მიხეილ ახმეტელი - გენერალ გელენის ქართველი მრჩეველი
1985 წელს ხელში ჩამივარდა ფრანგი მკვლევარი ჟურნალისტის, ალენ გერენის წიგნი "რუხი გენერალი", სადაც დასავლეთ გერმანიის (იმხანად ორი გერმანია არსებობდა) დაზვერვის შეფის, გენერალ რაინჰარდ გელენის (1902-1979) შესახებ იყო მოთხრობილი. ჩემი ყურადღება ერთმა ქვეთავმა მიიპყრო, სადაც გელენის გარემოცვა იყო დახასიათებული და მათში მიხეილ ახმეტელის შესახებ ამოვიკითხე.
"ახმეტელი გელენის ექსპერტია რუსეთის საკითხებში", - წერს გერენი.
მეც მიხეილ ახმეტელზე მასალების შეგროვება დავიწყე. ეს რთული და ხანგრძლივი საქმე იყო. ბევრი მასალა სსრკ-ის დანგრევის შემდეგ მოვიპოვე და ნელ-ნელა მიხეილ ახმეტელის პიროვნებაც გამოიკვეთა.
პირველი კონტაქტები გელენების ოჯახთან
მიხეილ ახმეტელი 1895 წელს ბორჯომში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტში განაგრძო.
ცარიზმის დამხობას ახმეტელი მიესალმა. ის წერდა: "დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დრო!"
ახმეტელი სოციალ-დემოკრატებს თანაუგრძნობდა და როცა ნოე რამიშვილი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა, დაწერა: "ახლა ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს!"
მალე რამიშვილი ნოე ჟორდანიამ შეცვალა, რამიშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ახმეტელი იმედგაცრუებას არ მალავდა, ამიტომ ხალისით დათანხმდა, როცა საქართველოს მთავრობამ 1919 წელს გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა შესთავაზა.
1921 წელს, როდესაც საქართველო საბჭოთა რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული, მიხეილ ახმეტელი გერმანიაში იმყოფებოდა. მან გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და იენის უნივერსიტეტი დაამთავრა. სახელი გაითქვა პოლიტოლოგიის საკითხებზე შრომებით. ერთ-ერთი, ვინც ახალგაზრდა პოლიტოლოგს ყურადღება მიაქცია, მიხეილ ახმეტელის რამდენიმე შრომა გამოაქვეყნა, ვალტერ გელენი იყო.
"ვალტერ გელენსა და მიხეილ ახმეტელს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობები დამყარდა", - წერს ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი ედვარდ კუკრიჯი.
ქართველი მეცნიერი ძალზე მოეწონა ვალტერ გელენის 12 წლის ვაჟს, რაინჰარდს. მიხეილი ბიჭს ხშირად უამბობდა საქართველოს შესახებ, უკითხავდა ქართულ ლექსებს. რაინჰარდზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანმა". ბიჭმა ამ პოემის გერმანული თარგმანი მამას მიუტანა.
ვალტერ გელენი წიგნს გაეცნო და აღფრთოვანდა: "რუსთაველი თავისუფლად შეიძლება შექსპირის, გოეთესა და შილერის გვერდით დააყენო!" - გულწრფელად შესძახა მან.
მალე მიხეილ ახმეტელზე, როგორც პოლიტოლოგზე, გერმანიაში ალაპარაკდნენ. ეს ვალტერ გელენის დამსახურება იყო.
არჩევანი
რაინჰარდ გელენი მამის თხოვნით სამხედრო გახდა. მისი მეგობრობა მიხეილ ახმეტელთან გრძელდებოდა. ისინი დიდხანს და გულახდილად საუბრობდნენ ყველაფერზე, მათ შორის ჰიტლერზეც, რომელიც 1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში მოვიდა.
