„ესეც რწმენა და ანდერძი მიხეილ ჯავახიშვილისა!“
1924 წელს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს - ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა "ჩვენი დროის ათი მცნება", რომელთაგან სამი ასე იკითხება: "შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს"... დროთა განმავლობაში არა მარტო შეგონება, პირადი მაგალითიც დაუტოვა ქალიშვილს მამამ, რომელსაც სამშობლოზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა... უბის წიგნაკში მისი ერთ-ერთი ჩანაწერია შემონახული: "ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ილია გაცოცხლებულიყო, წამომყვა, საქართველო დავატარე. ყველაფერი ვანახე, დიდხანს მესაუბრა,…ვეღარ გაუძლო, ვიღუპებითო, და ისევ საფლავში ჩავიდა". ილიას გზის ყველაზე თვალსაჩინო გამგრძელებელი რომ იყო, ამაზე მისი განვლილი გოლგოთაც საკმარისია... "მიხეილ ჯავახიშვილი - ილია ჭავჭავაძის კვალობაზე - მრავალმხრივი ინტერესების მქონე გახლდათ, ერთნაირად რომ ერკვეოდა ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, სოფლის მეურნეობაშიც, იურისპრუდენციაშიც... და როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფა მისგან მოითხოვდა პუბლიცისტობას, მიხეილი უყოყმანოდ გადადებდა გვერდით ბელეტრისტის კალამს და ყოველდღიური ყოფის გააზრება-გაშუქებაში ჩაიძირებოდა, ხოლო როდესაც გზა მოეჭრებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საბჭოთა საქართველოს რეალობაში ვეღარც პოლიტიკურ წერილებს დაწერდა, კვლავ ლიტერატურას დაბრუნებული ილია ჭავჭავაძის გზას გააგრძელებდა როგორც სატირიკოსი", - ამბობს მწერალი როსტომ ჩხეიძე და დიდი მწერლის ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილ დეტალებზე გვიყვება:
"მიხეილ ჯავახიშვილი ხალათში"
- არსებობს ასეთი წიგნი: "ანატოლ ფრანსი ხალათში", რომელსაც პირველად გურამ ასათიანი ახსენებდა, თანაც, ცოტა არ იყოს, კურიოზულად: სამჯერ ვიყიდე და სამჯერვე ისე მომპარეს, წაკითხვა ვერ მოვასწარიო. თვითონ სახელწოდებაც რა მარჯვედაა შერჩეული, იმთავითვე მიგანიშნებს ყოფით, შინაურ, უშუალო გარემოში რომ უნდა წარმოგიდგინოს მწერალი, რაც უცხო თვალისათვის დაფარული რჩება ხოლმე, მაგრამ რარიგ საგულისხმოა!.. და ეს სათაური ჯერ კიდევ მაშინ მოახდენდა შთაბეჭდილებას ჩემზე - მით უმეტეს, ანატოლ ფრანსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახლდათ... მოგვიანებით მისი გავლენით უნდა დამესათაურებინა ორი თავი ორ ბიოგრაფიულ რომანში - "მუხა უდაბნოში" და "კალამი გოლგოთაზე": "ილია ჭავჭავაძე ხალათში" და "მიხეილ ჯავახიშვილი ხალათში". ილიასთან ჩემი მოსაძიებელი გახდებოდა თავით ბოლომდე შინაურობისა და ყოფითი დეტალები, მიხეილ ჯავახიშვილთან კი გამიადვილებდა დავით კასრაძე, რომელიც "ქართული მწერლობის" რედაქტორის ნიკოლო მიწიშვილის დავალებითაც და პირადი სურვილითაც სწორედ ამ მიზნით ესტუმრებოდა მწერალს, მისი ყოფითი გარემო გაეცნო მკითხველისათვის.
