"კორეელი სტალინი" ანუ ეკონომიკური სასწაულის საიდუმლო
სამხრეთი კორეა უნიკალური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა უღარიბესი, აგრარული, ომებითა და რევოლუციებით გაწამებული ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ. დღეს სამხრეთი კორეა "დიდი ოცეულის" წევრია და მსოფლიოში სიდიდით 11-ე ეკონომიკა აქვს. თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი ადამიანი - პაკ ჩონ ხი. მას "კორეელ სტალინსაც" უწოდებენ.
როგორ მოვიდა პაკ ჩონ ხი ხელისუფლებაში
პაკ ჩონ ხი 1917 წელს დაიბადა. 1937 წელს დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი და იაპონიის არმიაშიც მსახურობდა (მაშინ კორეა იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული). პაკ ჩონ ხი გარკვეული პერიოდი კომუნისტურ იდეებსაც იზიარებდა, თუმცა 50-იან წლებში, კორეის ომის დროს (რომლის შედეგად ქვეყანა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად გაიყო), თავი გამოიჩინა როგორც ანტიკომუნისტმა. და შემდეგაც ამ იდეოლოგიის მტერი იყო.
50-იანი წლების კორეა უღარიბესი ქვეყანა იყო - ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით აფრიკის ქვეყნების ნაწილიც კი უსწრებდა. ქვეყანას მოხუცი დიქტატორი ლი ლეგკო მართავდა. 1960 წელს მან მორიგი არჩევნები მოიგო“(ლი ლეგკოს ერთადერთი კონკურენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოკვდა), რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები და რევოლუცია მოჰყვა. სამხრეთი კორეა ქაოსში ჩაიძირა. 1961 წელს სამხედრო გადატრიალებით ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა. მოგვიანებით, პაკ ჩონ ხი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
პირველ რიგში, პაკ ჩონ ხიმ კორუფციასა და კრიმინალს შეუტია. სპეცსასამართლოები ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. კორუფციის კუთხით, სამიზნეები, ძირითადად, წინა ხელისუფლების ჩინოსნები იყვნენ. გაანადგურეს კრიმინალიც. დანაშაულებრივი სამყაროს წევრები ყველას დასანახავად სეულის ცენტრში ჩამოატარეს. მას შემდეგ სეული აზიაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია... კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, სამხრეთ კორეის ყველა კერძო ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა. გლეხებს ვალები ჩამოეწერათ. გზები, პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.
ეკონომიკური რეფორმები
პაკ ჩონ ხიმ საკუთარ ხალხს შესთავაზა ლოზუნგი:“"მოდი, ვიცხოვროთ ადამიანურად". მისი აზრით, სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე ეფექტური გზა იმპორტის სწრაფად გაზრდა იყო და პრიორიტეტებიც განისაზღვრა - მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა და ელექტრონიკა.
სქემა ასეთი იყო: სახელმწიფო მსხვილ კონგლომერატებს ექსკლუზიურ შეღავათებს უწესებდა. კომპანიებს ამ ფულით უცხოეთიდან ნედლეული შემოჰქონდათ, ტექნოლოგიებს ყიდულობდნენ, კადრებს სასწავლებლად საზღვარგარეთ გზავნიდნენ და საბოლოოდ, მზა პროდუქტი უცხოეთში გაჰქონდათ. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სახელმწიფო ბიზნესს თავზე აჯდა ან კარნახობდა, რა გაეკეთებინა. არა, უბრალოდ, აძლევდა მიმართულებას და ხელს უწყობდა, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაეტანა, შესაბამისად, მეტი მოგებაც მიეღო. ეს ყველაფერი სახელმწიფოს დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების„ხუთწლედებში იყო მოქცეული... თუმცა სამხრეთკორეული ეკონომიკური სასწაული ვერ მოხდებოდა ამერიკისა და იაპონიის დახმარების გარეშე. ვიეტნამის ომში სამხრეთი კორეა ამერიკის მოკავშირე იყო. იაპონიასთან, როგორც ყოფილ ოკუპანტთან, თავიდან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა, თუმცა ამერიკის დახმარებით დაალაგა. საბოლოოდ, ამერიკისგან სამხრეთ კორეამ 10 მილიარდი დოლარი (დღევანდელი კურსით), იაპონიისგან კი 8 მილიარდი დოლარი მიიღო.
შეიძლება გყავდეს ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო, მაგრამ უნდა იცოდე, მისგან რა გჭირდება. ანკესისა და თევზის ისტორიაა. შეიძლება, პარტნიორს გამოართვა ბევრი ფული, მაგრამ ხვალ-ზეგ შემოგეხარჯოს და ისევ მშრალზე დარჩე. აი, კორეელებმა ანკესი აირჩიეს - ისინი იაპონელებისა და ამერიკელებისგან ტექნოლოგიებს ითხოვდნენ (და იღებდნენ კიდეც), მათგან მიღებული ფულით ასევე ტექნოლოგიებს ყიდულობდნენ და სპეციალისტებს საზღვარგარეთ უშვებდნენ სასწავლებლად. ამერიკელების დახმარებით კორეელებმა უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შექმნეს, რომელსაც ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. რაც მთავარია, კორეელებს ბრმად არც ამერიკული და არც იაპონური მოდელი არ გადმოუღიათ: აიღეს ყველაფერი საუკეთესო და მოარგეს ადგილობრივ რეალობას.
თუმცა, პირველ რიგში, პაკ ჩონ ხიმ აქცენტი გააკეთა მაღალი დონის განათლების სისტემაზე და ამის მიღწევა ჯერ კიდევ 60-იან წლებში შეძლო. მოგეხსენებათ, კადრები წყვეტენ ყველაფერს. სამხრეთ კორეაში დღეს შემდეგი განათლების სისტემა მოქმედებს: სკოლა შედგება სამი საფეხურისგან -P დაწყებითი, საშუალო და მაღალი. დაწყებით და საშუალო საფეხურებზე სწავლა სავალდებულოა. თუმცა მოსწავლეების 99% სწავლას მაღალ საფეხურზეც აგრძელებს... სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებლებშიც - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. რაც მთავარია, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, რომ კორეელმა სტუდენტებმა სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონ, შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში და იქ დასაქმდნენ. სხვათა შორის, კორეაში საჯარო მოხელეებიც ვალდებული არიან, კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამისი გამოცდა ჩააბარონ, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, შეეფერება თუ არა ეს მოხელე დაკავებულ თანამდებობას.
ჩრდილოვანი მხარე
პაკ ჩონ ხის მმართველობა პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. პირველ ეტაპზე ის ცდილობდა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახე შეენარჩუნებინა. პირველი ორი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მან გაიმარჯვა, შედარებით ნორმალურად ჩატარდა, თუმცა ფასადს იქით ცუდი ამბები ხდებოდა. კერძოდ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პაკ ჩონ ხიმ შექმნა კორეული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც უკანონოდ მოქმედებდა. მაგალითად, 1968 წელს კორეულმა სპეცსამსახურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გაიტაცა 17 სამხრეთკორეელი სტუდენტი, რომლებიც სეულში ჩაიყვანეს, აწამეს და მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ. სანამ გერმანია სამხრეთ კორეას დიმპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით არ დაემუქრა, სტუდენტები არ გაუშვეს. საბოლოოდ, პაკმა წითელი ხაზები 1971 წელს გადაკვეთა - საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ გამარჯვების შემდეგ. პაკ ჩონ ხიმ დაითხოვა ადგილობრივი პარლამენტი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მის სამუდამო მმართველობას უზრუნველყოფდა. დაიწყეს ოპოზიციონერების შევიწროება და სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლა. ამ ყველაფერს პაკი ანტიკომუნისტური ზომებით ამართლებდა...
პაკ ჩონ ხის მთავარი კონკურენტი ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი კიმ დე ჩჟუნი იყო, რომელიც პაკმა იაპონიაში გააძევა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე განეიტრალებულად არ ჩათვალა - პაკის დავალებით, ტოკიოდან ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს და ნავიდან ზღვაში გადაგდებას უპირებდნენ, თუმცა იაპონელებმა სწრაფად მოახერხეს რეაგირება და საქმეში ამერიკის საელჩოც ჩაერია. საბოლოოდ, კიმ დე ჩჟუნი სეულში, საკუთარ სახლთან ჩამოსვეს, შემდეგ კი დააპატიმრეს (გავა დრო და კიმ დე ჩჟუნი კორეის პრეზიდენტი გახდება, 2000 წელს კი ნობელის პრემიასაც მიიღებს).
პაკ ჩონ ხის დასასრული
პაკ ჩონ ხის კომუნისტური საფრთხე არ ელანდებოდა, ჩრდილოელი მეზობლები მას მოსაკლავად მართლაც დასდევდნენ. 1968 წელს ჩრდილოკორეულმა სპეცრაზმმა სეულში შეაღწია, პაკის რეზიდენციამდე 800 მეტრიღა რჩებოდათ, როცა პოლიციელებს გადააწყდნენ. შეტაკებისას 29 სპეცრაზმელი დაიღუპა, დანარჩენები დაიჭირეს და მხოლოდ ორმა მოახერხა გაქცევა. 1974 წლის 15 აგვისტოს პაკი ცოლთან ერთად ეროვნულ თეატრში იმყოფებოდა, როცა ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის აგენტმა მას პირველი რიგებიდან ესროლა, თუმცა დაიჭრა პაკის ცოლი და შემთხვევით დაიღუპა მოზარდი. სხვათა შორის, პაკ ჩონ ხი არ გაქცეულა და თეატრში მაინც გამოვიდა სიტყვით... დიქტატურას წყალი 70-იანი წლების ბოლოს შეუდგა. ეროვნული კრებიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გაძევებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, ქვეყანაში კი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შტაბბინაში ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიკრიბა. პაკ ჩონ ხიმ სპეცსამსახურის ხელმძღვანელ კიმ ჩჟე გიუს (რომელიც მისი უახლოესი მეგობარიც იყო) შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - როგორ თუ აქამდე პროტესტი ვერ ჩაახშეო?! სპეცსამსახურის ხელმძღვანელი უსიტყვოდ შევიდა მეორე ოთახში, იარაღი გამოიტანა, ჯერ პაკის დაცვის უფროსი გააგორა, შემდეგ კი პრეზიდენტს ესროლა. პაკ ჩონ ხი ადგილზე დაიღუპა. კიმ ჩჟე გიუ კი ასევე მშვიდად გავიდა შენობიდან, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა... დღემდე უცნობია, ეს პირადი შურისძიება იყო თუ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. კიმ ჩჟე გიუ კი ამტკიცებდა დაკითხვაზე, რომ პრეზიდენტი დემოკრატიის განვითარებას ხელს უშლიდა და იმიტომ მოკლა, მაგრამ... 1980 წელს ის სიკვდილით დასაჯეს.
პაკ ჩონ ხის შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ სამხედრო ხუნტა მოვიდა, რომელთანაც ბრძოლას არაერთი სტუდენტი და აქტივისტი შეეწირა. სამხრეთ კორეაში დღემდე მიმდინარეობს კამათი, თუ ვინ იყო პაკ ჩონ ხი - პირსისხლიანი დიქტატორი თუ ქვეყნის პატრიოტი, რომელმაც ისტორიას კორეული ეკონომიკური სასწაული დაუტოვა.
გიორგი კვიტაშვილი