მიხეილ ახმეტელს ფიურერი სძულდა. ამავე დროს მიაჩნდა, რომ ჰიტლერისა და სტალინის დაჯახება, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იყო; საქართველოს ეს უნდა გამოეყენებინა და ნანატრი დამოუკიდებლობა დაებრუნებინა. რაინჰარდ გელენის დახმარებით მიხეილ ახმეტელმა კონტაქტი დაამყარა გერმანიის კონსერვატიულ წრეებთან, მათთან, ვისაც არც ბოლშევიკები ეპიტნავებოდა და არც ნაცისტები. 1940 წელს მიხეილ ახმეტელი დაუკავშირდა უკრაინელ ნაციონალისტთა რადიკალური ფრთის ლიდერ სტეპან ბანდერას, რომელიც იმხანად კრაკოვში ცხოვრობდა. ახმეტელმა ბანდერას ანტიიმპერიული ფრონტის შექმნა შესთავაზა. ბანდერა დათანხმდა.
"თავდაპირველად ნავარაუდევი იყო, რომ ამ ფრონტში უკრაინელები, ქართველები, შუააზიელები, სომხები და აზერბაიჯანელები გაერთიანებულიყვნენ", - წერს უკრაინელი მეცნიერი პეტრო მირჩუკი.
ანტიიმპერიული ფრონტის შექმნას თავად ადმირალმა ვილჰელმ კანარისმა დაუჭირა მხარი. თუმცა ნაცისტური პარტია ამას მტრულად შეხვდა. გესტაპომ ანტიიმპერიული ფრონტის შექმნა აღკვეთა.
"1940 წელს მიხეილ ახმეტელმა არჩევანი გააკეთა. ის როგორც ბოლშევიკების, ისე ნაცისტების წინააღმდეგ გამოვიდა", - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.
რატომ არ დაბომბა ჰიტლერმა თბილისი
1941 წელს გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს. ახმეტელი, როგორც ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი, აქტიურად ჩაება კრემლთან ბრძოლაში. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მხარი დაუჭირა გერმანული არმიის რიგებში ქართული ლეგიონის შექმნას. ამავე დროს ახმეტელს ესმოდა, რომ ნაცისტური გერმანიის მიზნები მთლიანად განსხვავდებოდა ქართველი პატრიოტების მიზნებისგან, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა, რომ ლეგიონერები ფრონტზე არ გაეგზავნათ.
- ქართული ლეგიონი მომავალი ქართული არმიის ჩანასახია! ლეგიონერს უნდა გავუფრთხილდეთ! - განაცხადა ახმეტელმა.
ახმეტელის პროგნოზი გამართლდა - ჰიტლერული ბლიცკრიგი ჩაიშალა. გელენი გერმანიის გენშტაბთან არსებულ აღმოსავლეთის საზღვარგარეთული არმიების განყოფილების უფროსი გახდა და ახმეტელი თავის მრჩევლად დანიშნა. იდგა 1942 წელი. გერმანული არმია კავკასიას უახლოვდებოდა.
"ჰიტლერის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა საკითხი: დაბომბონ თუ არა თბილისი", - წერს კუკრიჯი.
გელენს საკმარისზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა საქართველოში არსებულ განწყობებზე. საქართველოში ბევრს ახსოვდა, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელი სწორედ გერმანიამ შეუწყო. ბევრი ქართველი ელოდა გერმანელების შემოსვლას. გელენმა ფიურერს ამომწურავი მოხსენება წარუდგინა. მან ჰიტლერს დაუსაბუთა, რომ თბილისის დაბომბვა ქართველებს გერმანიისადმი მტრულად განაწყობდა. ახმეტელმა, როგორც ექსპერტმა, ამ მოხსენების შედგენაში უდიდესი როლი ითამაშა. ჰიტლერმაც თბილისი აღარ დაბომბა. უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომს მოესწრო, კარგად ახსოვდათ, რომ გერმანული თვითმფრინავი-მზვერავები თავისუფლად შემოდიოდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში, თბილისის თავზე წრეს აკეთებდნენ და გადიოდნენ, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა.
ერთი ნაბიჯი სიკვდილამდე
ჰიტლერს გერმანია გარდაუვალი კატასტროფისკენ მიჰყავდა. გერმანელი პატრიოტები ამას ხედავდნენ. ისინი ცდილობდნენ სამშობლოს გადარჩენას, საამისოდ კი ფიურერის ლიკვიდაცია იყო საჭირო. ახმეტელი აქტიურად მონაწილეობდა ანტინაცისტურ მოძრაობაში.