მიხეილ ჯავახიშვილის სამუშაო ოთახი თუმც დიდი კომფორტით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ რაც იქ იქნებოდა, სულ სუფთა და ლაზათიანი. მაგიდაზე ჩაემწკრივებინა რუსული ჟურნალ-გაზეთები და ვიქტორ ჰიუგოს, ონორე დე ბალზაკის, გუსტავ ფლობერისა და ემილ ზოლას ტომეულები, იქვე იდებოდა გი დე მოპასანის რომანი "ლამაზი მეგობარი", რომლის თარგმნასაც შესდგომოდა და გვერდით ამიტომაც გაემზადებინა პიერ ლარუსის მიერ შედგენილი მოკლე ლექსიკონი. მიყრილ-მოყრილი ქაღალდები და ფანქრები სტუმარს გაახსენებდა ალექსანდრ პუშკინისეულ განსაზღვრებას: პოეტური დაუდევრობაო. მწვანე ბროლის ჭიქაში ეწყობოდა ფერადი ფანქრები, რაკიღა სჩვეოდა წაკითხული ფურცლების აჭრელება მინაწერებით. კედლები მოჩითულიყო მისი პერსონაჟების სურათებით, სადაც აკვარელი იჭარბებდა. პირველად თვალში გეცემოდა ჯაყო ჯივაშვილი "ჯაყოს ხიზნებიდან", მისი ველური გამომეტყველება, კულტურისა წვეთიც რომ არ მიჰკარებოდა. იქვე მოსდევდნენ "თეთრი საყელოსა" და "ლამბალო და ყაშას" გმირები... განცალკევებული ადგილი დაეთმო გიგო გაბაშვილის ნახატისათვის "მოქალაქე", წუხილს გამოთქვამდა ამ ხელოვანის დაუფასებლობის გამო, განსაკუთრებით რომ შეაქებდა "სამარყანდის ბაზრობას": ყველაფერი მზის სხივებშია ჩაწნული, მტვერშიც და საყიდლებზე მისულ ხალხშიცო... სხვა ნახატებიც გამოეფინა: ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ჰენრიკ ჰრინევსკისა და ლადო გუდიაშვილის, რომლის ხაზებშიც პოეზიას კითხულობდა... საწერ მაგიდაზე ედებოდა ლამაზი გოგონას ქანდაკება - პარიზიდან ჩამოტანილი, მისი კაბინეტის მორთულობას კი ამთავრებდა რამდენიმე ხავერდოვანი სავარძელი.
თავის დაბადების ადგილს რომ გაიხსენებდა, წერაქვს, სტუმარი გამოუტყდებოდა, რომ არ იცოდა ამ სოფლის ადგილმდებარეობა, რაც მასპინძელს საყვედურს დააცდენინებდა: ქართველებს საზოგადოდ არ გვეხერხება ჩვენი პატარა მიწა-წყლის შესწავლა, თუმც პატრიოტობით მოგვაქვს თავიო. წუხდა, რომ შავი ზღვა თაგვის სოროსავით მიკუნჭულიყო, მოწყვეტილიყო მსოფლიო გზებს, მისი გასაღებიც სხვას ედებოდა ჯიბეში და ჩვენ ერთ მტკაველს თუ დაგვიტოვებდა და... კიდეც ავცდენოდით მსოფლიო კულტურის გზებს: დიდი სავაჭრო მიმართულებანიც აგვცდებოდა და დიდი პოლიტიკურ-სტრატეგიულიც.
როგორც არაერთ ახალგაზრდას დაემართებოდა იმხანად და მათ შორის მომავალ მწერლებსაც, მიხეილს სრულიად უნდა დავიწყებოდა ქართული და რუსულად ამეტყველებულიყო; შეეცდებოდა ქართულის აღდგენას, როცა კალამს მოჰკიდებდა ხელს, მაგრამ ატყობდა, რომ რუსული ეიოლებოდა, ქართულად კი ჩიქორთულს ვერ გასცილდებოდა. და კიდეც უნდა გადაეწყვიტა, რომ ლიახვის ხეობაში წასულიყო და ერთხანს იქ დამკვიდრებულიყო, შიგ ქართლის გულში, სადაც უფრო სუფთად ლაპარაკობდნენ ქართულად.
წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში ერჩია მისთვის მასწავლებელს, დავით დავითაშვილს: თუ გინდა ქართული ენის მშვენიერებით დატკბე, წადი თამარაშენსა და ქურთაშიო. და, მის სიღრმეს, გამომსახველობას, ფერადოვნებას, მომხიბვლელობას, მუსიკალურობას, და ახლა დავით კასრაძესაც დაუბეჯითებდა: თამარაშენი ქართული ენის ერთ-ერთი შესანიშნავი კერათაგანია, შემთხვევითი როდია, ივანე მაჩაბელმა შექსპირი ისეთი ჩინებული ქართულით რომ თარგმნა, მისი ენა მისაბაძი გახდაო. საგულისხმოა, რომ მიხეილ ჯავახიშვილს ლიახვური მეტყველების მხოლოდ ლექსიკური სიმდიდრე, ხატოვანება და ფრაზის მოქნილობა კი არ დაატყვევებდა, არამედ მუსიკალურობაც, უწინარესად სწორედ ეს მუსიკალურობა, და მის გადატანას შეეცდებოდა ფურცელზე, მისით განსაზღვრავდა თავისი სტილის შინაგან რიტმიკას, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი რომ გახლდათ, მაგრამ იდუმალი ძალით გითრევდა და გიყოლიებდა. თავისი ქართულისა და მწერლობის ნათლიად მაინც იოსებ იმედაშვილს მოიხსენიებდა, დიდი ამაგი რომ დაედო ქართულ ლიტერატურაზეც და საერთოდ კულტურაზე ჟურნალითაც - "თეატრი და ცხოვრება" - და გულიანი ჩარევითაც ნიჭიერი ახალგაზრდების დაოსტატებაში.
