან ვთანხმდებით იმაზე, რომ რაღაც ფორმით ეკლესიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა გაგრძელდება და ჩვენ შეგვიძლია დავხვეწოთ ფორმულირება. უპირველესად გასაკეთებელია ის, რაც საკონსტიტუციო შეთანხმებაში წერია, მოხდეს ამის ჩაშლა საკანონმდებლო აქტებამდე. ჩვენი სურვილია ეს პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართოს. როგორი ფორმულირებაც არ უნდა მივიღოთ, კონკორდატს ეს არც გააუქმებს, არც ჩაანაცვლებს.
- როგორც ვიცით, ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც კონკორდატი შედგა, მაშინაც იყო საუბარი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, მაგრამ მაშინაც უარი ითქვა.
- დიახ, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმება უკეთესი ფორმაა, ვიდრე იქნებოდა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
- მართლმადიდებლობას საბერძნეთში აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი, ყველაფერი რეგულირდება საბერძნეთის ეკლესიის კონსტიტუციით, რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საეკლესიო ქორწინება და ნათლობა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს განათლების, ცხოვრების განმავლობაში სწავლებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო. იქნებ განვიხილოთ ეს მოდელი.
- მე არ დავიწყებ ამ თემის განხილვას, ეს ბერძნული ეკლესიის და საბერძნეთის სახელმწიფოს საკითხია და მათთვის მისაღებია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული საკონსტიტუციო შეთანხმება გაცილებით მეტად მისაღებია, მოქმედების უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს და ეს იქნება ამოსავალი წერტილი.
- ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში სხვა აღმსარებლობის პირებიც მრავლად ცხოვრობენ.
- ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობას ჩრდილს არ აყენებს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება. დაველოდოთ, არ მინდა გავუსწროთ მოვლენებს.
პირველი პრინციპი ის არის, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. ყველაფერი იქნება ჩვენთან შეთანხმებული. პრინციპი მეორე - ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა, ხოლო პრინციპი მესამე იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის, არსებული საკონსტიტუციო შეთანხმება კი არ გაუქმდება.
- ზოგიერთი ექსპერტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ხელისუფლებამ ეს წინადადება სპეციალურად წინასაარჩევნოდ შემოიტანა და ამით ცდილობს ხმების მოპოვებას.
- მივესალმებით ნებისმიერ თემას, რომელიც ხალხს უხარია, მთავარია, შესრულება შესაძლებელი იყოს. მაინცდამაინც რომ ხალხს სწყინდეს, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ? ეს იქნება კარგი? კეთილი ენებათ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც და ეთქვათ, ელგებეტე უფლებებზე კი არ მოეწერათ ხელი, არამედ ისეთი რამ გაეკეთებინათ, რაც ხალხს მოეწონებოდა. ეს მათი არჩევანია და საფუძველი მათი პოლიტიკური ხედვისა. ეკლესია ეწინააღმდეგება ელგებეტე ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათ სხვა ვექტორი აირჩიეს. გასაგებია, რომ ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ იმას, რომ ხელისუფლება ამას გვთავაზობს. წინადადებებზე ეკლესია უარს არ იტყვის, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო ფართოდ ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შევიტანოთ ჩვენი პოზიტიური წვლილი.
- დიდი რეიტინგი აქვს ეკლესიას და ზოგიერთი ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით, ამის გამოყენებას ცდილობს ხელისუფლება?
- სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს და დავინახავთ, რომ ეს ეხება არა საპატრიარქოს, არამედ იმ ხალხს, ვინც ეკლესიის წევრია. თუ ეს უხარია ამ ხალხს, გააკეთოს მაშინ ეს ხელისუფლებამ, ამაში ცუდი არაფერია. ასეთი უნდა იყოს ხელისუფლება. თუ ხალხი ისარგებლებს იმით, რასაც ხელისუფლება გააკეთებს, და ხელისუფლებაც ისარგებლებს იმით, რასაც ხალხი არჩევანში გაითვალისწინებს, რატომაც არა, ეს ნორმალური პროცესია.
- რამდენად მოულოდნელი იყო ეს წინადადება ეკლესიისთვის?
- სრულიად მოულოდნელი იყო. არ ვიყავით მზად ამისთვის, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა რეალობას ასახავს ის, რომ ეკლესიას შეუძლია მეტის გაკეთება. ამიტომ ერთსულოვნებაა იმ მხრივ, რომ ხელისუფლების ამ კეთილგანწყობის აქტს აუცილებლად პოზიტიურად უნდა შევხედოთ და გამოვნახოთ ისეთი ფორმა, რაც მისაღები იქნება ეკლესიისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. უკეთესიდან უფრო მდარეზე რატომ უნდა ჩამოვიდეთ? საკონსტიტუციო შეთანხმება ურთიერთობის გაცილებით უკეთესი ფორმაა, ვიდრე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ იურიდიულად, ეკლესია არის დამოუკიდებელი სუბიექტი, სახელმწიფო არის დამოუკიდებელი სუბიექტი და მათ შორის არსებობს შეთანხმება, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოდელი უკვე გულისხმობს სუბორდინაციას, ამიტომ დღევანდელი მოდელი უფრო მოქნილი და მეტი შესაძლებლობის მომცემია ეკლესიისთვის...
ეს შემოთავაზება შეიძლება ითარგმნოს ასე - რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკლესიის სტატუსი, როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს და ეფექტური იყოს. არსებობს წინადადება, რომელზეც საჭიროა მსჯელობა. ამ ეტაპისთვის ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო გამყარდება კონსტიტუციური სტატუსი ეკლესიისა, და გამოიკვეთება მისი როლი ქვეყნის თანამედროვე ცხოვრებაში. არავითარი შეზღუდვა თავისუფლებისა, პირიქით, საუბარია მეტ შესაძლებლობებზე, ჩანაწერის ფორმულირებაზე კი სპეციალისტების ჩართულობით გაგრძელდება კონსულტაციები.