დამღიან ჭურებს უცხოეთში ქვეყნის სახელიც გააქვთ - კვირის პალიტრა

დამღიან ჭურებს უცხოეთში ქვეყნის სახელიც გააქვთ

გსმენიათ ქვევრის დამღების შესახებ? ეს ის დამღაა, რომელსაც ვერასოდეს ხედავ, გარდა ერთი შემთხვევისა - როდესაც ქვევრს მოხდი და ქვევრის პირს დახედავ. თუმცა შეიძლება ასეთ დროსაც ვერ დაინახო, რადგან ოდესღაც ცხონებულმა მექვევრემ, რომელმაც ჭურზე დამღა დასვა, სულაც არ მიიჩნია აუცილებლად მისი გამოჩენა, მოკრძალებული ადგილი აარჩია და დამღა ჭურის ყელს ან მის მხრებს დაასვა, რათა ჭურთან ერთად შეეფარებინა თავი მიწის სიგრილისათვის.

რატომ სვამდნენ დამღებს ჭურებზე და თანაც უძველესი დროიდან? ალბათ, უპირველესად იმიტომ, რომ ქვევრების ხელოსნებს თავიანთი ამბიციები ჰქონდათ. ან რატომ არ უნდა ჰქონოდათ? თიხის ნაწარმი­ და განსაკუთრებით ქვევრი, ის იშვიათი ნახელავია, რომელსაც ათასწლეულებიც ვერაფერს აკლებს. გარდა ამისა, ეს ხალხი დროის ნიშანსაც ტოვებდა, კარგად იცოდნენ საკუთარი ნახელავის პოპულარობა და საუკუნოვანი გამძლეობა. ჰოდა, საქართველოში ორიგინალური თუ არაორიგინალური ათასობით ქვევრის დამღაა შემორჩენილი. ისინი დროსთან ერთად არ გაქრნენ და ისტორიად იქცნენ. Aმართალია, ამ ისტორიის გაგრძელება დროებით შეჩერებულია, აღარ აკეთებენ ქვევრის დამღებს, მაგრამ მჯერა, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ქართული ქვევრის პოპულარობაც გრძელდება. მასზე კი მომავალი არა მარტო ქვევრის შექმნის ისტორიას წაიკითხავს, არამედ დროისაც: ქვევრის დამღები ისევე­ გვიყვება ეპოქაზე, როგორც უძველესი წარწერები: ეპოქა ყოველთვის ისეთი სასიამოვნო არ ყოფილა, როგორიც ღვინო, მაგრამ მექვევრე და მისი ქვევრი ვაზთან ერთად ყველაფერს უძლებდა.

დღეს კი ერთადერთი მექვევრე, რომელიც ქვევრზე დამღას ასვამს, ხარაგაულში, სოფელ მაქათუბანში, 72 წლის ზალიკო ბოჟაძეა. მას ლეგენდარულ მექვევრესაც უწოდებენ. და არა იმიტომ, რომ ქვევრს პატარა ხელებით უკვე 10 წლის ასაკიდან ზელდა­, არამედ იმიტომ, რომ თიხით თავისი მიწის სიყვარულს უკვე 62 წელია სწავლობს და მერე ქვევრებთან ერთად მთელ საქართველოს გადასცემს. უკვე არა მარტო საქართველოს - ქვევრები დამღით "ზალიკო ბოჟაძე. მაქათუბანი" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიყიდა, თუმცა სამშობლოს სიყვარულის სწავლა სულ სხვა რამ არის. ზალიკო ბოჟაძEეს, რა თქმა უნდა, პირველად ის ვკითხეთ, რომ მას, ერთადერთს საქართველოში, ქვევრის დამღის შენარჩუნება რამ უკარნახა.

- რა თქმა უნდა მამა-პაპათა პატივისცემამ. მე მათი ხელობა გავაგრძელე, ჩემი წინაპრებიც მამა-პაპათა ხელობას აგრძელებდნენ, თიხა კილომეტრებიდან ურმით მოჰქონდათ. წერა-კითხვა არ იცოდნენ და ჭურს დამღად ჯვარს ასვამდნენ. მე დამღაში ქართულ-ინგლისურად "საქართველო", ჩემი გვარი, ბოჟაძე და ჩემი სოფლის სახელი, მაქათუბანი ჩავსვი. დაე, ყველგან იცნობდნენ საქართველოს, ჩემს სოფელსა და ბოჟაძეების ჭურებს, რომლის ხელობას უკვდავება უწერია ქართველი ერივით. მარანზეც სწორედ ასეთი წარწერა მაქვს: "ერის უკვდავება".

adbc6209-8aec-40e6-a462-54c2f7d9fad1-1725188611.jpg

- ძალიან გამიხარდა ქვევრის დამღაში ინგლისური წარწერაც რომ დაგიტანებიათ. კარგია ქართველი მექვევრის სახელს რომ მსოფლიოს სხვა ხალხებიც გაეცნობა.

- ჭურის ისტორია ჩვენი ერის ისტორიაც არის. დღეს ქართული ჭურები მსოფლიოში გადის და იმ ხალხმაც ხომ უნდა გაიგოს, მათ რა კაცი აკეთებს. მე ყოველთვის ასე ვამბობ ხოლმე:

კაცი რომ ჭურის მოსახდელად მიწაზე დაიჩოქებს და მოხდილ ჭურს ყურს დაადებს, ის მეჭურის გულის ხმასაც გაიგებს-მეთქი. ეს ხმა პატიოსანი უნდა იყოს. არ მომწონს, როცა გავიგებ, ჭურმა არ ივარგა, დაიბზარაო. ყველა მეჭურე თუ თავისი ნიშნით დანიშნავს ჭურს, პასუხისმგებლობაც მეტად ექნება, - შენი სახელით დანიშნული ჭური რომ არ ივარგებს, იმას ვიღა იყიდის! კარგი სახელი კი სწრაფად გავარდება და ჭურებიც გაიყიდება უკვე სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

ან დედამიწა რა გგონიათ?! არც ისე დიდია! იაპონელი, ფრანგი, იტალიელი თუ სხვა ხალხი ისე ჩამოდიან ჩემს სახლში, როგორც მეზობლები. მე ის მახარებს, ეს ხალხი ჩემი სტუმრობით ჩემს ერსაც რომ ეცნობა. არც ისე დიდი ხნის წინ იაპონელი ორი კვირა მყავდა ოჯახში. იმის წინ ფრანგი მყავდა მეორედ. საქართველოზე დაწერილი წიგნი ჩამომიტანა და პირველ გვერდზე მე ვყავარ. ამბობენ, თქვენ რომ მხარე გაქვთ, მსოფლიოში მაგისთანას ცოტას ნახავო.

- ეგ ხალხი, ალბათ, ზალიკო ბოჟაძის დამღიან ქვევრებსაც ცნობს. ოდესმე დამღის შეცვლამ რომ მოგიწიოთ, როგორ შეცვლით?

- მე არა, მაგრამ, ალბათ, ჩემი შთამო­მავლი შეცვლის იმგვარად, რაგვარადაც საჭიროდ ჩათვლის, რაგვარი დროც იქნება­. დროს არ უნდა ჩამორჩე. ისე კი, დრო წავა და ჩვენ დავრჩებით. მინდა დრო უძლური იყოს ჩვენი ერის უკვდავებასთან, - მითხრა სახელგანთქმულმა მექვევრემ, რომელსაც ერთადერთს აქვს ჭურის დამღა, თავისი და მშობლიური სოფლის სახელით, რათა ეს სახელი მსოფლიოშიც გაჰყვეს მის ქვევრებს. თუმცა იყო დრო, როდესაც ქართველ კაცს ქვევრის გატანის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ გულს არ იტეხდა. დამღასაც ისეთს დასვამდა, მის გულს რაც გაუხარდებოდა ან სულაც რასაც უკვეთდნენ.

5fc5a3d5-6fc1-4d7d-81b9-2b068851a873-1725188611.jpg

ქართულ ქვევრებზე ძველი, სახელგანთქმული მექვევრეების სახელებიც გვხვდება, მასთან ერთად კი ხშირად ბორჯღალი; ჯვარი, ყვავილი, ყურძნის მტევნები…და კიდევ უამრავი რამ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სოფელ სკრაში, ტაძრის ეზოში აღმოაჩინეს სვასტიკისდამღიანი (იგივე მზის სიმბოლო) უძველესი ქვევრი. და კიდევ, ახლახან "საბჭოთადამღიანი" ქვევრებიც გამოჩნდა - ლენინისა და მისი ვარსკვლავის დამღით.