„პეტრიოტმა“ უკრაინის ცაში „მეგობრული ცეცხლით“ „მებრძოლი შევარდენი“ ჩამოაგდო?
"უკრაინის ტერიტორიაზე 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის თვითმფრინავებიც გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ის, რომ 26 აგვისტოს მასირებული საჰაერო თავდასხმის, რომელშიც 236 რუსული რაკეტა და დრონი მონაწილებდა, მოგერიებისას შედგა F-16-ების საბრძოლო ნათლობა უკრაინის ცაში, გენშტაბის განცხადებამდე ერთი დღით ადრე თვით უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც აღნიშნა, თუმცა მას სიტყვა არ დასცდენია ახალნაჩუქარი F-16-ის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის დაღუპვაზე. დაღუპული უკრაინელი სამხედრო მფრინავი ალექსეი მესი დიდი პატივით დაკრძალეს, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია ამ კატასტროფის მიზეზი.
საერთოდ, საფრენი აპარატის კატასტროფისას, როდესაც ეკიპაჟის წევრიც იღუპება, გამოძიება სამი მიმართულებით მიდის: ეკიპაჟის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები, მაგრამ ეს მშვიდობიანობის დროს. ომის პერიოდში, მით უმეტეს, თუკი სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატი საბრძოლო დავალებას ასრულებს, ავიაკატასტროფის ზემოჩამოთვლილ სავარაუდო მიზეზებს აუცილებლად ემატება ჩამოვარდნილ თვითმფრინავსა თუ შვეულმფრენზე საბრძოლო ზემოქმედების შესაძლებლობაც ანუ საზენიტო ცეცხლით ან საჰაერო ორთაბრძოლაში დაზიანება/ჩამოგდების ალბათობაც.
ახალმიღებული F-16-ებით უკრაინელმა მფრინავებმა პირველად ინადირეს რუსული "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებსა და "კალიბრის", ასევე X-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებზე და მათგან არ ემუქრებოდათ საპასუხო ცეცხლის გახსნა. თუმცა გასულ წელს იყო შემთხვევა, როდესაც უკრაინული МиГ-29 ძალიან მიუახლოვდა რუსულ "შაჰიდს" და ავტომატური ქვემეხის 30 მმ-იანი კალიბრის ჭურვებით ააფეთქა, მაგრამ აფეთქებული "შაჰიდის" (მისი საბრძოლო ქობინი 50 კგ-მდე იწონის) ნამსხვრევებმა ისე დააზიანეს МиГ-29-ის პილოტის კაბინა, რომ უკრაინელ მფრინავს კატაპულტირებამ მოუწია. ასე შეიწირა ერთჯერადმა რუსულ-ირანულმა "შაჰიდმა" 18-ტონიანი უკრაინული МиГ-29. ამიტომაც არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ უკრაინულ F-16-ის კატასტროფასთან დაკავშირებითაც შეიძლება ანალოგიურად განვითარდა მოვლენები.
სულ სხვა, სენსაციურ მიზეზს ასახელებს მარიანა ბეზუგლაია, უკრაინის უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ურცხვად იტყუება, მფრინავი ალექსეი მესი და მისი F-16... უკრაინული "პეტრიოტიდან" გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ შეიწირა, რაც დანაშაულებრივი არაკოორდინაციისა და არაპროფესიონალიზმის ბრალიაო.
მარიანა ბეზუგლაია პრეზიდენტ ზელენსკის სამთავრობო პარტიის "სლუგა ნაროდას"“ სიითაა შესული უკრაინის უმაღლეს რადაში და დიდი თანამდებობაც აქვს მის კომიტეტში, მაგრამ ბოლო წელია განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა ჯერ გენერალ ზალუჟნის, ახლა კი გენერალ სირსკის. არცთუ იშვიათად მარიანა ბეზუგლაიას კრიტიკა ახლოსაა სინამდვილესთან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც უკრაინულმა "პეტრიოტმა" ჩამოაგდო თუ არა უკრაინული F-16, ჯერ კიდევ გამოძიებას მოითხოვს.
ამის დადგენა დიდი პრობლემა არ არის - თუკი ჩამოვარდნილი F-16-ის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა დამახასიათებელი ნახვრეტები, ე.ი. ის საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა.
