რამდენად სარისკოა აუქციონზე გატანილი ქონების შეძენა? - კვირის პალიტრა

რამდენად სარისკოა აუქციონზე გატანილი ქონების შეძენა?

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს: თეა.კჰურტსილავა@გმაილ.ცომ. ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები. შემოსულ კითხვებზე სამართლებრივ რჩევებს ამჯერად გვაძლევს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.

- ორი თვის წინ კრედიტით ბინა შევიძინე, გადახდას ვერ ვახერხებ, ამიტომ მსურს გავყიდო. რადგან არ არის გასული ორი წელი, მომიწევს თუ არა საშემოსავლოს გადახდა.

- თუკი ბინას გაყიდით იმავე ფასში, რა ფასშიც თქვენ შეიძინეთ, მაშინ არ დაიბეგრებით, ხოლო თუ უფრო მეტად გაყიდით, ასეთ შემთხვევაში ნამატი თანხის 5%-ის გადახდა მოგიწევთ.

- მანქანა დამეჯახა, მძღოლის ბრალი იყო და დამპირდა, რომ გამიკეთებდა მანქანას, ოღონდ პატრულის ჯარიმა ამეცილებინა მისთვის. პატრულში აღარ დამირეკავს. გაირკვა, რომ მომატყუა, მანქანას აღარ მიკეთებს. ამ ფაქტიდან ორ კვირაზე მეტია გასული და აქვს თუ არა აზრი პოლიციაში ჩივილს?

- თქვენ ვალდებული იყავით ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეგეტყობინებინათ სამართალდამცავებისათვის ისე, რომ არ გადაგეადგილებინათ ავტომობილი მათ მოსვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახლა განაცხადებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, დაჯარიმდებით 250 ლარით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო და ასევე 6 თვით შეგიჩერდებათ მართვის მოწმობა. იგივე სახდელი დაეკისრება მას, ვინც თქვენ დაგეჯახათ, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულობაზე ცალკე წარმოება დაიწყება.

- უძრავი ქონების ყიდვის დროს საფასური გადავიხადე ნაღდი ანგარიშსწორებით. როგორ შეიძლება ამის დადასტურება? ახლო­ბელი იყო და მეორე დღეს უნდა გაგვეფორმებინა ქონება რეესტრში.

- თანხის გადაცემის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით, რომ თანხა ნამდვილად გადაეცით.

- დედას წლების წინ აქვს შედგენილი ანდერძი და ქონებას შვილებს თანაბრად გვიტოვებს. რამდენი ხანი აქვს ანდერძს მოქმედების ვადა? ხომ არ არის საჭირო თავიდან ახალი ანდერძის შედგენა? დედა უკვე ასაკშია. ასევე მაინტერესებს, ამ ანდერძით დატოვებული­ ქონების დათმობა როგორ უნდა მოხდეს ოჯახის მეორე წევრისთვის?

- ანდერძს ვადა არა აქვს, ამდენად არ არის ახალი ანდერძის შედგენის აუცილებლობა, გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის თაობაზე და მაშინ შეიძლება ერთმა მემკვიდრემ მეორეს სასარგებლოდ დათმოს ქონება.

- ორი წლის წინ გარდაიცვალა მამა და ქონება მაშინ არ გადაგვიფორმებია, რადგან არ ვიცოდით, რომ საამისოდ 6 თვე გვქონდა. ახლა სასამართლოში გვთხოვენ საბუთების შეტანას, სხვა გამოსავალი თუ არსებობს?

- როდესაც გასულია კანონით დადგენილი სამკვიდროს გახსნის 6-თვიანი ვადა, რათა მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღოს, აუცილებელია დაადგინოს სამკვიდროში შემავალი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი სასამართლოს გზით.

- სახლის დაგირავების დროს აღმოჩნდა, რომ სახლი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გვქონდა ძველი საბინაო წიგნი, რომლის საფუძველზეც დავარეგისტრირეთ სახლი და გავაკეთეთ გირავნობა. თუმცა საბინაო წიგნში არ იყო მინიშნებული სახლის გვერდით არსებული ჩვენი პატარა ბაღი, რომელსაც ვიყენებთ წლების განმავლობაში. ამ ბაღში გვაქვს მეზობელთან საზიარო კედელიც. ამჟამად გაფორმებას შევძლებთ და რა საბუთებია ამისთვის საჭირო?

- თუ საკითხი ეხება მრავალსართულიან კორპუსის ბინას, მაშინ გამოდის, ბაღი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნებართვა, რომ ბაღი საკუთრებაში გადავიდეს. თუ საკითხი ეხება კერძო სახლს, მაშინ მიწის ნაკვეთი-ბაღის რეგისტრაცია უნდა მოხდეს სისტემური, ან სპორადული რეგისტრაციის გზით.

- ოჯახის წევრს აქვს დემენცია, პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა და ვერ ვახერხებთ საპენსიო ბარათის გამოყენებას, იუსტიციაში მეუბნებიან, სასამართლო ინსტანციას მიმართეთო. ეს, ალბათ, დიდ დროს და თანხას მოითხოვს. გამოდის, ამ ვადაში ვერ ვისარგებლებთ პენსიით. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- სასამართლოს უნდა მიმართოთ მხარდამჭერის დანიშვნის მოთხოვნით. თუ პირი სოციალურად დაუცველია, მიმართეთ სოციალურ სამსახურს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ისინი დაგაკვალიანებენ, ასევე გადაგამისამართებენ სახაზინო ადვოკატთან, რომელიც მხარდამჭერის დანიშვნაში დაგეხმარებათ.

