„პარტიები, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს“
პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის 27-მა პარტიამ მიმართა. რეგისტრაციის ვადა პარასკევს, 30 სექტემბერს ამოიწურა. თუმცა არ არის გამორიცხული, ვინმემ უარი თქვას მონაწილეობაზე, რისთვისაც ვადა 10 ოქტომბრამდეა. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ 11 პარტიას სურდა, მაგრამ მათი განაცხადი "საარჩევნო კოდექსიდან" გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზით დახარვეზდა და რეგისტრაცია ვერ გაიარეს. ეს პარტიები კი ისინი არიან, ვისაც წარმომადგენელი არ ჰყავდათ პარლამენტში და რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვება დასჭირდათ. ასეთი პარტიების მეორე ნაწილმა კი შეძლო კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია გაიარა.
2024 წლის არჩევნები ქართულ საარჩევნო ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან პირველად გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობას მხოლოდ პარტიები მიიღებენ. ამას, ცხადია, პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ამ არჩევნებს ისიც ართულებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ პარტიებს ბლოკების შექმნა აუკრძალა და გაერთიანების შემთხვევაში, ან ვინმეს სიაში უნდა ჩაწერილიყვნენ, ან შეეცვალათ სახელი. სხვათა შორის, იმ ძირითადი გაერთიანებიდან სახელის შეცვლა სრულად, ფაქტობრივად, მხოლოდ "ლელომ" მოასწრო და არჩევნებში "ლელოსთან" შექმნილი გაერთიანება დარეგისტრირებულია სახელით "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის". გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანება მონაწილეობას მიიღებს "ახალი ერთობა - გვარამია-მელიას" სახელით, "ნაცმოძრაობა"-"ერთიანობა - "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. მათ რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებები 9 და 21 აგვისტოს აქვთ შეტანილი და პარტიების ცესკოში რეგისტრაცია ისე დასრულდა, რომ მათი ცვლილებების მიღება ვერ/არ მოესწრო (რეესტრს ცვლილებების შეტანისთვის 30-დღიანი ვადა აქვს).
რაც შეეხება სხვა პარტიებს, საინტერესოა, რომ ცალკე პარტიის სახელით არის დარეგისტრირებული "ანა დოლიძე-ხალხისთვის", გიორგი ვაშაძის პარტია "კი ევროპას" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები", რომლებიც "ლელოსა" და "ნაცმოძრაობასთან" არიან გაერთიანებული და მათი რეგისტრაცია კითხვებს ბადებს, - დოლიძე-ელისაშვილი-ვაშაძე საკუთარ პარტიას დატოვებენ და მათი პარტიები მაინც მიიღებენ მონაწილეობას თუნდაც 1%-ის აღების იმედით, რაც უკვე ოპოზიციის ხმების დაკარგვის ტოლფასია, თუ რეგისტრაციიდან მოხსნიან პარტიებს? ცნობისთვის: ერთი პირი ორი პარტიის სიაში ვერ იქნება. ამიტომაც აჩენს ბევრ კითხვას დღევანდელი მოცემულობა. მაქსიმუმ ერთ თვეში პარტიების ზუსტი სიითი შემადგენლობა და რიგითობაც გვეცოდინება.
რაც შეეხება თავად პარტიების რაოდენობას, პრინციპში, წინა არჩევნებთან შედარებით, მაინც მოკრძალებულია. მაგალითად, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, მონაწილეობდა 50 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი (ჯამში 7 პარტია იყო ორივე ბლოკში გაერთიანებული), 23 პარტიას კი სხვადასხვა მიზეზის გამო უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია.
თუმცა დღეს რეგისტრირებული 27 პარტია მართლაც ბევრია, თუნდაც იმის გამო, რომ მათგან ბევრს ბარიერის გადალახვის არც შანსი აქვს და, ალბათ, დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო ხმებსაც კი ვერ აიღებს. ცნობისთვის: კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.
2020 წლის არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, 1%-იანი ბარიერის გადალახვა (მაშინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ამ არჩევნებზე ბარიერი 5-დან 1%-მდე შემცირდა), 50-დან მხოლოდ 9 სუბიექტმა შეძლო. 5%-იანი ბარიერი მაშინ მხოლოდ ორმა სუბიექტმა - "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკმა გადალახა.
ამ გადამწყვეტ არჩევნებში ბარიერი არის 5% და საზოგადოების წინასწარი განწყობებიდან ჩანს, რომ თუკი არჩევნებამდე კიდევ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ამ 27 პარტიიდან 5%-იან ბარიერს, "ქართული ოცნების" გარდა, 4 ოპოზიციური სუბიექტი თუ გადალახავს. დანარჩენმა 22-მა პარტიამ, თუკი რეგისტრაციიდან არავინ მოხსნის საკუთარ თავს, საშუალოდ 1%-მდეც რომ აიღოს (ცხადია, ზოგი მეტს და ზოგი ნაკლებს აიღებს), გამოდის, ხმების დაახლოებით 20% დაიკარგება, რაც საერთო ხმების მეხუთედია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პატარა პარტიების მხარდამჭერები, ძირითადად, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია, გამოდის, ეს ხმები ოპოზიციურ ფლანგს აკლდება, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვითარებაში 1%-იანი ბარიერის გადალახვაც ძალიან რთული იქნება (რამდენიმე პარტიის გარდა), რისი გათვალისწინებაც აუცილებელია არჩევანის გაკეთებისას.