არაერთი საგულისხმო რეალია თუ დეტალი ამოიკითხება დავით კასრაძის მიერ წარმოსახულ ამ ლიტერატურულ პორტრეტში, შემოქმედებით ლაბორატორიაში შესაღწევად, ისევე როგორც ამ სერიის დანარჩენ ნიმუშებში, და გულს მაკლია, რომ მისი წიგნი "ლიტერატურული პორტრეტები" ხელახლა აღარ გამოიცემა, და საერთოდაც ეს მწერალი უსამართლოდაა მიყრუებული - ჯერ მარტო მისი რომანი რად ღირს: "ერეკლეს ხმალი" - მისი ადგილი ჯერაც დასადგენი რომ გვაქვს როგორც რომანისტიკის, ისე ესეისტიკის ისტორიაში... და თარგმანებიც ნუ გამოგვრჩება...
"ილიამ დაულოცა გზა..."
- იმ ორ თავს ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ ბიოგრაფიულ რომანებში ერთნაირად იმიტომაც დავასათაურებდი, რომ ამ დეტალითაც მივანიშნებდი იმ სულიერ სიახლოვესაც და ცხოვრების წესსაც, რაც ამ ორ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს შორის არსებობდა, მიხეილი ილიას გზის უშუალო გამგრძელებლად რომ წარმოგვიდგება.
სახელწოდებაც ილიასადმი მიძღვნილი რომანისა: "მუხა უდაბნოში" - მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებითაა შთაგონებული, თავის დიდ წინამორბედს უდაბნოში მდგარ მუხას რომ ადარებდა, რომელსაც გარშემო ბუჩქნარი ერტყა და იგი მუხნარად გადააქცევდა. მოსწავლეობისას პირადადაც ენახა საგურამოში, და როდესაც ილიას ამცნობდნენ: ამ ყმაწვილს მწერლობა განუზრახავსო, ის გაიხარებდა და შეაგულიანებდა: კარგა ხანია მძიმე პაუზა გვსრისავს, შემცვლელი გვესაჭიროებაო. არსებითად გზის დალოცვა რომ გამოვიდოდა მომავალი მწერლისა, ერთ-ერთ გარდამტეხ როლს რომ შეასრულებდა სალიტერატურო პროცესებში... საგურამოში იმ სტუმრობიდან დაამახსოვრდებოდა ის მრავალმხრივ საყურადღებო ეპიზოდიც, გლეხკაცები სიმღერას რომ წამოიწყებდნენ და ილიაც აჰყვებოდათ, თუმც მუსიკალური უნარით არ გამოირჩეოდა. გლეხები სთხოვდნენ: გაჩუმდი, ხელს გვიშლიო. ის არ გაჩუმდებოდა. და გლეხები ეტყოდნენ: მაშინ ჩვენ დავდუმდებითო, - და ილია იძულებული გახდებოდა აღარ ჩარეოდა სიმღერაში.
უჩვეულოდ გამოიყურება, არა? გლეხები თავადს გააჩუმებდნენ, რაც მკაფიოდ მეტყველებს ილიას დიდბუნებოვნებაზე, მის უსაზღვრო ჰუმანიზმსა და დემოკრატიზმზე. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ გარემოში არავის გაუკვირდებოდა ილიას ამგვარი საქციელი, ერთი თავადიშვილიც არ გაუწყრებოდა გლეხებს: ამას რას ბედავთ, თავადს გაჩუმებას როგორ ჰკადრებთო! ასე რომ, ეს ეპიზოდი უჩვეულოა იმ გადასახედიდან, ბოლშევიკური პროპაგანდა რომ აყალბებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სინამდვილეს, ზოგ შემთხვევაში დიდი მიკერძოებით წარმოსახავდა, ზოგ შემთხვევაშიც - თავდაყირა აყენებდა.
მიხეილ ჯავახიშვილი - ილია ჭავჭავაძის კვალობაზე - მრავალმხრივი ინტერესების მქონე გახლდათ, ერთნაირად რომ ერკვეოდა ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, სოფლის მეურნეობაშიც, იურისპრუდენციაშიც... და როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფა მისგან მოითხოვდა პუბლიცისტობას, მიხეილი უყოყმანოდ გადასდებდა გვერდით ბელეტრისტის კალამს და ყოველდღიური ყოფის გააზრება-გაშუქებაში ჩაიძირებოდა. ხოლო როდესაც გზა მოეჭრებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საბჭოთა საქართველოს რეალობაში ვეღარც პოლიტიკურ წერილებს დაწერდა, კვლავ ლიტერატურას დაბრუნებული ილია ჭავჭავაძის გზას გააგრძელებდა, როგორც სატირიკოსი. ციხიდან გამოსული სულაც იუმორის შადრევნად ამოიფრქვეოდა, პიკარესკული რომანის ბრწყინვალე ნიმუშს რომ შეჰქმნიდა "კვაჭი კვაჭანტირაძის" სახით, გარდა თავისთავადი ღირებულებისა, ეს სახე რომ დაბადებდა პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერსაც. იმ მხრივაც დაემსგავსებოდა თავის დიდ წინამორბედს, რომ როგორც ილია ჭავჭავაძე შეძლებდა თავი გამოეხატა გროტესკულად - ლუარსაბ თათქარიძედ, მიხეილ ჯავახიშვილიც არ მოერიდებოდა გროტესკს თავისი თავის მიმართ, თეიმურაზ ხევისთავად რომ წარმოსახავდა. ნიკა აგიაშვილი გვიამბობდა თვალით ნანახს, "ჯაყოს ხიზნების" განხილვისას როგორ უსაყვედურებდა ავტორს გერონტი ქიქოძე, მისი პატივისმცემელი, მაგრამ ეს პერსონაჟი ძალიან რომ შეაშფოთებდა: - ეს რა გვიყავი, მიშა, ქართულ ინტელიგენციას, ნუთუ მართლა ასეთები ვართ, მართლა თეიმურაზ ხევისთავებიო? რაზედაც ის მიუგებდა: მე რა გიყავით, თქვენ თვითონ უყავით თქვენს თავს, და მეც ხომ თქვენთან ერთად ვარ, უპირველესად მაინც მე ვარ თეიმურაზ ხევისთავიო. ამის თქმას რამხელა ვაჟკაცობა ესაჭიროება, მართლაც რომ თავზეხელაღებული გამბედაობა, რაც არასოდეს ჰკლებია მიხეილ ჯავახიშვილს და კიდეც ისევე შეეწირებოდა ამ საზარელ პოლიტიკურ რეჟიმს, როგორც სამი ათეული წლის წინათ ილია ჭავჭავაძე შესწირვოდა ამ რეჟიმის დამკვიდრების მოსურნეთ.
მიხეილი ილიას, როგორც საუკეთესო ორატორსა და ქვეყნის მოჭირნახულე პიროვნებას, პერსონაჟად გამოიყვანდა რომანში "ქალის ტვირთი", ამ ეპიზოდსაც, როგორც სხვას არაერთს, აშკარად დოკუმენტური ფონი და საფანელი რომ გამოსდევს... თუმც გაცილებით ფართო ჩანაფიქრიც ექნებოდა, როდესაც უბის წიგნაკში ჩაინიშნავდა სიუჟეტურ მონახაზს: როგორ გამოეცხადება მამადავითზე ილიას აჩრდილი, სამარიდან ამოსული, და როგორ შემოივლიან ეს ორნი მთელ საქართველოს კიდიდან კიდემდე, ილიას თავზარს რომ დასცემდა ნანახი და უმძიმეს შთაბეჭდილებებს ვეღარც გაუძლებდა. ვიღუპებითო, - აღმოხდებოდა და კვლავ საფლავში ჩავიდოდა. საზარელის მეტი რა ენახა ილიას, უდაბურებიდან გამოძღოლოდა ქვეყანას მოსე წინასწარმეტყველივით, მაგრამ ახალი სინამდვილე კიდევ უფრო გაუსაძლისი გახლდათ, თვით ილიაც რომ გაოგნდებოდა. მთავარი კი მაინც ის არის, ეს ორნი ერთად რომ იმოგზაურებდნენ. ცხადია, ეს მოგზაურობა მოთხრობის ფორმაში ვერ ჩაეტეოდა და რომანად გაშლას მოითხოვდა. მოითხოვდა და... მიხეილიც მზად გახლდათ ვრცელი ტილოსათვის, ვინ იცის, რა დიალოგები გაიშლებოდა, რა სურათები ჩამოინაკვთებოდა, რა ეპიზოდები შეიკვროდა. რამდენი რამ გვენანება მიხეილ ჯავახიშვილის განუხორციელებელ ჩანაფიქრთაგან, თუნდ დიმიტრი ყიფიანისა თუ კარლო ჩხეიძის უკანასკნელი დღეების აღწერა, იმ ტრაგედიების - ერთის პოლიტიკური მკვლელობა და მეორის თვითმკვლელობა - ჯავახიშვილური ხელოვნებით წარმოსახვა, მაგრამ აქ მეტი ასპარეზი მიეცემოდა ავტორს თავისი ტალანტის ბოლომდე გადმოსაშლელად, რომანის ფურცლებზეც რომ შეხვდებოდა ილიას და არამარტო იქ, სივრცეებში...
"ამიტომაც მივუძღვნიდი ამ რომანს მამაჩემის ხსოვნას"
- სატირული ხაზი არ შეწყდებოდა თვით საბჭოთა ეპოქაშიც, ოთარ ჩხეიძე უშუალოდ რომ გააგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილისა და ილია ჭავჭავაძის გზას და 50-იან წლებში შექმნიდა ამ სულისკვეთებისა და სტილისტიკის რომანებს - უჩვეულოს არამცთუ საქართველოში, წითელი იმპერიის მთელ უსაზღვრო ტერიტორიაზე.
როდესაც მოგვიანებით გაოცებით იკითხავდნენ ახალთაობელები: მიხეილ ჯავახიშვილის სიკვდილით დასჯის შემდგომ როგორ უნდა გაებედა ოთარ ჩხეიძეს ასეთი რომანების შექმნა, "ბურუსი" იქნებოდა, "მეჩეჩი" თუ სხვანიო, მწერალს ეს პასუხი ექნებოდა: იმ ტრაგედიამ დამთრგუნველად კი არ იმოქმედა ჩემზე, პირიქით, ძალა და სიმხნევე შთამბერა, მისი სისხლი ისევ იხილვებოდა, აშოტ კურაპალატის სისხლისა არ იყოს, და რა უფლება მქონდა, ამ გზას არ გავყოლოდი და ხელშესახებად და მოურიდებლად არ დამეხატა გარემომცველი სინამდვილეო... მიიჩნევდა, რომ ჩვენი დროის ქართული მხატვრული პროზა ძირითადად განესაზღვრა ორ თავთავისებურ მხატვრულ სტილს, ორ მხატვრულ კონცეფციას: ერთი ვასილ ბარნოვი გახლდათ და მეორე - მიხეილ ჯავახიშვილი. ამ ორი ლიტერატურული სკოლის მეთაურთაგან ვასილ ბარნოვს მიუძღვნიდა ბიოგრაფიულ რომანს და განეზრახა ასეთივე რომანის შექმნა მიხეილ ჯავახიშვილზეც, სამწუხაროდ, ეს წიგნი დაუწერელი რომ დარჩებოდა, თუმც ისეთ ესეის კი დაწერდა: "ისევ ჯაყოს ხიზნები" - გზამკვლევად რომ გამოადგება ყველა მკითხველს, მკვლევარსა თუ მწერალს მიხეილ ჯავახიშვილის დიდებულ მხატვრულ სამყაროში შესაღწევად, მის რეალისტურ, ყოვლად ყოფით და ჩვეულებრივ სურათებშიც, ზოგჯერ ყოვლად ბანალურშიც ბევრი რამ უფრო სიმბოლური და მეტაფორული რომ გახლდათ, გაზღაპრულობასა და მითოლოგიზებაზე რომ არაფერი თქმულიყო. თუ სხვაგან მეტაფორებსა და სიმბოლოებში, ალეგორიებსა და მითოსურ სიტუაციებში კითხულობდნენ რეალურ სახეებს, აქ რეალურსა და ნატურალისტურობამდე გაშიშვლებულ სახეებში ამოიკითხებოდა თუ გაიაზრებოდა. და ეს დიდი ხელოვნება გახლდათ, დიდოსტატობად სწორედ ეს წარმოგვიდგებოდა რეალისტურ რომანში.