- ქონების უკანონოდ გაჩუქების დროს როგორ შეიძლება ეს ქონება უკან დაბრუნდეს?

- უკანონოდ გაჩუქება, როგორც ასეთი­ არ არსებობს. რაც შეეხება გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას, საამისოდ კანონმდებლობა იცნობს შემთხვევებს, როდესაც შეიძლება ნივთის უკან დაბრუნება. ეს შემთხვევებია: დასაჩუქრებულის უმადურობა ან გამჩუქებლის აშკარა შეურაცხყოფა, ასევე თუ ნივთის გაჩუქებამ გამოიწვია გამჩუქებლის სოციალური მდგომარეობის გაუარესება.

- წლების წინ შევიძინეთ ბინა მშენებარე კორპუსში, მაგრამ მშენებელი თაღლითი აღმოჩნდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენთვის ქონების მოცემა, არც თანხა დაგვი­ბრუნა. მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება. ხელშეკრულება მაშინ დაიდო მხო­ლოდ ნოტარიუსთან. როგორ შეიძლება დავიბრუნოთ­ თანხა და ადვოკატის აყვანას თუ აქვს აზრი? როგორც მითხრეს, თუ დააკისრებენ, ციხიდან­ გამოსვლის შემდეგ ის ვალდებული იქნება, რომ დაგვიბრუნოს ფული. აქვს თუ არა აზრი სასამართლოში დავას?

- აღწერილობიდან რამდენადაც ცნობილი გახდა საქმის ვითარება, მოცემულ საკითხზე სამართალწარმოებით დარღვეული უფლების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად აღსრულდება, ამაზე პასუხი ნამდვილად არ არსებობს, პასუხი დამოკიდებულია მოპასუხის მოძრავი/უძრავი ქონების აღწერაზე.

- წლების წინ ბინა გავაჩუქე, მაგრამ გადავწყვიტე მისი უკან დაბრუნება, რადგან ვისაც ვაჩუქე, უსამართლოდ მომექცა, თუმცა, როცა გაიგო, რომ სასამართლოში ვაპირებდი­ დავას, უცებ ქონება სხვის სახელზე გაყიდა. როგორ მოვახერხებ ბინის დაბრუნებას?

- მოცემულ შემთხვევაში ბინა გასხვისებულია, ანუ ვის მიმართაც მოთხოვნა შეიძლება არსებობდეს, მის საკუთრებაში აღარაა. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, ხოლო ამის საფუძველი ამ შემთხვევაში­ შეიძლება­ იყოს ქონების შემძენის არაკეთილსინდისიერება. თუ როგორ შეიძლება ქონების დაბრუნების საკითხი წარიმართოს, სამართლებრივი საკითხია, ხოლო ეს რამდენად შესაძლებელია, დამოკიდებულია საქმის გარემოებაზე, რომელიც დეტალურად შესწავლას საჭიროებს.

- ბანკის ანგარიშზე მაქვს ყადაღა, სხვა ბანკის ანგარიშს კი ჩვეულებრივად ვიყენებ. ახლა მიწევს დავრეგისტრირდე ინდმეწარმედ. ხომ არ შემექმნება პრობლემა? 3 წელი გავიდა, რაც არ გადამიხდია სესხი.

- ბანკი, რომელთანაც არსებობს ვალდებულება, როდის დაიწყებს სამართალ­წარმოებას და რა სახის სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართავს, დამოკიდებულია თავად ბანკზე. ამიტომ დეტალური პასუხი შეუძლებელია. რაც შეეხება საკითხს, რომ აქამდე არ ეშლება ხელი მსესხებელს სხვა ბანკებში, ეს ნიშნავს, რომ სამართალწარმოება აქამდე არ დაუწყიათ, ხოლო ის, რომ მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წელი გავიდა, ეს არ ნიშნავს სესხის ავტომატურად ხანდაზმულობას, სესხის ხანდაზმულობა საჭიროებს აღიარებას.

- პროცენტით მინდა ფულის გასესხება და რამდენად სარისკოა ეს, როგორ შეიძლება­ გარანტიები შევიქმნა?

- სესხის უზრუნველყოფის საშუალე­ბებია: უძრავი ქონების იპოთეკა, თუმცა­ ფიზი­კურმა პირმა შეიძლება იპოთეკით მის სასარგებლოდ დატვირთოს უძრავი­ ქონება­ მხოლოდ მისი საცხოვრებლად გამოყენების­ მიზნით; უზრუნველყოფის საშუალებაა მოძრავი ქონების გირავნობით დატვირთვაც.

აუქციონზე შეძენილი ქონების რისკების განსაზღვრა შეიძლება იმისდა მიხედვით გამოვყოთ, თუ ვინ მართავს აუქციონს. ძირითადად, რისკები პროცედურული ხასიათისაა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართული აუქციონი იშვიათად არის პროცედურული დარღვევებით ჩატარებული, ხოლო თუ აუქციონს კერძო სპეციალისტი მართავს, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ პროცედურული დარღვევებით იქნეს ჩატარებული. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აუქციონის ან აუქციონზე მიღებული განკარგულების ბათილობა, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და ასეთ შემთხვევაში ქონება პირვანდელ მესაკუთრეს დაუბრუნდება. არსებობს რისკი, რომ გაყიდული ბინიდან ძველი მფლობელი არ გავიდეს, ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით და ამ გზით ყოფილი მესაკუთრის გამოსახლებას.