როგორ უნდა მოხერხდეს ამ პრობლემის მოგვარება და რისი გაკეთებაა აუცილებელი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:
- მართალია, მანდატები რიგითობის მიხედვით ნაწილდება, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ჯამური პროცენტი მათი, ვინც ბარიერი ვერ გადალახეს, მით უფრო მეტია შანსი, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს უმრავლესობა. შესაბამისად, პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ, უნდათ თუ არა, მაინც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს. ამით დაინტერესებულია თავად "ქართული ოცნება" და დაინტერესებული არიან ეს პარტიებიც, რადგან იქ 1%-იან ბარიერზეა ლაპარაკი და როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ამ 1%-ს მაინც მიიღებენ, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. თუკი ამას შეძლებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ განსაზღვრული დაფინანსება ექნებათ და როგორც ჩანს, ამ მოტივით მონაწილეობენ. შესაძლოა ზოგიერთს არ უნდა, რომ "ოცნების" თამაში ითამაშოს, მაგრამ არსებობისთვის დაფინანსება სჭირდებათ. ჩემი აზრით, ეს არის მოტივი, რატომაც არჩევნებში მონაწილეობენ. მათ ხომ ძირითადად ოპოზიციური ხმები მიაქვთ და არა "ქართული ოცნების" ანუ ეს ხმები აკლდება ოპოზიციას, იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. სხვაობა რაც უფრო დიდი იქნება "ქართულ ოცნებასა" და დანარჩენ პარტიებს შორის, რადგან პროპორციულად ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებში მანდატების რაოდენობა, მით უფრო მომგებიანია ეს "ქართული ოცნებისთვის".
- რატომ ვერ მოხერხდა წვრილი პარტიების სხვა პარტიებთან მიერთება? ხომ შეიძლებოდა მათი რაღაც ნაწილი მაინც ამ ოთხ ოპოზიციურ ჯგუფზე გადანაწილებულიყო?
- ჯერ საბოლოოდ არ ვიცით, ამ არჩევნებში ამ წვრილი პარტიებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა. თუმცა, ვინც დარჩება, მათი მიზანი გასაგებია - როგორც ზემოთ გითხარით, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ისინი არა ბარიერის გადალახვისთვის, არამედ დაფინანსების მიღებისთვის იბრძოლებენ და ამიტომ ეს იქნება მიზეზი, რატომაც არ თუ ვერ გაერთიანდნენ ოპოზიციასთან. ყველას თავისი ინტერესი აქვს და არ აინტერესებთ, ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ფაქტი ის არის, რაც უფრო მეტი ოპოზიციური ხმა წავა წვრილ პარტიებზე, მით უფრო მომგებიან პოზიციაში რჩება "ქართული ოცნება" და სადღაც 700-800 ათას ხმამდე უპრობლემოდ მიიღებს თავისი სახელისუფლებო რესურსებით, იმ ბიზნესით, რომელსაც კვებავს, ამომრჩევლის იმ გარკვეული ნაწილით, რომელიც ყოველთვის სახელისუფლებო პარტიას უჭერს მხარს. ამიტომ "ოცნებისთვის" მთავარი ის არის, მეორე მხარემ არ მიიღოს იმაზე მეტი, რასაც თვითონ იღებს. "ქართული ოცნების" პრობლემა ის არის, რომ თვითონ 800 ათასამდე ხმას კი მიიღებს, მაგრამ დანარჩენმა პარტიებმა ჯამურად არ უნდა მიიღონ ამაზე მეტი. საუბარია იმათზე, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახს. ამისთვის კი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ხმები წაართვა და დაქსაქსო და ამით "ოცნების" პოზიცია გაძლიერდება.
- გადაწყვეტილება მაინც ამომრჩევლის მისაღებია და ახლა, ალბათ, მათი პრაგმატიზმი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ სიმპათიების მიუხედავად, მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ბარიერის რეალურად გადამლახავია. ამისთვის ოპოზიციამ როგორ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ პრაგმატული არჩევანი გააკეთონ და ხმები არ დაიკარგოს?
- პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება. ამ თემებზე არის ლაპარაკი, მაგრამ მაინც, ალბათ, წინ სოციალური თემები უნდა იქნეს წამოწეული, ასევე, დემოგრაფიულიც, რადგან ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ოპოზიცია რეალობასთან ახლოს უნდა იყოს და მხოლოდ ერთი თემა, რომ დავუშვათ, პროდასავლური თუ პრორუსული, ორიენტირი საკმარისი არ არის. შესაძლოა ეს საკითხი წამყვანი იყოს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება სოციალური და პატრიოტულ-ეროვნული თემებით გაძლიერება. ამაზე უნდა იყოს ორიენტირება. რაც მთავარია, ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ შეცდომა არ დაუშვას და ხელისუფლებას არ მისცეს პროპაგანდის საშუალება. ოპოზიციამ შეხვედრებისას ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ დაკარგული ხმები სწორედ იმას ნიშნავს, მათი პრობლემების მოგვარების შანსები შემცირდება. ახლა ამაზეა მუშაობა საჭირო და დიდი ოპოზიციური გაერთიანებები სწორედ ამას უნდა აკეთებდნენ.
რუსა მაჩაიძე