ხელი შეეშლებოდა ამ რომანის დაწერას? მაგრამ რაც განზრახულია, ადრე თუ გვიან, მაინც უნდა შეესხას ხორცი და "კალამი გოლგოთაზე" თუ შეიქმნებოდა, სწორედ ოთარ ჩხეიძის შთაგონებითა და იდუმალი თანადგომით, და ამიტომაც მივუძღვნიდი ამ რომანს მამაჩემის ხსოვნას. სხვათა შორის, სანდრო ახმეტელი რომ დაავალებდა გიორგი შატბერაშვილს "მერანისებურ" პიესას ალექსანდრე ბატონიშვილზე და ეს პიესა, დრამატული ამბების გამოისობით, მაშინ დაუწერელი დარჩებოდა, ათწლეულთა შემდგომ მე უნდა მომება თავი და ასე შექმნილიყო "ლეგენდა ისკანდერისა". და ბარემ ესეც ითქვას, რომ მიხეილ ჯავახიშვილის განუხორციელებელი ჩანაფიქრი, შეექმნა რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილზე სახელწოდებით "შავი ჩოხა", მე უნდა აღმესრულებინა და სწორედაც იმ სათაურითვე.
მთავარ გმირში ქაქუცა ჩოლოყაშვილი იგულისხმებოდა...
- იმ განზრახულ რომანს ვეღარ დაწერდა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, რაკიღა ბოლშევიკური ხელისუფლება სულ უფრო გამოაჩენდა ბრჭყალებს და ცენზურაც სულ უფრო გამკაცრდებოდა. ასეთ პირობებში შეფარვით, მოიარებით თუ წარმოსახავდი ამ ეროვნულ გმირს, რუსეთთან შეურიგებელი და შეუდრეკელი მებრძოლის სიმბოლოდ რომ დარჩებოდა.
"ჯაყოს ხიზნების" გამოქვეყნებით უკმაყოფილო რომ დარჩებოდა თუნდ შალვა ამირეჯიბიც, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი თანამებრძოლი: ჩვენც ხომ ვიყავით იმ პოლიტიკურ პროცესებში, არც შეუპოვარ წინააღმდეგობას მოვრიდებივართ ბოლშევიკებთან და სისხლიც საკმაოდ გავიღეთო, - მიხეილ ჯავახიშვილიც მიიჩნევდა, რომ აუცილებელი გახლდათ მებრძოლი საქართველოს გამოხატვაც, რაინდული სულის შემნარჩუნებელი ქვეყნისა; მაგრამ რაკიღა თანადროულ გარემოში ვერ წარმოადგენდა ამ ბუნების ადამიანებს, მოქმედებას საუკუნის წინათ გადაიტანდა და "არსენას ლექსის" გაშლილ ქარგაზე ააგებდა რომანს "არსენა მარაბდელი", მთავარ გმირში ქაქუცა ჩოლოყაშვილი რომ იგულისხმებოდა და შესაბამის მინიშნებებსაც უხვად გააბნევდა. არსენა ოძელაშვილი მარტოხელა ყაჩაღი რომ გახლდათ, მწერალი ტყეში რაზმელებსაც შემოუკრებდა შეფიცულთა სახელით, ქაქუცას თანამებრძოლთ როგორც ერქვათ, და წესდებაც კი შეემუშავებინათ, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რეალური არსენასაგან. მას არც ბელადს დაუძახებდა ვინმე, იმ დროს ეს სიტყვა, ეს მიმართვა არც არსებობდა, გაჩნდებოდა საკმაოდ მოგვიანებით და თანამზრახველნი ქაქუცას სწორედ ასე მიმართავდნენ.
თანაც მიხეილ ჯავახიშვილი თავის გმირს დააკავშირებდა 1832 წლის შეთქმულებასთან, რომლის საგამოძიებო მასალებიც იმჟამად ჯერ არ გამოქვეყნებულიყო, მაგრამ მწერალი საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და შეისწავლიდა არქივში და ასე ხელშესახებად და რელიეფურად ამიტომაც წარმოსახავდა ამ ნიშანსვეტურ მოვლენასაც და მის მონაწილეებსაც, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ, მისი მოგვარსახელე, და თუნდ ეს რეალიაც უბიძგებდა ამ პოლიტიკური ფონის შემოსატანად რომანში. ის იმ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულიყო, ეს - ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში, საუკუნის შემდგომ რომ მეორდებოდა და საშველი არა და არ ადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრულფასოვან ამოგებას. მთავარია, რომ ახალი დროის შესაფერი რაინდული რომანი შექმნილიყო, თავისებურ გაგრძელებად ალექსანდრე ყაზბეგისა და ვასილ ბარნოვის ისტორიულ-ჰეროიკული რომანებისა, მოგვიანებით კონსტანტინე გამსახურდიასაც წარმატებით რომ უნდა მოესინჯა ეს ჟანრი "დიდოსტატის მარჯვენას" სახით. რაინდულ რომანს კი რაინდული სული წარმოეჩინა - არსენა მარაბდელის მონუმენტური ფიგურა ანუ მონუმენტური ფიგურით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა.
საუკეთესო პუბლიცისტი
- როდესაც მოთავდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის ექვსტომეული, მეექვსე ტომი - წერილების კრებული - დანარჩენ წიგნებთან შედარებით აშკარად მცირე გამოჩნდებოდა და საქმეში ჩაუხედავი ადამიანი სხვას რას იტყოდა, თუ არა: ეტყობა მიხეილ ჯავახიშვილს ცოტა დაუწერია ლიტერატურული და პუბლიცისტური წერილებიო. არადა, მახსოვს რარიგ აღშფოთებული ატრიალებდა ხელში ოთარ ჩხეიძე ამ წიგნს და მეუბნებოდა: ძველ პერიოდიკას რომ ვეცნობოდი, მიხეილ ჯავახიშვილის არაერთი პუბლიცისტური წერილი წავიკითხე, საკმაოდ უგროვდებოდა, და სად არის ის სტატიები, ეკონომიკაზეც და სოფლის მეურნეობაზეც ისეთივე სიღრმით რომ წერდა, როგორც ლიტერატურაზე, თეატრზე, მხატვრობაზე, პოლიტიკაზეო?!.. განსაკუთრებით დააკლდებოდა გულს ილია ჭავჭავაძის მკვლელობისთანავე გამოქვეყნებული მისი ის წერილები, რომლებშიც მიხეილ ჯავახიშვილი პირდაპირ ადებდა ხელს მკვლელობაში სოციალ-დემოკრატებს. ეს მაშინ დიდი გაბედულება გახლდათ, რაკიღა ეს პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო საშიში იყო, ვიდრე ხელისუფლება - თავისი პოლიციითა და ჟანდარმერიით, თავისი საიდუმლო სამსახურებით.
ვიცოდით არსებობა კიტა აბაშიძის პოლიტიკური პამფლეტისა "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ ეგე!" - გამოქვეყნებული 1913 წელს და მამხილებელი სოციალ-დემოკრატებისა, საბჭოთა ხანაში აკრძალული, და მიხეილის ამ წერილების ხსოვნაც კი მიმქრალიყო. საერთოდაც ერთ საუკეთესო პუბლიცისტად წარმოდგებოდა მკითხველის წინაშე მას მერე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სრულყოფილად გამოიცემოდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილების კრებული ვეება წიგნად, თანაც პეტიტით აწყობილი, ჩვეულებრივი ზომის შრიფტით რამდენიმე ტომსაც რომ მოიცავს. მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობის ეს მხარე აღმოჩნდებოდა გამქრალი კომუნისტური მმართველობის ხანაში, პროლეტარული მწერლობა ყოველთვისაც რომ მტრობდა მას და, როდესაც 1956 წელს აღდგებოდა მისი სახელი და აეხსნებოდა ტაბუ, ისინი დასმენებით ირბენდნენ ცენტრალურ კომიტეტში: რეაბილიტაცია მოხდა მისი, როგორც პიროვნებისა, და არა მწერლის, და რა უფლებით გამოაქვეყნა "ცისკარმა" ან მისი მოთხრობა და ან "ჩვენი დროის ათი მცნებაო"!.. ერთი მხრივ, ამ წერილების შესწავლა და მეორე მხრივ, მიხეილის უბის წიგნაკებისა, თვალსაჩინოს გახდიდა იმ გარემოებასაც, რარიგ თავგადაკლული იბრძოდა ქართული ენისა და მისი სიწმინდის გადასარჩენად. გიორგი გოგოლაშვილი საგანგებოდ რომ ჩაუკვირდებოდა ქართველ მწერალთა პუბლიცისტურ და ლიტერატურულ-ლინგვისტურ შეხედულებებს მშობლიური ენის საკითხებზე, აღმოჩნდებოდა, რომ ამ მხრივ მიხეილს ძნელად რომ ვინმე შესტოლებოდა. სახელმწიფო რომ დაგვეკარგა XIX საუკუნეში, ოთარ ჩხეიძე ენის რესპუბლიკის პრეზიდენტად მოიხსენიებდა გრიგოლ ორბელიანს, ეს თანამდებობა მისგან რომ გადაებარებინა ილია ჭავჭავაძეს. და თუ მეტაფორისტიკის ამ ხაზს გავყვებით, XX საუკუნეში ენის რესპუბლიკის პრეზიდენტად წარმოდგება მიხეილ ჯავახიშვილი, ეს თანამდებობა მისგან ოთარ ჩხეიძეს რომ უნდა გადაებარებინა.
„ჩვენი დროის სახარება...“
- "ჯაყოს ხიზნებს" თავის დროზე დიდი ალიაქოთი რომ მოჰყვებოდა, გაივლიდა ლამის ექვსი ათეული წელი და... არანაკლები ალიაქოთი უნდა მოჰყოლოდა თემურ ჩხეიძის მიერ სატელევიზიო სპექტაკლად დადგმულ ამ რომანს: 1979 წელს. რაც მიხეილ ჯავახიშვილისთვის დაეკლოთ, ახლა რეჟისორს მისთარჯავდნენ. ის თაობა გადასულიყო, მაგრამ ახალი თაობაც არანაკლები ულმობელობით დაუპირისპირდებოდა ტელევერსიას, ამ ჟანრის დიდებულ ქმნილებას, ამჯერად ერთ გარემოებას რომ მივაქცევ მკითხველის ყურადღებას: თეიმურაზ ხევისთავის როლში რეჟისორი ნოდარ მგალობლიშვილს რომ შეარჩევდა, ისედაც სათნოებისა და სიკეთის განსახიერებას, გარკვეულ სცენებში იგი იესო ქრისტესაც მოგვაგონებდა. და ეს არ ყოფილა რაღაც შემთხვევითობა, არამედ შეგნებული გადაწყვეტილება, რაკიღა თემურ ჩხეიძე "ჯაყოს ხიზნებს" ჩვენი დროის სახარებად აღიქვამდა. მიუხედავად გროტესკული იერისა, თვალნათლივ ჩანდა, ეს პერსონაჟი მწერალს რთულ ხასიათად რომ გამოეკვეთა, პიროვნული დაცემისა და განადგურების მიუხედავად, შინაგან პატიოსნებას რომ ინარჩუნებდა და ვერ წარმოედგინა, მასწავლებელი გამხდარიყო და ბავშვებისათვის ის ესწავლებინა, რაც თვითონ არა სწამდა. ხოლო რაც სწამდა, იმის სწავლების უფლებას არავინ მისცემდა. ახლა სხვა სამზერიდან რომ შეგვეხედა ამ რომანისათვის, განა ხელშესახებად არ გამოიკვეთებოდა, რომ თეიმურაზ ხევისთავის ბიოგრაფია ჩამოჰგავდა ბიოგრაფიას იმ ლირიკული გმირისა, რომელსაც ვაჟა-ფშაველა ათქმევინებდა:
"ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა."
განა თეიმურაზიც და მთელი საზოგადოებაც ის ცხვარი არ არის, რომანის დასაწყისში ჯაყოს მხრებზე რომ მოუგდია და თავის ნებაზე ათამაშებს? არადა, ძალიან მოგვწონს ამ ლექსის ლირიკული გმირის ღაღადი, რაკიღა რომანტიკულ, ამაღლებულ ფერებში გახვეულა, და აღშფოთებულნი ვართ ამ ღაღადისის კვალობაზე მცხოვრები თეიმურაზ ხევისთავით, რაკიღა ვხედავთ, თუ სადამდე მიიყვანა თავისმა უკიდეგანო ჰუმანიზმმა და დათმობამ ძალმომრეობისა და ბოროტების წინაშე, თვითონ ხომ ნადგურდება და ნადგურდება, გასათელად უგდებს ხელთ იმ საზარელ ძალას მარგოს სახედ გასიმბოლოებულ საქართველოს. და დაყუდებული შიო მღვიმელივით რომ იცდის თეიმურაზი, ამ სახელში წმინდა მამა კი არ იგულისხმება, არამედ შიომღვიმის მონასტერი, რომლის შემოგარენშიც შეიპყრობდნენ პარიტეტული კომიტეტის წევრებს; და ამ გამჭვირვალე მინიშნებით - ლელა წიქარიშვილის მიერ გაშიფრულით - რომანის ფინალი პოლიტიკური მუხტით დაიმუხტებოდა და ძაფს გააბამდა 1924 წლის აჯანყებასთან, როგორც გამომხატველი იმ რწმენისა, აჯანყება კვლავ რომ გრძელდებოდა და გაგრძელდებოდა მანამდე, ვიდრე საქართველო დაიბრუნებდა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და თავის ადგილსაც დაიმკვიდრებდა მსოფლიო-ისტორიული ცხოვრების მდინარებაში.
ესეც რწმენა და ანდერძი მიხეილ ჯავახიშვილისა!..