"მე მხარს ვუჭერდი მათ, ვისაც არც ბოლშევიკები სურდა და არც ნაცისტები! მესმოდა, რომ გამარჯვების შანსი მცირე იყო, მაგრამ მაინც ვიბრძოდი!" - იგონებდა შემდგომში ახმეტელი.
1944 წლის 20 ივლისს გერმანელი პატრიოტების ჰიტლერზე თავდასხმა უშედეგოდ დასრულდა. გადარჩენილმა ფიურერმა მასობრივი რეპრესიები დაიწყო. მან სიკვდილით დასაჯა შეთქმულების ბევრი მონაწილე, მათ შორის ადმირალი კანარისიც.
გესტაპომ ახმეტელი დააკავა. დაიწყო დაუსრულებელი დაკითხვები. გესტაპოელები მოითხოვდნენ, რომ მას გელენზე ჩვენება მიეცა. ახმეტელი დუმდა.
გელენმა დახმარების თხოვნით შD-ს (ანუ შშ-ის რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახური) ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ვალტერ შელენბერგს მიმართა. შელენბერგმა მიაღწია იმას, რომ ახმეტელი გაათავისუფლეს.
"სიკვდილს ერთი ნაბიჯი მაშორებდა", - იგონებდა ახმეტელი.
ომი მთავრდება, ბრძოლა გრძელდება
1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ). ამერიკელთა დახმარებით შეიქმნება გელენის ორგანიზაციაც. ის ნახევრად ლეგალურად ფუნქციონირებდა და სსრკ-ის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობდა.
ამ დროისთვის ახმეტელი უკვე ცნობილი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწეა, ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკის (абн) ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. абн-ში ნამდვილმა მებრძოლებმა მოიყარეს თავი. სწორედ მათი აქტიური მონაწილეობით აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. პარტიზანული ბრძოლები გავრცელდა პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, უკრაინაში. მიხეილ ახმეტელიც მათთან იყო, ვინც დასავლეთის მთავრობებს ანტიკომუნისტი პარტიზანების დახმარებისკენ მოუწოდებდა. ანტიკომუნისტური მოძრაობა იმდენად ძლიერი იყო, რომ იუგოსლავია საბჭოთა გავლენის სფეროდან გავიდა. სტალინი იძულებული გახდა, თავისი ჯარი გაეყვანა რუმინეთიდან. რუსული გავლენა შესუსტდა ალბანეთშიც, ხრუშჩოვის მმართველობისას კი საბჭოთა გავლენის სფეროდან გავიდა.
- თუ დემოკრატიული მსოფლიო პარტიზანებს დაეხმარება, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას გავათავისუფლებთ და სსრკ-ს შიგნიდან ავაფეთქებთ! - ამბობდა ახმეტელი.
1947 წელს რაინჰარდ გელენი ახმეტელს ყოველმხრივ ეხმარებოდა. ახმეტელის თხოვნით, გენერალმა ბალტიისპირელ, უკრაინელ და ხორვატ პარტიზანებს იარაღი მიაწოდა. სამწუხაროდ, დასავლეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ გელენის მოსაზრება არ გაიზიარა და ანტიკომუნისტურმა პარტიზანულმა მოძრაობამ ვერ გაიმარჯვა.
ეპილოგი
1956 წელს გელენის ორგანიზაციამ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (ბნდ) სტატუსი მიიღო და ოფიციალურ სტრუქტურად გადაიქცა. ახმეტელი, როგორც გელენის მრჩეველი, განაგრძობდა აქტიურ მუშაობს (ბნდ)-ს რიგებში.
"ახმეტელი გელენის გარემოცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა", - წერდა (ბნდ)-ში "შეგდებული" საბჭოთა აგენტი ჰაინც ფელფე.
1968 წელს გელენი ასაკის გამო გადადგა. (ბნდ)-ს რიგები დატოვა მიხეილ ახმეტელმაც.
"ჩემი ნატვრაა, მოვესწრო თავისუფალ საქართველოს და ქართულ მიწაში დავიმარხო", - წერდა ახმეტელი.
მიხეილ ახმეტელი 1983 წელს გარდაიცვალა. ის დამოუკიდებელ საქართველოს ვერ მოესწრო, თუმცა მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის იბრძოდა.
ნიკა თევზაძე,
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი