"არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია"

"ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე. ამ განცხადების შედეგად ქართველ საზოგადოებაში განსჯის საგანი ისევ გახდა ორი რუსეთის, კარგი და ცუდი რუსების ყოფნა-არყოფნის საკითხი, ისევ დაისვა კითხვები, რა შეიძლება­ მოხდეს ისეთი რეგიონში და როგორი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, რომ ამ ქვეყნის ლიდერებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი შედეგიანი იყოს... გვესაუბრება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული­ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ვეკუა:

- როდესაც ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას ვიწყებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ისტორია, მიზნები­ და ინტერესები. რუსეთი დიქტატუ­რაზე დამყა­რებული იმპერიაა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რაც უნდა დემოკრატი და ლიბერალი მმართველი მოვიდეს, ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ იმპერია დიქტატურის გარეშე ვერ იარსებებს. ტყუილად იჩემებენ რუსები, სუვერენული დემოკრატია გვაქვსო. სინამდვილეში მათ აქვთ თვითმპყრობელობაზე დამყარებული ნომენკლატურული სისტემა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიას. კი, დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა ნამდვილად­ სცადეს, თანაც სამჯერ, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, XIX საუკუნეში რუსებს­ ნამდვილად ჰყავდათ შედარებით პრო­გრესული­ აზროვნების იმპერატორები, მათ შორის, ალექსანდრეI, რომელმაც რამდენიმე დემოკრატიული რეფორმა გაატარა. დემოკრატიული მოძრაობის ყველაზე მძლავრი ტალღა რუსეთში ბატონყმობის გადაგდების პერიოდში აგორდა, მეორე ტალღა იყო თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რასაც საფუძვლად ედო რუსეთ-იაპონიის ომის შემდგომი პერიოდი. ამ ომში დამარცხების­ შემდეგ რუსები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ცვლილებები და იმპერატორი ნიკოლოზ II დათმობაზე წავიდა - სწორედ იმდროინდელია სტოლიპინის რეფორმა, შეიქმნა საშუალო კლასი, რომელიც მოგვიანებით კულაკებად მონათლეს. ამ საშუალო კლასის­ წყალობით ეკონომიკა­ ისე განვითა­რდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთ გავლენიან მოთამაშედ იქცა ევროპაშიც კი. ეს ტენდენცია ბოლშევიკურმა რევოლუციამ ჩაახშო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლშევიკური მთავრობა თვითმპყრობელურ მმართველობაზე­ მეტად ავტორიტარული აღმოჩნდა. იმ წლებში საშინელება გამოიარეს არა მარტო რუსეთის იმპერიაში შემავალმა სხვა ერებმა, არამედ თავად რუსმა ხალხმაც - საშუალო კლასის ქონებას ექსპროპრიაცია გაუკეთეს, თავად ხალხი ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს და ა.შ. ამ ყველაფრის შედეგად საბჭოთა სივრცეში შეიქმნა დიდი ვაკუუმი,­ რის ამოვსებასაც სოციალური იზომერიით შეეცადნენ. ე.ი. რუსებთან ერთად საბჭოთა­ კავშირში შემავალი ხალხების საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს და დატოვეს მხოლოდ­ (სამედიცინო ტერმინს გამოვიყენებ) დეგენერატები - შექმნეს ახალი ჯიშის ინტელიგენცია. სწორედ აქედან მოდის წითელი ინტელიგენცია, სამეწარმეო ელიტა და პარტიული ნომენკლატურა.

- მესამე ცდა, ალბათ, უფრო შედეგიანი იყო... საბჭოთა კავშირის დაშლა ხომ სწორედ რუსეთის დემოკრატიის რელსებზე შედგომის მცდელობას მოჰყვა.

- ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირი­ უკვე დაიშალა, ჩემი შეფასებით, პროცესი­ ახლაც მიდის, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება, ამის დასტურია რუსეთ-უკრაინის ომიც. კი ბატონო, 90-იანებში შეიქმნა განცდა, რომ რუსეთის დემოკრატიზაცია მესამე ჯერზე ელცინს სურდა, თითქოს ის სხვა რუს ლიდერებზე, მათ შორის გორბაჩოვზე, მეტად დემოკრატი იყო და დასავლეთმაც ფსონი მასზე დადო. სამწუხაროდ, მან დემოკრატიზაციის იდეას მალევე უღალატა. რუსმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ ახლა არ აწყობთ იმის გახსენება, რომ ელცინის მმართველობის შემდეგ, როდესაც ქვეყანა დიდ ქაოსში­ აღმოჩნდა და დეფოლტის წინაშე დადგა, დასავლეთიდან ძალიან დიდი დახმარება მიიღეს. მაგალითად, 1994-1995 წლებში ამერიკიდან რუსეთში საკვებით დატვირთული­ უზარმაზარი სატვირთო "ბოინგები" შედი­ოდნენ. როგორც მახსოვს, იმ ერთი წლის განმავლობაში 25000 რეისი გააკეთეს. დასავლეთმა არაერთხელ მისცა შანსი რუსეთს, ყოფილიყო სანდო პარტნიორი და ცივილიზაციის განვითარებაში წვლილი შეეტანა. მარტო ის რად ღირს, რომ ნავთობ­პროდუქტებს წარმოუდგენლად მაღალ ფასად­ ყიდულობდნენ. ამ 30 წლის განმავლობაში მინიმუმ 30 ტრილიონი დოლარი მაინც არის შესული დასავლეთიდან რუსეთის ბიუჯეტში. იმის ნაცვლად, რუს ლიდერებს დასავლური დახმარება კეთილსინდისიერად გამოეყენებინათ და ქვეყნის განვითარებაში ჩაედოთ რესურსები, საკუთარი ჯიბეები გაისქელეს, რუსეთი კი ისევ ჭაობში ჩატოვეს. რუსული დიქტატურული მმართველობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ისევ რუსი ხალხია. სხვათა შორის, პუტინის მმართველობის პერიოდში ერთი უნიკალური მოვლენა მოხდა - რუსეთის იმპერიას ხომ ჯერ იმპერატორი მართავდა­ და შემდეგ პარტიული ნომენკლატურა, პუტინის დროს კი სახელმწიფოს კაკებეშნიკები დაასხდნენ თავზე. ეს არც გორბაჩოვის დროს ყოფილა, არც სტალინის და მით უფრო, არც იმპერატორების პერიოდში. XIX საუკუნეში "ოხრანკას" იმპერატორის­ ხალხი მართავდა, რევოლუციის შემდეგ კა-გე-ბეში პარტიული ნომენკლატურა წყვეტდა ყველაფერს, პუტინის დროს კი ეფ-ეს-ბედ გადაკეთებულმა კა-გე-ბემ მთელი სახელმწიფო ჯიბეში ჩაისვა... ეს ისტორიული წიაღსვლა იმიტომ გავაკეთე, რომ მკითხველს ნათლად წარმოვუდგინო, როგორ დასამარდა დემოკრატია რუსეთში. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ თუ მართლა დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე გვაქვს პრეტენზია, წესით, საქმე არ უნდა გვქონდეს რუსეთთან, იმიტომ, რომ მაგ ქვეყანაში დემოკრატიული წესები არ მოქმედებს.

- რუსეთზე არანაკლებ დიდი და ძლევამოსილი იმპერიები, მაგალითად, ბრიტანეთი და გერმანია, მიხვდნენ, რომ ვეღარ­ ვითარდებოდნენ და თავადვე დაიწყეს დეკოლონიზაციის პროცესი. პუტინი დღემდე ამბობს, რომ რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება და დღესაც იმპერიალისტური მიზნებით აწარმოებს ომს. რა უნდა მოხდეს ან ვინ უნდა მოვიდეს რუსეთის სათავეში, რომ რუსეთმა რეალურად აიღოს ხელი იმპერიულ ზრახვებზე და რესურსი საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს?

- ამას ბევრი რამ, მათ შორის ეკონომიკური, ცივილიზაციური და კულტურული ფაქტორი განსაზღვრავს. ინგლისი­ დიდი ქვეყანა არ იყო, მაგრამ ყველაზე დიდი იმპერია ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში, ფაქტობრივად, მსოფლიოს მეოთხედს განაგებდა. როგორ ახერხებდა ერთი პატარა ქვეყანა ამხელა ტერიტორიების მართვას? საუკეთესო კადრები ჰყავდა. ვერ ვიტყვით, რომ ბრიტანეთს რუსეთზე ნაკლები ცოდვები არ ჰქონდა სხვა ერების წინაშე, მაგრამ­ საბოლოოდ გაიაზრეს, რომ ექსპანსიური პოლიტიკა ინგლისის განვითარებას უშლიდა­ ხელს. იმპერიები სხვა ქვეყნების ტერიტორიებს ითვისებდნენ­ იმ მიზნით, რომ არა მარტო მოსახლეობის რესურსით ესარგებ­ლათ, არამედ ბუნებრივ წიაღისეულზე ჰქონოდათ წვდომა. ეს არის პარა­ზიტული ეკონომიკა - მხოლოდ მიგაქვს და არაფერს აბრუნებ, ანუ ადგილობრივ განვითარებას არ უწყობ ხელს. ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხარ, არჩინო ქვეყანა, რომელიც შენი პარაზიტული ეკონომიკის შედეგად ვეღარ განვითარდა. ეს კი გაცილებით ძვირი ჯდება. აი, ამას მიხვდნენ ბრიტანელები. ამასთან, ბრიტანეთი თვითმპყრობელობის კი არა, თვითმმართველობის მენტალიტეტის მქონე ქვეყანაა. ჯერ კიდევ დომინირების პერიოდში უზარმაზარ ავტონომიებს აძლევდა დაპყრობილ ქვეყნებს.

- საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებსაც ხომ ჰქონდათ ავტონომიები, სულ 15 რესპუბლიკა იყო.

- კი, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. 1709 წელს ბრიტანეთსა და შოტლანდიას შორის რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო, ჩვენ მსგავსი არასდროს არაფერი გვქონია. 1920 წელს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება ფარსი­ აღმოჩნდა, ბრიტანეთსა და შოტლანდიას შორის დადებული ხელშეკრულება კი დღემდე მოქმედებს და ასე განსაჯეთ, ცოტა ხნის წინ რეფერენდუმი ჩატარდა და შოტლანდიელების უმრავლესობამ ინგლისთან დარჩენა მოისურვა.

წარმოგიდგენიათ საღად მოაზროვნე ქართველი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში დარჩენას მოისურვებს? კი, არის ქართველების 12-13%, რომელიც რუსული რეჟიმის საყრდენია საქართველოში, მაგრამ ეს ხომ უმცირესობაა. სულ სხვა ყაიდის­ იმპერია იყო ბრიტანეთი, სრულიად განსხვავებულია რუსეთის იმპერია და სანამ ის საძირკვლიანად არ დაინგრევა, მანამდე არ მოხდება რუსი ხალხის ცნობიერების ტრანსფორმაცია.

გნებავთ, გერმანიის მაგალითიც განვიხილოთ. ეს ქვეყანა იმაზე გაცილებით ძლიერი­ მილიტარისტული ქვეყანა იყო, ვიდრე დღეს არის რუსეთი, გაცილებით მაღალ კულტურაზე აღარაფერს ვამბობ. ამ ხალხმა მსოფლიოსაც ბევრი უბედურება მოუტანა­ და საკუთარ ქვეყანასაც, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, გაიაზრეს დანაშაული­ და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საოცარი ტრანსფორმაცია განიცადეს. დღესაც კი იმდენად მძლავრად არის გერმანელ ხალხში დანაშაულის შეგრძნება, რომ ლამის პაციფისტები არიან. ევროპის ქვეყნებმა უკვე აშკარად დაინახეს, რომ თავდაცვის გაძლიერება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამის მიუხედავად, გერმანია მაინც ფეხს ითრევს შეიარაღების გაზრდაზე.

- ალბათ, რუსეთში მაინც იქნებიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი იმპერიალისტური შემადგენლისგან უნდა გათავისუფლდეს და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგეს.

- სხვათა შორის, მინახავს პროგრესულად მოაზროვნე რუსებიც, რომელთაც არ მოსწონთ საკუთარი ქვეყნის იმპერიალისტური ბუნება და ამბობენ, რომ იმპერიული მემკვიდრეობა სისხლის ფასად უჯდებათ, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან და პოლიტიკურ სურათში გარდატეხა ვერ შეაქვთ. მე არ ველი, რომ რუსეთში დიდი დემოკრატიზაციის ტალღა აგორდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსეთი დიდხანს ვეღარ დარჩება ისეთად, როგორიც ახლაა. ბჟეზინსკის აქვს ნათქვამი, რუსეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც იმპერია და დემოკრატია ურთიერთშეუთავსებელიაო.

- გავიგეთ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ­ ნაღებივით მოხადა რუს და არა მარტო რუს ერს საღად მოაზროვნე ადამიანები,­ მაგრამ დღეს რუსებს დასავლეთისგან რკინის­ ფარდა აღარ აშორებთ და ისინი საკუთარი­ თვალით ხედავენ დასავლურ სიკეთეებს.­ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარ ხელისუფლებაზე პროტესტი არ უჩნდებოდეთ?

- რუსების დიდი ნაწილი, ვინც დასავლური სიკეთეები ნახა, გასულია ქვეყნიდან, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო დიდი გადინება. ვინც ქვეყანაში დარჩა, ისინი კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მსხვერპლი კი არა, პროდუქტები არიან. ეს განსაკუთრებულად მძიმე მასაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, პუტინის რეჟიმი რომ დაემხოს, ქვეყანაში დასავლური ცივილიზაციანანახი ხალხი დაბრუნდეს და სახელისუფლებო ვერტიკალში მოექცეს, ერთი ან ორი თაობის შემდეგ ისევ ექსპანსიონისტური პოლიტიკა წამოიწევს წინ, ალბათ, უფრო დემოკრატიული ფასადით, მაგრამ საბოლოოდ მაინც "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა". შეიძლება ძალისმიერ მეთოდებს აღარ მიმართონ, მაგრამ ჰიბრიდულ ომს გააგრძელებენ და არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია. ერთადერთი გამოსავალია რუსული იმპერიის საბოლოო დაშლა, სხვა შემთხვევაში რუსი იმპერიალისტურ მემკვიდრეობას ვერ შეელევა.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლის ერთადერთი გზა შიდადაპირისპირებაა და ეს კარგად გამოიკვეთა კურსკის მოვლენების დროს, როდესაც ძალოვანებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს კურსკის დაკარგვის გამო.

- ვერტიკალში დაპირისპირება აქამდეც­ არაერთხელ იქნებოდა არა მარტო ახლა, არამედ წარსულშიც. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების დროსაც ებრძოდნენ ერთმანეთს რუსები, ბოლშევიკებსა და მენშევიკებს სხვადასხვა რეჟიმი აწყობდათ, თორემ ისე ორივე მხარე რუსეთის იმპერიის გაძლიერებისთვის იბრძოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ, ვისაც პუტინის რეჟიმის დამხობა სურს, რუსული იმპერიის დაშლა კი არა, სახელისუფლებო ვერტიკალის სათავეში მოსვლა სურთ. არ არის გამორიცხული, პუტინს მუსოლინის ბედი სანატრელი გაუხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც მის ადგილს დაიკავებს, ის რუსულ იმპერიალისტურ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის.

ხათუნა ბახტურიძე