იმის გამო, რომ ამ F-16-ის კატასტროფა უკრაინის საჰაერო სივრცის სიღრმეში მოხდა, წესით, იქ ვერ უნდა მისწვდენოდნენ რუსული საზეინტო С-300/400-ები ან Су-35 გამანადგურებლის მიერ გაშვებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი PХ-37 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტები.
მაშინ რჩება ერთადერთი ვერსია - უკრაინული F-16 შეიძლება მართლაც „მეგობრული საზენიტო ცეცხლითაა“ჩამოგდებული, ხოლო იმის დადგენა, თუ ვინ იყოჩაღა - უკრაინელი მეზენიტეების "პეტრიოტმა" თუ "ნასამსმა", არ წარმოადგენს დიდ პრობლემას ნამსხვრევების დეტალურად შესწავლის შემდეგ.
პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აეროპლანები საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ (მაგალითად, აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალთან თავადვე ჩამოაგდეს 2-3 თავისივე საბრძოლო თვითმფრინავი) "მეგობრული ცეცხლით" არაერთი საფრენი აპარატია ჩამოგდებული.
რუსეთ-უკრაინის ომში არაერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა - განსაკუთრებით კი რუსი მეზენიტეები სცოდავდნენ, რაც გასაგებიცაა, რადგან აგრესორი რუსეთი ბევრად აქტიურად იყენებს საბრძოლო ავიაციას.
ის, რომ "მეგობრული ცეცხლი" არ გაიხსნას, თანამედროვე ავიაციაში გამოიყენება "ჩემი-სხვისი" ტიპის სპეციალური რადიოაპარატურა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უბრუნებს "პასუხს" საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომ ეს თვითმფრინავი მისი ქვეყნისაა. ამისთვის კი საჭიროა ერთნაირი რადიოკოდები ეყენოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მართვის პუნქტშიც და თვითმფრინავის/შვეულმფრენის "ჩემი-სხვისი" აპარატურის გადამცემზეც.
26 აგვისტოს საჰაერო ბრძოლაში, როდესაც უკრაინის ცაში ერთდროულად 236 საჰაერო სამიზნე შეიჭრა, "პეტრიოტის" გათვლას თავისივე F-16 (რომელიც არ პასუხობდა "ჩემი-სხვის" ამოცნობის სისტემის "შეკითხვებს") ადვილად შეიძლება არეოდა რუსული "კალიბრის" რეაქტიულ ფრთოსან რაკეტაში, რომელიც 800-900 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს (შიდაწვისძრავიანი "შაჰიდის" ფრენის სიჩქარე დაახლოებით 180 კმ/სთ და მეზენიტეების რადიოლოკატორის მონიტორზე მისი არევა არანაკლებ 500 კმ/სთ მფრენ F-16-თან ძნელად წარმოსადგენია).
ჩნდება ვერსია იმის შესახებაც, თუ რატომ არ იმუშავა კატასტროფაგანცდილი F16-ის "ჩემი-სხვისი" ამოცნობის სისტემამ - უკრაინისთვის გადაცემულ ევროპულ "მებრძოლ შევარდნებზე" დაყენებულია რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალური აპარატურა, რომელმაც მოწინააღმდეგის როგორც საზენიტო კომპლექსების, ისე გამანადგურებელი თვითმფრინავების საბორტე რადიოლოკატორებსა და რადიოლოკაციური დამიზნების მართვად რაკეტებს ხელი უნდა შეუშალოს F-16-ების მიზანში ამოღებას. უკრაინაში გასაგზავნ "მებრძოლ შევარდნებზე" ამერიკელმა სპეციალისტებმა "გადატვირთეს" მათი საბორტე რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურის მოქმედების პროგრამა და მოარგეს თანამედროვე რუსულ რადიოლოკატორებთან ბრძოლას. თითქოს ამ ახალმა პროგრამამ უკრაინული F-16-ის "ჩემი-სხვისი" აპარატურის რადიოსიხშირეებზე იმოქმედა და ჩაახშო ის, რის გამოც საზენიტო "პეტრიოტმა" "მებრძოლი შევარდნისგან" ვერ მიიღო დასტური, ის რუსულ ფრთოსან რაკეტად აღიქვა და...