„ომში წასვლა არავის დაუძალებია, მაგრამ დაიჩემა და წავიდა... ბოლომდე იბრძოლა“ - კვირის პალიტრა

„ომში წასვლა არავის დაუძალებია, მაგრამ დაიჩემა და წავიდა... ბოლომდე იბრძოლა“

"იქართველეთ, ქართველებო, ქართველობას გაფიცებთ", - ეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სიტყვებია. როდესაც მის ოჯახს დავუკავშირდი, მეგონა, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი... ვუსმენდი დედამისს, ციური წერეთელს, მის დას, ხათუნა დამენიას, ვეცნობოდი მის ჩანაწერებს და ვხვდებოდი, რომ ის გმირობისთვის, თავგანწირვისთვის ემზადებოდა, ის დაიბადა იმისთვის, რომ მომკვდარიყო საქართველოსთვის. ამბავი კი ასე დაიწყო - 16 აგვისტოს დილა თენდებოდა, ცხინვალის მისადგომებთან გათხრილ სანგარში რუსულ-ოსურ ბანდფორმირებებთან მებრძოლ ქართველებს მოწინააღმდეგემ ხელყუმბარა ჩაუგდო. ქართველთაგან ერთი არც დაფიქრებულა, ხელყუმბარას გადაეფარა - გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა "კომანდოს" მებრძოლი ზაზა დამენია იყო. მასთან ერთად იმ ავბედით დღეს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარეს და ოს სეპარატისტებს შორის მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. როგორც ზაზა დამენიას თანამებრძოლები შემდგომ იხსენებენ, დაღუპვამდე ორი დღით ადრე ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებოო!

მართალია, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, მაგრამ დღეს მას აღარავინ იხსენებს. როგორც მისი და ხათუნა დამენია ამბობს, 16 აგვისტოს მეოცე წლისთავი იყო, მაგრამ ეს არც ჟურნალისტებს გახსენებიათ და არც პოლიტიკოსებს: "მხოლოდ ზაზა კი არა, იქ სხვა ბიჭებიც დაიღუპნენ, მაგრამ მათ აღარავინ ახსენებს.­ გვრჩება განცდა, რომ 2004 წლის აგვისტოს კონფლიქტის გახსენება ხელს არავის აძლევს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ იმ ბიჭების გმირობის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ჩემი ძმა ზოგს აფხაზეთის ომის გმირი ჰგონია, ზოგს 2008 აგვისტოს ომის დროს დაღუპული".

გულნატკენია დედაც, ციური წერეთელიც. როგორც ამბობს, მისთვის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს სამძიმარიც კი არ უთქვამს.

ზაზა დამენია 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. აფხაზეთში 1993 წელს იბრძოდა. 1995 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი იყო. 2002 წლიდან ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის­ მსუბუქ ქვეით ბატალიონ "კომანდოს" რიგებში გააგრძელა. უფრო მეტს მის შესახებ და და დედა გვიამბობენ.

ხათუნა დამენია: - თავდაპირველად, მის წინასწარმეტყველურ ჩანაწერს გაჩვენებთ: "მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს... ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს... თუ მთლად განწირული არ ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა"...

და კიდევ ერთიც: "ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი... ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა... ბევრ მწარე მოგონებას იტევს... ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს... ადამიანის სიცოცხლე ბავშვის­ პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა".

damenia1-1725186735.jpg

იცით, ყველა ადამიანი თავისი ოჯახის წევრს აქებს, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ, ჩვენც სულ ზაზას ქებაში ვართ, მე და დედა, მაგრამ ის მართლა გამორჩეული ადამიანი იყო ბავშვობიდანვე - ნიჭიერი, წესიერი, ზრდილობიანი, ჩაცმაც ძალიან მოწესრიგებული იცოდა, თავად აუთოებდა შარვალს... სულ პიჯაკით და პერანგით დადიოდა... თითქოს მართლა იმისათვის ემზადებოდა, რომ გმირულად დაღუპულიყო. საქართველოს ისტორიაში თუ ვინმეს გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ყველას ამბავი იცოდა. წავიდოდა ბიბლიოთეკაში, მოიტანდა წიგნებს, თავად ხომ კითხულობდა და მერე მეც მაძალებდა, შენც წაიკითხეო, მე კი სხვა ინტერესები მქონდა. სულ მეგონა, რომ ყველაფერი იცოდა... ალბათ, იცოდა კიდეც...

ციური წერეთელი: - მართლა ძალიან ნიჭიერი იყო. ბავშვობიდან მივაჩვიე წიგნის კითხვას, მერე სულ ბიბლიოთეკაში იჯდა, ან წიგნით ხელში დადიოდა. განსაკუთრებულად ისტორია უყვარდა. სანამ მასწავლებელი აუხსნიდა გაკვეთილს, მას უკვე წაკითხული ჰქონდა.

- იმხანად რთული პერიოდი იყო, ბიჭები, ძირითადად, "ბირჟაზე" იდგნენ.

- ჩემი შვილი და მისი მეგობრები არასდროს მდგარან ქუჩაში. თუ სკოლაში, სახლში ან ბიბლიოთეკაში არ იყო, მეგობართან მიდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, ვისთან იყო. კარგი სამეგობრო წრე ჰყავდა და თავადაც კარგი მყავდა. საინჟინროზე ისწავლა, მშენებელ-ინჟინერი იყო. აფხაზეთის ომმა შეუშალა ხელი, მაგრამ როგორც კი დაბრუნდა, მაშინვე გააგრძელა სწავლა და დიპლომიც აიღო.

ხათუნა დამენია: - ბოლოს რომ ვნახე, მაშინაც წიგნი მომცა, ქართველი ერის გამრავლებაზე. სულ მეჩხუბებოდა, კიდევ გააჩინე შვილები, ერს გამრავლება სჭირდებაო, და მაშინაც მითხრა, ეს წიგნი წაიკითხე და მეტი შვილის გაჩენის მოტივაცია გაგიჩნდებაო. მას შემდეგ აღარ მინახავს, თუმცა ტელეფონზე რამდენჯერმე ველაპარაკე. პოლო სატელეფონო საუბრის დროს დიდხანს მელაპარაკა. ვუთხარი კიდეც, რამდენი ვილაპარაკეთ, ქვეყნის გადასახადი მოგივა-მეთქი. შენ მაგაზე არ იდარდო, თავს მიხედე, იცოდე, ყოჩაღად იყავიო. იცოდა, სადაც მიდიოდა და იმიტომ მელაპარაკა ასე... მე არაფერი ვიცოდი, ან რას წარმოვიდგენდი...

- თავად თუ ჰყავდა შვილები?

- ზაზა რომ გარდაიცვალა, მისი ვაჟი ხუთი წლისაც არ იყო. რომ დასცლოდა, აუცილებლად მრავალშვილიანი მამა იქნებოდა და საუკეთესო ოჯახი ეყოლებოდა.

- მისი შვილი ახლა რას საქმიანობს?

- ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული, კალათბურთს თამაშობს და თან თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

- აფხაზეთის ომის დროს, ალბათ, ძალიან პატარა იქნებოდა, იქ როგორ აღმოჩნდა?

- ჩვენ ვიცოდით, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იყო. დედამ რომ მოიკითხა და იქ არ აღმოჩნდა, მაშინღა გავარკვიეთ, რომ ომში წასულა.

ციური წერეთელი: - სტუდენტი იყო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ახალი შესრულებული ჰქონდა 20 წელი. სავალდებულო სამსახურში გავუშვი და ომში ამოყო თავი. დაბადების დღე მქონდა, მისგან მილოცვა რომ ვერ მივიღე, ვიფიქრე, ალბათ, რაღაც უსაშველო სჭირს-მეთქი. მეორე დღესვე წავედი კომისარიატში და მოვითხოვე, დაეზუსტებინათ, სად იყო ჩემი შვილი. მალევე მომივიდა ცნობა, რომ აფხაზეთში იყო, ჯანმრთელი და საღ-სალამათი. მეგონა, მიწა გამისკდებოდა და ჩავვარდებოდი. არ ეკუთვნოდა წასვლა, არც არავის დაუძალებია, მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა ემსახურა, რომ რაღაც გამოცდილება მაინც მიეღო. დაიჩემა და წავიდა... ბოლომდე იბრძოლა, ერთი დღითაც არ დაუტოვებია თანამებრძოლები. ამბავსაც ვერ ვიგებდი, მაშინ ტელეფონი და ინტერნეტი კი არა, შუქიც არ იყო და ტელევიზიითაც ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა აფხაზეთში. ვინმე ოზურგეთელი თუ ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით, იმისგან ვიგებდი ჩემი შვილის ამბავს.

ხათუნა დამენია: - გულნატკენი იყო, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ომის შორიდან მაყურებელ საზოგადოებაზე. ამბობდა, აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცისო. ახლა უკრაინის ომს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა, ერთი ჯარისკაციც რომ დაიჭრას, მთელმა ქვეყანამ იცის. მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც მობილური ტელეფონები, ჟურნალისტებიც ასე ადვილად ვერ შედიოდნენ ფრონტის ხაზზე. ომიდან რომ ჩამოვიდა, გულდაწყვეტილი ამბობდა, ჩვენ რომ პატრონი გვყოლოდა, ამ ომს აუცილებლად მოვიგებდითო.

ციური წერეთელი: - ვერაფერს დავიჩემებ, მაგრამ ზაზა ამბობდა, ერთ სოფელს რამდენჯერმე ვათავისუფლებდითო. გავათავისუფლებდით თუ არა, მალევე გვატოვებინებდნენ დაკავებულ ტერიტორიას, მერე ისევ თავიდან გვიწევდა აღება და ბოლოს მაინც გვატოვებინებდნენო.

damenia-6-1725186736.jpg

- ალბათ, აღარ გინდოდათ ომის შემდეგ ისევ სამხედრო სამსახური გაეგრძელებინა.

- რა თქმა უნდა. ვეუბნებოდი, შვილო, ამხელა რამე გამოიარე, ღმერთმა შენი თავი ცოცხალი დამიბრუნა, შეეშვი მაგ გზას-მეთქი. ყველაფერს მიჯერებდა, მაგრამ ეგ არ დამიჯერა...

ხათუნა დამენია: - მე არ მიყვარდა ომის ამბების მოსმენა, არ ვიყავი მისთვის კარგი მსმენელი, თავის მეგობრებს უფრო უზიარებდა გულისნადებს.

- 2004 წლის კონფლიქტის შესახებ რა იცით?

- არც ამის შესახებ ვიცი ბევრი რამ. იმხანად უკვე გამოცდილი მებრძოლი იყო, აფხაზეთიც მოვლილი ჰქონდა და ძალოვან უწყებებშიც ნამუშევარი იყო. არ მეგონა, ასეთ პატარა კონფლიქტში თუ რამე მოუვიდოდა, ორი წლის განმავლობაში არ გამოსულა აფხაზეთის ომიდან, იქ გადარჩა... თან მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო... ცხინვალის მისადგომებთანაც გადარჩებოდა, ალბათ, რომ მოენდომებინა... პირველმა მან დაინახა ის ყუმბარა... მისი არჩევანი ასეთი იყო, შეგნებულად გაწირა თავი, თორემ, წესით, იქ არც უნდა ყოფილიყო. ნაღმზე აფეთქების გამო მხედველობა დაუზიანდა და შეეძლო შინ წამოსულიყო, მაგრამ არ წამოვიდა... ჩვენ არც ის მებრძოლები გვინახავს, ვის გადასარჩენადაც ზაზამ თავი გაწირა. მხოლოდ ერთხელ მოვიდა სამძიმარზე სააკაშვილი, თან ჩემი ძმის გადარჩენილი ერთი ბიჭი ახლდა. თუმცა ახლოს არ მოსულა და არ დაგვლაპარაკებია. ზაზას კლასელმა გვითხრა, ვერ მივალთ, რა უნდა ვუთხრათო. მესმის მათი, გაუჭირდათ ჩვენთან მოსვლა... 2008 წლის აგვისტომდე ომში დაღუპულადაც არ მიიჩნეოდა, გვითხრეს, 2004 წლის კონფლიქტი ომად არ გამოცხადდაო. შესაბამისად ოჯახი ვერც შესაბამის სტატუსს მიიღებდა და ვერც ფინანსურ დახმარებას. მერე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს მიათვალეს.

საუკეთესო, გამორჩეული ძმა მყავდა უკვე 20 წელია აღარ მყავს და ოჯახისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა აღარავის ახსოვს. ისიც ვერ გაურკვევიათ, აფხაზეთში დაიღუპა თუ ცხინვალში, 2004 წელს თუ 2008-ში... აღარც კი მინდა ამ თემაზე საუბარი. აქამდე თუ ვერ გაიგეს, 20 წლის შემდეგ რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს?

ციური წერეთელი: - აზრი აღარაფერს არა აქვს... შვილი მაინც აღარ დამიბრუნდება... დღე კი არა, საათი და წუთი არ გავა მასზე არ ვიფიქრო. მისი ხმის გაგონება, ერთხელ მაინც დედიკოს დაძახება, ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ სადაა.

ხათუნა ბახტურიძე