ნადირობა ქართველებზე და ტოტალური დისკრიმინაცია - რას ჰყვებიან აფხაზეთში მცხოვრები ქართველები
აფხაზეთში სეპარატისტულმა რეჟიმმა აგვისტოში ქართველებზე ნადირობა დაიწყო - გალის სოფელ ბღურაში (მეორე ოტობაიაში) სამი ქართველი დააკავეს ბრალდებით, რომ ისინი ადამიანებს არაოკუპირებული საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გამშვები პუნქტის გვერდის ავლით მალულად გადასვლაში ეხმარებოდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, როგორ შეიჭრნენ და გაჩხრიკეს ძმების, რემიკო და მურთაზ ჭითანავების სახლი. აჩვენეს ნაცემი ბიჭები, ასევე ხელყუმბარები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და რამდენიმე ათეული ერთდოლარიანი. კონკრეტულად ვის "უკანონო" გადაყვანას“ ედავებიან ძმებს, არ თქმულა. იმავე ვიდეოფირში ჩანს სამი პირის დაკავებაც, მათ შორის ორი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მესამე, არჩილ საქანია, საქართველოს მოქალაქეა. ვიდეოში ნათქვამია, რომ საქანია რუსეთის ორ მოქალაქეს ეხმარებოდა აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ყველა დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შემდეგ აფხაზური მედიის ცნობით, გალის სოფლებში ე.წ. უშიშროების სამსახურებმა რეიდები მოაწყვეს. როგორც სეპარატისტული რეჟიმი აცხადებს, ბოლო დროს აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ფაქტები ძალიან გახშირდა. აფხაზი ოპოზიციონერი ჟურნალისტების აზრით, ეს არის ძალოვანი უწყებების მორიგი შოუ“ და "კლოუნადა". გამოხმაურებები იყო აფხაზურ ტელეგრამარხებზეც. ზოგი წერს, რომ ქართველები აფხაზურ კანონებს პატივს არ სცემენ და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობენ, მეორე ნაწილს კი უკვირს, როდის მერე გახდა დოლარების ქონა უკანონობა და ნაჩვენები ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნა თეთრი ძაფით ნაკერ საქმეს ჰგავს.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელიც 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს „ჯაშუშობის ბრალდებით“და აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, "სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აფხაზეთის საპატიმროში 2022 წლიდან სასჯელს გალელი ასმათ თავაძე იხდის. მას სახლში საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები - დროშა და შევრონი აღმოუჩინეს. თავაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავებოდნენ. 2024 წლის ივნისში აფხაზმა ბლოგერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასმათ თავაძე გაათავისუფლეს და საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. ინფორმაცია სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმაც დაადასტურა.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბოლო დროს ქართული და თურქული "დანაშაულებრივი სტრუქტურების" წევრების აფხაზეთში "შეღწევის" ცდები გაიზარდა და ჯამში დაკავებულია 13 პირი, რომლებზეც აღძრულია სს საქმე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ დაკავებულ ქართველებზე განცხადება მეორე დღეს, 21 აგვისტოს გაავრცელა. პირველ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით. მოგვიანებით გავრცელდა მეორე განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ დამატებით გაირკვა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ“ და მიმდინარეობს მუშაობა მათ დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად...
"გალში ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლა და შიშია"
მაია, მეორე ოტობაიას მცხოვრები:
- ძმები ჭითანავები მშრომელი ხალხია, ზედ საზღვართანაა“მათი სახლი, ამიტომ მარტივი იყო მათთვის დაბრალება, რომ თითქოს მალულად გადაჰყავდათ ხალხი. სოფელში ამბობენ, რომ აფხაზი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შეცვივდნენ, ჯერ ძაღლს ესროლეს, შემდეგ კი ბიჭებს სცემეს, ასაფეთქებლები და იარაღიც ჩაუდეს, რომ ბრალი დაუმძიმონ.
