არგო ბუზღუნმა - ნანგრევებში გაკეთებული საბავშვო მოედანი გააუქმეს - კვირის პალიტრა

არგო ბუზღუნმა - ნანგრევებში გაკეთებული საბავშვო მოედანი გააუქმეს

 

ჩემ ნაბუზღუნარს ბევრი ხალხი რომ კითხულობს, სხვადასხვა საშუალებით ვიგებ. კომენტარებიდან გამომდინარე, ვხვდები ვინ არის ეს ხალხი, რა აწუხებთ, რას ფიქრობენ. იმედი მქონდა, რომ საჭირო და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებიც წაიკითხავდნენ ჩემ პოსტებს და შეიძლება ითქვას, პირველი დასტურიც მივიღე...

6 მარტს გამოვაქვეყნე პოსტი სათაურით რატომ ეწყობა საბავშვო მოედნები ნანგრევებში და ნაგავსაყრელზე, ანუ ვინ შეჭამა ფულები? სადაც სამგორის რაიონში, ნანგრევებსა და სიბინძურეში განლაგებული პატარა საბავშვო მოედანზე ვწერდი.

ასე გამოიყურებოდა მარტში სამგორის რაიონში, ნანგრევების გარემოცვაში მდებარე საბავშვო მოედანი

ბოლოს ამ ადგილთან 10-15 დღის წინ ვიყავი და შეცვლილი არაფერი იყო. 28 აპრილს კი მოედანი გაუქმებული დამხვდა. გადამეტებულ თავდაჯერებულობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მგონია, რომ ჩემმა პუბლიკაციამაც მოახდინა გავლენა.

როდესაც ცარიელი ადგილი დავინახე, თავიდან გამიხადა, რომ საბავშვო მოედანი აალაგეს და ნაგვის ბუდეში თამაში არავის მოუწევდა. ვიმედოვნებ, რომ სკამებს, საქანელასა და სასრიალოს უფრო შესაფერის ადგილზე გადაიტანენ.

28 აპრილს საბავშვო მოედანი გაუქმებული დამხვდა, სამწუხაროდ ნაგვისთვის ხელის ხლება არავის მოსვლია აზრად

მერე კი მაინც გამკრა უკმაყოფილებამ (მაინც ბუზღუნა ვარ და დიდ ხანს ვერ ვარ ხოლმე კარგ ხასიათზე): თქვე კარგო ხალხო, თუ ნახეთ რომ ეს ადგილი მართლა შეუფერებელი იყო, ვერ მიალაგეთ და შესაბამისობაში ვერ მოიყვანეთ? ვიცი რომ დაშლა ბევრად იაფი დაგიჯდათ, ვიდრე ნაგვის ალაგებას დასჭირდებოდა, მაგრამ დენზე რომ მიმიბით, ის გადასახადი ტყუილა გროვდება?

მოკლედ გინდა დამცინეთ გინდა მასხრად ამიგდეთ მე ჩემი ნაბუზღუნარის შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია  buzguna@palitra.ge