არ ვიცი, ახლა ვინმე მართლაც თუ გადადის მალულად, იმდენად გამკაცრებულია კონტროლი. სანამ მდინარემდე მიხვალ, მავთულხლართებია, ყველგან რუსები პატრულირებენ ძაღლებით. თუ დაგიჭირეს, გცემენ და გაჯარიმებენ. ამ გზით გალელებისთვის სახლში მისვლა დახრჩობისა და დაკავების რისკზე გადის, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის... მილიციის რეიდებიც გახშირდა. ადრე სახლებში შემოდიოდნენ და ამოწმებდნენ ქართული პასპორტი, დროშა ან რამე ქართული სიმბოლო ხომ არ გქონდა, ახლა უფრო ქუჩებში დადიან, ახალგაზრდებს ამოწმებენ სიმთვრალეზე, ნარკოტიკებზე, საბუთი აქვთ თუ არა. გალში ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლა და შიშია.
"ძმები ფაქტზე არ დაუჭერიათ"
ლიკა, სოფელ ნაბაკევის მცხოვრები: - 2008 წლამდე ენგურზე ყველგან გადავდიოდით, შემდეგ ხიდები ააფეთქეს. ადრე 5 გადასასვლელი იყო, თაგილონში, ნაბაკევში, ფახულანში, ოტობაიასა და ენგურის ცენტრალური ხიდი. ახლა მხოლოდ ენგურის ხიდია.
ადრე მეც გადავპარულვარ. შემდეგ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. მავთულხლართებში გაძრომა კი წარმოუდგენელია. ამიტომ გაჩნდნენ ე.წ. გადამყვანები. თავიდან 5-10-15 ლარს იღებდნენ, შემდეგ გაძვირდა და 40-60 ლარი გახდა - რაც უფრო რთულდებოდა გადაპარვა, ფასიც იზრდებოდა. ბოლო სამი წელია, ალბათ, ერთეულები თუ ბედავდნენ, რადგან 1% გაქვს შანსი, რომ არ დაგიჭირონ. მესაზღვრეების ძაღლები სუნზე გამორბიან, ვერ გაასწრებ. სამი წლის წინ მეც დამეწია ძაღლი და რუსი შუა მდინარემდე მომყვა. მაშინ ოცდაათამდე კაცი ვიყავით, სამი გადამყვანი გვახლდა. სანამ რუსების სათვალთვალო კამერა ერთ ბრუნს გააკეთებდა, მდინარე ორ წუთში უნდა გადაგველახა. ყველამ ვერ მოვასწარით და რუსი მესაზღვრე იარაღით შუა მდინარეში დამეწია...
ერთმანეთს თვალებში რამდენიმე წამის განმავლობაში ვუყურებდით. შეშინებულმა გზა მაინც გავაგრძელე და ნაპირზე გავედი. მაშინ გადავრჩი და მერე არც მიცდია... გალელებისთვის შინ დაბრუნება დახრჩობის და დაკავების რისკზე გადის. ძმები ფაქტზე არ დაუჭერიათ და როგორც ე.წ. საზღვართან მცხოვრებნი დაიჭირეს, ან ძველი გადამყვანები არიან და ახლა ვიღაცამ ჩაუშვა.
"ბიჭების დაჭერა გალელების დასაშინებლად მოხდა"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - ჭითანავები ფაქტზე არ დაუკავებიათ, უბრალოდ, დააბრალეს, რადგან ე.წ. საზღვართან აქვთ სახლი და ბრალის დასამძიმებლად ჩაუდეს იარაღიც და ასაფეთქებლებიც. თუ ადამიანები გადაგყავს, ტროტილი რაში გჭირდება? ერთდოლარიანების დასტის ამბავიც არადამაჯერებელია, გალში რომ გაუბედურებული ხალხი გადადის მალულად, დოლარები მიაქვს? მესამე დაკავებულს რუსების გადაყვანაში სდებენ ბრალს და ესეც ბადებს კითხვებს. რა პრობლემა აქვს რუსს აფხაზეთში ჩასვლაზე, მალულად რატომ უნდა ჩასულიყო და ფული გადაეხადა? ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა, გალელების დასაშინებლად.
2021 წელს, "კოვიდის" დროს, ერთი ოჯახის სამი წევრი და ერთი თანამგზავრი ენგურში დაიხრჩო, სოფელ წარჩედან ზუგდიდში აპირებდნენ მალულად გადმოსვლას. გამთენიისას კაშხლიდან წყალი გაუშვეს და ადიდებულმა ენგურმა ოთხივე გაიტაცა.
დღეს, ვინც გალში ცხოვრობს, ბინადრობის მოწმობა ყველას აქვს. თუ ე.წ. საზღვართან ახლოს ცხოვრობ, მაშინ ეს საბუთი საკმარისია მიმოსვლისთვის, თუ სოხუმიდან ან ოჩამჩირიდან მოდიხარ, აფხაზური პასპორტიც რომ გქონდეს, იქაური დე ფაქტო უშიშროების ნებართვაც გჭირდება. სწორედ ასეთები მიმართავენ არალეგალურ გზებს. ზოგჯერ არალეგალურად მაშინაც გადადიან, როცა ბარგის გადმოტანა-გადატანა უნდათ, რადგან ამისთვის ენგურის ხიდზე ხშირად არაოფიციალურად ფულს ახდევინებენ. მათ გადამყვანები არც სჭირდებათ, თავად იციან, როდის და როგორ გადავიდნენ. ზოგჯერ ამაში ხელს ე.წ. მესაზღვრეებიც უწყობენ ქრთამის სანაცვლოდ. თუმცა რიგითი ადამიანი რომ იყოს ამგვარი „ბიზნესით“ დაკავებული, შეუძლებელია.
თავად აფხაზები და რუსები არიან ჩართული ამ საქმეში. გალში ქართველების ტოტალური დისკრიმინაციაა. გადასასვლელები დაკეტეს და რაც დატოვეს, იქაც ფული უნდა იხადო.
"საბუთიანების ნაწილიც "შავ გზას" იყენებს"
გელა ხასაია, ორგანიზაცია "აფხაზური ამბების" დამფუძნებელი: - გალში ქართველებს, ძირითადად, აქვთ ბინადრობის მოწმობა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს საბუთიც არ გააჩნიათ. როდესაც ბინადრობის საბუთის სარგებლობის ვადა მთავრდება, თუკი დიდ ქრთამს არ გადაიხდი, ხელახლა ასაღებად თვეები, ზოგჯერ წელიწადიც სჭირდება. საბუთის არმქონეები ენგურის ხიდზე ვერ გადავლენ, ამიტომ უწევთ გადაპარვა. გადაპარვა ძალიან რთულია, ყველგან მავთულხლართებია. ზოგან პირდაპირ სახლების ეზოებზე გადის და შემდეგ მოდის ტყე ან თხილნარი. როდესაც "ენგურჰესიდან" წყალი გაშვებული არ არის, მაშინაც შეიძლება გადასვლა.
გალში მოსახლეობა თხილის შემოსავლით ცხოვრობს, მოსავალი გასაყიდად ზუგდიდში მიაქვთ, ამიტომ მიმოსვლა ზაფხულში ხშირია. ზუგდიდშივე ყიდულობენ პროდუქტებს, წამლებს, რადგან გალში ყველაფერი ძვირია. პროდუქტების გადმოტანა ლეგალურად შეზღუდულია, თუკი ბევრი მიგაქვს, ქრთამს ითხოვენ. არა მარტო აფხაზური მხარე, ქართული პოლიციაც უქმნის გალელებს პრობლემებს. მაგალითად, ზოგს 5 კილოგრამი ყველის გადატანის უფლებას აძლევენ, ზოგს კი ეუბნებიან, რომ არ შეიძლება, თბილისში უნდა დავრეკოთ, ეგ არალეგალური ვაჭრობააო. ამიტომაც საბუთიანების ნაწილიც გადასასვლელად "შავ გზას" იყენებს.
ეკატერინე ბასილაია